Sunday, September 16, 2012

დავით ყიფიანის უცნაური წინასწარმეტყველება ...

”ღმრთის ნებითა და მადლით ქართველ ერს დიდი მამულიშვილები არ გამოელევა. ცხოვრების ყველა სფეროში გვყავდა და გვყავს პატივისა და თაყვანის მიგების ღირსი ადამიანები. ერთი მათგანი ჩვენი დიდი სპორტსმენი, მოქალაქე და მამულიშვილი დათო ყიფიანია, მაგრამ სხვათაგან მას ის განასხვავებს, რომ მრავალრიცხოვანმა ჭირისუფალმა ”დინამოს” სტადიონზე ტაშის გრიალით გააცილა მისი ცხედარი. 

პირადად მე ჩემი ხანგრძილივი ცხოვრების მანძილზე ამგვარ ფაქტს პირველად შევესწარი და საგანგებოდ მივმართავ მკითხველს: სიკვდილის შვილები ვართ, ვინძლო ყოველმა ჩვენგანმა და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, ისე წარვმართოთ ჩვენი აწმყო და მომავალი, რომ ტაშით გაცილების ღირსად მიგვიჩნიოს ქართველმა ერმა.”

ჭაბუა ამირეჯიბი


* * * *

”არ შეიძლება იჯდე და ხარობდე, თუ ოდესღაც რამე მოგიგია. ამის უფლებას ჩემს თავს მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს მივცემ, როდესაც ზღვის პირას ხელჯოხით ვივლი.”

ეს სიტყვები დავით ყიფიანმა 1999 წელს ”Комсомольская правда”-სთან ინტერვიუში თქვა. საოცარი წინასწარმეტყველება ზუსტად 11 წლის წინ, 2001 წლის 17 სექტემბერს აუხდა, თუმცა მაშინ ”დიდი მეათე ნომერი” ვერ წარმოიდგენდა, რომ სიცოცხლის ბოლო დღე ასე ადრე დაუდგებოდა.


უცნაურია, სიცოცხლის ბოლოს იგი მართლაც ზღვის პირას, ბათუმში იყო და იქაურ კლუბის მწვრთნელ ასლან ბალაძესთან წარსულს იხსენებდა. იმავე დღეს თბილისში ქუთაისის ”ტორპედოს” ხელმძღვანელებთან შესახვედრად გამოეშურა. ტრადიციასაც ვერ უღალატა - ყიფიანს სწრაფი სიარული უყვარდა. 

”პოპულარობა ამაში მაინც არ მიშლის ხელს, ინსპექტორებთან პრობლემა არასოდეს შემქმნია", - იცინოდა ბატონი დავითი.

არც 17 სექტემბერს შეუშლიათ მისთვის ხელი ინსპექტორებს. სოფელ ჩარდახში, ტრასის პირას მდგარმა კაკლის ხემ უნებურად შეწყვიტა მისი სვლა.

შეწყდა ცხოვრება ქარიზმატული კაცისა, განუმეორებლისა და ერთადერთის ... 

ერთხელ კიევის ”დინამოს” საიტზე გულშემატკივრებს გაესაუბრა. ერთ-ერთმა დამსწრემ ვერ დაიჯერა, რომ კომპუტერის მეორე მხარეს ქართველი ლეგენდა იჯდა და გულუბრყვილო კითხვა გაუგზავნა:  

- ეს მართალი დავით ყიფიანია?
- არა, ტყუილი! - სიცილით მოჭრა, ტრადიციული იუმორით.


არაორდინალური იყო ... დავით ყიფიანი მატყუარა არასოდეს ყოფილა. ის არტისტიც იყო და ბევრს ისეთი სერიოზული გამომეტყველებით გაეხუმრებოდა, აჯერებდა, თითქოს ბეკენბაუერმა მართლაც ჰკითხა კლინსმანს, რა მოვუხერხო, გადაიღალაო. იცოდა ასეთები და მერე გულიანად იცინოდა. ესეც ყიფიანი იყო, ბავშვურად ანცი და მეტად სერიოზულიც, გუნდის სული და გული და ღირსების მატარებელი. უკადრებელს არ კადრულობდა, ოჯახისშვილობა არ აძლევდა ამის უფლებას, ამიტომაც ამბობდა: - ”მხოლოდ ერთ პოლიტიკას ვცნობ, რაც სიყვარულით იწყება და სიყვარულითვე მთავრდება”. ამიტომაც განერიდა ზიზღს და გაუტანლობას, თუმცა ხელჯოხის გარეშე, წარმოუდგენლად ახალგაზრდულ ასაკში.


ცრუმორწმუნეობის გამო საყვედურობდნენ ახლობელ-მეგობრები, ეცინებოდა:
- ”რა ვქნა, ასეთი ვარ და ვერ ვიცვლები. როდესაც გასახდელში შევდივარ და მარჯვენა ბუცია გადაბრუნებული, ცუდის ნიშანია. ფეხბურთელებზე ადრე ავტობუსიდან არ გამოვდივარ.”

უცნაური გულწრფელობაც ახასიათებდა. ერთხელ თბილისის ”დინამო” შინ ლუქსემბურგის ”გრევენმახერს” მასპინძლობდა. პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მსაჯობას როგორ შეაფასებდითო? ფარისევლობა გვერდზე გადადო და შეიგინა, ყველა მაგათგანისო ... იმ დღეს მსაჯმა რამდენიმე დინამოელს უსაფუძვლოდ აჩვენა ბარათები, რაც შემდეგ წრეში ნორვეგიის ”მოლდესთან” თამაშის უფლებას ართმევდათ და ყიფიანიც მიხვდა, მსაჯი  დაინტრესებული იყო. ასეთ დროს მსახიობობა არ უყვარდა.


ისე, იცოცხლე! - 2001 წლის 13 მაისს რესტორან ”არაგვში” დიუსელდორფის გამარჯვების 20 წლისთავზე მუსიკოსებს მიკროფონი გამოგლიჯა ხელიდან და ”ფანჯარაში მტრედია” დაამღერა. თანაც თავისებურად ”აკოშკაში მტრედიათი”. იმ დღეს ბავშვივით ხარობდა. ისე კი, რესტორანში შესვლა არ უყვარდა, ეუხერხულებოდა, ყველა რომ ეპატიჟებოდა, არ იყო ნისიისა და დაპატიჟების კაცი, იქით მასპინძლობდა სასურველ ადამიანებს.


პოპულარობის გამო უხერხულ ვითარებაშიც არაერთხელ ჩავარდნილა. ერთხელ მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ცნობილ მსახიობ ლევან უჩანეიშვილთან ერთად იჯდა. იქვე ცნობილი ქართველი ”კანონიერი ქურდიც” ქეიფობდა და ყიფიანთან შამპანურებით მივიდა. ამ დროს უჩანეიშვილი დაინახა და ფერი ეცვალა: დათო, კაი კაცი მგონიხარ და ამ ”ძაღლთან” (უჩანეიშვილი ”კუკარაჩადან” ახსოვდა) რა საერთო გაქვსო? ყიფიანი შუაში რომ არ ჩამდგარიყო, ვინ იცის იქ რა მოხდებოდა. ქურდსა და პროფესორს დათო ერთნაირად უყვარდა.

ერთხელ ყიფიანმა ფილარმონიაში ცნობილი ჯაზმენის ლეონიდ ჩიჟიკის კონცერტზე ოცი წუთით დაიგვიანა. როდესაც დარბაზში შევიდა, ხალხი ფეხზე წამოხტა, ტაში დაუკრა. ვიღას ახსოვდა ჯაზი და მუსიკა. საბრალო ჩიჟიკმა იფიქრა, რომ ხალხი მისი შესრულებით იყო აღტაცებული, მაგრამ როდესაც დარბაზს გახედა და მიხვდა, რაც ხდებოდა, ყიფიანის დაჯდომამდე დაკვრა შეწყვიტა და თავადაც ტაში დაუკრა.


დილეტანტები თვლიდნენ, რომ ზარმაცი იყო. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მას ”კნიაზიც” შეარქვეს, მაგრამ სხვა ინტერპრეტაციით - გონიერებისა და არტისტიზმის გამო. გონიერი კაცი უაზრო სირბილის მაგიერ თამაშის დროს ორ-სამ ისეთ გადაცემას გააკეთებდა, რომ თამაშის ბედი მისი პასებით წყდებოდა. ტყუილად როდი უწოდებდა ფეხბურთს ხელოვნებას. ლეონიდ ბურიაკი, კიევის ”დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი აღიარებდა ყიფიანის შრომისმოყვარეობას. ”ლობანოვსკის ვარჯიშებზე თავიდან გაუჭირდა, თუმცა თავს იკლავდა და ვალერი ვასილიჩიც კი გადარია, მისგან ასეთ თავდადებას არ ელოდაო”.

მაინც არ ენდობოდნენ, არც ლობანოვსკი, არც ბესკოვი, უკრაინელი მწვრთნელი ნაკრებში თავის ჯილას - ბურიაკს ათამაშებდა, რუსი საკუთარ სიძეს - გავრილოვს. არადა, არც ერთი მათგანს ევროპელი სპეციალისტები ყიფიანივით არ სწყალობდნენ. სხვათა შორის, ყიფიანს ფრანგული ”სენტ ეტიენი” ”იუვენტუსში” გადასულ პლატინის შემცვლელად უპირებდა ყიდვას, მაგრამ იმ დროს უცხოეთში და თანაც კაპიტალისტურ ქვეყანაში არავინ გაუშვებდა. ამიტომაც დარჩა ევროპელთათვის უცნობად, თუმცა მხოლოდ გულშემატკივრებისათვის. საფეხბურთო სამყარო კი იცნობდა. თბილისში სამძიმრის დეპეშა მადრიდის ”რეალის” მაშინდელმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც კი გამოაგზავნა. სხვებზე აღარაფერს ვამბობ.


1982 წელს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის და საბჭოთა კავშირის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ თავად ზიკომაც გაიკვირვა - ის მაღალი, ულვაშა ათი ნომერი ”გეორგიიდან” რატომ არ თამაშობდაო. ეჰ, რა იცოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. მწვრთნელთა უგულობის გამო, ყიფიანმა ბუცები სამუდამოდ ჩამოჰკიდა, ტრავმა მოიმიზეზა. სინამდვილეში კი იცოდა, ბესკოვის სიძეს რომ სჯობდა, მაგრამ გაპროტესტება ამაო იყო.

სხვათა შორის, არც ამაყი იყო და არც ცხვირაწეული, არც საკუთარ თავზე ლეგენდების გავრცელებას უწყობდა ხელს. ერთხელ გაზეთიდან შეიტყო, რომ თურმე ინგლისურს იმდენად კარგად ფლობს, რომ შექსპირს ორიგინალში კითხულობს. მეორე დღესვე დარეკა რედაქციაში:

- ”ჰამლეტი”, ”რომეო და ჯულიეტა”, ”მეფე ლირი” მართლაც წამიკითხავს, თუმცა მხოლოდ ქართულად ნათარგმნი. შექსპირის ორიგინალში კითხვა კი ინგლისშიც არ შეუძლიაო ყველას.”

თავმდაბალი არ იყოო - სასაცილოა: ერთხელ მატჩის შემდეგ თარჯიმანი ვერ იპოვეს და მეტოქის მწვრთნელს თავად უთარგმნიდა ჟურნალისტთა შეკითხვებს.

თითქოს ყველას უყვარდა, თითქოს სულ კარგ ხასიათზე იყო, მაგრამ ჭკვიანმა ბურიაკმა იმთავითვე შენიშნა:

- ”სულ ხუმრობდა, მაგრამ თვალები მაინც სევდიანი ჰქონდა”.


- ”ვფიქრობ, რომ მას ბოლომდე ვერ გაუგეს”, - ეს კოტე მახარაძემ თქვა.

ეტყობა, ამიტომაც ეჩქარებოდა მუდამ, ბოლო დროს ფეხბურთსაც ვერ უდებდა გულს, ქუთაისის ”ტორპედოსაც” გაეცალა, მანამდე კი ხშირად ვარჯიშებსაც აცდენდა, თუმცა, ასეც მოახერხა ”ტორპედოს” ისტორიის გალამაზება ქვეყნის ჩემპიონობით.


”პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, მაგრამ სამი ბიჭი ხომ მყავს? - აი ისინი გაარძელებენ გვარს. დანარჩენი კი ...”  - ესეც ტკივილით თქვა.


გვარს გააგრძელებენ, მაგრამ დიდი დათოს ტრაგიკული ლეგენდის გარეშე. 50 წლის მანძილზე ბევრი რამ მოასწრო და ამიტომაც დაიტირა ხალხმა, ქვეყანამ. ამიტომაც დაწერა კოტე მახარაძემ მასზე წიგნი, ამიტომ მიაცილებდა დაკრძალვის დღეს ზღვა ხალხი ეროვნულ სტადიონზე უკანასკნელად შებრძანებულ დათო ყიფიანს.

"ყიფიანი მიდის"
ფოტოს ავტორი: იური როსტი 
სრულიად საქართველომ დაიტირა ”დიდი მეათე ნომერი”, უამრავი რამ მოასწრო, მათ შორის სიცოცხლის ბოლოს ზღვის პირად ჩამოჯდომა, წარსულის გახსენება და თავად წარსულთან შერწყმა."


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment