Wednesday, May 22, 2013

რამდენი აქვს თემურ ქეცბაიას ხელფასი?

ზოგადად სხვის ჯიბეში ფულის დათვალა ბითურობა მგონია. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ფული საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯიბეში ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან ხვდება. ამიტომაც აქ იდება წერილი, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხელფასის სახით თვეში 209,500 ლარს იღებს. კაცმა არ იცის ეს დაქვითვის შემდეგ მიღებული თანხაა თუ მანამდე. თუმცა არც დაქვითვის შემდეგ უნდა იყოს ცოტა - 167, 600 ლარი

Monday, May 13, 2013

ქართული ფეხბურთის ევთანაზია

გარედან ისე მოსჩანს, რომ ქართული ფეხბურთი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ახლა იმკის. ხელისუფლების ცვლილება ფეხბურთს უკვე დაეტყო. ოდითგანვე ასე იყო, ალბათ დღიდან მისი დაარსებისა. კარლ ფონ კლაუზევიცისა არ იყოს ფეხბურთი ჩვენში პოლიტიკის  გაგრძელება უფრო იყო ვიდრე უბრალო თამაში ან ბიზნესი. ფეხბურთი ქართული გენის ჩაუქობის საზომიც იყო იმ ქვეყანაში მთელი დედამიწის ერთ მეექვსედს რომ წარმოადგენდა. იმ ქვეყნის დაშლის მერე, სიჩაუქე ვერავის დაუმტკიცეთ. ეგ კი არა ევროპის გაკვირვებაც ვერაფრით შევძელით.

დღიდან დამოუკიდებლობისა პერიოდში ფეხბურთი ბიზნესისთვის ტვირთი უფრო იყო ვიდრე შემოსავლის წყარო. ალბათ ამიტომაც არის ბიზნესიდან ფეხბურთში თითქმის არავინ მოსულა, რამდენიმე ადამიანის გარდა: ტარიელ ჩაჩუა, ვასილ ხაჭაპურიძე, ნუგზარ ნავაძე, ბადრი პატარკაციშვილი, ილია კოკაია, ზურაბ ხინიკაძე, რომან ფიფია, ძმები ფხაკაძეები. ვფიქრობ არავინ გამომრჩა. სულ ეს არის ის ხალხი, 23 წლის მანძილზე ჩვენი ფეხბურთით რომ დაინტერესდა. ისიც საგულისხმოა, რომ ამათგანაც ზოგმა უბრალოდ სახელმწიფო ვერ გაუტეხა ხათრი. 

საქართველოში კლუბის შენახვის სამი გზა შემოგვინახა მემატიანემ: 1) ფეხბურთზე შეყვარებული ხალხი (ტარიელ ჩაჩუას მსგავნი); 2) სახელმწიფოს მიმართ ხათრიანი ბიზნესმენები (ბადრი პატარკაციშვილი და ფხაკაძეები) და 3) ბიუჯეტის სასუნთ აპარატზე შეერთებული კლუბები (უახლეს მაგალითად გორის ”დილა” ინებეთ ან თუნდაც ცხინვალის ”სპარტაკი”). 


პირველი ჯგუფი იმდენად პატარაა, რომ გლობალური სურათისათვის მათი სათვალავში ჩაგდება არც კი ღირს. მთელი გასული 23 წლის მანძილზე შეიძება მაქსიმუმ ოთხი-ხუთი კაცი შეგროვდეს. მეორე და მესამე კატეგორია კი ერთმანეთზე მჭიდროდ გადაჯაჭვულია. 1 ოქტომბრის არჩევნებმა სწორედ ”ხათრიან” ბიზნესმენებს გაუხსნა ხელ-ფეხი. წინა ხელისუფლებისას დაწიოკებულ ბიზნეს, ხურდაში საფეხბურთო კლუბის მიხედვის ბრძანება მოჰყვებოდა. ასე შეიქმნა სწორედ ”ვისოლისა” და ქუთასის ”ტორპედოს” ისტორია. 

ისე მოსჩანს, რომ საფეხბურთო რომანტიზმის ხანა დასრულდა. თავის მოტყუილებაა  იმის ფიქრი, თითქოს მსხვილ ბიზნესს ჩვენი ფეხბურთი ოდესმე აინტერესებდა ან ახლა აინტერესებს. ურა პატრიოტიზმიც წარსულს ბარდება. ქართული ფეხბურთი აპარატიდან გამორთეს და სათბურიდან გარეთ ყინვაში გამოიყვანეს. ასე მასიურად ჩვენი კლუბები პირველად აღმოჩნდენ ლიბერალური ეკონომიკის პირობებში. არანაირი სუბსიდირება, არანაირი დოტაცია და ერთი კაცის დილიხოლზე დაფინანსება/არდაფინანსების საკითხი. 

ცოდვა გამხელილი სჯობს - ქართული ფეხბურთის დაფინანსება აღარ არის მოსახლეობის დაკვეთა. როცა მთლიანი მოსახლეობის 33% თავს უმუშევრად თვლის, როდესაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მეოთხედი ცხოვრობს, როცა ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, როცა დონორები ერთი მეორე მიყოლებით გადიან და ავღანეთ-ერაყ-ეგვიპტეზე  აკეთებენ აქცენტს - სახელმწიფოს ფეხბურთის დაფინანსების შესაძლებლობა აღარ გააჩნია. 

ეგეც არ იყოს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა იმ დედამიწის ერთ მეექვსედში შედიოდა, სანახაობას სწორედ ”დინამო” ჰქმნიდა და პოლიტბიუროს წევრებმა თუ იცოდნენ რა ხდებოდა იქ, შორეულ ევროპაში. დღეს სანახაობა თითქმის ყოველდღეა ტელევიზორში. შეიძება ამიტომაც არის დასწრების მხრივ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებშიც  კი როგორებიც ქუთაისი, გორი, ზესტაფონი იყო გულშემატკივართა რაოდენობამ მკვეთრად რომ იკლო.

ერთი სიტყვით ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ხათრს გაუტეხელი ბიზნესმენებისა და ბიუჯეტის სასუნთქ აპარატზე მიერთების გარეშე. ჩვენი ფეხბურთი შიშველია, როგორც არასოდეს. 

ხოლო კითხვა არის თუ არა ფეხბურთი ბიზნესი ევროპაშიც კი პასუხგაუცემელია. ჩვენში კი ... სხვას რომ თავი დავანებოთ საქართველოდან უცხოეთში ყველაზე ძვირად ფეხბურთელი 2001 წელს ქუთაისის ”ტორპედოდან”  დანიურ ”კოპენჰაგენში” 1 მილიონ დოლარად გაყიდული მიხეილ აშვეთია იყო. (უჩა ლობჟანიძისა და ბექა გოცირიძის სატრანსფერო ფასი ნაკლებად დასაჯერებელია). რამდენად შეიძლება ბიზნესი ისეთი სფეროთი მოიხიბლოს, სადაც ყველაზე ძვირად და ისიც სულ რაღაც მილიონად ფეხბურთელი ლამის 13 წლის წინ გაიყიდა ცალკე თემაა. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი