Thursday, January 27, 2022

მადლობა კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო!

2004 წელს ვნახე. ის ზაფხული "დინამოს" და ჯაბა კანკავასი იყო. მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი, კედელივით იდგა "ბატეს", "სლავიას" "ვისლას" გამოცდილ მოთამაშეთა წინააღმდეგ. იმ წელს კოტე გოგიშვილმა ერთგვარ შეგონებასავით წერილი დაუწერა, მახსოვს ასე ერქვა "ღია წერილი ჯაბა კანკავას! ვიცი გამიგებ?". 

იტალიასთან წითელიც გვახსოვს. წითლის მერე გვირაბისკენ მიმავალი, ტაშით გააცილა ხალხმა. მერე ბევრს ლაპარაკობდნენ - უნდა დაუკრა თუ არა გაძევებულ ფეხბურთელს ტაში. ჯაბა კანკავა იყო ხასიათი, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა. იმ ყველაფრის ანტიპოდი რაც მოედანზე და მის მიღმა ძალზედ ხშირად უჩვენებია ჩვენთვს  ქართველი ფეხბურთელებს. ჯემალ ჩიმაკაძე მოვიდა ერთხელ - ჟირასს უთქვამს ჯაბასა და გოგიტა გოგუაზე - ეს ორი მომეცით რომ დაღვინდებიან და რომელ ნაკრებსაც გინდათ, ცენტრს იმას წავართმევო. აკი ართმევდა კიდეც. საფრანგეთთან თბილისური ფრე გავიხსენოთ მოედნიდან რომ გააქრო საფრანგეთის აღიარებული ცენტრალური ნახევარმცველები. უღალატო იყო. იცოდი რომ არც საკუთარ კოჭებს მოუფრთხილდებოდა და არც მოწინააღმდეგეს დაზოგავდა. 

ნაკრებიდან აცილებდე ჯაბა კანკავას და უკმარისობის გრძობა არ გქონდეს შეუძლებელია. სადმე ფეხბურთის ღმერთი რომ არსებულიყო ჯაბას 2020 წლით დათარიღებულ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა ეთამაშა. 2015 წლის უეფას ევროპა ლიგის ფინალი მაინც უნდა მოეგო. საფეხბურთო ღმერთი რომ არსებულიყო, კანკავას უკრაინასა და ყაზახეთში არ უნდა ეგორებინა ბურთი და მის კარიერაში საუკეთესო მიღწევა საფრანგეთის დაბალი დონის გუნდებში თამაში არ უნდა ყოფილიყო. 


ჯაბა კანკავა ნაკრებიდან თავაწეული მიდის. ვერავინ გაიხსნებს თამაშს, რომელიც მან უჯიგროდ ითამაშა. კანკავა ნაკრებიდან მიდის მაგრამ ქართველი გულშემატკივრების გულებში რჩება როგორც შეუპოვრობის, დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო. 

მადლობა კაპიტანო, ჩვენო კაპიტანო!