ერთ-ერთი ყველაზე განათლებული სპორტსმენი - წლებია, დავით მუჯირს ეს "წოდება" აქვს საქართველოში. გულღია, პატიოსანი, მშრომელი ადამიანი - ფეხბურთიც უმაღლეს დონეზე თუ არა, საშუალოზე მაინც ითამაშა. ბევრი ვერ დაიკვეხნის მისნაირ კარიერას - "დინამო", "შერიფი", "შტურმი", "კრილია სოვეტოვი", "ლოკომოტივი", "სანფრეჩე ჰიროსიმა", "ზესტაფონი" ... ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებშიც არაერთი თამაში ჩაატარა.
მოკლედ არა მგონია თავის კარიერით უკმაყოფილო იყოს ...
ცოტა რომ გამართლებოდა, შესაძლოა ვარსკვლავებსაც წათამაშებოდა, მაგრამ ... იმდენად გულიანია, რომ ვიღაცების ბინძურ საქციელზე ბოღმას ვერ იტოვებს. არადა, როგორი საქმეა, ახალგაზრდა ბიჭს ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერს რომ ჩაგიშლიან ...
მუმუს თავისი ღირებულებები აქვს და ყოველთვის და ყველგან ცდილობს, თავის სიტყვას არ გადაახტეს.
მას პირში წყლის ჩაგუბება არ უყვარს, სათქმელს ყოველთვის ამბობს და შესაძლოა, ამიტომაც ჰყავს ორპოლუსიანი აუდიტორია - ან უყვართ, ან არა. საშუალო ფენა თითქმის არც შემხვედრია.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ "არა"-იანთნა კლუბის წევრები ძირითადად ისინი არიან, რომელთაც ზოგადად მწარე სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. ისე, როგორც იყო ეს თემურ ქეცბაიასადმი მიძღვნილი ღია წერილისას.
რა კარგი იყავ მაშინ ... |
ალბათ გახსოვთ, რა არ მოუგონეს მაშინ: შეკვეთა შეასრულაო, ფული გადაუხადესო, ვიღაცის საქმეს აკეთებსო ...
იმ დროს არავის გახსენებია, რომ მუმუ სულაც არ არის ფულზე დახარბებული კაცი. მან გაჭირვებისას 300 ლარიან ხელფასზე ითამაშა თბილისის "დინამოში" და იმაზეც უარს იყო, უბრალოდ, კონტრაქტში სავალდებულო იყო მინიმალური ხელფასის ჩაწერა.
მუმუს არც მოსკოვის "ლოკომოტივის" ძვირფას კონტრაქტზე უარის თქმა გასჭირვებია, თუმცა რუსებმა ეს მისთვის მიუღებელი ბინძური ხერხებით სცადეს და პასუხმაც არ დაახანა - მუჯირმა სიმართლე რუსეთშიც ბოლომდე გაიტანა.
კარიერის დასრულება საქართველოში გადაწყვიტა და შორეული იაპონიიდან ზესტაფონში გადაინაცვლა. სხვათა შორის, რუსთავის "მეტალურგიც" ეპატიჟებოდა იმხანად, მაგრამ ...
"სახლში ვიქნებოდი თითქმის, თუმცა სიტყვა მაქვს ილია კოკაიასთვის ნათქვამი და ვერ მოვატყუებ" - მუმუმ სიტყვა შეასრულა.
სექტემბერში შანსი მიეცა - მწვრთნელობა შესთავაზეს. ასე უცაბედად მოედნის მიტოვება ალბათ არ უნდოდა, მაგრამ ეს ხომ შანსი იყო ... დათანხმდა ... არცთუ ურიგოდაც უძღვებოდა ახალ საქმეს და ...
უნდობლობა ზუსტად იმ კაცისაგან იგრძნო, ვისგანაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდა: კოკაიამ გუნდი მწვრთნელის გაუფრთხილებდა დასაჯა, ფეხბურთელები მწვრთნელის გაუფრთხილებლად მოსწყვიტა ვარჯიშს, რამდენიმეს მწვრთნელის გაუფრთხილებლად აუკრძალა თავის გუნდში თამაში, ტურის მატჩი მწვრთნელის გაუფრთხილებლად გადაადებინა 12-თა საბჭოს, ეს გადადებული შეხვედრა მწვრთნელის გაუფრთხილებლად ჩაასმევინა რომელიღაცა სარეზერვო დღეს ...
მუმუ უკვე აღარ იყო ფეხბურთელი, მაგრამ მას ქრონიკულ თამაშგარეს უფიქსირებდნენ ... ის ვერ შეეგუებოდა ამას ... ჰოდა წავიდა.
ფუტ ბოლი
No comments:
Post a Comment