Tuesday, April 2, 2013

პარიზი - ბოლო გაჩერება, გთხოვთ გაათავისუფლოთ ვაგონები!

საფრანგეთის ნაკრებთან თამაში ერთგვარი დასასრულის დასაწყისი იყო. ილიას სიტყვებისა არ იყოს ფრანგებმა სარკე დაგვიდგეს და შიგნით ჩაგვახედეს. "სტად დე ფრანსმა" კიდევ ერთხელ დაანგრია მითი და იმედები, ის მცირე ნაპერწკალიც ჩააქრო,  გულშემატკივრის გულში რომ კიაფობდა. პარიზი ქართული საფეხბურთო იმედების მორიგ სასაფლაოდ იქცა. 

მანამდე კი ... 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ ჯანდაბაში გაგვისტუმრა. ესპანეთთან და საფრანგეთისდარ გოლიათებთან ჭიდაობა ისეთი საქმე იყო დავითიც რომ აპრიორი უარს იტყოდა. ჩვენი საფეხბურთო მილეთიც ასე მოიქცა. ფედერაციის პრეზიდენტ-გენსეკ-მდივნიდან დაწყებული, ეროვნული გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელ-პერსონალით დასრულებული ყველამ პირი შეკრა და ძველი ფირფიტა დაატრიალეს. ათასჯერ მოსმენილი ფირფიტა, ათასმეერთედაც მოგვასმენინეს: "ამ შესარჩევში შანსი არ გვაქვს, შევეცდებით ნაკრები გავაახალგაზრდავოთ და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მოვემზადოთ. მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და კარგ კალათაშიც მოვხვდეთო". ორ წინადადებით რომ ითქვას, სწორედ ასეთი იყო ჩვენი საფეხბურთო მილეთის ნააზრევის კვინტესენცია. 

ცეცხლი აინთო და შესარჩევიც დაიწყო. გეგმის შესახებ პირველი კითხვები მაშინ გაჩნდა, გათოშილ ჰელსინკში ჩვენმა ბიჭებმა 10 კაციან ფინეთთან 0-1 რომ ვერ შეინარჩუნეს და ოდენ ფრეს გამორჩნენ. მაშინ როდესაც 10 ფინელზე 11 ქართველი მოდიოდა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 0-1 იყო, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება ბრძანა. შედეგად 1-1 მივიღეთ.  

ამას მერე სფფ-ს ბედოვლათობა მოჰყვა. ჰელსინკიდან ნაკრებს მიჯრით მინსკში უწევდა თამაში. ბელორუსიამდე ჩვენს ბიჭებს ერთი ურმით არ უვლიათ, თორემ დანარჩენი ყველა სატრანსპორტო საშუალება სცადეს. ბელორუსია-ლიტვის საზღვარზე საქართველოს ნაკრების ავტობუსი რამოდენიმე საათი იდგა. სწორედ მაშინ იყო ნაკრების ერთ-ერთმა ვეტერანმა ხმა აიმაღლა და ფედერაცია გააკრიტიკა - ნაკრების მესაჭეს ეს არ მოეწონა და ბრალი იქით დასდო "რა არი ეს, ხალხს რომ აბუნტებ ტო?!" - იყო პასუხი.  

ამ ამბავს ბელორუსიასთან მარცხი მოჰყვა და ნათელი გახდა, რომ ქვეჯგუფში მესამე ადგილი და 2016 წლისთვის უკეთეს კალათაში მოხვედრა ნელ-ნელა სურეალიზმის სახეს იძენდა.



ათი დღის წინათ კი "სტად დე ფრანსასა" და უფრო მეტად ესპანეთში დატრიალებულმა ამბავმა, სადაც ფინელებმა ესპანეთს ქულა გამოჰგლიჯეს, უკეთეს კალათაში მოხვედრის ოცნებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვნება შეჰმატა. ქვეყნის უპირველესს გუნდს ამ შესარჩევში სამი თამაშის ჩატარებაღა უწევს (სტუმრად ესპანეთთან და შინ საფრანგეთსა და ფინეთთან) და საფრთხე იმისა, რომ ნაკრები ასპარეზობას ბოლო ადგილზე დაასრულებს რეალურია.  ჩვენი გუნდისთვის (ერთ-ორ გამონათებას თუ არ ჩავთვლით) ფეხბურთი მუდამ ლოგიკური თამაშია, სადაც ძლიერი იგებს, სუსტი კი მარცხდება. საუკუნის დასაწყისში ფრანც ბეკენბაუერის სიტყვები რომ საქართველოს დარი გუნდები წელიწადში ერთხელ ისვრიანო - ჯერ კიდევ ძალაშია. 

ნაკრები დიდი ალბათობით ისევ ბოლო ან უკეთეს შემთხვევაში ბოლოს წინა კალათაში იქნება. ქეცბაიას და სფფ-ს სიტყვები რომ ამ შესარჩევში უნდა მოვმაზებულიყავით და თაობა წამოსულიყო სიტყვებად დარჩა, რადგან ევრო-2016 წლისთვის ჩვენი დაცვის ხაზს ახალგაზრდა არაფრით ერქმევა. ამ შესარჩევში დაცვის ხაზში ძირითადად ალეკო ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია მოქმედებენ. 2016 წლისთვის ამისულაშვილი - 33-ის; ხიზანიშვილი 35-ის, ხოლო კვირკველია კი 36 წლისა იქნება. 

გუნდს, რომელსაც სადმე გასვლა უნდა გოლის გატანა მართებს. მოწინააღმდეგის კარისკენ უნდა გაიწიო, შეუტიო, ან ისეთი შემსრულებლები უნდა გყავდეს მეტოქის საჯარიმოში ნახევარ მომენტსაც რომ გოლად აქცევენ. ნაკრებს ბოლო წლებია ვერ ან არ უტევს, შემსრულებლების მხრივ დეფიციტია და ამ ყველაფრის გათვალისწიებით აქცენტი ნულზე თამაშსა და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე კეთდება. ევრო-2016-ზე მოსახვედრად ჩვენ გუნდს მინიმუმ სამი-ოთხი ძლიერი ნაკრების დამარცხება უნდა შეეძლოს, რამდენად შეძლებს ამას მარად კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდი ძნელი სათქმელია. 

პარიზში ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ამ შესარჩევში მეხუთე თამაში გამართა. ეკვატორი გადალახულია და ის პერიოდი დამდგარა ჩვენში ქვების შეგროვების ხანას რომ უწოდებენ. ისე ჩანს, რომ ორი მიზნიდან ასრულება არც ერთს უწერია. ვერც მესამე კალათაში მოხვედრას და ვერც ახალი თაობის წამოსვლას, რომელიც მთებს გადადგამს. ეგ კი არა დაცვაში ისევ ძველ გვარდიის იმედზე უნდა ვიყოთ. 



ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

ბლოგ "დოქსოპულოს" გვერდი ფეისბუქზე 
Geofootball

No comments:

Post a Comment