Friday, July 5, 2013

ქუთაისია ბიძიკო ეს ...

შარშან, სადღაც ეს დროს იყო, ჩვენს ფეხბურთს რამაზ შენგელია რომ გამოაკლდა. კოტე გოგიშვილმა მოსაგონარი დაწერა. მახსოვს ასე იწყებოდა მისი შესავალი - ”რიონს ნირს ვერ შეუცვლი. უვლია და ივლის. ივლის მისებურად - ხან მდორედ, ხან ზათქითა და ზრიალით. ჯერ გაბაშვილის გორას აჰხედავს წკიპზე შემართულს (თვალში არავის ვეპატარავებოდეო), მერე თეთრ ქვებს დაკოცნის ათასმეერთედ და ბოლოს ხიდებსაც ჩამოუვლის - ჯაჭვისას, თეთრს, წითელს ...ზევით ბაგრატის ტაძარია. ქვემოთ ბაღისკიდე. სიმბოლურია. ასევ უნდა იყოს: მაღლა ღვთის სახლი და დაბლა - კაცთა ალაგი. მაღლა უფლის კანონი, დაბლა - რჯულისა. ასი წელი იცხოვრო, ამ კანონებს ვერ გაექცევი - ტაძრისას და ბაღისკიდისას. სხვაგვარად არავინ გაცხოვრებს ამ ქალაქში. 

ქუთაისია ბიძიკო ეს ... ”. 

ქუთაისი გამორჩეული ქალაქია წარსულითა და ბაღისკიდის კოლორიტებით. ჰო, ”ტორპედოთი”  კიდევ, იმ გუნდზეა საუბარი უამრავი ქუთაისელი გულით რომ დაატარებს. ფეხბურთის სიყვარული, რომ სხვანაირი იციან ამ რამოდენიმე წლის წინ დავრწმუნდი. 2000-იანი წლები იყო, ”ტორპედოს” ზეობის ხანა. გზად მომავალს საღორიასთან შეკრებილმა უამრავმა ახალგაზრდა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ბაზაზე ”ტორპედო” ვარჯიშობდა. ბეტონის ღობესთან კი იმდენ ხალხს მოეყარა თავი, ვარჯიშზე კი არა ცენტრალურ თამაშებზე რომ არ დადის ზოგიერთ ქალაქში. 

2002 წლის 22 მაისი და ”ტორპედო” - ”დინამო” კი როგორ უნდა დაავიწყდეს კაცს. იმ დროს ”გივი კილაძედ” წოდებულ ”ტორპედოს” სტადიონზე მაშინ ისეთები ხდებოდა დღეს სიზმარშიც კი ვერ ნახავს ჩვენი ფეხბურთის ქომაგი. 

დღეს დილით ახალ ამბებს გავეცანი და რეაქციაც ეს იყო ... ქუთაისია ბიძიკო ეს. ვაღიარებ, ქუთაისის ”ტორპედოს” გულშემატკივარი გამორჩეულად მიყვარს. ვფიქრობ ეს სიყვარული ალალად დაიმსახურეს. იმ ქცევისა და ერთგულების გამო თავიანთი კლუბის მიმართ რაც წლების მანძილზე ჩამოუყალიბდათ. კიდევ იმიტომ დაიმსახურეს კლუბის მეპატრონისა, რომ არ ეშინიათ და მის დაკრულზე რომ არ ბუქნაობენ. ქუთაისია ბიძიკო ეს ... ტორპედოში ”ვისოლამდეც” ბევრი მივიდა ზურაბ ხინიკაძე გინდათ, მანათა, სამი ტუზი თუ თურქი ბიზნესმენები მაგრამ ”ტორპედოს” ქომაგს კოჭი არავისთვის უგორებია. არც უფასო ბილეთზე, გასვლით თამაშზე უფასოდ მგზავრობაზე თუ კლუბის უფროსობასთან ჩახუტება-მეგობრებობის ხარჯზე გაუცვლია კლუბის სიყვარული. 

”ჯუნგლების” ძალა ძმებმა ფხაკაძეებმა ქუთაისში მისვლისთანავე იგრძნეს ... გინახავთ საქართველოში გუნდი, სადაც გულშემატკივარის ზეწოლით მთავარი მწვრთნელი გაეთავისუფლებინოთ?



წელს კი ”ტორპედო” ფხაკაძეებმა და ”ვისოლმა” საცდელ პოლიგონად გამოიყენა. ცეხავიკური მიდგომა იყო. პატარა ბავშვების დაფრთიანება და მერე სარფიანად გაყიდვა. იმ ხუთ წლიან პროექტს კი რომელიც ორი წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო და გია გეგუჩაძეც მთელი პომპენზურობით მიიყვანა - მიწა მიაყარა. 

”ვისოლს” რამსები აერია ... ასეთი რამ ჩვენში ძალიან ბევრ კლუბსა და ქალაქში შეგიძლია გააკეთო, მაგრამ არამც და არამც ქუთაისში. ”ტორპედო” არ არის ვთქვათ საჩხერის ”ჩიხურა” უსახურ ლიხტენშტაინის გუნდთან ფრე ითამაშო და კაცი შვილმა არაფრად ჩააგდოს. ”ტორპედო” არც ზოგიერთი ქართული გუნდია უეფას თასის თამაში, მეზობელი სომხეთის კლუბთან გაყიდოს, ყველამ გაიგოს და გუნდის უფროსობას ხახვივით შერჩეს. არც ის კოლექტივია, ბანალური ”გაახალგაზრდავების” მოტივით გუნდი დაშალო და წარმატებული ქართველი მწვრთნელის მაგივრად გუნდში არაკეთილხმოვნად ჟღერადი გვარის მქონე ესპანელი მწვრთნელი მოიყვანო და გაატარონ... ქუთაისი ბიძიკო ეს. 

გუშინდელი ამბავი ლოგიკური გაგრძლება და პასუხი იყო იმაზე რისი უფლებაც საკუთარ თავს ძმებმა ფხაკაძეებმა მისცეს. არ ვიცი ვინ ურჩია მათ გაახალგარზდავების პროექტის ქუთაისში დაწყება, მაგრამ ფაქტია რომ კარგი მრჩეველი არ ჰყოლიათ. ხოლო თუ თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და სხვებს აზრი არ დაეკითხნენ, მინიმუმ ქუთაისური გულშემატკივრისა და ფეხბურთის გონზე არ ყოფილან. ამას წინდელი წერილისა არ იყოს, ”ვისოლს” შეიძლება ქუთაისში ბევრი რამ აპატიონ, მაგრამ აბუჩად აგდებასა და დაცინვას არ აპატიებენ.

საქართველოს ყველა ქალაქებიდან ფეხბურთი სწორედ ქუთაისში ეკუთვნის ყველაზე მეტად გულშემატკივარს, რომელიც მეპატრონეს არაფრად დაგიდევს და ის რაც გუშინ მოხდა დასაწყისი უფრო მგონია ვიდრე პროცესის დასასრული. ქუთაისის ”ტორპედო” ქაღალდზე და საჯარო რეესტრის მონაცემებით არის მოლოდ ”ვისოლის”, თორემ ისე ფხაკაძეები და ჯუნგლები ერთად ფლობენ. ასე რომ, ან ფხაკაძეები შეიცვლიან მიდგომას ან არადა ... დრო დასჭირდება, თორემ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ”ჯუნგელბის” ძალა აღმართს მოხნავს ... 

ფეხბურთი ქუთაისში მეტია ვიდრე უბრალო სპორტის სახეობა. მე სრულიად მესმის ”ტორპედოს” გულშემატკივრის გუშინდელი რეაქცია. ”ვისოლი” და ძმები ფხაკაძეები კი უნდა მიხვდნენ რომ სხვაგან მოხვდნენ. ქუთაისია, რიონია, ბაღისკიდეა ბიძიკოებო ეს ... 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ითვლება, რომ”ბეშიქთაშს” ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში. მაისის თვეში უეფას ეგიდით გამართული თამაშისას, ”ბეშიქთაშის” სტადიონზე წარმოქმნილმა ხმაურმა 141 დეციბილი შეადგინა. დღეს ისინი  სტამბულში, მთავარ მოედანზე - ტაქსიმზე დგანან და იდეებისთვის იბრძვიან. ბრძოლა ისეთია, გუშინ ქუთაისში პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირება ვინმეს შეიძლება კინკლაობად მოეჩვენოს. სწორედ ამასა და ნაღდ გულშემატკივრობას ეხება გერმანული "Der Spiegel"-ის ინგლისურენოვანი სამსახურის დღევანდელი სტატიაც ”პილპილის კვამლი ჩვენი სუნამოა: ფეხბურთის გულშემატკივრები ერდოღანის წინააღმდეგ” იხ. სტატია http://www.spiegel.de/international/world/football-fans-were-instrumental-in-fanning-protests-against-erdogan-a-909357.html  

ჰოდა ასე მგონია, ნაღდი გულშემატკივრობა თუნდაც ყველაზე უტოპიური იდეისათვიის ბრძოლაა და არა ის გუნდის უფროსობას ფეხებში გაეგო და მის დაკრულზე ბუქნს მოჰყვე. 

1 comment:

  1. ვენაცვალე ამის ავტორს სულში! <3

    ReplyDelete