Friday, September 6, 2013

სუფრაზე და ნასუფრალზე

შოთა არველაძემ ამასწინათ ინტერვიუში თქვა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთულია და თქვენი ჭირიმე, მაგაზე საერთოდ არ ვფიქრობო. ამ სიტყვებში ბევრი რამ არის დამაფიქრებელი და არა მგონია, არველაძეს ჰაერზე ესროლა სიტყვები. საერთოდ, შოთა ”ისე რა” არაფერს ამბობს - მის გადაკრულ სიტყვაშიც დაიჭერ რაღაცას. 

მან თავის საფეხბურთო კარიერა ჭკვიანურად წარმართა და იცის, რომ ნაკრებში ახლა ჩამოსვლა ყულფში თავის გაყოფაა. თითქმის დარწმუნებული ვარ, ის როდესმე აუცილებლად გახდება ნაკრების თავკაცი, მაგრამ ეს მაშინ, როცა შეიგრძნობს, რომ წარმატება მიღწევადი იქნება. უახლოეს მომავალში კი თუნდა იმიტომ არ ჩამოვა, რომ არავის აალაპარაკებს - ”აი, რეზიმ გაუშანსა, მაყუთი აშოვნინა თავის ძმას”-ო. 

მას არასოდეს დასცდენია რადიკალური აუგი თემურ ქეცბაიას მუშაობაზე და ეს მიუხედავათ იმისა, რომ ქეცბაია მისი მეგობარი არაა. მაშ, რაზე მიანიშნა? რატომ არის ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთული? 

ხელფასი? იცოცხლეთ, ძალიან ბევრია; ფანებისგან წნეხი? თითქმის არანაირი. სხვა ქვეყნებში 4 მატჩის ზედიზედ წაგებაზე გაცილებით მეტი იქნებოდა; ჟურნალისტებისგან ზეწოლა? ორი-სამი გამონაკლისის გარდა ყველა პირში შესციცინებს, ან ”სატოპკე” კითხვებს უსმავს. აქ 0-1 წაგებაზე კი არა, უჰრინმა 0-5 რომ წააგო და პრესკონფერენციაზე ერთი ბოდიშიც კი არ დასცდენია, ერთი თვითკრიტიკული სიტყვაც რომ არ უთქვამს, მავანმა ჟურნალისტებმა (რომლებიც ერთხელაც კი არავის უნახავს სტადიონზე ”ფეშენ მატჩების” გარდა) ტაშით (!) გააცილეს. 

მაშ რატომ? წნეხის გარეშე მომუშავე კაცისთვის რატომ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელობა მინისტრობაზე რთული? რჩება ერთი რამ - ფეხბურთელებთან მუშაობა. ერთის მხრივ, თავს დავდებთ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ერთ სკანდალისტს და ამრევსაც ვერ ნახავთ. მგონი, ზედმეტად ”ბუნჩულა” ნაკრებია, ფეხბურთელები ერთმანეთთან ნორმალურად არიან, ოღონდ არ მეგობრობენ. თუ მეგობრობენ, 2-კაციანი, 3-კაციანი ცალკე ჯგუფებია. 

მე არ მახსოვს, რომელიმე ფეხბურთელი თანაგუნდელს პრესაში, ან ტელევიზიაში საუბრისას გამოქომაგებოდა. საკუთარ ტყავს არავინ დახევს. კარგად მახსოვს, ზურაბ ხიზანიშვილს ნოდარ ახალკაცსა და კლაუს ტოპმიოლერთან კონფლიქტი რომ ჰქონდა და ნაკრებიდან წავიდა, მომდევნო მატჩისთვის ერთ-ერთ ვარჯიშზე მალხაზ ასათიანი, კახა კალაძე და ლევან ცქიტიშვილი თათბირობდნენ, მივიდეთ და ვუთხრათ უფროსობას, რომ ”ხიზანა” დააბრუნონო. დააბრუნეს. უფრო სწორად, დააბრუნებინეს. 



დღეს არა. არც გოგიტა გოგუას შემთხვევაში მომხდარა, არც დავით სირაძის და არც - ლევან ყენიასი. გოგუას ფეხბურთელებთან არ მოსვლია კონფლიქტი, მწვრთნელთან მოუვიდა და ფეხბურთელებს მედიატორის როლი უნდა ეთამაშათ. გოგუა იმ დროს ნაკრებისთვის საჭირო კაცი იყო, რუსეთის მეორე ლიგაში როდი თამაშობდა ... რა შედეგი მივიღეთ? გაიხსენეთ. ეს კონფლიქტი მოხდა ხორვატიასთან მატჩიდან მეორე დღეს, იქიდან მოყოლებული კი ნაკრებმა ზედიზედ მიაყოლა წაგებები. ახლაც იგივე შემთხვევაა ყენიასთან დაკავშირებით. კარგად ვიცით, რომ ლევანმა გადაამლაშა და არ ვამართლებთ (ისევე როგორც არც გოგუას ვამართლებთ). ყენია ყველაზე უფრო ქორწილის ამბავში ჩაიჭრა - მას ახლა ძალიანაც უნდა ნაკრებში თამაში, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში ეს არ მოინდომა და ბევრი გაანაწყენა. ყენია, რომელიც ზოგჯერ ერთ კვირაში 3 სხვადასხვა ნაკრებში თამაშობდა, უცებ გახდა ანტიგმირი. 

შემდეგ გადაამლაშა ქეცბაიამაც: სულ ტყუილად ამბობს, როგორც ფეხბურთელიც არ მაკმაყოფილებსო ... კოჭმონგრეული აკმაყოფილებდა და ახლა აღარ? ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ დავუჯერებთ. ეთქვა გულახდილად, რომ კონფლიქტის გამო არ იძახებს. საერთოდ, ქეცბაია და დიპლომატია ისე შორი-შორსაა, როგორც გრენლანდია და ბანანი. 

მოკლედ, კონფლიქტია, რომელშიც ფეხბურთელები არ (იმედია, ჯერჯერობით) ერევიან. უარესები მომხდარა სხვა ნაკრებებში, მაგრამ კომპრომისი გამოუძებნიათ, ვინმეს შეურიგებია A და B. 

გვერწმუნეთ, ნორმალურ მწვრთნელს ურჩევნია, ვინმე შეეკამათოს, თავისი აზრი გამოთქვას, თუნდაც მოკრძალებული რჩევა მისცეს, მწვრთნელობა მოედანზე იკისროს. თუმცა, დღეს ნაკრებში ასეთი სიტუაციაა - შენი გულისთვის თავს არავინ შეიწუხებს. არაა ლიდერთა ჯგუფი, რომელთა სიტყვას სხვა წონა ექნება.

საშინელი სენი ქარტულ ფეხბურთში: სათქმელს სუფრაზე არავინ ამბობს, შემდეგ უკვე ნასუფრალზე, კი ბატონო, ორატორები ხდებიან. 

ტოპმიოლერი ნაკრებში მუშაობდა? აუჰ, ესაა ვინცაა, ამან ”ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. გაუშვეს? ეს ფეხებზემკიდია, ზარმაცი.

კუპერი ნაკრებში მუშაობდა? ბიჭოოოს, კაცმა ”ვალენსია” ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ”მალიორკა” არაფრისგან გუნდი გახადა, სუპერია. ნახეთ რა პატივი დაგვდო, სად ჩამოვიდა. გაუშვეს? ვერაფერი ”ტრენერია”, ფეხბურთელებს ვერ ცნობდა. 

წავა ქეცბაია და მერე ნახეთ ამა თუ იმ ფეხბურთელების ინტერვიუები ... მერე ნახეთ, რაც ცუდი კაცი გახდება თემური. ნასუფრალზე ყველა ორატორია. 


ბაქარი სანაია

ბლოგის facebook მისამართია 

Geofootball 

No comments:

Post a Comment