Saturday, August 17, 2013

ბუბას ლიმიტები

დღეს გორში მატჩის კომენტატორმა თამაშის შეჯამებისას ერთი საინტერესო ფრაზა თქვა ”დილამ” 3 ქულა დაკარგა, ”დინამომ” კი 1 ქულა მოიპოვაო. ”თენგიზ ბურჯანაძემ” ”დინამოს” შესაძლებლობები წარმოაჩინა. წარმოაჩინა უპირველეს ყოვლისა ”დინამოს” აღმასრულებელი მენეჯმენტის უუნარობა და ამ შემთხვევაში ვამბობთ აღმასრულებელ მენეჯმენტს და ვგულისხმობთ ბუბა ტყავაძეს. წლებია უკვე ბუბა ტყავაძე ქართულ ფეხბურთში საქმიანობს და კაცი არ დარჩა ვინც მისი შესაძლებლობები არ იცოდეს. იციან რომ საქართველოს ჩემპიონობა საშუალოზე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე გუნდით შეუძლია. შარშან რუსთავში ყოფნისასაც დაამტკიცა ეს, თუმცა ამის იქით გზა იხერგება. ბუბას ”ობსილა” არ ჰყოფნის გუნდი ევროპაში ათამაშოს და იქ რამეს მიაღწევინოს. 2012 წლის გაზაფხულზე ბუბა ჯერ კიდევ რუსთავის ”მეტალურგის” დირექტორის რანგში სტუმრობდა თბილისის ”დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზას. სწორედ მაშინ უთქვამს ”დინამოს” ახლანდელს ჩინოვნიკს რომან ფიფიასთვის - იმის მეოთხედი ფულით რაც ”დინამოში” დახარჯე რუსთავი ლამის ვაჩემპიონეო. ფიფიამაც ერთ მდინარეში მეორედ შესცურა და ისე გამოდის, რომ ბუბას ამ სიტყვებზე დაება. დაება იმიტომ, რომ მაშინდელ ”დინამოს” ჩემპიონობაც სანატრელი ჰქონდა. 

ბუბა ტყავაძე მანამდეც მუშაობდა ”დინამოში” და მაშინ თუ შეჭირვებული ”დინამოსთვის” ევროპაზე გასვლა და იქ ”რაც შეიძლება კარგად გამოსვლა” პროგრამა მინიმუმიცა და მაქსიმუმიც იყო, დღევანდელი ”დინამოსთვის” ეს არ კმარა. მაშინ ფიფიამ ბუბა გაუშვა და შემდეგ დააბრუნა. შარშან ფიფიამ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა განიზრახა და როგორც ამ ზაფხულს გამოჩნდა ვერ მოახერხა. 

ბუბა ტყავაძეს შეუძლია საქართველოს ჩემპიონობას ასე თუ ისე ეყოს, მაგრამ ევროპას ვერ და არ ეყოფა, რადგან გია გეგუჩაძის დავესესხები და ვიტყვი ”იქ გუნდები სულ სხვა სიჩქარეებს გირთავენ და ...” 

დღეს ”თენგიზ ბურჯანაძეზეც” ორი თვის წინ შეკოწიწებულმა ”დილამაც” ”დინამოს” სულ სხვა სიჩქარეები ჩაურთო. დევდარიანმა კი მისი ჩეხი ვიზავი პირწმინდად დაჩაგრა. ილურიძემ ასე ნანატრი ტრიუკები ატარა, ჯარასავით იტრიალა და ესპანეთიდან პომპენზურად ჩამოყვანილ უსტარიცს თავბედი აწყევლინა. 



ბუბა ტყავაძემ თბილისის ”დინამოში” თავის შესაძლებლობები ამოწურა. მოკლევადიანი გათვლებით მისნაირი მენეჯერი კარგია რადგან მისი დანიშნვით ჩემპიონობა თითქმის გარანტირებული გაქვს, მაგრამ თუ გათვალა გრძელვადიანი და ამბიციურია ბუბა ტყავაძისა და რომან ფიფიას გზები უნდა გაიყოს, რადგან ბუბა ტყავაძის მიერ გუნდში მოყვანილმა ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. მაგალითები გნებავთ? გიორგი შაშიაშვილი 18 კაცში ვერ ხვდება, რანაირი გულცივი უნდა ყოფილიყავი კაცი დღეს ილურიძე-უსტაირიცის დუელისთვის გეყურებინა და ამ უკანასკნელის მისამათით თანაგრძნობა არ გაგჩენოდა. კვარაცხელიას დოლიძე გაუსწორდა. გლიშიჩი მარცხენა ფლანგზე ღონღაძემ და ალადაშვილმა ჯგუფურად ... დაჩაგრეს. დორიან გოგა და ვუო სად მოხვდნენ ჯერაც ვერ მიმხვდარან. 

