Saturday, February 23, 2013

სუპერ თასის ექო

საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე საუბრისას ბევრი გამორჩეული მატჩი გაახსენდება კაცს. გულშემატკივარს ისეთიც უნახავს, სადაც ”ბეტეერები” მორიგეობდნენ ერთი კონკრეტული გუნდის გასამარჯვებლად და პირველი ეროვნული ჩემპიონატის თამაშიც უნდა ახსოვდეს. მაშინ ბილეთების შეძენა ვინც მოახერხა მის მფლობელს უფლება ჰქონდა 2000 წლის ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩზე უფასოდ შესულიყო, მაგრამ იმ ბილეთის უდიდესი უმრავლესობას ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია. გაუფერულდა ეროვნული და თამაშებზე ქუდიც რომ შეგედგო კაცი არ შევიდოდა. 

დასწრება მუდამ ჩვენი ფეხბურთის აქილევსის ქუსლი იყო და წლიდან წლამდე უფრო მტკივნეულ პრობლემად იქცა. კაცი არ დარჩა ჩვენს საფეხბურთო მილეთში ამაზე არ დაეჩივლოს. ფეხბურთელიდან დაწყებული, მწვრთნელ-კლუბის პრეზიდენტითა და ქართული ფეხბურთის სახლის წარმომადგენლებით დასრულებული. ფრაზები: ”კუიბიშევში სტადიონი სავსეა, აქ კი ასი კაცი მოდის და ხალისი მეკარგება”, ”ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, გულშემატკივრის გარეშე თამაში საშინებელაა” და ”გულშემატკივარს ჩვენი ფეხბურთი არ აინტერესებს” ლაიტმოტივად გასდევს ხოლმე ამ ხალხთან ინტერვიუებს. მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება ის აქსიომა რომ ფეხბურთი საერთო სახალხო თამაშია და მას გულშემატკივარისთვის თამაშობენ ყველას ავიწყდება. ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსა, პერსონალსაც, სფფ-ს წარმომადგენლებსაც და კლუბის პრეზიდენტ-მრჩევლებსაც. 


გუშინ ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყო კაცი და ან ძალიან უნიჭო, ქვეყნის სუპერ თასის ფინალი სამუშაო კვირის ბოლოს, თან საღამოს 5:00 საათზე დანიშნო. ძალიან საყვარლად და საინტერესოდ მოსჩანს - საქართველოს სუპერთასის ფინალი; პარასკევი - 17:00 საათი; სამუშაო კვირის ბოლოს და სამუშაო საათებში. არ ვიცი რა ლოგიკა გამოიყენეს ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რამდენად იყო ჩართული ამ საქმეში მარკეტინგის წარმომადგენელი. გუშინს მერეა ვეძებ და ევროპაში ვერსად აღმოვაჩინე ქვეყანა სუპერ თასის ფინალი კვირის სამუშაო დღეს საღამოს 17:00 საათზე იმართებოდეს.  ის რომ თამაში უფასო იყო ინდულგენციად არ გამოდგება, რადგან ფეხბურთი ზეიმია და ყველას უნდა აერთიანებდეს. მდიდარსაც და ღარიბსაც, შეძლებულსაც და შეუძლებელსაც. 

სამწუხარო ის არის, რომ სფფ-ს უცნაური გადაწყვეტილება ფინალის უხერხულ დროს დანიშვნის შესახებ ფინალში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებს ოფიციალურად არსად გაუპროტესტებიათ. ყოველ შემთხვევაში არც მწვრთნელებს, არც ფეხბურთელებს და არც პატრონ-მყვარებლებს ამაზე პროტესტი არ გამოუხატავთ.

არადა მერე გულშემატკივრების არადასწრებაზე ვწუწუნებთ ხოლმე. 

P.S. გაზეთ "ლელოს" მონაცემებით საქართველოს სუპერთასის ფინალს 3000 გულშემატკივარი დაესწრო. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Tuesday, February 5, 2013

"დინამო" და სახელი

ისე მოხდა რომ აგერ აქამდე ჩვენს ფლაგმანს სახელი ატარებდა, არადა წესით "დინამოს" უნდა ეტარებინა სახელი. 23 წელია აქა-იქ კანტი-კუნტად დარჩენილი გულშემატკივარი "დინამოსგან" ერთი დიდ გასროლას ელოდებოდა. ელოდებოდა ამაოდ. ხან უფულობის და ხანაც უგულობის გამო.

ისეთი პირი უჩანს, რომ წელს მაინც უნდა გაისროლოს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა. თითქოს ყველაფერი უწყობს ხელს ამაში. ჩემპიონობისკენ სავალი გზაც თითქმის თავისუფალია, ინფრასტრუქტურა ისეთია, აგერ გერმანელ ლეგიონერს ათქმევინა: "ესეთი ბაზა გერმანიაში, მხოლოდ საუკეთესო კლუბებს აქვთ და საერთოდ ევროპული სტანდარტითაც მაღალი სტანდარტია"-ო. გუნდში დისციპლინაც დამყარდა და ისე აღარ არის შარშან ამ დროს, რომ ესპანელ თანაგუნდელებს ორშაურად დედის სულს უტრიალებდნენ. დისციპლინის დამყარება მთავარი მწვრთნელის და ახალი მმართველი დირექტორის დამსახურებაა. ბუბა ტყავაძეს ქართულ საფეხბურთო წრეებში ბევრი იცნობს, აი დუშან უჰრინი უმცროსი კი დღემდე გამოცანად რჩება. გამოცანად რჩება ყველასთვის გულშემატკივრებისთვის, საფეხბურთო სპეციალისტებისა თუ მწვრთნელებისთვის. ვერავინ ვერ ამბობს როგორი მწვრთნელია, რეალურად რა შეუძლია, რა ძალა შესწევს. ეს აზრი მარტო მე არ გამჩენია. ამას ის ხალხიც ადასტურებს, ვის გუნდებსაც უჰრინის "დინამოს" წინააღმდეგ მოუწია თამაში. უჰრინი "დინამო" ძირითადად, რაღაცნაირად პრიმიტულ ფეხბურთს ათამაშებს. ისეთს, 90 წუთის მანძილზე საჯდომს რომ არ წამოგაწევინებს ნეიტრალურ ადამიანს. "დინამოსა" და უჰრინის რეალური ძალა ევროტურნირებმა უნდა გამოაჩინოს. ამ წლის ზაფხულამდე ლოდინი მოგვიწევს. დასუსტებულ "დილასთან", "ზესტაფონთან" და ინდუსტრიასავით მუდამ მშენებარე ქუთაისის "ტორპედოსთან" დაპირისპირებებში, "დინამოს" სუსტ და ძლიერ მხარეებს ზუსტად ვერ დავინახავთ.


მანამდე კი "დინამო" მეორედ წავიდა თურქეთში შეკრებაზე. წესით სწორედ ახლა უნდა მოხდეს იმ ბირთვის ჩამოყალიბება, რომელმაც ზაფხულზე უნდა გაისროლოს. თუმცა ისე ჩანს, რომ "დინამო" ისევ ძველ სახეებსა და სახელებს დაეყრდნობა, არადა ჩემპიონთა თუ ევროპის ლიგა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს. "დინამოში" მიმდინარე სეზონის მთელი დატვირთვა სამ ფეხბურთელზე მოდიოდა: ჩისკო, ალვარო და დვალი. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "დინამოს" მიერ გატანილი 63 გოლიდან 44 ანუ სადღაც 70% სწორედ ამ ფეხბურთელებზე მოდის. ევროთასებზე ეს სამეული საკმარისი არ იქნება. ევროთასებს მინიმუმ ორი თანაბარი ძალის შემადგენლობა თუ არა თანაბარი ძალის 18 ფეხბურთელი მაინც სჭირდება. ევროთასებზე ნულზე ვერ ითამაშებ, უნდა შეუტიო, თამაში უნდა მოიგო "დინამოს" კი ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ნომინალური ფორვადრი ჰყავს: ჩისკო და დვალი. სწორედ ახლა არის საშური გუნდის გაძლიერება, რადგან ზაფხულში მოყვანილ ფეხბურთელს ევროტურნირებისთვის გუნდთან შესათამაშებლად მხოლოდ სამი, უკეთეს შემთხვევაში ოთხი კვირა აქვს და ეს ძალიან ცოტაა.

არადა კანტი-კუნტად შემორჩენილი გულშემატკივარი ისევ ელის, როდის დაიქუხებს "დინამო", გუნდი რომელსაც აგერ აქამდე სახელი ატარებდა, არადა გუნდს უნდა ეტარებინა სახელი.

   ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი