*****
შარშანდელი სექტემბერი: ბელარუსთან პირველი მატჩი. პირველ ტაიმში ზურაბ ხიზანიშვილი და ალეკო ამისულაშვილი თავიანთ საჯარიმოს მისადგომებთან ათამაშებენ ბურთს, ბელარუსი ფეხბურთელი მოდის წასართმევად და ხიზანიშვილი "ამისულას" აძლევს პასს. ჩვეულებრივი სიტუაციაა, რომელიც თითოეულ თამაშში N რაოდენობით ხდება.
ქეცბაია გამწარდა და შესვენებაზე გასახდელში უყვირის ხიზანიშვილს:
- მე რა ვთქვი? გადააგდე!
- სად გადამედგო, ფორვარდი ახლოს იყო და ფიზიკურად ვეღარ გადავაგდები წინ!
- აუტში გადააგდე! სადმე გადააგე!
- მე გადამგდები არა ვარ, ფეხბურთელი ვარ! მხოლოდ გადამგდებები თუ გჭირდება მოიყვანე საიდანმე!
- აა, შენ ფეხბურთელი ხარ?
- რა არა ვარ???
სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ერთ წუთში მიწყნარდა.
*****
ერთი თვის შემდეგ: საქართველოს ნაკრებმა ფინეთში 1:1 ითამაშა. ჩვენები იგებდნენ, ორიოდე წუთში ფინელებს კაცი გაუგდეს და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ნაკრები 3 ქულას აიღებდა. რამდენიმე წუთში ზურა ხიზანიშვილი შეცდა, ნუკრი რევიშვილმა კი ახლო კუთხე ვერ დაფარა და ანგარიში გათანაბრდა. მატჩი 1:1 დასრულდა, ოღონდ საგულისხმო ის მოხდა, რომ ნაკრებმა, რომელიც 11/10-ზე თამაშობდა, თავდამსხმელის გარეშე დაასრულა მატჩი - თემურ ქეცბაიამ ჯერ კიდევ 55-ე წუთზე გაიყვანა ფორვარდი ...
ფინეთიდან ნაკრები ვილნიუსში ჩაფრინდა და იქიდან ბელარუსში გასამართ თამაშზე ავტობუსით გაემგზავრა. მგზავრობა 7 (!) საათს გაგრძელდა, რადგან საზღვარზე არ უშვებდნენ. ფედერაციის მაღალჩინოსნები იქ არ იყვნენ. მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ბენზინგასამართ სადგურზე მოუწიათ ჭამა.
ბელარუსთან ნაკრებმა 0:1 წააგო. გოლი ხიზანიშვილის შეცდომის გამო გავიდა.
ხიზანიშვილი - ქეცბაია მატჩის შემდეგ:
- ჩემი ბრალი იყო გოლი და არანაირად არ ვიმართლებ თავს. სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკოთ.
- რაზე?
- პატრონი გვჭირდება. ასეთ რამეს, რაც მგზავრობისას შეგვემთხვა, არცერთ ნაკრებს არ უკეთებენ. დავჯდეთ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელები. ერთად ვისაუბროთ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
- შენ რა ბურთი რომ ვერ ამოიტანა, ფედერაციას აბრალებ?
- თემურ, აგერ 10 წამის წინ გითხარი, რომ გოლი ჩემი ბრალია და არავის არაფერს არ ვაბრალებ.
- ჰო, აბა რა გინდა თქვი.
- დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, რომ ასეთ დროს ფედერაციამ ნაკრები არ უნდა მიატოვოს. აბა, ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ 7 საათი სადღაც გაჭედილები, როგორია?
- აა, შენ თბილისდან გირეკავენ ვიღაც-ვიღაცები და გეუბნებიან, ამ ფედერაციას ძირი გამოუთხარეო. და შენც იმას შვრები.
- "ჩაშვებას" მაბრალებ? ...
სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ალეკო ამისულაშვილი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი ჩაერია, თორემ საქმე ხელის გარტყმამდე მივიდოდა.
*****
ორი კვირის წინ: საქართველო - საფრანგეთი. ქეცბაია ხიზანიშვილს არ ათამაშებს და მიზეზს უხსნის:
- ყვითელი გაქვს და კიდევ რომ მიიღო ფინეთთან გამოტოვებ.
- მადლობა, რომ ამიხსენი.
მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. ქეცბაია და ხიზანიშვილი ცუდ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან ჯერ კიდევ შარშანდელიდან მოყოლებული და ზურას გაუხარდა, რომ მწვრთნელმა აუხსნა უთამაშებლობის მიზეზი.
*****
9 დღის წინ: საქართველო - ფინეთი. ქეცბაია სასტარტო შემადგენლობას აცხადებს. ხიზანიშვილი შემადგენლობაში კვლავ არაა, თუმცა ამჯერად არაფერს ეუბნება. ფეხბურთელი გრძნობს, რომ ზედმეტია და ავტობუსში არ ადის. რამდენიმე დღის შემდეგ კი ნაკრებიდან წასვლაზე აკეთებს განცხადებას.
ხუტა წულეისკირი
რატომ შეწყვიტეთ ამ ბლოგზე წერა? ძაიან საინტერესო ბლოგია
ReplyDelete