ბუბას გუნდში ყოლას თავის ლიმიტები აქვს და ეს ლიმიტები ნელ-ნელა უკვე თვალნათელი ხდება. ბუბას უთანხმოება აქვს თითქმის ყველა თავის კოლეგასთან, ეგ კი არა გასულ კვირას იყო, საპატიო ლოჟაში ტყავაძე უფროსმა ”ზესტაფონის” ერთ-ერთ მაღალჩინოსანს რომ ოჯახი უტრიალა. ბუბასთან ვერ იმუშავებს ვერც ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი რადგან მათ ან მისი მმართველობის სტილი და გუნდის მუშაობის პროცესში ჩარევა არ მოსწონთ, ან არადა უბრალოდ უთანხმოება აქვთ. ბუბა ვერ მუშაობს მამუკა ჯუღელთა, ამ უკანასკნელთან კი წამყანი ქართველი ფეხბურთელები თანამშრომლობენ. უცხოელ ფეხბურთელებზე კი უკვე ვთქვით რა და როგორი ხარისხის უცხოელების ჩამოყვანა შეუძლია ”დინამოს” მენეჯერს ეს დღეს ყველამ ერთად ”თენგიზ ბურჯანაძეზე” ვიხილეთ. 

არ მგონია რომან ფიფია ვერ ხვდებოდეს - ამ დონის ფეხბურთელებითა და მწვრთნელით ევროპაში წარმატების მიღწევა ოცნების სფეროდანაა. ვარიანტი რამოდენიმეა, ან ”დინამო” აკადემიაში ბიჭების გაზრდას დაელოდოს და ევროპაში ხმაურიანი დაბრუნება შესაბამისად რამოდენიმე წლით გადაიდოს ან არადა ამის პარალელურად ”დინამომ” სტრატეგიულად იმოქმედოს და დღევანდელი კვერცხს ხვალინდელი წიწილა ანაცვალოს. დღეს როდესაც ასე დასუსტებულია საქართველოს ჩემპიონატი სწორედ ახლა არის დრო რომან ფიფიასა და ბუბა ტყავაძის გზები გაიყოს. ”დინამო” ევროპაში გასვლას ბუბას გარეშეც შეძლებს, იქ კი რენომეს აღსადგენად სულ სხვა დონის ფეხბურთელები და მწვრთნელებია საჭირო, რომელსაც ბუბა ტყავაძე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო კლუბში უბრალოდ ვერ მოიყვანს. 

რომან ფიფიამ სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ან ტყავაძე და კომპანია დარჩება და ”დინამოს” ”პატალოკი” საქართველოს გარანტირებული ჩემპიონობა იქნება; ან არადა მაღალი დონის მენეჯერი მოვა, რომელმაც გუნდს პირველივე წელს შეიძლება გარანტირებული ჩემპიონობა ვერ მოუპოვოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ალბათობით ევროპაში დააბრუნებს. 

დღეს ”ბურჯანაძეზე” ”დინამოს” საცოდაობა დიდწილად სწორედ მისი მენეჯერის კისერზეა. ”დინამოში” დასაქმებულთა უდიდესი უმრავლესობის მსგავსად ტყავაძემ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. ახლა ჯერი რომან ფიფიაზეა. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი     

1 comment:

  1. კვარაცხელია ვერავინ ვერ დაჩაგრა მაგაში ვერ დაგეთანხმები. დინამოს მაგ მატჩიდან 5 დღეში ტოტენჰემთან ჰქონდა თამაში და არ თამაშობდა მთელი ძალით. დაცვითი ფეხბურთი იყო დინამოს მხრიდან და ფაქტი სახეზეა, გაამართლა 1 ქულა წამოიღო. მომენტებს დინამო არ ქმნიდა და არც ცდილობდა სულ ეს იყო. დინამო არენაზე დინამო 3 ქულას ძალიან მარტივად აიღებს.

    ReplyDelete