Monday, September 9, 2013

მონოლოგიადა

ფეხბურთელების უმრავლესობას ერთი უცნაური კომპლექსი ჭირს. მიაჩნიათ, რომ მათ ხალხი ვერ იტანს. 

ძნელი სათქმელია, საიდან მოვიდა ეს კომპლექსი. რამდენი გოლიც უნდა გაიტანოს მოთამაშემ, რამდენჯერაც უნდა დაეხმაროს გაჭირვებულს, რამდენჯერაც უნდა მოინახულოს ვთქვათ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, შეგრძნება იმისა, რომ ყველგან, ყოველთვის ერთ კაცს მაინც ეზიზღები, არასოდეს სტოვებს. 

საშუალო-სტატისტიკურ გულშემატკივარსაც თავის "ტვირთი" აქვს - მან საბოლოო დაიჯერა, რომ ფეხბურთი ქრომირებულ "ასტონ მარტინებზე" მეოცნებე უპასუხისმგებლო ყმაწვილებით გაივსო. რასაკვირველია, არცერთ მათგანს მოსწონს ჟურნალისტი, მსაჯი, მწვრთნელი, ჩინოსანი ... 

ბუნებრივია, ამათაც საკუთარი გადასახედი აქვთ და მოდავეს გაღმა ედავებიან - შენ რომ თამაშობ, იმაზე უკეთ ვწერ, ვუსტვენ, ვწვრთნი, ვმენეჯერობო ... 

ტიპიური სიმართლის პოლარიზაციაა ანუ ყველას რომ საკუთარი სიმართლე გააჩნია და ყველა თავისებურად მართალია, იქა ვართ. 

შესაბამისად, დიალოგის მაგიერ უსასრულო მონოლოგებს ვისმენთ - ერთისას, ორისას, სამისას, ასისას ... 

საქმეც შესაბამისად გამოდის - ერთის, ორის, სამის, ასის, მაგრამ არა ყველასი. 

ყველასი არ და ვერ გამოვა - ჩვენ ერთად საქმის კეთება არ ვიცით. 

მგონია, რომ აზრის, იდეის პრობლემა გვაქვს. არ ვარგა ჩვენი საფეხბურთო ცნობიერება. 
და კიდევ: ისე მგონია, არც ერთმანეთის წარმატება გვიხარია მაინც და მაინც ... 

ამ მხრივ, თემურ ქეცბაია ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. 

მრჩება შთაბეჭდილება, ქართული საფეხბურთო საზოგადოების მნიშნველოვანი ნაწილი პირადპირ "კარტოჟნიკის" აზარტით ელოდება, როდის წაიკრავს ფეხს საბოლოოდ ქეცბაიას ფორმაციის ნაკრები და შესაბამისად, როდის მოინელებს კიდევ ერთ მანამდე წარმატებულ კაცს "ქართული ელექტროსკამი". 

გულშემატკივარი თავის მოლოდინსა და ემოციაში რადიკალია და მისი პოზიცია გასაგებია, მაგრამ სამწუხარო ისაა, ქეცბაიას აშკარა მოწინააღმეგეები ფეხბურთელებსა და სპეციალისტებს შორისაც არ აკლია. 



თან დასაწყისიდანვე - როგორ თუ დაცვით ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებსო. 

რაო ნაკრები "gangnam style" ტემპშია მომართული და ქეცბაია აპეურებს უჭერს თუ?! 

მერე სამწვრთნელო-სანაკრებო რეკორდი იყო, შედეგი კომპრომატად ვერ გამოდგებოდა და ცალკეულ მოთამაშეთა ადვოკატობა გვექცა მოდად - ამას, ამას და ამას რატომ არ იწვევს, ვინ ჰყავს მაგაზე უკეთესიო. 

არადა, გულზე ხელის დადებით ვთქვათ, თუკი "ბასაზე" ვინმეს გაურბენია, იმათგან მხოლოდ "ამბარცუმა" არ მიუწვევია ნაკრებში ახლანდელ მწვრთნელს - სხვა საკითხია, ვინ მოეწონა და ვინ არა, ვინ ათამაშა და ვინ სინჯებით დააკმაყოფილა მხოლოდ. 

კონფლიქტებმაც დაღმა ფარცხეს - ქეცბაიას ხისტმა ხასიათმა ხელი არ შეუწყო გოგუას, ყენიას, იაშვილის, კობიაშვილის მეტნაკლებად პრობლემური საკითხების მოგვარებას და გარკვეული უკმარისობისა და გაურკვევლობის გრძნობა, განსაკუთრებით ვეტერანი ფეხბურთელების შემთხვევაში, დღემდე მოგვყვება.   

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ფეხბურთელებს რაც შეეხება, მათი პრობლემა ქეცბაიაზე მეტად არაპროფესიონალიზმია - პროფესიონალი აქა-იქ და ხამუშ-ხამუშ კი არა, კარიერის პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა იყოს, "მთვარის შუქზე ეშმაკთან "ტანცები" როგორც წესი ისჯება ხოლმე ... 

მწვრთნელს უკვე ორჯერ მაინც მოუწია დანის პირზე გავლა. არ ვიცი რა განაპირობებს ამას - შრომისა და აზროვნების ნაყოფია თუ უბრალოდ იღბალი (როგორც თემურის მოწინააღმდეგის ბანაკი ამტკიცებს), მაგრამ სულ ხდება ხოლმე რაღაც ისეთი, კრიტიკოსებს რომ მიაჩუმებს. 

მე თუ მკითხვათ, მისი, როგორც მწვრთნელის სიმართლეც ეს არის და რაც შეეხება საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ქართულ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ პოზიციას - ფრე ფეხბურთელებმა გაახერხეს, თორემ მწვრთნელის ხელი ადრინდელივით არც ამჯერად ეტყობოდა ნაკრებსო ... ღიმილს იწვევს და უნებურად ახალკაცი-უმცროსის დროინდელი აღმასკომის ერთ სხდომას მახსენებს: "დინამოს" ამჟამინდელი მენეჯერის გიორგი ტყავაძის სიტყვას ფედერაციის პრეზიდენმა "მაშ მტყუანისო" რომ მოაყოლა ... 

ხდება ხოლმე - მავანის მოქმედებასა და პოზიციას დაგინებით თუ უპასუხებ, თორემ სხვა "მოძრაობას ვერ გააკეთებ". 

ვერ დავაბრალებ საფრანგეთთან ფრეს მხოლოდ ფეხბურთელებს - მათდამი პატივისცემისდა მიუხედავად, არა ვარ მათ შესაძლებლობებზე ასე მაღალი წარმოდგენისა და იმიტომ! 

კრიტიკას განშტოებები გააჩნია. მათგან ერთ-ერთი და ცოტა მოულოდნელი იმის მცდელობაა, თემურ ქეცბაიას "საერთო-სახალხო ბიძის" ტვირთი აჰკიდონ - უწუნებენ სლენგს, დიქციას, დეკლამაციას, სინტაქსს, მორფოლოგიას, ლექსიკას, ფრაზეოლოგიას, ქცევის და ლაპარაკის მანერას ... 

გეგონებათ სპარტაკ ბაღაშვილის როლები უნდა გაარემიქსოს ... 

პირადად მე მსგავსი დაყენებული ტემბრი და მორალური საქციელი საბჭოთა "ვრემიიდან" მახსოვს და კიდევ "იუთუბის" იმ სიუჟეტებიდან სახალხო კორეიდან რომ შეგვაპარებენ ხოლმე. 

კი, ჰო, დიახ - თემურ ქეცბაია სხვაა და კირილოვი ან ლევიტანი სხვა, მაგრამ ევროპის ჩემპიონ დელასს ხომ ესმოდა? 

ერთ ინგლისურ სტატიაში "ნიუკასლზე", კენი დალგლიშზე, ჟინოლაზე, ბერდსლიზე, ფერდინანდზე, კლარკზე დაწერეს. 

და ქეცბაიაზეც ... 

ეგო ბნელში ვარსკვლავად ციმციმებდა, პრაგმატულმა კენიმ "კონფერანსიეების" გუნდი რომ დაშალაო. 

არადა დალგლიშის გამო არ იყო სარეკლამო ბანერი რომ გაიფინა წიხლქვეშ? 

იმავე სტატიაში იმ ინცინდენტს უსიამოვნოდ იხსენებს და ამბობს, რომ ხდება ხოლმე ისეთი რამ, რაც წარსულში გინდა დატოვო და მასზე არასოდეს ილაპარაკო. 

იმ პატარა ბიჭებს კი, არჩილ არველაძის სიტყვებით რომ ვთქვა, ეროვნულ ნაკრებს მუღამი რომ დაუჭირეს და მის ფონზე ყველა სხვა გუნდი ფილარმონიის მერე სოფლის კლუბში გამოსვლასავით ეხამუშებათ, ქეცბაიასთან ბუღრაობას, კარიერაზე ჰკითხონ, უჯობთ ... 

ჰკითხონ, რატომ დაარქვეს მელოტი როი "real 'Roy of the Rovers' stuff-დან" - გაერთიანებულ სამეფოში ასეთ რამეს მხოლოდ იმ ადამიანებზე ამბობენ, რომლის სიტყვაც და საქციელიც ხარისხის ნიშანია. 

"ახლანდელი ქეცბაიას" სურათისთვის კი "oldest, wiser ketsbaia" მიუწერიათ ... 

რათა? რათა?? რათა???

ვითომ საქართველოში მეტად ესმით ბურთის და კაცის ვიდრე ინგლისში? 

პასუხი ასე ჟღერს - "ტოტენჰემი!" - ადრეც და ახლაც ... 

ქეცბაიამ კი საფრანგეთთან ფრე ითამაშა. 

კონსტანტინე გოგიშვილი


No comments:

Post a Comment