Saturday, March 31, 2012

”ტაში, მეგობრებო, ტაში!”



უცნაური ხალხი ვართ ქართველები. არ ვიცი, საიდან და როგორ ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე ბევრი ფაქტი ვნახეთ ქართულ სტადიონებზე, როცა გაძევებულ ფეხბურთელს ტაშით ვაცილებთ გასახდელში. არადა, სტაჟიანი ქომაგებისაგან გამიგია, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, ასე არ ხდებოდა - ეს დამოუკიდებლობის პერიოდში დამკვიდრდა. 

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: ქართველი ფეხბურთელი მეტოქეს თავში ურტყამს ფეხს, ან მსაჯს აფურთხებს. ეს ხომ აგრესიია? გამოდის, რომ გულშემატკივარს აგრესია მოსწონს, თორემ იმ მოთამაშეს გასახდელისაკენ სულ ”შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი” არ გააცილებდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მენტალიტეტის ბრალია. გავიხსენოთ რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში როცა თუ ავტომატი ხელში არ გეჭირა, ან სულ მცირე, ვინმესთვის ტყავის ქურთუკი თუ არ წაგირთმევია, ჟარგონულად რომ ვთქვათ ”ჩმორი” იყავი. ვფიქრობ, ეს აგრესია იმ დროს დამკვიდრდა და ფეხბურთსაც გადმოედო. ფეხბურთი ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს, შესაძლოა, ლამაზი ფინტისთვის ტაში არ დაგიკრან, მაგრამ აბა, მეტოქეს დაარტყი და წითელი მიიღე, მატჩის გმირობა გარანტირებული გაქვს. 

ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ასეთი იყოს, მაგრამ ბევრი არის და ამას ვჩივით. რა გამოიხატება ამ საქციელით? გაძევებულ ფეხბურთელს, რომელმაც გუნდი დააღალატა, ყველანაირი პასუხიმგებლობა ეხსნება. ასე ზედ გადაფოფინება და ცაში აფრენა მხოლოდ ქართველებს გვჩვევია. 

სამაგიეროთ იმავე მატჩში სხვა ფეხბურთელმა საგოლე მომენტი რომ გააცუდოს, გინებას აუტეხენ. ახლა მითხარით, შემთხვევით გაცუდებული შანსი უფრო დიდი დანაშაულია თუ განზრახ უხეშობით აკიდებული წითელი? მაგალითი გნებავთ? გაიხსენეთ, როგორ საცობში გაატარეს შოთა არველაძე საბერძნეთთან, როცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და შემთხვევით მიუვიდა სტუმართა ფორვარდს, რასაც გოლი მოჰყვა. ახლა ხომ ლადო დვალიშვილი საერთოდ ”ბუა” გვყავს - თამაში ხეირიანად დაწყებული არაა, რომ უკვე უსტვენენ. სამაგიეროდ, ”მქუხარე ტაშში” დაინგრა სტადიონი, როცა დავით ოდიკაძემ ”დინამო - ლევადიას” ჩემპიონთა ლიგის მატჩში თავი გაიძევა. არც ჯაბა კანკავას დაჰკლებია ქება საქართველო-იტალიის შეხვედრისას. როცა 1:1-ზე წითელი მიიღო. კიდევ შეიძლება რამდენიმე მაგალითის გახსენება. 

ალბათ ოდესმე მოისპობა ეს 90-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიცია, თორემ ორმაგად ვაგებთ: ჩვენი მხრიდანაც არასწორია და ფეხბურთელსაც დათვურ სამსახურს ვუწევთ. 

ვიცით ბევრი შემოგვედავება, წითელი იმიტომ მიიღო, რომ იბრძოლა და გაბრაზდაო. ეს რადიკალიზმია: ბრძოლის სხვა მეთოდები არსებობს. ეს ფეხბურთია და არა ”ბრძოლა წესების გარეშე”. 


ჩონსი  ბილაპსიშვილი 

Friday, March 30, 2012

რომ აყვავდება არაგვზე დეკა...


”თბილისის პატივცემულო მოქალაქენო, ნება იბოძეთ და დაეხმარეთ...” - ეს ფრაზა საკმაოდ ცნობილი ერთი მოთხრობიდანაა. გეხსომებათ. თუ სწორად მახსოვს ”დედა” ჰქვია. მასში სარდაფში მოქეიფე ჭრელ საზოგადოებას უკვე დაცემული და ხელმოცარული ადამიანი მატარებლით სამგზავრო ფულსა სთხოვს - დედა უნდა ვნახოო... 

მოქეიფეებსაც ზუსტად ისე ესმით მისი, როგორც საკუთარი ღირსების კოდექსი კარნახობთ: ღარიბები გულუხვნი არიან, მდიდრები - ძუნწები, ბარიგა ავტორიტეტობს, ავტორიტეტს გული უჩუყდება... რის თქმა მინდა: იმ კაცს ყველა ზემოდან, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი გადასახედიდან კი უყურებს, მაგრამ მანდ მთავარი არც ფულია, არც უფულობა - მთავარი ისაა, რომ ერთგვარ სარკედ, ლუსტრაციად ექცა სარდაფში მოქეიფე საზოგადოებას ის ხელმოცარული კაცი. 

ქართულ საფეხბურთო საზოგადოებასც გვყავს საკუთარი სარკე და ”ლუსტრაცია” - ოთარ მამასახლისი. ასე მგონია, აქამდე და ახლა საქართველოში არავის ყვარებია ბურთი მასავით და ამ უსაშველო სიყვარულის გამოა, სულ ფეხბურთშია, სულ ბურთთან: სტადიონზე, სტადიონთან, მორბენალი, მოსიარულე, ხშირად მოქაქანე, ხანდახან ჩუმი, კარიკატურებით, ლექსებით, უკვე ”შეჭაღარავებულ” სამინისტროში მოთავსებული ”ნიუსრუმით” - ”მეგობრებო, ხონში, (ონში, ზესტაფონში...) მასპინძლები წინ გაიჭრნენ, ბურთი გაიტანა...” ხომ ბევრჯერ მოგისმენიათ?! 

ოთარ მამასახლისი 
ვფიქრობ, ოთარინიომ ქართული ფეხბურთიც დაიმსგავსა - ხომ გახსოვთ საიდან ელოდებოდა ხოლმე ზარს? ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაიწყო, მერე პოსტსაბჭოეთს გადასწვდა, ცოტა გვიან საქართველოზეც ”ვაცივით იყო” და მე რაც მახსოვს, სულ ბოლოს დუშეთის ”არაგვში” გაემართა სინჯებზე...


დეკა 
ამპლიტუდაცაა და ამპლიტუდაც - წლების წინ გადავაყენეთ ალექსანდრე ჩივაძე, როგორ თუ ინგლისთან დამარცხდითო და დღეს ესპანელი ჩვიდმეტწლამდელებია ”მეჩტა პაეტა” - მოკლედ, დუშეთში ვართ რა, სინჯებზე.

მამასახლისი კი ”იუთუბზე” დადებულმა ორმა ვიდეომ გამახსენა - ორივეგან ტორტი უჭირავს, ერთით დემეტრაძეს ულოცავს დაბადებიდან ოცდამერაღაცამდენე წელს, მეორეგან დავით ყიფიანის მესამოცე წლისთავს აღნიშნავს. 

ტორტებიც შესაბამისად მოუკრემია - დემე ”ამდენი”...”დათო ყიფიანი 60”... 

ლუსტრაციაც აქაა - გულზე ხელის დადებით, ალალად ვთქვათ, ყოველგვარი ”პო” და ”ოპო” თავსართების გარეშე: გვახსოვს? გასაგებია, რომ ჩვენთვის და ცალ-ცალკე ჰო, მაგრამ სანამ სახალხოდ და ერთად არ გვემახსოვრება, მანამ სულ დუშეთში ვიქნებით სინჯებზე. 

ზედაც ოთარას ბურთიან ”ატჟიმანიებსაც” მობეზრებული ღიმილით გადავხედავთ ხოლმე: იმ მოთხრობაში მოქეიფეების არ იყოს - წადი რა გაიარე...

გაივლის - ეგ მაინც სულ მოძრაობაშია და შანსი არაა, წყენაც უხმოდ არ გადაყლაპოს, მაგრამ იმ ორი ტორტის ამბავმა დამაფიქრა: მე მგონი, მართლა ყველას გვჯობია და მართლა ყველაზე მაგარია ეგ კაცი, რავარი სიყვარული და ერთგულება შესძლებია?!

...კანადაში კვებეკის პროვინციაში, ნებისმიერი მანქანის, ნებისმიერ სანომრე ნიშანს ციფრებთან ერთად ფრანგული Je me souviens აწერია...Je me souviens ანუ მე მახსოვს - ცნობილი ლექსიდანაა და კანადის მთელი ფრანგულენოვანი მოსახლეობის თავისუფლებისაკენ სწრაფვას გამოხატავს, ერთგვარი ფრანკოფონური გაჭრაა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო. 



ქართველი ვარ და სულ მახსოვს ეს Je me souviens - საკმარისი მიზეზების გამო...

ოთარას ორი ტორტის ამბავიც არ დამავიწყდება და კიდევ იმაზე ვიფიქრებ ხოლმე, ფეხბურთმა სახელმწიფოს თავი დააღწიოს... მერე ”არაგვში” სინჯებზე წასვლაც ეღირება... 
    
თედო რიჩი

Thursday, March 29, 2012

ცაში გამოკიდებული სიხარული


26 მარტი, 2012
 თბილისი
საქართველო - ესპანეთი 1:1
17-წლამდე ნაკრები
ჭეჭელაშვილი გატანილ გოლს ზეიმობს 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფოტო
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი  

1 სექტემბერი, 2011
ქუთაისი
საქართველო - ესპანეთი 2:7
21-წლამდე ნაკრები
ესპანელთა მორიგი გოლის მერე გიორგი მაკარიძეს
ბურთი 
კარის ბადიდან გამოაქვს
”მსოფლიო სპორტის” ფოტო
ფოტოს ავტორი: არჩილ გეგენავა  


საქართველო - ესპანეთი 2:7 
საქართველო - ესპანეთი 1:1 

განსხვავება რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებულ ამ ორ მატჩს შორის 4 წელია. დიახ, 20-21 წლის ბიჭებმა გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს, 16-17 წლისებმა კი ღირსეულ ფრეს გამოჰკრეს ხელი. 

ლოგიკას ითხოვთ? ეს ხომ უკვე ლოგიკურია - გლეხურად რომ შევხედოთ, ”პატარა ასაკში დიდი სხვაობა არ არის”. ალბათ ამიტომაცაა ასეთი კარდინალური განსხვავება ანგარიშებში, მაგრამ... 
რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ ვფიქრობ 21-წლამდელების გამართლებას. მნიშვნელობა არა აქვს, რაც უნდა მაღალი დონის იყოს შენი მეტოქე, რაც არ უნდა კარგ პირობებში ემზადებოდეს, რაც არ უნდა უზრუნველყოფილი ცხოვრობდეს, რაც არ უნდა... მოკლედ, 2:7 არ უნდა წააგო!

17-წლამდელებს დავუბრუნდეთ. მით უფრო, ახლა ქვეყანა ეიფორიაშია და სიმართლე ვთქვათ ბუნებრივიცაა. სიხარულსაა დანატრებული ქომაგი და ერთი პატარა გაფაფხურებაც კი ზღვა ემოციას იწვევს. ისე არ გამიგოთ, თითქოს, ინგლის-ესპანეთთან ტოლ-სწორად თამაშს ”გაფაფხურებად” ვნათლავდე. არა, პირიქით, სხვების დარად, მეც ძალიან გახარებული ვარ პატარა ქართველების ვაჟკაცობით, მაგრამ... 

სანამ ბუნებას აუტანელი ხვატით გაუხურებია ჩვენი თავები, მოდით, ”გონება გავაცივოთ” და ცოტათი წინ გავიხედოთ...  

აბა, დაფიქრდით, რამდენჯერ მოგისმენიათ ასეთი ფრაზები: ”რა თაობა გვყავდა, მაგრამ ვერავინ გაიხსნა...”; ”არადა, ჩვენებმა რომ იტალიის ახალგაზრდულს ბურთი დაახიეს თავზე”; ”ჯაკობიას რომ მთელი ევროპა დასდევდა”; ”სანდრო იაშვილი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზე”... 

რატომ თამაშობენ დიდ ფეხბურთს ისინი და რატომ ჩერდებიან ჩვენები? 
აი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს ეძებს დიდიც და პატარაც, ათას თავისებურ მიზეზსაც ასახელებენ - იქ ვიღაცას თავში უვარდება, აქ ვიღაცა ბეემვეს ყიდულობს, იქ ვიღაცა მამიკოს უჯერებს, აქ ვიღაცა ცხვირს იბზუებს...
რა თქმა უნდა, ეს მიზეზები სხვადასხვა პროცენტულობით რეალურია. ნურც იმას გაიკვირვებთ, რომ მსგავსი ვარსკვლავომანია უცხოელებსაც ემართებათ და ეს არა ქართველობის, არამედ, ამ ასაკის სისუსტეა. უბრალოდ, ქართველები სამხრეთული ტემპერამენტით გამოვირჩევით და უფრო მტკივნეულად ვიტყობთ მსგავს მარიაჟულ გამოხტომებს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი. მთავარი გზაა, რომელზეც 15-16 წლის ბავშვმა უნდა იაროს და ჩვენ სწორედ ეს გზა არ გვაქვს. აი, ამით გვაჯობებს 4 წლის მერე ისევ ეს დღევანდელი ესპანელი 17-წლამდელები და იმ 4 წლის მერე განსხვავება ისევ ისეთი უზარმაზარი იქნება. 

ბოლო წლებია, გზა და ასფალტი არ გვეშლება, უკვე ესტაკადებზეც კი გადავედით, მაგრამ სამწუხაროდ, საფეხბურთო გზაზე ეს ოხერი ასფალტი არ ეგება და რა ქნან ამ ბავშვებმა, რომლებიც ამ ტურნირის შემდეგ თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და ღმერთმა იცის, რა მოედნებზე მოუწევთ თამაში პირველ (თუ უფრო დაბალ) ლიგაში?! რა ქნან ამ ბავშვებმა, როცა ასაკი მოემატებათ, კლუბის შეცვლის აუცილებლობა დაუდგებათ დღის წესრიგში და მათში მილიონების გაკეთებას მოინდომებენ?! რა ქნან ამ ბავშვებმა, როცა მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება, არა მხოლოდ მათი ნიჭის, არამედ სხვა საქმეების მოგვარებით უფრო იქნება შესაძლებელი?! სხვა საყოფაცხოვრებო და სპორტულ ყოფაზე განგებ აღარაფერს ვამბობ...
მით უმეტეს, ასეთი წარმატების მერე რამდენი ამ ბავშვის ”პატრონი” მოიფშვნეტს ხელებს?! რამდენი დააწყობს გეგმებს?! რამდენი, რამდენი, რამდენი... 

ხვდებით, რამდენი პრობლემა აქვს არიდებული ესპანელ და ინგლისელ 17-წლამდელს?! ხვდებით, სად და როდის გაგვისწრებენ? დიახ, სწორედ მაშინ, როცა მხოლოდ ნიჭით და მონდომებით ვეღარ გაქაჩავ. სწორედ მაშინ, როცა უკვე საქმეში კლასი, განათლება და მომზადება უნდა ჩართო...აი, ამის მერე იწერება ისტორიაში სამარცხვინო 2:7-ები...

ჰოდა, როცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ინგლისთან მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ჩვენ სისტემა დავამარცხეთო, აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ ჩემთვის გასაოცარი გამოდგა სხვადასხვა ტელეარხით გაჟღერებული ზეაღმატებული ტონი: ქართველებმა ინგლისური სისტემა დავამარცხეთო. 
მე თუ მკითხავთ, აი, ესაა თავში ავარდნა და ხალხის გამოშტერება, თორემ 16 წლის ბავშვი რომ ინგლისს მოუგებს და უბანში თავის ძმაკაცებს ეტყვის ”მანჩესტერის” და ”ლივერპულის” მომავალ თაობას ვაჯობეო, დამიჯერეთ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიც კია ჩემთვის!  

ასე რომ, მეგობრებო, სხვისი სისტემის დამარცხებით ხარობას, საკუთარი სისტემის აწყობა გვერჩივნოს, თორემ გავა კიდევ 4 წელი და ...


ფუტ ბოლი 

Tuesday, March 27, 2012

გვირაბში



16 მარტი, 2012
ლანჩხუთი
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი
გურია - გაგრა 2:2
”მიცურავენ” ლანჩხუთელი ფეხბურთელები

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ მომდევნო წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება. თუმცა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს გუნდების გაზრდა, ამ საკითხზე არავინ ფიქრობს. 

ალბათ, საქმეში ჩახედული კაციც იოლად მიხვდება, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის აუცილებელია ფინანსური გარანტიები, კეთილმოწყობილი სტადიონები - ნორმალური გასახდელებით, საშხაპეებით, საჭირო ინფრასტრუქტურით, მსაჯთა და დელეგატთა ოთახებით, პრესლოჟით... ამ დროს კი რა ხდება? აგერ 3 ტურის წინ ზუგდიდის ”ბაიას” ფეხბურთელებმა ფოთში წასვლაზე და ”კოლხეთში” თამაშზე უარი განაცხადეს. მიზეზი? ფინანსური დავალიანება, რომელიც გუნდის წევრებს არ მიუღიათ. აგერ 3 ტურის წინ ლანჩხუთის ”გურიამ” ისეთ სტადიონზე უმასპინძლა ”გაგრას”, ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფერი რომ შეიძლებოდა. ცოტა უფრო ახლოს გორის ”დილა” რუსთავის ”მეტალურგს” ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე დაუხვდა. სავარჯიშოდ, იცოცხლე, მშვენიერი სტადიონია, მაგრამ რა უნდა ვილაპარაკოთ,  როდესაც სათადარიგოთა სკამის არქონის გამო მოედანზე ყოველ წუთს შესასვლელად მზადმყოფი ფეხბურთელები ტრიბუნებზე ისხდნენ. აღარაფერს ვამბობთ ტაბლოზე, პრესლოჟაზე...თუმცა, რა პრესლოჟა, პრესისთვის სურათები რომ ნდომებოდათ, ისიც ტრიბუნიდან უნდა გადაგეღო - ფოტოკორესპონდენტებს მოედანზე არ უშვებდნენ. 

პირველი ეტაპის ბოლო მატჩები კი გუნდებმა ისეთ სტადიონებზე ითამაშეს, ფეხბურთელი რომ დაკლებოდათ, იქვე მდგომი კორპუსების სადარბაზოებიდანაც კი გამოიძახებდნენ. 
ფული არა, სტადიონები არა, ინფრასტრუქტურა არა, გუნდები ბლომად - ასეთია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) დევიზი, რომელიც უკვე პირველი ლიგის საჭიროებას ვეღარ ხედავს. 
არ გაგიკვირდეთ პირველი ლიგის ხსენება. უმაღლეს ლიგაში თუ 16 გუნდი ითამაშებს, ამდენივე გუნდი უნდა იყოს პირველ ლიგაშიც. თუმცა, მოიძებნება კი საქართველოში იმ დონის საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები, რომლებიც შეავსებენ უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებს ისე, რომ ორივე ტურნირი კონკურენტუნარიანი გუნდებით დაკომპლექტდეს? 
ელემენტალური მათემატიკაა - თითოეულ გუნდში მინიმუმ 20 ფეხბურთელი ხომ უნდა იყოს? მიმატება - გამრავლების შემდეგ პასუხი 640 მივიღეთ. ასეთი რაოდენობის ფეხბურთელი კი არა, სადღეისოდ, საქართველოში მაისურა არ მოიძებნება.


16 მარტი, 2012
ლანჩხუთი
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი
გურია - გაგრა 2:2
ლანჩხუთის ”გურიის” მეკარე ლევან ბუბუტეიშვილი 
”მსოფლიო სპორტის" ფოტო
 ფოტოს ავტორი: იუზა კაციტაძე 

და მაინც, რატომ უნდა ფეხბურთის ფედერაციას გუნდების რაოდენობის გაზრდა უმაღლეს ლიგაში, როდესაც საამისო პირობები არ მოიძებნება? ცხადია, არგუმენტი მარტივი და უბრალო იქნება - რეგიონებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და აღორძინება. ეს კარგიც არის! თუ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს გადავხედავთ, გრანდად მხოლოდ ესპანეთში ფიგურირებს დედაქალაქის გუნდი, დანარჩენ ქვეყნებში წამყვანი ადგილები პროვინციულ კლუბებს უკავია. თუმცა, სფფ ერთ რამეს არ ითვალისწინებს - ერთი ხელის მოსმით ეს საქმე არ გაკეთდება, ამ ყველაფერს ეტაპობრივად უნდა მუშაობა. ურემი 20 წლის წინ გადაბრუნდა და გზაც მაშინ გამოჩნდა, მაგრამ ამ გზას კი არ გავყევით, არამედ, გადავუხვიეთ და გვირაბში შევედით, რომლის ბოლოს შუქი მოჩანს. თუმცა, ჯერ კიდევ გვირაბის დასაწყისში მყოფებს, იმ შუქთან სირბილით გვინდა მისვლა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენსავით პატარა საფეხბურთო ქვეყნები ევოლუციას ეტაპობრივად განიცდიან.

ფეხბურთელებს სპეციალისტები ზრდიან, რომლის ნაკლებობასაც აშკარად განვიცდით და უკეთესი ხომ არ იქნება, რომ ჯერ იმავე რეგიონებში სპეციალისტები გავზარდოთ იმ დონის, რომელიც შემდეგ ნაყოფს მოგვაწვდის? არ ვიჩქაროთ, ბატონებო, თორემ დავიღლებით და იქნებ გვირაბის ბოლოს ვეღარც გავაღწიოთ...



ყვარყვარე  

ერთი ნაბიჯი





1996-97 წლები იქნებოდა... ნაჯიჯგნი, უშუქო, უგაზო, გაუბედურებული საქართველო. კარგად გეხსომებათ, ის პერიოდია, შუქის მოსვლით გამოწვეული სიხარული ლამის ქვეყანას რომ ანგრევდა. 
მაშინ გაჭირვებას მოეცვა ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ეს რეგიონებში იგრძნობოდა.   ამ რეგიონებიდან კი ერთ-ერთი გაჭირვებულთაგანი ქუთაისი იყო...

ფეხბურთთან ცოტა შეხება ვისაც აქვს, საღორიაზე არსებული საფეხბურთო სკოლა ეცოდინება. ”ტორპედოს” ასაკობრივი გუნდების გარდა ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი სწორედ ”მართვე” იყო. ვერ გეტყვით, დღესაც ამ სახელით არსებობს თუ არა ის საფეხბურთო სკოლა, თუმცა ეს ახლა სრულიად უმნიშვნელო ამბავია. 

მოკლედ, თავში ნახსენებ წლებში ამ სკოლას ახალი ”ვარსკვლავბიჭუნა” გამოუჩნდა. 15-16 წლის შუა ნახევარმცველი, დაახლოებით უეინ რუნის აღნაგობის, ფიზიკურად ძლიერი, ორივე ფეხით მოთამაშე, ჭკვიანი, ტექნიკური... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი შედარებით დავახასიათებ: იმ პერიოდში ქუთაისში ძნელი სათქმელი იყო - ის ჯობდა თუ მალხაზ ასათიანი.   

...”მართვეს” ხელმძღვანელობა თავს დაჰფოფინებდა თავის იმედს. მართალია, ფინანსურად ბევრით ვერაფრით მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელები მზად იყვნენ, ნებისმიერი პრობლემისას გვერდით დადგომოდნენ. 

ერთი სახასიათო შტრიხიც: ბიჭი იმდენად დიდი იყო თავის თანატოლებთან შედარებით, რომ ”მართვეს” მწვრთნელებს არქივიდან ამოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული საბუთი დაჰქონდათ თამაშებზე, რათა მეტოქე გუნდებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ის ”გადაზრდილი” არ იყო. არადა, ამ საბუთის უნახავად, ამის დაჯერება მართლაც წარმოუდგენელი იყო... 

ალბათ ახლა კითხულობთ ამ ტექსტს და გუნებაში ფიქრობთ, აბა, ეგეთი რამდენი გაგვიგია და მაგაში გასაკვირი რაღა არისო, მაგრამ... მეც ბევრი მინახავს და გამიგია ეგეთი, თუმცა ასე არცერთი ჩამბეჭვდია და არცერთი მტკენია... 

რა თქმა უნდა, კლავიშების წკაპუნით ვერავის დაგაჯერებთ მის ნიჭიერებაში, თუმცა დაახლოებით 15 წლის წინ მან საქართველოს ჩემპიონატის (მაშინ ”კოკა-კოლას” თასს ეძახდნენ) ნახევარფინალში თავად დააჯერა თავის ნიჭიერებაში ახლა უკვე თბილისური მხარე. 
”მართვე” მაშინდელ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ”ვაკე-91”-ს შეხვდა და პირველი შეხვედრა 0:9 წააგო! აბა, ამის შემდეგ ვინ რა უნდა თქვას, თუმცა თამაშამდე ერთი საათით ადრე ქუთაისიდან ჩამოსული ბავშვებისგან, რომელთა უმეტესობამ პირველად ნახა დედაქალაქი და შიმშილის მოკვლა, რატომღაც საზამთროების ჭამით გადაწყვიტა, გასაკვირიც აღარაფერია. გასაკვირი ის უფროა, რომ 0:9 წაგებული გუნდიდან მეტოქე მწვრთნელი აღფრთოვანებული რჩება გამთამაშებლით... დიახ, ვადასტურებ რომ არ ვცდები: ჩვენი წერილის გმირი იმ მატჩშიც გამთამაშებელი იყო, მისმა გუნდმა კი სამარცხვინო წაგება იწვნია და...
მე ვერ გეტყვით, რა დაინახეს მაშინ ვაკელთა თავკაცებმა ამ ბიჭში. 0:9-ს შემხედვარე, ბევრი ალბათ ზედაც არ შეხედავდა ქუთათურებს... 

მოკლედ, საპასუხო თამაშზე თბილისელები ერთადერთი მიზნით ჩავიდნენ ქუთაისში: როგორმე ის ბიჭი უნდა წამოიყვანონ! 
დიდად საინტერესო ალბათ არაა - შეხვედრა 1:1 მორჩა, მაგრამ მთავარი შეხვედრა ამის შემდეგ იწყებოდა. ვაკელები მზად იყვნენ, იმ საღამოსვე წაეყვანათ ბიჭი, ბინად თავისთან ეცხოვრებინათ, საჭმელ-სასმელი არ მოეკლოთ, ევარჯიშებინათ და ქვეყნისთვის ახალი იმედი ეჩუქებინათ. 

რა მოხდა მერე? 
ბიჭი უმამოდ იზრდებოდა, დედასთან და დასთან ერთად, მათთან განშორება არ იყო იოლი საქმე, თუმცა მასზე მეტად ეს დედამ ვერ გარისკა... მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ...

ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ ბიჭი ფეხბურთს შეეშვა, სკოლაში სიარულსაც უკლო, უფრო უბნის ბირჟაზე ხედავდნენ ხოლმე, მერე სიგარეტით გამოჩენასაც აღარ ერიდებოდა, გასაბრუებელ საშუალებასაც დაუმეგობრდა, პოლიციასთანაც შექმნია პრობლემები...

1996-97 წლები იქნებოდა... ნაჯიჯგნი, უშუქო, უგაზო, გაუბედურებული საქართველო. კარგად გეხსომებათ, ის პერიოდია, შუქის მოსვლით გამოწვეული სიხარული ლამის ქვეყანას რომ ანგრევდა.
მაშინ გაჭირვებას მოეცვა ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ეს რეგიონებში იგრძნობოდა.   ამ რეგიონებიდან კი ერთ-ერთი გაჭირვებულთაგანი ქუთაისი იყო...

იმ ქუთაისმა მაშინ საქართველოს ერთი ვარსკვლავი მოჰპარა...


ფუტ ბოლი

ავტორის მინაწერი: არ ვიცი, დღეს რა ცხოვრებით ცხოვრობს წერილის გმირი, ამიტომ მისი ვინაობის გამხელა არ ჩავთვალე საჭიროდ. იმედია, სათქმელი ამის გარეშეც ვთქვი...

Monday, March 26, 2012

პრაგმატიზმის XXI და მიხეილ ფოცხვერია

”ხორვატია ჩემი ცხოვრების აზრია. 
       ჩემი ქვეყანა საკუთარი თავივით მიყვარს. 
მე მისთვის მოვკვდები.”
ზვონიმირ  ბობანი,  ხორვატიის  ეროვნული ნაკრების კაპიტანი 
დოკუმენტური ფილმი ”იუგოსლავიის უკანასკნელი გუნდი”  


არა, ამათგან არაფერი გამოვა. ამათ კლუბში აღებული მილიონები ყველაფერს ურჩევნიათ. შეხედეთ, როგორ უფრთხილდებიან ფეხებს. ამათ რომ ჩვენი მორაგბეებივით უყვარდეთ  სამშობლო, აქამდე მსოფლიოზეც ვითამაშებდით და ევროპის ჩემპიონატზეც. სომხეთმა და ესტონეთმა როგორ უნდა გვაჯობოს?! - გულგატეხილი გულშემატკივარი, სხვა ყველაფერთან ერთად მარცხს ფეხბურთელებში პატრიოტიზმის ნაკლებობასაც აბრალებს. ხორვატების მაგალითიც ხშირად მოჰყავთ. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების წევრები საკუთარი ხარჯებით წავიდნენ და იქ წარმატებით გამოსვლის შემდეგ უკან დაბრუნებულებმა, ფულადი ჯილდოს აღებაზე უარი თქვეს, ეს ფული ჩვენზე მეტად ჩვენს ნაომარ ქვეყანას სჭირდებაო.  

საქართველოში ახლა უფრო მეტი დრო და რესურსი ეთმობა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელების მოძიებას. ამაში დიდ როლს თამაშობს მას-მედია და აგერ ახლახანს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის სწორედ ამ მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. თუმცა საბოლოო სიტყვა, ითამაშოს თუ არა საქართველოს სახელით, ფეხბურთელს ეკუთვნის. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ზოგი ფეხბურთელი მეტნაკლებად უმტკივნეულოდ დგამს ასეთ ნაბიჯს (ჯანო ანანიძე, გია გრიგალავა, ლუკა ჰუფნაგელი). ზოგისთვის მსგავსი გადაწყვეტილება ძნელი მისაღებია (აკაკი გოგია, ლუკა ჩხაიძე და სხვანი). ვინაიდან პრაგმატიზმის და ახალი ფასეულობების საუკუნის გარიჟრაჟზე ვართ, პატრიოტიზმი, ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს პირადულზე წინ დაყენება შესაძლოა, ვეღარავის მოსთხოვო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ერთი-ორი მოედანი მოეწყო, ნაკრებში по блату და ანგარებით ვეღარავინ ხვდება და თითქოსდა ქვეყანაშიც ისეთი მუქი ფერებიც აღარ არის, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იანებში იყო, ჩვენი უპირველესი გუნდი მაინც ვერ ახერხებს ანდამატივით მიიზიდოს უცხოეთში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელები. ეგ კი არა, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილნიც კი სინანულით ამხელენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის მოლოდინში ბოსნიის (იხილეთ ბმული http://worldsport.ge/Read.aspx?news=3230)  და საბერძნეთის მოქალაქეობაზე (იხილეთ ბმული http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/29341-themur-qecbaia-giorgi-fofkhadzes-saqmeshi-nakhavs.html)   უარი თქვეს და ამით ბოსნიელებსა თუ ბერძნებს გული დასწყვიტეს. 

ბევრი მათგანისთვის ალბათ ძნელი გასაგები იქნება ტექსტის დასაწყისში დაწერილი ზვონიმირ ბობანის სიტყვები. უფრო ძნელად გაიგებენ მიხეილ ფოცხვერიას ისტორიას.  ამბავს ქართული ენის არმცოდნე კაცისა, რომელიც ნოვოსიბირსკში დაიბადა, მშობლებთან ლუგანსკში გაიზარდა (საქართველოში მხოლოდ შორეულ ბავშვობაში ორი წელი იცხოვრა) და საქართველოსთან მხოლოდ მამის ქართველობა აკავშირებდა. მიუხედავად ამისა, ფოცხვერიამ უკრაინის ნაკრების ფორმა საქართველოსაზე უყოყმანოდ გაცვალა. მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც აქედან ძალიან ბევრი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ფოცხვერია რომ უნიჭო ფორვარდი არ იყო და ნაკრებისთვის საკუთარი თავი არ შეუსაღებია, ამას მისი კარიერაც მოწმობს. მიშა იმ დროს უკრაინის მეორე გუნდ, დონეცკის ”შახტიორის” ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა (40 თამაში, 13 გოლი) და გარკვეული პერიოდი ბრემენის ”ვერდერის” დუბლიორებშიც  დაჰყო. მიშამ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ასე ახსნა: ”если вопрос будет стоять имеено так: Украйна или Грузия, - то предпочтение скорее всего отдам своей исторической родине.” დონეცკის ”შახტიორის” ხელმძღვანელობამ მიშას გადარწმუნება და უკრაინის სახელით თამაში სთხოვა. თხოვნით რომ ვერაფერს გახდნენ, ულტიმატუმი წაუყენეს - ან უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები და დონეცკის ”შახტიორის” ძირითად შემადგენლობაში  თამაში  ან საქართველო და შახტიორის დუბლიორებში გამოსვლა. ფოცხვერია ამანაც ვერ შეაჩერა და ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე. 

გულშემატკივარს ჯერ კიდევ ახსოვს 1997 წლის მზიანი შემოდგომა, რუსთავში ბეჭებზე დადებული  იტალიის ახალგაზრდული ნაკრები (სადაც, ბუფონის და ამბროზონის მეთაურობით ის საფეხბურთო ვარსკვლავები თამაშობდნენ, დღესაც რომ კიაფობენ მსოფლიო ფეხბურთის ცაზე), მიხეილ ფოცხვერიას გულიანი თამაში, რომელმაც იტალიელ ფრანჩესკო კოკოს არც მუშტი-კრივში შეარჩინა რაიმე.  

მიხეილ ფოცხვერია 

უკრაინაში დაბრუნებულ ფოცხვერიას დონეცკის ”შახტიორმა”  დანაპირები შეუსრულა და საკლუბო კარიერა დაუნგრია. ამას ტრავმიანობაც დაერთო. ფოცხვერიამ სულ ოთხჯერ მოასწრო საქართველოს ნაკრების მაისურას მორგება და საფეხბურთო კარიერაც ნაადრევად, მხოლოდ 26 წლისამ დაასრულა. მიშა არც წლების მერე ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას. აკი უთხრა კიდეც უკრაინულ გამოცემა ”КОМАНДА”-ს: ”Я сам понимал, что в Украине сборная поперспективней грузинской, да и в чемпионате я на виду у тренеров. Но в Грузии вся моя родня, там мои корни. Я сам сделал выбор и жалеть теперь не о чем.”        

დღეს ფოცხვერია ლუგანსკში უკრაინელ პატარებს ავარჯიშებს. ვინ იცის, შეიძლება პრაგმატიზმის XXI-შიც კი, საქართველოს სახელით ნათამაშები ის ოთხი თამაში უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე საკლუბო მწვერვალები და უცხო ქვეყნის სახელით გამოსვლა ან არგამოსვლის სინანული. ვისთვის როგორ, მაგრამ მიშა ფოცხვერიასთვის ეს ნაღდად ასე იყო და ასევე დარჩა. 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 
         

      

Friday, March 23, 2012

1991 - გაწყვეტილი ასაკი




1990, 1992, 1993 - ამ წლებში დაბადებული ასე თუ ისე ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოს ჰყავს, მაგრამ დააკვირდით, რომ 1991 გამოვტოვეთ. თითქმის აბსოლუტური წყვეტაა ამ ასაკში. ელემენტარულად, ფეხბურთელები არ არიან და თუ არიან, კანტიკუნტად. ანუ რა გამოდის? 21-წლამდელთა ნაკრებში, სადაც 1990 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში, არიან 1992, 1993 წლიანები, მაგრამ არ ჩანან 1991-იანები. კი, მაგრამ, ვისი ბრალიაო, იკითხავთ. ვერ მოუარეს საკუთარ თავს, მორჩა და გათავდაო. არც მორჩა და არც გათავდა, ამ ასაკის ბიჭები, ჯერ კიდევ 16-17 წლის ასაკში ჩამოაჩოჩეს და ნაკრები 1992 წელს დაბადებულებით გატენეს. ეს ჰერბერტ ცანკერის საქმიანობისას მოხდა, ხოლო გერმანელს გელა შეყილაძე და ლევან ხომერიკი ეხმარებოდნენ.

მაშინდელი 17-წლამდელთა ნაკრები, სადაც წესით 1991 წელს დაბადებულებს უნდა ეთამაშათ, 60 პროცენტით პატარებით იყო დაკომპექტებული. მიზეზი ეს იყო: ამ ასაკში ნიჭიერი ბიჭები არ გვყავს და სჯობს, 1992-წლიანელები ახლავე შევაჩვიოთ დიდ ტურნირებს, ერთი წლის მერე უფრო გაუადვილდებათ თამაშიო.

თაობათა ასეთი წყვეტა არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ მწვრთნელების ტაქტიკა იოლი გამოსაცნობი იყო. მოიგებდნენ? იტყოდნენ, აი რა მაგრები ვართ, ერთი წლით პატარებით ვანგრევთო. წააგებდნენ? ერთი წლით პატარები გვყავდა, დაგვაცადეთ, გაისად რას იზამენ. თავის გამართლების იდეალური საშუალება. ”კატა და ლომის” მულტფილმივით, ლომი ყოველთვის მართალია. და როცა 19-წლამდელების ასაკი მოუწიათ, 1991-იანების ჯგუფი კიდევ უფრო შეთხელებული იყო, ხოლო 21-წლამდელებში საერთოდ მოისპო. რაც დრო გადიოდა, წყვეტა გრძელდებოდა.

ერთი წამით წარმოიდგინეთ 16 წლის ჭაბუკის მდგომარეობა. მოდის ბავშობიდან, თავს აკლავს საქმეს, ნაკრებზე ოცნებობს, უნდა გამორჩეული გახდეს და ამ დროს ეუბნებიან, შენ ჩაიჩოჩე, ერთი წლით პატარები მინდა. ბუნებრივია, ჭაბუკს გული მოუკვდებოდა, რისთვის შევაკლა თავი, როცა მაინც არ მაქვს შანსი.

”1991-იანებში ნიჭიერები არ არიან და პატარები სჯობნიან” - ეს სიცრუე იყო. სიცრუე, რომელიც მათ კეთილდღეობას სჭირდებოდა. აი, ცანკერისა და მისი დამქაშების კარიერულ პერსპექტივას (არიქა, რომ წავაგოთ, თავი რით გავიმართლოთ ...) შეეწირა ერთი ასაკის თაობა.  

მას შემდეგ ასე აღარ მომხდარა, ასაკებში აღრევა აღარაა, მაგრამ რაც იყო, ძნელი დასავიწყებელია.

დათა რიგვავა, გიორგი ჭანკოტაძე, ივანე კანდელაკი, შალვა კვანტალიანი - ინებეთ 1991 წელს დაბადებულთა სა-უ-კე-თე-სო წარმომადგენლები ... სულ ესაა. 

ჩონსი ბილაპსიშვილი 

Tuesday, March 20, 2012

ნახვამდის, მორჩა ...

... ერთმანეთს დომოდედოვოს აეროპორტში შევხვდით. 2006 წლის 27 სექტემბერს. ჩემს წინ ის კაცი იდგა, ვის ბედზეც მაშინ მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი თბილისი დარდობდა. ორ კვირაში ნაკრები იტალიას მასპინძლობდა თბილისში და როგორი საქმე იყო, გუნდს შეიძლება მახო ასათიანი დაკლებოდა. მაშინ მახოს მუხლზე ჯვარედინი იოგები ჰქონდა გაწყვეტილი. ყველა ხვდებოდა, რომ მისი 2 კვირაში დაბრუნების შანსი არ იყო, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ხავსს ეჭიდებოდა. მუდამ სიტყვაძუნწმა მახომ მოკლედ მომიჭრა: ”შტუტგარტში მივდივარ, ვნახოთ რას მეტყვიან - მეეჭვება, რომ იტალიასთან ჩამოვიდეო”.

მახომ საკუთარი თავი თავად შექმნა. მას ტიტულებით დახუნძლული კარიერა არ ჰქონია. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონობა აბა რა მოსატანია იმ მოლოდინთან, რაც ხალხს მის მიმართ ჰქონდა. თუმცა ამის გარეშეც იქცა ხალხის ჯილად. ძნელია, ვინმემ 2002 წლის 22 მაისის საღამო, დინამოს კარში გატანილი პენალტი და მოზეიმე ქუთაისი დაივიწყოს. ამ ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ”ზავოდელი” ასკა იყო.  მერე იყო  მოსკოვის ლოკომოტივი. ყველა ხვდებოდა, რომ ასკას არავინ მისცემდა იმის უფლებას,  ლასკოვი სკამზე დაესვა. თავადაც მიხვდა, რომ არჩევანი დიდი არ ჰქონდა: ან დაცვაში უნდა დაეხია და იქ ეთამაშა, სადაც არასოდეს ჰქონდა ნათამაშები ან არადა  ღრმა სათადარიგოთა შორის დარჩენილიყო. ასე მოახდინა ასკას ”პერესტროიკა” სიომინმა. ჩვენში დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს სიომინმა  დიდი ფეხბურთელი დაუკარგა. უკან დაწეული ასკა ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მცველი გახდა. მისგან აღარავინ მოელოდა თამაშის ბედის შემოტრიალებას, მოწინააღმდეგის მცველებს შორის გამჭოლ პასებს და ცენტრში ბურთის დაჭერას.

მიუხედავად ყველაფრისა, ასათიანი მაინც ბედნიერ ადამიანად მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ ნაკრების არსებობის 20-წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ ასკამ გაიტანა რუსეთთან.  აბა რამ დამავიწყოს 2003 წლის 30 აპრილი ასკას თავური და პოლარული ღამე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად რას არ მივცემდი იმისთვის, რომ იმ დღეს მოედანზე ვყოფილიყავი და რუსეთის წინააღმდეგ მეთამაშა.

მერე იყო ჟირესი და ასათიანის ჯარასავით ტრიალი დანიასთან თბილისურ მატჩში. ფრანგის  გაოცება პრესკონფერენციაზე და ალალად ნათქვამი - "ასკას სახით მსოფლიოს მომავალი ზიდანი ეზრდებაო". ეჰ, რა იცოდა, რომ "მომავალი ზიდანის" კარიერა უსახურ საბჭოთა სივრცეს და ცივ მოსკოვ/კიევს ვერ გასცდებოდა. და მაინც, რატომ ვერ შედგა ასკა, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი?  ალბათ მიზეზთა გამო:

1.  ლოკომოტივში წასვლა ასკას ოცნება არ ყოფილა. ტორპედოს პრეზიდენტს ზურაბ ხინიკაძეს, რომელიც ლოკომოტივის ხემძღვანელობასთან მეგობრობდა, ხათრი ვერ გაუტეხა და მოსკოვში წასვლას დათანხმდა. არადა, თბილისის დინამოც ეპატიჟებოდა და ვინ იცის, იქნებ სჯობდა, თბილისში წასულიყო; მით უფრო, რომ დინამოს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა წარმატებული საერთაშორისო ტრანსფერებისა.

2. იქნებ სჯობდა, დალოდებოდა თავის შანსს და მისთვის ჩვეულ ადგილას ნახევარდაცვის ცენტრში ეთამაშა? მაგრამ ამ მოლოდინში შეიძლება საერთოდ არეოდა კარიერა და მცველი ასათიანიც კი სანატრელი დაგვრჩენოდა, თუმცა ისიც შეიძლება,  მთლად ზიდანი თუ არა, იოჰან მიკუ მაინც გვყოლოდა.

3. ასკას ჰქონდა შიში ახალი გარემოს და დასავლური ევროპის მიმართ. შიში იმისა, რომ ვერ ისწავლიდა ენას, ვერ გაივლიდა აკლიმატიზაციას და ვერ მოახდენდა ახალ გარემოსთან შეგუებას. ამაში დიდი როლი მისმა პიროვნებამაც ითამაშა. ასკა ჩაკეტილი ადამიანია. გახსნილი, ჟურნალისტებთან ”მოღადავე”და ყელყელაობას ჩვეული არასოდეს ყოფილა. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ქუთაისისკენ ტაქსით მიმავალ მახოს, მძღოლისგან რუსეთის კარში გოლის გამტანის ქება რომ გაუგია, საკუთარი ვინაობაც დაუმალავსო.  


ასე დარჩა ევროპისთვის უცნობად. ევროპა ევროპად, მაგრამ საქართველოში დიდხანს ეხსომებათ 2003 წლის 30 აპრილი, მახოს პირველი თამაში ნაკრებში და პირველი გოლი http://www.youtube.com/watch?v=9pAG7wodQ8A


მალხაზ ასათიანი 

2006 წლისგან განსხვავებით, გულშემატკივარს ხავსიც აღარსად აქვს ხელის ჩასაჭიდად. ასკას კარიერა რაღაცით მაშხლის აკიაფებას წააგავს. დამბაჩიდან გასროლილი მაშხალასავით აიჭრა ცაში. მწვანე სინუსოიდის ადგილას ჯერ კიდევ მოჩანს მოცისფრო კვამლი, ცოტაც და მერე ისიც ალბათ უსასრულობაში განზავდება ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი