Monday, October 15, 2012

გენიოსი ბნელი თბილისიდან

მეორე სემესტრი იწყებოდა. ზამთრის არდადეგების შემდეგ თბილისიდან უკან დავბრუნდი. თოვლია. საშინლად ცივა. უნივერსიტეტის ეზოში საშუალო ხნის, ჭაღარათმიანი, სათვალეებიანი კაცი შემომხვდა. გამიღიმა. მე ალან მეჰიუ ვარ, ამ სემესტრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კურსს წაგიკითხავთო. ვუთხარი რომ საქართველოდან ვიყავი. გაჩერდა, მცირე პაუზა და პირველი კითხვა - ”ქინქი” სად არისო. რა გასაკვირია, ბრიტანელი პროფესორი ფეხბუთის ტრფიალი აღმოჩნდა. ძლიერ ყინვასა და თოვლში გარეთ, ღია ცის ქვეშ მდგომებმა უამრავი რამ გავიხსენეთ ”ვესტ ჰემი” - ”დინამოდან” დაწყებული, ინგლის-საქართველოს ნაკრებთა პაექრობით დასრულებული. პროფესორს ”ქინქის” ხსენებაზე თვალები ენთებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას ”საუთჰემპტონთან” გატანილი მისი გოლი, ქარივით რომ ჩაუქროლა პორტელთა მცველებსო.


ინგლისში აღიარებამდე თბილისი იყო. უშუქო,  უპურო და რუხი თბილისი. მაშინ თბილისში არც ინტერნეტი იყო, არც მობილური და არც კომპუტერი. ეგ კი არა უშუქობის გამო ხაზის ტელეფონიც შეფერხებით მუშაობდა. თბილისი მაშინაც ჭორისა და ლეგენდების ქალაქი იყო და ხმა გავარდა, ”მრეტებში” ისეთი ბიჭი გამოჩნდა, მისი თამაშის ნახვა ერთ რამედ ღირსო. ამბობდნენ, რომ ბიჭს უდიდესი მომავალი ჰქონდა. შეეძლო გვერდით ხაზზე ბურთი ისე ეტარებინა რომ აუტზე არ გადაეშვა. კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ რამეს მოისმენდი და ... ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მახსოვს ”ქინქი” პირველად წყალტუბოს ”სამგურალთან” ვნახე ... საშუალოზე დაბალი,  შუაზე გაყოფილი თმებით. ათიანმა ისეთები აკეთა... არავის ეწყინოს, აგერ  XXIV ჩემპიონატს ვატარებთ და ასე მგონია მისი ნახევარი ნიჭის პატრონიც კი არავინ გამოჩენილა ჩვენს სტადიონებზე. ეს ახლა უჭირთ ჩვენს ფეხბურთელებს კაცის მოტყუილება და ფინტების კასკადი თორემ მაშინ ქინქლაძისთვის ეს ჩვეულებრივი რამ იყო. მის პლასტიურობას ზოგი ცეკვაზე სიარულით ხსნიდა, ზოგი ზეგარდმო ნიჭით და ზოგიც მისი ბავშვობის მწვრთნელ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს მიაწერდა. გაივლის წლები და ზურა ხიზანიშვილი ქინქლაძეზე საუბრისას იტყვის: ”ჩემი თაობის ფეხბურთელები ერთად რომ შეგვკრიბო, ქინქლაძის ნიჭს ვერ გადავწონით. მახსოვს ”ორკარას” დროს მწვრთნელი როცა გაგვყოფდა, გიოსთან ერთად თუ ვერ მოვხვდებოდი გუნდში, ”ნაკიდკას” ვმალავდი. არ მინდოდა მის წინააღმდა მეთამაშა. ვიცოდი, რომ რამდენჯერაც დააპირებდა, მომატყუებდაო.


მაშინდელ ქართულ ფეხბურთში უცხოეთში მიმავალი გზა თბილისის ”დინამოზე” გადიოდა. ქინქლაძეს ”მრეტებში” დიდხანს არავინ გააჩერებდა. მით უმეტეს ფეხბურთში ისეთი გაქნილი ხალხი, როგორებიც მერაბ ჟორდანია და რომიკო შოთაძე იყვნენ. გიომ 18 წლისამ შეაღო დიღმის ბაზის კარი და ხუთი წელი გაატარა ქვეყნის უპირველეს გუნდში. 65 თამაშში 41 გოლი. ასეთი იყო ცაცია გამთამაშებლის მონაგარი. იმ დროს საგოლე პასებს არავინ ითვლიდა ... არადა რატომ ორი იმდენი არ იქნებოდა რამდენიც გოლი იყო.   

ქინქლაძის ნიჭის გაფურჩქვნას თბილისის სამოქალაქო ომმა მოუსწრო. მერე იყო თბილისის ძმობილი ზაარბრიუკენი და მადრიდის "ატლეტიკო", ეგ კი არა შორეული "ბოკა ხუნიორსიც" იყო. მერე ისევ თბილისი და წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტული. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი სტადიონები ნიჭიერებს ვერ იტევდა. 

მერე იყო გაზეთ ”სარბიელის” საპირველგვერდო სურათი და ქვეშ მინაწერი 3, 200,000 აშშ დოლარი. წარმოუდგენელი თანხა მაშინდელი თბილისისთვის. ალბათ ქალაქის ნახევარი ბიუჯეტი, თუ მეტი არა. მერაბ ჟორდანიასა და ფრენსის ლის შორის ხელმოწერილი გარიგება და ”ქინქის” ვარსკვლავი ალბიონის ნისლში გამოკრთა. გადარეული ”მანჩესტერ სიტის” ფანები, აყლაყუდა ნაილ ქუინისა და უვე როსლერისთვის ჩამორიგებული, დაღეჭილი პასები. 


მერე ის იყო, ის გოლი მე და პროფესორმა უნივერსიტეტის ეზოში, თოვლში მდგრებმა რომ გავიხსენეთ. მაშინ არც შუქი იყო, არც ინტერეტი და არც მობილური ტელეფონი. ფეხბურთის შიმშილს გაზეთ ”სარბიელით” ვიკლავდით. ვინ იცის გზაში რამდენი ჯიხურის წინ, თუ გაზეთების სტენდთან ავტუზულვარ რომ თვალი შემევლო ქინქლაძეზე დაწერილი სტატიისთვის. ერთ სიტყვას იქ ამოვიკითხავდი, ორ აბზაცს აქ და სახლში მოსვლამდე გიოზე ყველაფერი ვიცოდი. აბა ვის ჰქონდა ”სარბიელის” შესაძენი ფული?! მერე ცეცხლის ირგვლივ, პურის რიგში მდგომნი, საბურავების ნამწვით გამურულები ვარჩევდით ქინქლაძის ამბებს. მაშინ ქინქლაძე იყო ჩვენი შუქიც, პურიც, მობილურიცა და ინტერნეტიც. 

იტალიელებმა მას შავი ზღვის ჯანი რივერა უწოდეს. ნაკრებში პირველი გოლი უელსთან გამოაცხო. ალბიონელთა 5-0 განადგურება. გაოცებული უელსელები და ნევილ საუთჰოლის ნათქვამი - ქინქლაძე მოედანზე ყველაზე გამორჩეული იყოო. საუთჰოლმა ”ქინქის” სპექტაკლს კარდიფშიც უცქირა. მის მიერ შესრულებული პარაშუტი წინგამოსულ მეკარეს თავზე გადაევლო და კარის ბადეში აფართხალდა. პარაშუტები მისი შესრულებით - ეს უნდა გენახათ. საკმარისი იყო, მეკარე ოდნავ კარიდან გამოსული დაენახა და ბურთს ჰაერში ისეთ ტრაექტორიას მოახაზინებდა რომ ...


”ქინქის” მთხოვნელთა რიგი დაუდგა. ”ლივერპული” მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობდა. გიომ კი, ალბიონი დატოვა და ამსტერდამს მიაშურა. ”აიაქსში” მას მისი საუკეთესო პარტნიორი შოთა არველაძე ელოდა. სარეკორდო ფასად ნაყიდი ფეხბურთელისგან ამსტერდამელებიც ბევრს ელოდნენ. გიოს "აიაქსში" გადასვლას მალე გუნდიდან მორტენ ოლსენის გაშვება მოჰყვა. დანიელი იან ვოუტერსმა შეცვალა, რომელმაც გიოს მარცხენა ფლანგზე გამწესება გადაწყვიტა. ცენტრში "ბარსელონაში" ვერგადასული იარი ლიტმანენი  იყო და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმას აბა ვინ გაივლებდა გულში. ქინქლაძე ცენტრის კაცი იყო. სწორედ ამ ადგილას იყო იგი ის ”ქინქი”, თბილისსა და მანჩესტერს ერთად აღებულს რომ აგიჟებდა. ვარჯიშზე ფლანგიდან ჩაწოდება მოთხოვეს. გაბრაზებული გიოს ჩაწოდებები კარს უკან ეშვებოდა. ვოუტერსის გაკვირვება განრისხებამ შეცვალა. მერე სათადარიგოთა სკამმა, ბოლოს ვარჯიშზეც აღარ დადიოდა. ქინქლაძემ ცენტრში დგომა კარიერაზე გაცვალა. არაპროფესილიზმია? - შეიძლება. მოედანზე თავისი პოზიციის ერთგულებაა? - არ ვიცი, ესეც შეიძლება. მოგვიანებით გიო ვოუტერსზე იტყვის - "ჩემს ადგილას მარადონაც რომ ყოლოდა, ტაქტიკას მის გამოც არ შეცვლიდაო". 

მერე კარიერის დაისი იყო. კვიპროსსა და რუსეთში. ის აღარ იყო ის გიო, ხალხს რომ აგიჟებდა. ხანდახან და იშვიათად კი ბატონო, მაგრამ ის სილაღე, დახვეწილობა თითქოს სადღაც დაკარგულიყო. 


ბლექბერნში” რომ გადავედი, თავიდან აპარტამენტი ვიქირავე და სამზარეულოში რაღაც იყო გაფუჭებული. ხელოსანი გამოვიძახე. მოვიდა და სახლში ბუცები და მაისურა რომ დაინახა, მკითხა, ვინ ხარო. ვუთხარი ვინც ვიყავი და კინაღამ გადაირია. ”სიტის” და პერსონალურად გიოს ფანი აღმოჩნდა” - ეს ისევ ზურაბ ხიზანიშვილია.   

მიუხედავად ”სიტის” დიდი წარმატებისა, ქინქლაძე მანჩესტერში დღესაც ახსოვთ. მანჩესტერში კი არა, ინგლისში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერებშიც შეიყვანეს. თავის დროზე ის მხოლოდ კანტონას ჩამორჩებოდა. კანტონა კი, ვინც ინგლისში ყოფილა ყველამ იცის რას ნიშნავს ბრიტანელებისთვის. 

გიო საქართველოში იშვიათად ჩამოდის. პრესასთან უბრადაა. მასთან ინტერვიუები, როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს. არასოდეს იხსენებს წარსულს. მისი ახლობლებისგან გამიგია, როგორც კი ვინმე წარსულს და ”სიტიში” გატარებულ პერიოდს შეეხება, მომენტალურად საუბრის თემას ცვლისო. 

გიო ქინქლაძე, ალან მეჰიუ და ის თოვლიანი დღე ახლაც თვალწინ მიდგას. ადვილი არ არის მანჩესტერიც და თბილისიც ისე გადარიო წლების მერეც ყველას ახსოვდე. გიო ხვალინდელმა თამაშმაც გამახსენა. ბელორუსთან ჯახმა. ასე მგონია ბიჭებს ბურთის დაკარგვისა ეშინიათ. მასთან განშორებას ეშურებიან. ქინქლაძესთან სხვანაირად იყო. გიოს ეს შიში არასოდეს ჰქონია. შიში მის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ, როდესაც ბურთთან ქინქლაძეს ხედავდნენ. ამიტომაც იყო თბილისში განწირული რომ ბღაოდა ნევილ საუთჰოლი - როგორმე წაართვით ათიანს ეს დედანატირები ბურთიო.  

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი   

4 comments:

  1. udzlieresi statiaa..didi madloba!!

    ReplyDelete
  2. es kaci iyo movlena...

    ReplyDelete
  3. საქართველოში მისნაირი არ დაბადებულა და მისნაირ ფეხბურთელს ჩვენს მიწაზე ფეხი არ დაუდგამს ვინ არის მესი ან რონალდუ უბრალოდ მათ მოტანა ამ ცოცხალ ლეგენდასთან სირცხვილია პირობებზე არაფერს ვამბობ და გუნდურ სხვაობაზე სიტი მაშინ იყო გუნდი რომლის მიზანიც იყო ან პრემიერლიგამდე აღზევება ან ადგილის შენარჩუნება ქინქიმ სიტიში 3 სეზონი გაატარა და აქედან მხოლოდ ერთი პრემიერლიგაში ერთი სიტყვით ქინქი დღვანდელ ბარსელონაში რომ ყოფილიყო მესის ადგილს დაიკავებდა და "მესი ჩავი ინიესტას" კი არა "ქინქი ჩავი ინიესტას" იტყოდნენ

    ReplyDelete
    Replies
    1. ვერ დაგეთანხმები რომ საქართველოში მისნიაირი არ დაბადებულა :) მიხეილ მეხი, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია და კიდევ სხვა ქართველი ლეგენდები. პირადად ჩემთვის დავით ყიფიანისნაირი ქართველი ფეხბურთელი არ არსებობს და არამხოლოდ ქართველი ფეხბურთელი ყიფიანი ჩემთვის ყოველთვის N1 იყო არის და იქნება !

      Delete