Wednesday, July 31, 2013

გადაიქროლეს ცივმა ქარებმა ...

გუშინ თბილისის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი სტუმრობდა, რაც კი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისში ჩამოსულა. გუშინ თბილისში იყო გუნდი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა და კარგად უწყოდა ამ მიზნისათვის როგორ მიეღწია. გუშინ თბილისში ტანასე და კომპანია იყო. 

მეორე მხარეს კი იდგნენ ბიჭები, რომეთაც დიდი ხანია ევროპის რაგინდარა ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრა უნდათ, მაგრამ არც თავად და არც მენეჯმენტმა არ იცის როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. გუშინ ”სტიაუამ” ”დინამოს” ნიღაბი ჩამოხსნა. არა მარტო ფეხბურთელებს, ხელმძღვანელობასაც. გუშინ ”სტიაუამ” გვაჩვენა, რომ გუნდის აწყობა არ არის მხოლოდ ბაზის და სტადიონის გარემონტება და დამშვენება. გუნდს მენეჯმენტი ჭირდება პატიოსანი, გამოცდილი, მცოდნე, საქმეში ჩახედული, ერუდირებული, განათლებული, დახვეწილი. მენეჯმენტი, რომელიც იაზროვნებს და რომელშიც მუდამ იქნება აზრთა ჭიდილი, დავა-კამათი და არა ისე, რომ დამკვეთის ყველა სიტყვა ბიბლიიდან ამოღებულ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდეს, იმის შიშით რომ ვაიდა უსტაბაშს რაიმე არ ეწყინოს, გუნდიდან არ გაგიშვას და მსუყე ხელფასი არ დაგაკარგვინოს. შიში ოხერი რამ არის. ამ ხალხს ფეხბურთის მეტი ნაკლებად თუ გაეგებათ რაიმე და ახლა ჩვენში ფეხბურთით თავის რჩენა მხოლოდ ”დინამოშია” შესაძლებელი. 

გუშინდელი მარცხის მიზეზი ორი რამ მგონია. არც ჩისკო, არც ლორია და არც დუშან უჰრინი. გუშინ ორმა გრძნობამ დაამარცხა ჩვენი ჩემპიონი: შიშმა და შიმშილმა. 



შიში გუშინ მინდორზე ნათლად ჩანდა. შიში იმის რომ ართმევაზე წასულ მცველს შესაძლოა პოზიცია დაეკარდა და მერე მზღვეველი არავინ იყო. შიში იმის, რომ ფლანგის მცველს შეტევაში წასვლა და ელემენტარული ”ზაბეგანიეს” გაკეთება უჭირდა, რადგან წინ წასული უკან ვეღარ ჩაასწრებდა, შიში იმის რომ გაშვებული გოლი შეიძლება მას დაბრალებოდა და რისხვა არ ასცდებოდა. ეშინოდა გლიშიჩს. ეშინოდა კვირკველიას, ბასკ უსტარიცსაც ეშინოდა. შეეშინდა ჩისკოსაც. ეშინოდათ დაჯარიმებისა და წვრილმანი ჯარიმის აღების. რადგან შეიძლება იქ, ზემოთ ლოჟაში მჯდომ სიგარიან ბიძიებს რომელიმეს მოქმედება არ მოსწონებოდა. ამას ათვალწუნება მოსდევს, მერე სათადარიგოთა სკამზე დასმა, შემდეგ ბაზის კარის დახურვა და ... ამ ფორმაციის ”დინამოს” ფეხბურთელებს არასოდეს არანაირი შანსი არ ექნებათ ფეხბურთი მაღალ დონეზე ითამაშონ. მათ თავის ”ჰამლეტი” უკვე დიდი ხანია ნათამაშები აქვთ. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ამ რამოდენიმე წლის წინ ვერც უსახურ ”ვოივოდინაში” დაიმკვიდრეს თავი და ვერც არაფრით გამორჩეული ჰაიფას ”ჰაპოელში”, ზოგს ”განჯასა” და ”სუმგაიტში” უჭირდა. დღეს კი სწორედ ეს ფეხბურთელები ითვლებიან გუნდის მოტორებად. მათ გარეშეა ”დინამო” წარმოუდგენელი რომ გვგონია. მათი ”პატალოკი” სწორედ ამ ფორმაციის ”დინამოა”, რადგან საქართველოს ჩემპიონობა აქ და ახლა ყველაზე მარტივია. ამ მარტივ საქმეში კი ისეთ თანხას იხდიან, რომ ბევრს ევროპაშიც არ დაესიზმრებათ. ამ ფორმაციის ”დინამო” ჩისკოზე დგას, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშს იხვეწება. დგას 34 წლის გივი კვარაცხელიაზე და უსტარიცზე, რომელიც საქართველოში კარიერის ეპილოგისას ჩამოვიდა უფრო თავგადასავლისთვის ვიდრე გინდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სათამაშოდ. 

ეს ხალხი, აქ კლუბის მენეჯმენტმა ჩამოიყვანა. ჩამოიყვანა ბუბა ტყავაძემ, რომელიც ცხადია საკუთარ თანამდებობასა და 10,000 ლარამდე ხელფასს მუდამ გაუფრთხილდება. ჩამოიყავანა იმისთვის, რომ გუნდი საქართველოს ჩემპიონი გაეხადათ... უბრალოდ, თუ გადაგდებულ ბადეს ჩემპიონტა ლიგაც ამოჰყვებოდა, ხომ კარგი თუ არადა ცხოვრება ისე გაგრძელდება, როგორც მიდის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ეს ხალხი, როგორღაც შეძლებენ და მოუგებენ ქუთაისის ”ტორპედოს” საბავშვო ბაღის აღსაზრდებელს, გაჭირვებით დაამარცხებენ გორის ”დილას”.  მოუგებენ მარტვილის ”მერანს” და კრება მხიარული დარჩება. კმაყოფილი დარჩება მთავარი მწვრთნელიც, რომლისთვისაც ნორმალურია თუ გუნდის საქმეში კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლები ჩაერევიან. მწვრთნელი, რომელიც ცხონებული ფარსადანოვიჩისაგან განსხვავებით წლის თამაშამდე რამოდენიმე საათით ადრე, დიღმის ბაზაზე მისულ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს არ ეტყვის, რომ გუნდმა უნდა დაისვენოს და კარისკენ არ მიუთითებს. მწვრთნელი, რომელიც თვლის რომ ტრანსფერზე საუბარი მის კომპეტენციას სცილდება. მენეჯმენტი იტყვის, რომ ბაზა გაარემონტა. სტადიონი დაამშვენა და საბავშვო აკადემია ააშენა. სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი. სამივე ისეთი, რომელსაც თუ კაცს მონდომება და ფული გაქვს დიდი ჯაფა არ ჭირდება. ჯაფა სისტემის აწყობას უნდა. სისტემისა, რომელიც არ დაგაშვებინებს იმას, რომ მოსკოველი თანაკლუბელებს ერთი ადგილი უქიცინო და ამაში დახელოვნებული ჯამლეტ ხუხაშვილი დაიხმარო. დეტალია, მაგრამ აუცილებელია ითქვას რომ გუშინ გლიშიც ადგილას, რომელიც ამპლუით მცველია, ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი უნდა მდგარიყო. თუმცა მოსკოველ თანაკლუბელებისათვის კოჭის გაგორებამ და უაზროდ დანიშნულმა ამხანაგურმა  ქნა ის, რომ გრაიციარი გუნდს იანვრამდე გამოაკლდა. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ბრძოლაში კი ფლანზე შეტევაში ნომინალური მცველი დაგვრჩა. საკუთარ თავზე მოფიქრალმა მენეჯმენტმა და მწვრთნელმა ქნეს ის, რომ კლუბმა გაძლიერება არაფრით გამორჩეული გოგათი, საქართველოს მასშტაბითაც კი უსახური ხურცილავათი და ვუოთი მოახერხა. სწორედ ამ მენეჯმენტმა გუნდიდან მაღალი ხელფასის მოთხოვნის მიზნით გაუშვა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ალვარო, ხოლო რამდენიმე ათეულობით ათასი კრისტიანო რონალდუს რამოდენიმე საათიან ვიზიტში გადაიხადა, თითქოს იმისთვის რომ გულშემატკივარისთვის ზეიმი მოეწყო.  

გუშინ არ იყო გუნდში ლიდერი, რომლის სიტყვას, მოქმედებას, ერთ გამოხედვას ფასი ექნებოდა. რომელიც გუნდს აიყოლიებდა. გუშინ ”დინამოს” არ ჰყავდა კაპიტანი, რომელიც გაფუჭებული პენალტის შემდეგ დადედლებულ გუნდს ოლივერ კანივით შეუძახებდა - ყვერები არ გაქვთ რას დამდგარხართო?! ანაც ბევრი ლაპარაკის მაგიერ შოთა ხინჩაგაშვილივით არწივივით გადახედავდა და ყველაფერი ნათელი იქნებოდა.  ”სტიაუას” მსგავსი გუნდის დამარცხება ერთადერთი რამით შეიძლება. გუშინ ”დინამოში” 11 მეომარი უნდა ყოფილიყო, ისეთი რომელიც ძვლებს დადებდა მინდორზე. გუშინ ვნახეთ, რომ ამ ფორმაციის ”დინამოელები” ისევე ვერ იხილავენ ჩემპიონთა ლიგას, როგორც საკუთარ ყურებს. გუშინდელი ”დინამოელთა” მაქსიმუმი ის იყო რაც ვნახეთ. მათ შეუძლიათ საქართველოს ჩემპინატი მშვიდად მოიგონ და თვის ბოლოს მსუყე ჯამაგირ-პრემიებიც ხელის აუკანკალებლად აიღონ. თუ ბადეს ჩემპიონთა ლიგაც ამოჰყვება ხომ კარგი თუ არადა ....

და გამოსავალი? გამოსაველი ორ რამეშია: განათლებასა და პროფესიონალიზმში. რომან აბრამოვიჩმა ლონდონის ”ჩელსიში” მისვლის შემდეგ პირველი რაც მოიმოქმედა კლუბში პეტერ კენიონის მოყვანა იყო. არა იმიტომ რომ სხვა მენეჯერებს ვერ იშოვნიდა, არამედ იმიტომ რომ კენიონს ყველაზე კარგად გამოსდიოდა სისტემის აწყობა. რომან ფიფიამ მენეჯმენტში ცვლივლებები უნდა განახორციელოს. ფული მომავალი მენეჯერების განათლებაში უნდა ჩადოს. ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სპორტის მენეჯმენტის ხარისხის ასაღებად საქართველოდან გონიერი ხალხი უნდა გაუშვას და სადმე წამყვან ევროპულ კლუბში სტაჟირება უნდა გაატაროს. იქიდან დაბრუნებულისთვის კი სულ სხვაგვარი იქნება ”დინამო” და არც საქართველოს ჩემპიონატის მოგება იქნება ”პატალოკი”. და კიდევ, ”დინამოს” ისეთი ფეხბუთელები სჭირდება ფეხბურთი რომ შიათ და საქართველოს ჩემპიონობას ჩირადაც არ დაგიდევენ. ამ ფორმაციის ”დინამომ” თავის მწვრთნელ, ფეხბურთელიან, მენეჯმენტიანად თავის ”ჰამლეტი” უკვე ითამაშა.  




ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment