მაშინ ასე იყო საჭირო. ასე გადაწყვიტა პრემიერმა. არჩევნები ახლოვდებოდა და გორს გუნდი ჭირდებოდა. საქართველოში მუდამ ასე იყო. კაცი ვერ გეტყოდათ, სად იწყებოდა პოლიტიკა და მთავრდებოდა ფეხბურთი. ფეხბურთი ყოველთვის ქართველების დვრიტა იყო და მიუხედავად გაჭირვებისა ბოლომდე ასე დარჩა. ის გორში ძალიან უყვართ და შესაბამისად გორელთა გულისკენ გამავალი გზაც ”თენგიზ ბურჯანაძეზე” გადიოდა. ეს ზემოთაც კარგად უწყოდნენ. ამიტომაც იყო გასულ ზამთარს გორში გუნდის შექმნა შსს-ს რომ დაევალა. სისტემის ხერხემალს.
”დილა” განახლებულ პლეხანოვს ჰგავდა. გარეთ რომ მტერს უთხრიდან თვალებს და შიგნით მოყვარეს. გარედან რომ ანათებდა და შიგნით კი შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათი იყო. ჯუღა და მისი ბიჭებიც ჩამოფრინდნენ გამოსაზამთრებლად. ისევ მკვდარ წრეზე დატრიალდა ქართული ფეხბურთი. ისევ ერთწლიანი გუნდი. ისევ სანახაობა. არავითარი საძირკველი. არანაირი სიღრმე. სტადიონიც სანახევროდ აიგო.
ჯუღამ მწვრთნელიც ჩამოიყვანა. ძუკუმ პატრიარქიც ახსენა ”მომენატრა საქართველო ... ისრაელში 15 წელი ვმუშაობდი, საკუთარ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და დამიჯერეთ, ასე ცხოვრება ძალიან ძნელია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ეს ნაბიჯი გადამადგმევინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უნებლიე შეხვედრა იყო: გასულ წელს ილია II აღდგმომას ისრაელში შეხვდა და იქაურ ქართველებს მოგვიწოდა, სამშობლოში დავბრუნებულიყავით.” გორელთა მწვრთნელმა ეს სიტყვეთი გაზეთ ”ლელოს” 20 სექტემბერს უთხრა. 20 დეკემბრისათვის კი უკვე ხაბაროვსკის ”სკა-ენერგიაში” იყო, ჯუღასთან და მის ბიჭებთან ერთად.
1 ოქტომბერს ხალხის ძალამ აღმართი მოხნა. სისტემა დაინგრა და თან შუშის ფეხებზე მდგარი გოლიათიც ჩაიტანა. გორს ფეხბურთი მოუკვდა. შსს-ს მიერ ჩადებული ფული კი მტკვარმა წაიღო.
ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ჩვენ კი საკუთარ შეცდომებზე ვერაფერი გვისწავლია. საქართველოში ყველაფრის დაწყება ადვილია. ბოლომდე მიყვანილი საქმე კი ...
ასე დასრულდა ამბავი გუნდისა, რომელიც სინამდვილეში არც დაწყებულა. არ დაწყებულა რადგან, ერთი ცნობილი კაცის სიტყვებისა არ იყოს ისტორიამ დაადასტურა - რევოლუცია დრომოჭმულის აგონია, დასანგრევის ნგრევაა. მის ბელადად მხოლოდ ისეთი კაცი მოდის, ვისაც ახლის შენების ჟინი ბუნებით არ გააჩნია ან ამ ასპარეზზე ხელი აქვს მოცარული, მაგრამ კარგად აქვს შესწავლილი მასების პოლიტიზების, მათი დამუხტვისა და ამოძრავების ხერხები. ახლის შექმნა კი ტალანტია. დრომოჭმულის ნგრევა - სტიქია, ვითარების გამოყენების ცხოველური ინსტიქტი. ხელმოცარულებს თვითდამკვიდრების წყურვილი რევოლუციური ასპარეზისაკენ მიერეკება, რადგან მათი ადამიანური თვისებები და შესაძლებლობები ნგრევის უნარით ამოიწურება. მათ ძალუძთ, მოახდინონ რევოლუცია, ანუ დაანგრიონ დრომოჭმული, მაგრამ არ შესწევთ უნარი, ააგონ სისტემა, ააშენონ სახელმწიფო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შექმნან საფეხბურთო გუნდი შესაბამისი საფუძვლით. რადგან ახლის შექმნა შემოქმედებაა და მათ ეს მადლი არ გააჩნიათ. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მაგალითი, რევოლუციის ბელადს ძველის დანგრევის შემდეგ ახალი სისტემა თავადვე აეგოს. ეს სხვათა ხვედრია, მათ შემდგომ მოსული კაცებისა. ბელადებისათვის ისტორიას კრომველის, მარატის, დანტონის, რობერსპიერის, ლენინისა და მათგვართათვის სხვათა ხვედრი აქვს შემუშავებული. დასახელებულთაგან ვერცერთმა ვერ შექმნა ახალი სისტემა.
ჰოდა ვერც სისტემის ხერხემალმა გაათენა საფეხბურთო დილა გორში. ერთწლიანი და ექვსთვიანი გუნდით კი ჩვენში ვეღარავის გააკვირვებ.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment