პოლიტოლოგია სოციოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი დარგია. ის მმართველობას შეისწავლის. შეისწვალის ხელისუფლების შტოების მუშაობას და თანაარსებობას. მარტივი სიტყვებით რომ ითქვას, ძველი საბერძნეთიდან დღემდე მმართველობის სამი სტილი არსებობს: 1. ქვემოდან ზემოთ; 2. ზემოდან ქვემოთ; 3. ქვემოდან ზემოთ და პირიქით.
პირველ შემთხვევაში ხალხი მმართველს 4-5 წლით ირჩევს და ამ დროის მანძილზე ხალხს ხმის ამოღების უფლება მაშინაც კი არ ააქვს, მმართველმა სულ რომ ქვეყანა დააქციოს. სხვანაირად ამ მმართველობას ავტოკრატია ჰქვია და, შორს არ წავალ - ჩვენს სამეზობლოში გავრცელებული სენია.
მეორე შემთხვევა, ძვირია მაგრამ იდეალური. მმარველს 4-5 წლით კი ირჩევენ, მაგრამ ის ხალხის დაუკითხვად ნაბიჯსაც არ დგამს. ყველა საკითხზე ხალხის აზრს ითვალისწინებს და ასეთი ფუფუნების უფლებას დღემდე მხოლოდ შვეიცარია აძლევს საკუთარ თავს.
მესამე შემთხვევა კი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია გავრცელებულია. მმართველი ხალხს აზრს ეკითხება და მას არც კრიტიკასა და მწარე სიტყვებს აკლებენ. ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს და საკუთრების გრძნობა უჩნდება.
******
მაკროეკონომიკა მონოპოლიის ტერმინს იცნობს. მონოპოლია რაიმე საგნის წარმოებისა და გაყიდვის იმ განსაკუთრებული უფლების დამყარებას ნიშნავს, რაც მხოლოდ ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს ეკუთვნის.
******
ფეხბურთი მეცნიერება არ არის, მაგრამ მეცნიერება მის სამსახურშია. ფეხბურთი დეტალებისაგან შემდგარი ერთობლიობაა, რომლის ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია. ერთს არ გააკეთებ და მთელი ჯაჭვი ჩაიშლება და გაწეული შრომა წყალში შეიძლება ჩაიყაროს.
******
კარგი მენეჯმენტი, ეფექტური მმართველობის სისტემის შექმნით ფასდება. სისტემისა სადაც "Check & Balance" სისტემა საათივით მუშაობს და შეცდომის დაშვების შესაძლებლობას არავის უტოვებს.
******
გასულ ორი კვირაა, ქართული ფეხბურთის ეპიცენტრი ზესტაფონი იყო. მოვლენები დავით მუჯირის გათავისუფლებამდე ბევრად ადრე დაიწყო და მუჯირი უბრალოდ შტრიხი იყო ამ ერთიან პორტრეტში. მუჯირს ”ზესტაფონში” ყოფნისას, ერთი ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდა. იქ და იმ ვითარებაში წინადადებას არ უნდა დასთანხმდებოდა. თუმცა ალბათ ცდუნებას ვერ გაუძლო. არა უშავს, ცხოვრებაა და ხდება ხოლმე ასე. მუმუ ახლა იწყებს და სამომავლოდ კარგი გაკვეთილია. პორტრეტის ყველაზე მსხვილი შტრიხი გასულ უქმეებზე, კლუბის პრეზიდენტის გულშემატკივართან შეხვედრა იყო. განსაკუთრებით პრეზიდენტის ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა დამამახსოვრდა: ”აქ ბევრ კრიტიკასა და მწარე სიტყვას ველოდი, მაგრამ მხოლოდ დიდი სითბო დამხვდა. რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობასო.”
******
ამ ექვსიოდე წლის წინ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბორჯომს ეწვია. მაშინდელ ”ზესტაფონს” მოწინავე ექვსეულში შესვლა არ უჭირდა. მაშინ თამასა გაცილებით ზემოთ იყო. ”ზესტაფონმა” ”ბორჯომს” ვერ მოუგო და გასახდელში გუნდის კაპიტანსა და პრეზიდენტს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. პრეზიდენტის კრიტიკაზე, კაპიტანმა და მეკარემ გრიგოლ ჭანტურიამ პრეზიდენტს პირდაპირ მიახალა ”ყველა თამაშს ჩვენ კი არა ”ჩელსი” ვერ იგებსო”. ამ ამბის მერე ჭანტურია დიდხანს ეძებდა გუნდს და სამართალსაც.
შარშან ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი პრეზიდენტს შეხვდა და რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენა ითხოვა. პრეზიდენტი საკუთარი გუნდით კმაყოფილი იყო. ავსტრიაში ”ზესტაფონმა” ამხანაგური თამაშები ნორმალურად ჩაატარა. ჭიაბრიშვილმა პრეზიდენტი ვერ დაარწმუნა - ეს ამხანაგურებია, დაბალ სიჩქარეებზე გვეთამაშებიან და შედეგიც მაგის ბრალიოა. პრეზიდენტი შეუვალი იყო. ახალი ფეხბურთელების მოყვანის საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა ბაქოს ”ნეფტჩმა” სულ სხვა სიჩქარეები ჩაგვირთო და ....
*****
ზესტაფონში ფეხბურთის აღორძინება ილია კოკაიას უკავშირდება. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ რომ ილია კოკაია რომ არა ალბათ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ის წარმატება რაც ამ პატარა იმერული ქალაქის გუნდმა მიაღწია. ცუდი იმიტომ, რომ კოკაია ფეხბურთში მონოპოლისტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ზესტაფონში ვერავინ გააკრიტიკებს და ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია, ამ უქმეებზე გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა ილია კოკაიას ილია III რომ უწოდა ... მონოპოლია საზიზღარი თვისებაა და მონოპოლისტს დათვურ სამსახურს უწევს. გულშემატკივარი იძულებულია კრიტიკის ნაცვლად პრეზიდენტს ეფეროს - ვაიდა არ განაწყენდეს და საერთოდ არ მიატოვოს ეს სფერო... არადა ბოლო 9 წელია მსგავსი მუქარა არაერთხელ გაგვიგია. ეგ კი არა ზესტაფონის პრეზიდენტს ისიც კი შეუძლია საფეხბურთო ტური შეცვალოს. მერე რა თუ ამით შეიძლება რამოდენიმე გულშემატკივრის ინტერესი დაზარალდება.
******
დიდ საფეხბურთო კლუბებს და კორპორაციებს ერთი კაცი არასოდეს მართავს. არ მართავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ერთ კაცს ლეგიტიმაციის პრობლემა არ შეექმნას. დიდ კლუბებს საბჭო, ე.წ. ”board” ხელმძღვანელობს. სადაც რამოდენიმე კაცი იღებს გადაწყვეტილებას და შეცდომის დაშვების რისკიც შემცირებულია. ეს ის სისტემაა, სადაც პრეზიდენტს სითბოსთან ერთად ბევრი კრიტიკა და მწარე სიტყვის მოსმენაც უწევს. იქნებ და ამ კრიტიკის მოსმენით უფრო ადრე გაისმას ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment