Wednesday, July 3, 2013

ხესუს ხილი ხილი

გასული წლის ოქტომბერი იყო. ისეთი ჩვენში რომ იცის - მზიანი შემოდგომა. საქმემ მოიტანა და გიო ქინქლაძეს უნდა შევხვედროდი. თბილისში იყო ჩამოსული უიშვიათესი ვიზიტით. შევხვდით და გიომაც წარსული გაიხსენა. ის დრო, მადრიდის "ატლეტიკოში" რომ იყო სინჯებზე. სიტყვამ მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი ხესუს ხილი ხილი მოიტანა. გადარეული იყო, ვარჯიშებზე საბელ ჩაბმული ნიანგით დადიოდაო - მოკლედ მომიჭრა გიომ. ხესუს ხილი ხილისა და საბელიანი ნიანგის ისტორია ბოლო ორი თვეა ხშირად მახსენებს თავს. მახსენებს და პარალელებიც უნებურად ამოტივდიდება. ჩვენს ფეხბურთსაც უნდა ჰყავდეს ხესუს ხილი ხილი - ექსცენტრიული მმართველი, რომელიც მთლად საბელიანი ნიანგით თუ არ დადის ვარჯიშებზე, ექცენტრიულობით აწგარდაცვლილ ესპანელს არაფრით უნდა ჩამოუვარდებოდეს. 

მგონია ხესუს ხილი ხილის ანალოგი ჩვენში "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკია უნდა იყოს. ფხუკიანი კაციაო იმერეთში რომ იტყვიან ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა ამ ბოლო თვეებში მისმა ნამოქმედარმა. ჯერ იყო და 9 წლის მანძილზე ნაშრომ-ნაჯაფს უცებ გადაუსვა ხაზი. გუნდზე გული უკვე მერამდენედ აიცრუა. ერთი პერიოდი ისიც კი ითქვა ზესტაფონი დაიშალა და აღარ იარსებებსო. კლუბი ფეხბურთელებმაც დატოვეს. ერთი სიტყვით დიდი გაურკვევლობა იყო. თავად პრეზიდენტი კი ცამ ჩაყლაპამ თუ მიწამ არავინ უწყოდა. არადა ასეთ შემთხვევაში მინიმუმ პრესკონფერენციას იწვევენ, ჭორი და მართალი ერთმანეთში რომ არ აირიოს. პრეზიდენტის გაბრაზებას ისიც ცხადყოფდა, რომ სიცხეში მინდორი მოურწყაობისგან ხმებოდა და მოსარწყავად სახანძრო მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. ზესტაფონელთა კლუბის პრეზიდენტი თანასწორობის იდეას ქადაგებდა. თუ გორის "დილას" ეხმარება სახელმწიფო, "ზესტაფონმა" რა დააშავაო?! ბატონ კოკაიას კლუბის ქონების რაიონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადაცემა უნდოდა. სამი წლის წინ კი კოკაიამ აღმა ხნული დაღმა ფარცხა. მისი მაშინდელი და დღევანდელი მოთხოვნები ერთმანეთისაგან 180 გრადუსით საპირისპირო იყო. სამი წლის წინ პრეზიდენტის მოთხოვნა სტადიონის კლუბის ბალანსზე გადაცემა იყო - თქვენ ვერ (არ) უვლით და მე მომეცით ნახე რა გავაკეთოო. კლუბის პრეზიდენტის მაშინდელი მოთხოვნა დააკმაყოფილეს. სტადიონი კლუბის ბალანსზე გადავიდა. 


გუშინ წინ კი ... ზესტაფონს ფეხბურთის ბობოლები სტუმრობდნენ. სფფ-ს პრეზიდენტის, მარად გენ.მდივნისა და თავად ილია კოკიას სახით. ხელი ხელს დაჰკრეს და მუნიციპალიტეტის მმართველებმა პირობა დადეს მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ყველაფერს ავსახავთ, კლუბის ბაზას და სტადიონსაც ჩვენ მივხედავთო. კოკაიას გაბუტვამ შედეგი გამოიღო. თუმცა შედეგიცაა და შედეგიც. კაცმა არ იცის რა იქნება 6 თვის თავზე. რამდენად შეძლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ისედაც მწირი ბიუჯეტი სტადიონის შენახვას ამას დრო გვიჩნებს. ან დავუშვათ და შეძლო, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ილია კოკაიას, და არა მარტო მისი, ოცნება ახდა და "ზესტაფონმა" უეფას ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა? სად ჩაიტანს ჩემპიონთა ლიგის დროშას იმერული კლუბი? რამდენად შესაძლებელი იქნება ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ისეთ კონდინციამდე მიიყვანოს, რომ მასზე ჩემპიონთა ლიგის თუნცა პლეი-ოფის მატჩის გამართვა იყოს შესაძლებელი? შეძლებს კი მუნიციპალიტეტი იმას, რაც კოკაიამ რეალურად ამ ბოლო სამი წლის მანძილზე ვერ მოახერხა, რომ კლუბი ევროპის თამაშების ჩასატარებლად ხიზნად არ ქცეულიყო? 

ამასთან არც კლუბის ბაზას ეთქმის დამთავრებული. მის საბოლოო კონდინციამდე მისაყვანად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. რამდენად შეძლებს იგივე მუნიციპალიტეტი ამ ყოველივეს? საგულისხმოა ისიც რომ გასულ წელთან შედარებით ზესტაფონის ბიუჯეტმა კლება განიცადა. 2012 წელს 13 მლნ. ლარიდან 7 მლ. ლარამდე შემცირდა (იხილეთ ბმული და დართული ფაილი http://zestaphoni.com/158--.html.) საქ.სტატის მონაცემებით კი ქვეყნის ეკონომიკა არ იზრდება, რაც მომავლის იმედს ნაკლებად შეიძლება იძლეოდეს.  

ძნელი წარმოსადგენია, როგორი სახის იქნება "ზესტაფონი" კარს მომდგარ ეროვნულ ჩემპიონატში. ზამთარში კლუბმა სამ წლიანი კონტრაქტი მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან გააფორმა. ოფიციალურად კაჭარავა იმერელთა კლუბის მწვრთნელია. მისი კლუბიდან წასვლის შესახებ კლუბს განცხადება არ გაუკეთებია. მეორე მხრივ კი კლუბი მოლაპარაკებებს გია გეგუჩაძესთან აწარმოებს. გუნდი ჯერ არ შეკრებილა. არც მოსამზადებელი გეგმა არის სადმე. არავინ იცის ბოლო ხანს იმერულ კლუბში გამოჩენილი ლეგიონერები ისევ კლუბში ირიცხებიან თუ გუნდიდან წავიდნენ. 

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა გუშინ წინ დაიქადნა - იმერული კლუბი ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებსო. მანამდე კი ისიც თქვა 6 თვის მერე თუ მუნიციპალიტეტმა კლუბის ქონება არ გადაიბარა აქ გამჩერებელი არ ვარო. ამით იმერული კლუბის პრეზიდენტმა ურთიერთგამომრიცხავი მესიჯები გაუგზავნა, როგორც გია გეგუჩაძეს ასევე პოტენციულ ფეხბურთელებს. მივლენ კი ამბიციური მწვრთნელ-ფეხბურთელები ხანგრძლივი ვადით გუნდში, როცა იციან რომ ექვსი თვის მერე მუნიციპალიტეტმა სახსრები თუ ვერ გამონახა, შეიძლება ჰაერში დარჩნენ. 

არ მგონია იმერული კლუბის ხესუს ხილი ხილის დარი მმართველისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგა აქ დასრულდეს. ეს უფრო პირველი სერია იყო, მეორე ნაწილი სავარაუდოდ იანვარში გველოდება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საბიუჯეტო კალენდრის მიხედვით არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს მთავრობა ვალდებულია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. მანამდე კი 10 ივლისისთვის მთავრობამ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და    მიმართულებების პირველადი დოკუმენტი უნდა მოიწონოს (იხილეთ საბიუჯეტო კალენდარი http://www.parliament.ge/files/budget-off/diary-state-b.pdf). 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

1 comment:

  1. arc apirebs darchenas zestafonshi
    paralelurad molaparakebebs awarmoebs sxvagan

    ReplyDelete