იმ თამაშიდან აგერ უკვე 18 წელი გასულა.
როგორ მიფრინავს დრო. გგონია გუშინ იყო ყველაფერი, მოიხედავ და ...
მაშინ მივხვდი პირველად, რას ნიშნავდა საქართველოს ნაკრები და როგორი შეიძლება ყოფილიყო საფეხბურთო ზეიმი, რომელშიც მთელი ქვეყანა იქნებოდა ჩართული.
ეს ახლაა ისე რომ ფეისბუქსა და ტვიტერზე ერთი პოსტით შეგიძლია რევოლუცია მოახდინო, თორემ მაშინ ინფორმაციის გავრცელება და ხალხის მობილიზება არც თუ ისე მარტივი იყო.
თითქმის 18 წელი გავიდა. იმ დღის მერე თბილისს რაგინდა რა ფორმაციის გუნდი სტუმრობდა, მაგრამ სუბიექტურად ასე მგონია, რომ ისეთი სიძლიერისა არცერთი არ ყოფილა. ის საერთოდ სხვა გუნდი იყო, სხვა სამყაროდან. აწყობილი საათის მექანიზმი. მისხალ-მისხალ და დეტალურად გათვლილი სამოქმედო გეგმით.
თამაშის დღეს სკოლაში არ წავსულვარ. ანდა რა მესკოლებოდა. თამაშისათვის მზადება დილიდან დავიწყე. მახსოვს მაშინდელ პირველ არხზე დილის გადაცემა ”ალიონი” გადიოდა და ნახევარზე მეტი სწორედ ამ თამაშს მიეძღვნა. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია იმ დღეს უთო რომ ჩაგერთო ისიც ფეხბურთზე დაიწყებდა საუბარს. მახსოვს სკოლის ნაცვლად სახლმმართველობაში გამამწესეს. მაშინ სწორედ იქ არიგებდნენ პურის ტალონებს. გახსოვთ ალბათ, პურის ტალონები - ბაცი ლურჯისფერ ქაღალდზე რომ იბეჭდებოდა. იქ იყო იმ თამაშის გარჩევა და მაშინ მივხვდი ეს ის შემთხვევა იყო, როცა ძია კაცებს პურზე მეტად ფეხბურთი ადარდებდათ.
იმ თამაშს გერმანული ZDF გადასცემდა. თბილისის მაშინდელ აეროპორტში გერმანიიდან მომავალი ბოინგები ერთი მეორის მიყოლებით ჯდებოდნენ. ზოგს ფეხბურთელები ჩამოჰყავდა, ზოგს გულშემატკივრები, ზოგს ჟურნალისტები, ზოგს ტელეაპარატურა და ზოგს იმ დროინდელი თბილისში ერთადერთ ნორმალური სასტუმრო ”მეტეხში” დაბანაკებული გერმანიის ნაკრებისათვის საკვები პროდუქტები მოჰქონდა.
თბილისს გერმანიის ნაკრები სტუმრობდა. კლინსმანის, ციგეს, ზამერის, ბასლერის, ჰესლერის, კეპკეს ნაკრები.
თამაშის დღეს შუადღისთვის თბილისში მანქანების მოძრაობა შეწყდა. ქალაქი და ქვეყანა სწორედ იმ თამაშის მოლოდინით ცხოვრობდა.
იმ თამაშმა ერთი რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც ალბათ დიდი ხნის მანძილზე არ უწერია დამხობა. იმ თამაშს 100, 000 ადამიანი დაესწრო.
წლების მერე საქართველოს იმ ფორმაციის ნაკრების ფეხბურთელები გაიხსნებენ, როგორ არ ეძინა დიღმის ბაზაზე გამოკეტილ ჩვენს გუნდს თამაშის წინა ღამეს. როგორ შიშით ელოდნენ მრისხანე გერმანისათან თამაშს. იმასაც გაიხსენებენ, რა მანქანებით და ვისი დამხარებით მოხვდა ერთ-ერთი ყოფილი ფეხბურთელი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. თბილისი პატარა ქალაქია და თითქმის ყველაფრის მცოდნე.
თვრამეტი კი არა ორმოცდათვრამეტი წელიც, რომ გავიდეს მუდამ მემახსოვრება ნაკრების თამაშის სანახავად დინამოს სტადიონისკენ მიმავალი ზღვა ხალხი, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ამიტომაც დარჩა ის თამაში ჩემს გონებაში, როგორც საერთო სახალხო ზეიმი. მაშინ მივხვდი რა ძალა ჰქონდა ფეხბურთს, ბევრი რამ იცით 100, 000 კაცის დარაზმვა რომ შეეძლოს? ამდენ ხალხს რომ ტკიოდეს და განიცდიდეს?
გერმანიის წინააღმდეგ ჩვენი ნაკრები სულაც არ ჰგავდა დასაკლავად გამოყვანილ ხბოს. იმ თამაშში ნაკრები ფავორიტი არ ყოფილა, მაგრამ ბზიკივით იკბინებოდა. თუმცა როგორი საქმეა 18 - 20 წლის ბიჭები, ცოცხალ ლეგენდებს საკუთარი თვალით ხედავდნენ. მომავალ ევროპის ჩემპიონს ეჭიდავებოდნენ.
ერთ მომენტში გიომ შოთა არველაძე ანდრეას კეპკესთან პირისპირ გაიყვანა. არველაძემ თავის სტილში კეპკე დააწვინა და აი მაშინ იყო ”დინამომ” რომ დაიგუგუნა ... ნაწილს კარის ბადისათვის გარედან მოხვედრილი ბურთი გოლი ეგონა და..
იმ თამაშში ორი კაცი ფრინავდა. ჩვენიდან აკაკი დევაძემ ისეთები აიღო, ბარე ორი მსოფლიო დონის მეკარე მოაწერდა ხელს. მეორე კი ... იმ დღეს მართლა პირველად ვნახე როგორ შეიძლება ფეხბურთელმა იფრინოს. ბასლერის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურზე იურგენ კლინსმანი მგონი მეორე იარუსის დონემდე ახტა და დევაძეს თავით აუღებელი დაურტყა ... მეორე დღეს გაზეთ ”სარბიელში” ამ მომენტის სურათი ვნახე. კლინსმანი და იმ თამაშში მისი პერსონალური მეურვე მურთაზ შელია ჰაერში იყვნენ ამხტარნი, მაგრამ კლინსმანი იმ სიმაღლეზე ასულიყო შელია კი არა იქამდე სერგეი ბუბკასაც გაუჭირდებოდა ...
ბნელ თბილისში სინათლე მხოლოდ ერთ ადგილას - დინამოს სტადიონზე იყო. პროჟექტორები სხვადასხვა კვების წყაროდან მიყვანილი ელექტრო ენერგიით იკვებებოდა. თუმცა ენერგო მამებმა ერთ მომენტში ვერ ივარგეს, მეორე ტაიმში პროჟექტორების ერთ ნაწილი ჩაბნელდა.
უცნაური სანახავი იყო სარბენ ბილიკებზე განლაგებული ჯარისკაცები. იმის მერე ბევრი თამაში მინახავს, ტელევიზორში თუ ცხადად, მაგრამ ის რომ ჯარისკაცები სტადიონის ირგვლივ რამოდენიმე წრედ მდგარიყვნენ არსად შემხვედრია.
იმ საღამოს ორ აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაში მდგარი ნაკრებები იდგა ერთმანეთის პირისპირ. მსოფლიო ვარსკვლავები - უწვერული ბიჭების წინააღმდებ; დავარცხნილ, გაერთიანებული ქვეყნის შვილები - აშლილი და ომწაგებული ფებურთელების პირისპირ ... მაშინ ნაკრები პირველ ნაბიჯებს დგამდა ოღროჩოღროებით სავსე გზაზე ...
მაშინ ფეხბურთი სხვანაირად უყვარდათ და სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდათ.თამაშის ღამეს საქართველოში ბნელოდა, მარტო ერთდათერ ადგილას იყო შუქი - ”დინამოს” სტადიონი ანათებდა.
18 წელი გასულა. ის დღე სწორედ ასე დამამახსოვრდა. საფეხბურთო ზეიმად, რომელმაც საქართველო გააერთიანა.
29 მარტი, 1995
საქართველო - გერმანია
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
ძალიან გული მწყდება, რომ არ მახსოვს ეს თამაში. რატომღაც მგონია, რომ ZDF-ის ამ მიმოხილვაში ძირითადად გერმანელების მომენტებზე გამახვილებული ყურადღება...
ReplyDeleteჩემი სანაკრებო მახსოვრობა საქართველო-ინგლისიდან იწყება, მაშინაც 7 წლის ვიყავი სულ.
ვხვდები რა ატმოსფეროც იქნებოდა სტადიონზე დაახლოებით, ესპანეთთან რაც იყო ეხლა, მაგის მსგავსი, ოღონდ მხოლოდ მსგავსი იმიტომ რომ 2012-სა და 1995-ს ლამის მთელი ცივილიზაცია აშორებს, ორი სხვადასხვა საქართველოა... ეხლა თუ ყველა ესპანელ ფეხბურთელს 24 საათი ტელევიზორში ვუყურებთ, კლინსმანი, კეპკე, ზამერი და სხვები მაშინ ნამდვილი ლეგენდები იყვნენ
ნაკრები რომ სულ სხვა გვყავდა ეგ კიდე მეორე ფაქტორი
კიდევ ბევრი რამის გამო ალბათ მსგავს რამეს ვეღარ გამოვცდით...
მადლობა კიდევ ერთხელ პოსტისთვის