Saturday, February 23, 2013

სუპერ თასის ექო

საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე საუბრისას ბევრი გამორჩეული მატჩი გაახსენდება კაცს. გულშემატკივარს ისეთიც უნახავს, სადაც ”ბეტეერები” მორიგეობდნენ ერთი კონკრეტული გუნდის გასამარჯვებლად და პირველი ეროვნული ჩემპიონატის თამაშიც უნდა ახსოვდეს. მაშინ ბილეთების შეძენა ვინც მოახერხა მის მფლობელს უფლება ჰქონდა 2000 წლის ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩზე უფასოდ შესულიყო, მაგრამ იმ ბილეთის უდიდესი უმრავლესობას ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია. გაუფერულდა ეროვნული და თამაშებზე ქუდიც რომ შეგედგო კაცი არ შევიდოდა. 

დასწრება მუდამ ჩვენი ფეხბურთის აქილევსის ქუსლი იყო და წლიდან წლამდე უფრო მტკივნეულ პრობლემად იქცა. კაცი არ დარჩა ჩვენს საფეხბურთო მილეთში ამაზე არ დაეჩივლოს. ფეხბურთელიდან დაწყებული, მწვრთნელ-კლუბის პრეზიდენტითა და ქართული ფეხბურთის სახლის წარმომადგენლებით დასრულებული. ფრაზები: ”კუიბიშევში სტადიონი სავსეა, აქ კი ასი კაცი მოდის და ხალისი მეკარგება”, ”ბიჭებს რა უნდა მოვთხოვო, გულშემატკივრის გარეშე თამაში საშინებელაა” და ”გულშემატკივარს ჩვენი ფეხბურთი არ აინტერესებს” ლაიტმოტივად გასდევს ხოლმე ამ ხალხთან ინტერვიუებს. მაგრამ საქმე-საქმეზე როცა მიდგება ის აქსიომა რომ ფეხბურთი საერთო სახალხო თამაშია და მას გულშემატკივარისთვის თამაშობენ ყველას ავიწყდება. ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსა, პერსონალსაც, სფფ-ს წარმომადგენლებსაც და კლუბის პრეზიდენტ-მრჩევლებსაც. 


გუშინ ამის კლასიკური მაგალითი ვნახეთ. ან ძალიან ნიჭიერი უნდა იყო კაცი და ან ძალიან უნიჭო, ქვეყნის სუპერ თასის ფინალი სამუშაო კვირის ბოლოს, თან საღამოს 5:00 საათზე დანიშნო. ძალიან საყვარლად და საინტერესოდ მოსჩანს - საქართველოს სუპერთასის ფინალი; პარასკევი - 17:00 საათი; სამუშაო კვირის ბოლოს და სამუშაო საათებში. არ ვიცი რა ლოგიკა გამოიყენეს ამ გადაწყვეტილების მიღებისას და რამდენად იყო ჩართული ამ საქმეში მარკეტინგის წარმომადგენელი. გუშინს მერეა ვეძებ და ევროპაში ვერსად აღმოვაჩინე ქვეყანა სუპერ თასის ფინალი კვირის სამუშაო დღეს საღამოს 17:00 საათზე იმართებოდეს.  ის რომ თამაში უფასო იყო ინდულგენციად არ გამოდგება, რადგან ფეხბურთი ზეიმია და ყველას უნდა აერთიანებდეს. მდიდარსაც და ღარიბსაც, შეძლებულსაც და შეუძლებელსაც. 

სამწუხარო ის არის, რომ სფფ-ს უცნაური გადაწყვეტილება ფინალის უხერხულ დროს დანიშვნის შესახებ ფინალში მონაწილე კლუბების წარმომადგენლებს ოფიციალურად არსად გაუპროტესტებიათ. ყოველ შემთხვევაში არც მწვრთნელებს, არც ფეხბურთელებს და არც პატრონ-მყვარებლებს ამაზე პროტესტი არ გამოუხატავთ.

არადა მერე გულშემატკივრების არადასწრებაზე ვწუწუნებთ ხოლმე. 

P.S. გაზეთ "ლელოს" მონაცემებით საქართველოს სუპერთასის ფინალს 3000 გულშემატკივარი დაესწრო. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

2 comments:

  1. გაიშვიათდა და დამოკლდა თქვენი წერილები, ვანო :)

    კარგი იქნება თუ უფრო ხშირად დაწერთ

    ReplyDelete
  2. იგივე სიტუაციაა თასზეც. ლანჩხუთის გურია - დინამოს ნახევარფინალის პირველი თამაში ოთხშაბათს 15 საათზე დანიშნეს. არადა, ისეთი თამაშია, რამდენი ვიცი, რომ ლანჩხუთის სოფლებიდან და ოზურგეთიდანაც კი ჩავიდოდა (მიუხედავად ოზურგეთი-ლანჩხუთის დაპირისპირებისა) გურიის საგულშემატკივროდ.

    ReplyDelete