ერთი წელიწადზე მეტი გავიდა დუშან უჰრინის მიერ თბილისის ”დინამოს” ჩაბარებიდან. ერთი წელი არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ მწვრთნელის ნამოღვაწარი შეაფასო. წარსულითა და სახელით კი არა, აქ და ამ დროს. წარსული სხვაა, რამდენი ძლიერი მწვრთნელი გვინახავს აქ რომ დიდი წარსულით ჩამოვიდა და აქედან კუდამუძუებული გავუშვით.
დუშან უჰრინი ჩვენს დედაქალაქს ერთი წლის წინ ეწვია. ამ დროის მანძილზე მან დუბლი გაახერხა. ”დინამოს” საქართველოს ჩემპიონობა და თასი ერთად დიდი ხნის მანძილზე არ მოეგო. ეს ყოველივე ქვეყნის უპირველესმა გუნდმა, სწორედ უმცროსი უჰრინის მეთაურობით შეძლო.
თუმცა ... დღემდე ვერავინ დაადგინა რა დონის მწვრთნელია დუშან უჰრინი. კაცმა არ იცის რა შეუძლია. სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი და რეალურად რამდენად ხელეწიფება ”დინამოსთან” ერთად საკუთარ თავს გადაახტეს. პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე მინახავს. თითქოს მშვიდია, გაწონასწორებული, მაგრამ მისი ეს სიმშვიდე რაღაცნაირად სიბრაზესა და წესრიგს შეიცავს. დისციპლინა რომ უმთავრესია გასულმა ერთმა წელმაც დაადასტურა. ამ ზამთარში იყო არასერიოზული საქციელის გამო გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი რომ მოკვეთა. განუყრელი 4-4-2 და დისციპლინა მინდორზე თუ მის მიღმა. ესაა ძირითადი შტრიხები ”დინამოს” ჩეხი თავკაცის პორტრეტისათვის. ერთი წელია თბილისის ”დინამოს” მწვრთნელი-გამოცანა თავკაცობს. კაცი, რომელმაც გუნდს ნანატრი ჩემპიონობა და ქვეყნის თასი დაუბრუნა, თუმცა მიუხედავად ამისა კაცმა არ იცის რეალურად რა შეუძლია.
თუმცა ეს მისი ბრალი ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს. ამაში დამნაშავე საქართველოს გასული ჩემპიონატი უფროა, სადაც გორის ”დილა” მის პატრონს იანვრის შემდგომ ისე ძალიან აღარ უყვარდა; სადაც თასის ფინალისტი საჩხერის ”ჩიხურა” გახდა, რომელიც ძლივს გაცდა ნახევრად სამოყვარულო ლიხტენშტაინის ”ვადუცს”; ქუთაისის ”ტორპედო” ინდუსტირასავით მუდამ ახალი გუნდის შენებაშია; ზესტაფონის თავკაცის ქცევებისა კი, რომ წამოაყენა ხესუს ხილი ხილისაც შეშურდებოდა. ერთი სიტყვით გარედან საერთოდ არ ჩანს უჰრინის შესაძლებლობები. ამიტომაც იყო, ამას წინათ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გუნდის ყოფილ თავკაცსა და ფეხბურთში მრავლის მნახველ კაცს რომ ვკითხე, იქნებ მითხრა რეალურად უჰრინს რა შეუძლია-მეთქი. არ დაიჯერებთ და პასუხი მასაც არ ჰქონდა. ამ დრომდე ვერც ევროთასებმა გასცა ამ კითხვას პასუხი. მთელს მსოფლიოში, რაც არ უნდა საფეხბურთო დონე გათანაბრდეს და გამოკვეთილი აუტსაიდერები აღარ არსებობდნენ ფარერების კუნძულის გუნდი მწვრთნელის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად არ გამოდგება. მისტერ იქსის საგას რეალურად ხვალ უნდა დაესვას წერტილი. ხვალ ”დინამოზე” მისული მაყურებელი საკუთარი თვალით ნახავს, რამდენად შორია ევროპის საშუალო დონემდე და რეალურად რა შეუძლია დუშან უჰრინს. ხვალ ქვეყნის უპირველესი გუნდი რუმინეთის საკმაოდ ძლიერ კოლექტივს დაუპირისპირდება. მისტერ იქსის შესაძლებლობას ბუქარესტის ”სტიაუა” დაგვანახებს. კითხვას - ”დინამოში” მართლა შეიცვალა რაიმე თუ არა პასუხი ხვალ უნდა გაეცეს.
ვაჰილ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment