Tuesday, January 15, 2013

გაუთენებელი დილა

მაშინ ასე იყო საჭირო. ასე გადაწყვიტა პრემიერმა. არჩევნები ახლოვდებოდა და გორს გუნდი ჭირდებოდა. საქართველოში მუდამ ასე იყო. კაცი ვერ გეტყოდათ, სად იწყებოდა პოლიტიკა და მთავრდებოდა ფეხბურთი. ფეხბურთი ყოველთვის  ქართველების დვრიტა იყო და მიუხედავად გაჭირვებისა ბოლომდე ასე დარჩა. ის გორში ძალიან უყვართ და შესაბამისად გორელთა გულისკენ გამავალი გზაც ”თენგიზ ბურჯანაძეზე” გადიოდა. ეს ზემოთაც კარგად უწყოდნენ. ამიტომაც იყო გასულ ზამთარს გორში გუნდის შექმნა შსს-ს რომ დაევალა. სისტემის ხერხემალს. 

”დილა” განახლებულ პლეხანოვს ჰგავდა. გარეთ რომ მტერს უთხრიდან თვალებს და შიგნით მოყვარეს. გარედან რომ ანათებდა და შიგნით კი შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათი იყო. ჯუღა და მისი ბიჭებიც ჩამოფრინდნენ გამოსაზამთრებლად. ისევ მკვდარ წრეზე დატრიალდა ქართული ფეხბურთი. ისევ ერთწლიანი გუნდი. ისევ სანახაობა. არავითარი საძირკველი. არანაირი სიღრმე. სტადიონიც სანახევროდ აიგო. 

ჯუღამ მწვრთნელიც ჩამოიყვანა. ძუკუმ პატრიარქიც ახსენა ”მომენატრა საქართველო ... ისრაელში 15 წელი  ვმუშაობდი, საკუთარ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და დამიჯერეთ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უნებლიე შეხვედრა იყო: გასულ წელს ილია II აღდგმომას ისრაელში შეხვდა და იქაურ ქართველებს მოგვიწოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.” გორელთა მწვრთნელმა ეს სიტყვეთი გაზეთ ”ლელოს” 20 სექტემბერს უთხრა. 20 დეკემბრისათვის კი უკვე ხაბაროვსკის ”სკა-ენერგიაში”  იყო, ჯუღასთან და მის ბიჭებთან ერთად. 


1 ოქტომბერს ხალხის ძალამ აღმართი მოხნა. სისტემა დაინგრა და თან შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათიც ჩაიტანა. გორს ფეხბურთი მოუკვდა. შსს-ს მიერ ჩადებული ფული კი მტკვარმა წაიღო. 

ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ კი საკუთარ შეცდომებზე ვერაფერი გვისწავლია. საქართველოში ყველაფრის დაწყება ადვილია. ბოლომდე მიყვანილი საქმე კი ...

ასე დასრულდა ამბავი გუნდისა, რომელიც სინამდვილეში არც დაწყებულა. არ დაწყებულა რადგან, ერთი ცნობილი კაცის სიტყვებისა არ იყოს ისტორიამ დაადასტურა - რევოლუცია დრომოჭმულის აგონია, დასანგრევის ნგრევაა. მის ბელადად მხოლოდ ისეთი კაცი მოდის, ვისაც ახლის შენების ჟინი ბუნებით არ გააჩნია ან ამ ასპარეზზე ხელი აქვს მოცარული, მაგრამ კარგად აქვს შესწავლილი მასების პოლიტიზების, მათი დამუხტვისა და ამოძრავების ხერხები. ახლის შექმნა კი ტალანტია. დრომოჭმულის ნგრევა - სტიქია, ვითარების გამოყენების ცხოველური ინსტიქტი. ხელმოცარულებს თვითდამკვიდრების წყურვილი რევოლუციური ასპარეზისაკენ მიერეკება, რადგან მათი ადამიანური თვისებები და შესაძლებლობები ნგრევის უნარით ამოიწურება. მათ ძალუძთ, მოახდინონ რევოლუცია, ანუ დაანგრიონ დრომოჭმული, მაგრამ არ შესწევთ უნარი, ააგონ სისტემა, ააშენონ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შექმნან საფეხბურთო გუნდი შესაბამისი საფუძვლით. რადგან ახლის შექმნა შემოქმედებაა და მათ ეს მადლი არ გააჩნიათ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი, რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს. ეს სხვათა ხვედრია, მათ შემდგომ მოსული კაცებისა. ბელადებისათვის ისტორიას კრომველის, მარატის, დანტონის, რობერსპიერის, ლენინისა და მათგვართათვის სხვათა ხვედრი აქვს შემუშავებული. დასახელებულთაგან ვერცერთმა ვერ შექმნა ახალი სისტემა. 

ჰოდა ვერც სისტემის ხერხემალმა გაათენა საფეხბურთო დილა გორში. ერთწლიანი და ექვსთვიანი გუნდით კი ჩვენში ვეღარავის გააკვირვებ. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი   

Tuesday, January 8, 2013

უენ რუნის ავტობიოგრაფიული წიგნი ”ათი წელი პრემიერლიგაში” ქართულად

უცნაურია, ადამიანებს ძალიან უყვართ ინტრიგები, მაგრამ ვერ იტანენ ინტრიგანებს. ფეხბურთშიც ასეა. ფეხბურთის გულშემატკივრებს გვიყვარს ინტრიგა და ის, თუ რა ხდება კულისებს მიღმა, შიდა სამზარეულოში. მაგალითად ყველას ძალიან გვინდა ვიცოდეთ რა უთხრა ნოდარ ახალკაცმა ”დინამოელებს” დიუსელდორფში შესვენებისას. გვინდა ვიცოდეთ როგორია ფეხბურთელების ცხოვრება. რაზე ფიქრობენ, რა უხარიათ, როგორები არიან მოედნის მიღმა. 

სულ მაინტერესებდა რას განიცდიდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები 2003 წლის 30 აპრილს გასახდელიდან გამოსვლისას რუსეთთან ნაკრებთან შებმის წინ (ალალად ვიტყვი, ის რომ სპორტი სპორტია და პოლიტიკა პოლიტიკა უდიდესი სისულელე მგონია!). მაინტერესებდა რა უთხრათ მათ ივო შუშაკმა უშუალოდ თამაშის დაწყებამდე. ან რას ფიქრობს გიო ქინქლაძე განვლილ წლებზე, ან საშა ჩივაძე როგორ იხსენებს საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნობას. როგორია მალხაზ ასათიანის ცხოვრება და განვლილი გზა ერთი უბრალო ქუთაისელი ბიჭობიდან საფეხბურთო ვარსკვლავობამდე (ჩვენი მასშტაბებით რა თქმა უნდა).  

ამ ყველაფერზე აქა-იქ, ინტერვიუებში და გადმოცემით ინფორმაცია არის, მაგრამ ერთად და სტრუქტურირებულად თავმოყრილი არსადაა. არადა ეს ისაა, რაც ყველას ასე აინტერესებს, რა ხდება იქ სადაც ჩვენ არ ვართ... 

არადა წესით სწორედ ასეთებზე უნდა იზრდებოდეს მომავალი თაობა, რაღა თქმა უნდა საჭიროა ბევრი წიგნი, სადაც აღწერილი იქნება ფეხბურთელების ცხოვრება ბავშვობიდან კარიერის ბოლომდე. რა გზა გავლეს, რა შეცდომები დაუშვეს, სად მიიღეს სწორი გადაწყვეტილება. ჯერ-ჯერობით მიზეზთა და მიზეზთა გამო, ეს სისტემატურად არ ხერხდება ჩვენში. 

არადა ბრიტანეთში გაგიხარიათ. ეს მთელი ინდუსტირაა. 

და მანამ სანამ ეს ჩვენში არ ხერხდება, ისევ უცხოური წიგნებით გვიწევს თავის გატანა. კარგი, რომ ამ მიმართულებით პროგრესი უკვე ნათელია. დეკემბრის თვეში გამომცემლობა ”არტანუჯმა” ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნი ”ნომერი პირველი” გამოსცა. თებერვალში კი მკითხველს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. თებერვლიდან გაყიდვაში უეინ რუნის ავტობიოგრაფიული წიგნი - ”ათი წელი პრემიერლიგაში” გამოვა. 




აი იქ კი მრავლად არის ისეთი მომენტები, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ინგლისელი ფეხბურთელი გვიყვება იმაზე, თუ რა ხდება ხოლმე გასახდელში კულისებს მიღმა. 

ამონარიდი წიგნიდან:


*********


თავი 11 

მოსკოვი 


ჩემპიონთა ლიგის ფინალისათვის საჭირო განწყობას ვერაფრით ვიქმნიდი. ამაშინ ვერც ის ფაქტი მეხმარებოდა, რომ გზად, ნახევარფინალში თვით ”ბარსელონა” დავამარცხეთ. ერთი კვირით ადრე ყველა ამ თამაშზე საუბრობდა. ვარჯიშებზე სულ 1999 წლის ჩეპიონთა ლიგის ფინალში მომხდარი ისტორიები მესმოდა. იმ თამაშში ”ბაიერნს” 2-1 მოვუგეთ. გიგზი და ნევილი მიყვებოდნენ, თუ რა საოცარი იყო ის დღე, როცა მათ ”ბაიერნს” მოგება ხელიდან დამატებით დროში გამოგლიჯეს. იმ ფინალის ამბებზე ”იუნაიტედის” ყოფილ ფეხბურთელებსაც ვესაუბრე, მათ შორის ოლე გუნარ სოლსკიაერს, რომელმაც ბოლო წუთებზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მან მიამბო ფინალის სიდიადეზე და იმაზე თუ რა ხდებოდა მატჩის შემდეგ მოედანზე. 

შერინგემმა კი კლუბის ოფიციალურ ჟურნალს ინტერვიუ მისცა. ტედიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ხდებოდა გასახდელში ტაიმებს შორის შესვენებისას. 

”შესვენებაზე ალექს ფერგიუსონი გასახდელში ბოლოს შემოვიდა. სამარისებული სიჩუმე იყო. ისიც ჯერ ჩუმად იჯდა და მოგვშტერებოდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მერე მოგვიბრუნდა და გაბრაზებულმა გვითხრა: 

- ახლა გადით და გასასვლელში თასს რომ ჩაუვლით კარგად დააკვირდით. თუ მეორე ტაიმში თამაში არ  გამოასწორეთ, შეიძლება კარიერა ისე დაამთავროთ, რომ მასთან ასე ახლოს მისვლა ვეღარასოდეს მოახერხოთ.” 


გაგრძელება იქნება ... 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Friday, January 4, 2013

ქართული ფეხბურთის მ’უშაკი

მის შესახებ პირველად 2002 წლის თებერვალში გავიგე. თბილისის ”დინამო” იმ ჯერზე ბადრი პატარკაციშვილის ხელში მოფერიანდა. სეზონთა შორისი შესვენებებისას, დინამო” კვიპროსში იყო შეკრებაზე და  ახალ მთვარ მწვრთნელს ელოდა. საშა ჩივაძის ვარიანტი არ გამოვიდა და არჩევანი უცხოელ მწვრთნელზე შეჩერდა. მანაც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე ჩააკითხა გუნდს. მახსოვს, პირველად ამ სიახლეზე გაზეთმა ”სარბიელმა” დაწერე. ახალი ამბავი იყო და ინფორმაციაც შესაბამისად მშრალი ჩანდა - ივო შუშაკმა თბილისის ”დინამო” ჩაიბარაო. 

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უამრავი მწვრთნელი გვინახავს. ზოგი კვალიფიციური და ზოგიც ისეთი, გავლით რომ იყო საქართველოში. გვყოლია თონის პურით იღლიაში ეზო-ეზო მოსიარულე და მარშუტკებით მოძრავი ბოსკამპი და ბრაზილიიდან ქუთაისში რაღაც მანქანებით მოხვედრილი კამპუში, რომელსაც რატომ ჩააბარეს ”ტორპედოს” გაძღოლა დღემდე გამოცანად რჩება (ერთხელ თამაშიდან ქუთაისისკენ მიმავალ ”ტორპედოს” რიკოთზე ავტობუსი გაუფუჭდა. მძღოლმა ბევრი უტრიალა თურმე მანქანას და ვერაფერი გაუგო. კამპუშს ხელები დაუკაპიწებია, ”კაპოტში” ჩამძვრალა და მანქანაც ამუშავებულა).

ივოს აშკარად ეტყობოდა, რომ გავლით არ უნდა ყოფილიყო მოხვედრილი საქართველოში. ხორვატიის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა და სლოვენიის ”მარიბორის” გაწვრთნა მის CV-ს სოლიდურობას მატებდა. თბილისში დაბრუნებულმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა და შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იყო, რომ ხორვატი შეტევის მოტრფიალე უნდა ყოფილიყო.


3-5-2 ასე გამოიყურებოდა ივოს ტაქტიკა და მისთვის არასოდეს არ უღალატნია. ცენტრში განლაგებულ სამ მცველს ორი მოიერიშე ფლანგის მცველი ემატებოდა. ცენტრში მდგარი ორი საყრდენის წინ გამთამაშებელი მოქმედებდა. შეტევის ხაზზე კი ორი ფორვარდი იდგა, რომელთაც მოწინააღმდეგის შეტევისას ფლანგების გადაკეტვა ევალებოდათ. ივოსთვის ფეხბურთი ესთეტიკა იყო და  ეს მის მიერ განხორვიელებული პირველი ტრანსფერებიდანაც ჩანდა. ხორვატმა გუნდში რუსეთში ნათამაშევი კარლოს და როჩა ჩამოიყავანა, რომელიც გავრისკავ და ვიტყვი, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მარჯვენა მცველი მგონია. ”დინამომ” ”ვიტ ჯორჯიადან” 200, 000 აშშ დოლარად ალეკო გოგობერიშვილი გადმოიბირა, თბილისის ”ლოკომოტივიდან” 50,000 აშშ დოლარად გიორგი ანჩაბაძე. ზაფხულში გუნდს ვიტალი დარასელია დაემატა და გუნდიც მეტ-ნაკლებად შეიკრა.

ივომ შედეგი შემოდგომაზევე აჩვენა, როდესაც მისმა გაწვრთნილებმა ჩეხურ ”ლიბერეცს” გასვლაზე ორი გოლი გაუტანეს (3:2) შინ კი მინიმალურად 0-1 დამარცხდნენ. არადა ეს ის ”ლიბერეცი” იყო ”მილანი” ლამის ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დატოვა. ივოს გაწვრთნილებმა მოსკოვში გულშემატკივარი აღაფრთოვანეს და 2004 წლის იანვარში დსთ-ს თასი თბილისის გზას გამოუყენეს. მახსოვს ”ნტვ ფეხბურთზე” მელნიკოვმა მატჩის მიმოხილვისას თქვა, მოსკოვში ნაღდი ფეხბურთი დაბრუნდაო. იმ ტურნირზე გიორგი ანჩაბაძემ უბრალოდ დახაზა. ჯიბეში ჩაისვა მოწინააღმდეგის მცველები. რაგინდარა პასი არიგა მოსკოვურ ხალიჩაზე. თამაშებს კიევის ”დინამოს” სელექციონერი ჯოზებ საბო ესწრებოდა, ანჩაბაძის თამაშით მოხიბლულს მისი ასაკი უკითხვას და დანანებით თავი გაუქნევია - ”ეს რომ ოთხი-ხუთი წლით უმცროსი იყო ახლავე კონტრაქტს გავუფორმებდითო.”

ივოს ქართულ კარიერაშია დღემდე გაუგებარი და საეჭვო წაგება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ”ტირანასთან”.

კარიერის გვირგვინი თბილისში ბეჭებზე დადებული რუსეთის ნაკრები იყო. თამაში, რომელიც არასოდეს დაავიწყდება არც თავად ხორვატს და არც ქართველ ქომაგს.

ივო დიღმის ბაზაზე ვნახე. დაუვიწყარი ბუბუნა ხმით და ჩვენში ასიათასად დაფასებული ზრდილობით. ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა, ხელი მაგრად ჩამოგვართვა და მოგვიკითხა. იშვიათი საქციელი იყო, ქართველი მწვრთნელებისა და აქ მოღვაწე უცხოელთაგან სრულიადნ განსხვავებული.  პრესკონფერენციაზე მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული, ხანგრძილივად და ამომწურავად საუბრობდა. თვლიდა, რომ ვარჯიში ფეხბურთელის ტანჯვად არ  უნდა ქცეულიყო და მისი ხანგრძლივობა 75 წუთს არ გადასცილებოდა.  დიღმის ბაზაზე დილიდან მისული პირველად ბალახის საფარს ამოწმებდა, ლეგენდად ქცეულ რთულ ქართულ მენტალიტეტსაც ადვილად მოერგო და ბევრი მეგობარიც შეიძინა.

შტრიხი პორტრეტისათვის - რუსეთთან ნაკრებში გამარჯვების მერე პატარკაციშვილმა გუნდს პრემიები დაურიგა. ივომ გადაწყვიტა პრემიები შემცირებულიყო და ფეხბურთელების გარდა ექიმებზე, მზარეულებზე, მძღოლზე და პრეს-ატაშეზეც გადანაწილებულიყო.

ივო უფრო მქოქავი მწვრთნელი იყო. თამაშის წინ ბიჭების განწყობა ბრწყინვალედ შეეძლო. ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით მეორე და უკანასკნელი თამაში დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან ჰქონდა. თამაშის წინ გასახდელში ივომ დასამახსოვრებელი რამ თქვა: ”თქვენგან უეჭველ მოგებას არავინ ელის. მე მინდა მოედანზე 11 გულანთებული ქართველი ვიხილო. ვაჩვენოთ ირლანდიელებს, რომ მათზე ნაკლებად როდი გიყვართ სამშობლოო”. ამ სიტყვების მერე მკვდარი უნდა ყოფილიყავი ძარღვია არ აგტოკებოდაო, ყვებოდა მოგვიანებით იმ თამაშის ერთ-ერთი მონაწილე.

ივოს გონებასა და გულში საქართველოს მუდამ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ნებისმიერი სტუმრობა მისთვის ზეიმია. ზეიმი და ტკივილი, რადგან მის გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი გივი ნოდია აღარ არის და ყოველ ვიზიტზე მის საფლავზე გასვლა წესად გადაიქცია.

ივო შეიძლება არ ყოფილიყო სასწაულმოქმედი მწვრთნელი, მაგრამ არის პიროვნება, რომლის შესახებაც ქართულ ფეხბურთში აზრები თითქმის არ იყოფა. მასზე აუგის მთქმელი კაცი ჯერ არ შემხვედრია, არადა როგორი საქმეა ამას პოლარიზებულ ქართულ საფეხბურთო თემში მიაღწიო.

ახალი წლის საღამოს მეგობრები ოჯახებით რესტორანში ვიკრიბებით. თამადობა საქართველოში მასწავლეს და სუფრას მე ვუძღვები. საქართველოს ჩემი მეგობრები დაუსწრებლად იცნობენ და ხორვატიასთან ერთად მის სადღეგრძელოსაც ვსვამთ.” - ეს ივო შუშაკია.

საწყენია ისაა, რომ ამ ბოლო წლებში საქართველომ წინ და უკან დაარიგა ქვეყნის მოქალაქეობა. ივოსთვის კი საპატიო მოქალაქეობის შეთავაზებაც არავის მოსვლია აზრად.


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი