Tuesday, April 23, 2013

JAKO-ს მაისურაზე ამოსვირინგებული GEORGIA

კვირაა. შუადღე. სტამბული-თბილისის ბორტი თბილისს უახლოვდება. თვითმფრინავმა ჩვეულად თბილისს შემოურა და ნელ-ნელა დაშვება დაიწყო. ღრუბლებში გავდივართ და ტურბულებტურ ზონაში ვხვდებით. თბილისი უჩვეულოდ სუსხიანი ამინდით გვეგებება. 

მანამდე სტამბულია. ათათურქის აეროპორტი. საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ბულგარეთიდან ბრუნდება. ჩუმად ვზივარ და ვაკვირდები. შენი გუნდია. შენი ქვეყნის ღირსება და ნამუსი, ის ბიჭები ქვეყნის სახელი ხვალ თუ არა ზეგ საკუთარი მხრებით რომ უნდა ატარონ. წითელი მაისურები და ზურგზე წარწერა GEORGIA.  ნოდარ დუმბაძე მახსენდება და სოხუმელი ბერძენი იანგული, საბერძნეთში წასვლისას ჯემალს რომ უთხრა ”HELLADOSეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით ... ”. ასეა ახლაც GEORGIA მხოლოდ JAKO-ს სპორტულ მაისურაზე ამოსვირინგებული სიტყვა არ არის. GEORGIA უფრო შიგნითაა. 

ბიჭები მგზავრობით დაღლილან. ცოტა მოშივებულნიც არიან. წინ ორსაათიანი გზა გვაქვს. ორსაათიანი დაკვირვების გზა. მგზავრობა ერთგვარად ნიღაბს ხდის ადამიანს. მაკიაჟის გარეშე ტოვებს, რეალური სახით. გზა წარსულის და გზა მომავლის. გზა ორჭოფობის - ესენი მაინც შეძლებენ კი ევროპის ჩარაზული კარის შემტვრევას. აქამდე ისე იყო, რომ პატარები ყოველთვის მაგრები გვყავდა, მაგრამ რომ იზრდებოდნენ მერე რაღაც ემართებოდათ ხოლმე. იქნება და ამათ მაინც ... მერე ფეხებზე მკიდიობაც იყო ხოლმე, ღირებულებების გადაფასება. სპორტულ მაისურაზე ამოსვირინგებული GEORGIA ფერმკრთალდებოდა, ბოლოს კი შეიძლება საერთოდ გამქრალიყო. 


ესენი რაღაც უფრო სერიოზულები, უფრო დაღვინებულნი ჩანან. არც ღლაბუცი არც ხორხოცი და არეულ-დარეულობა ბორტზე. არც ფეხზე წამოხტომა დაშვებისას და გასასვლელისკენ პირველი გავარდნა. ჩემს უკან ორნი სხედან. არც გვარი ვიცი და არც სახელი. ერთი ის ვიცი, რომ JAKO-ს წითელი ფორმა აცვიათ, ზურგზე წარწერით - GEORGIA. 

ბევრჯერ გამიგია შინ და გარეთაც. სტადიონზეც და ბაზარშიც. რა უნდა ითამაშონ მაგათ ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათო. ფეხბურთელებზე ამბობობენ ამას. განზოგადება საზიზღრობაა. სულ მეგონა, რომ ეს მოგონილი იყო და ფეხბურთელებსაც არანაკლებ უყვართ სამშობლო ვიდრე ვთქვათ მორაგბეებს ან კალათბურთებელს.

ვეშვებით. ღრუბლები გავიარეთ და ქვემოთ რელიეფი გამოჩნდა. ტყიანი, მთიანი და აქა-იქ თოვლიანი. იმან, ჩემს უკან მჯდომმა ილუმინატორის ჟალუზი ბოლომდე ასწია და მეორე ეუბნება ”ეე, ნახე რა ლამაზია საქართველო!!!” ... ალალად ყოველგვარი კეკლუცობის და გადაპრანჭულობის გარეშე .. ეს არც ჟურნალისტის გასაგონად ნათქვამი სიტყვები იყო და არც ჩვენში ასე ნაცნობი პიარი. ალალად ნათვამი იყო. ისე ალალად ერთ დროს სოხუმელმა იანგულმა რომ უთხრა ჯემალს. 

კაცმა არ იცის რა იქნება წლების მერე, შელეწავენ თუ არა ეს ბიჭები ევროპის დახშულ კარს. ეს იმდენად მთავარი არ არის, მთავარია წლების მერე ილუმინატორიდან დანახული საქართველო ისევ ისეთი ლამაზი იყოს, როგორც ეს გასულ კვირას იყო. წლების მერე სპორტულ მაისურაზე წაწერილი GEORGIA არ გაფერმკრთალდეს, რადგან იანგულისას არ იყოს სამშობლო მარტო ზურგზე ამოსვირინგებული სიტყვა არაა, სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

1 comment: