დღეს 12 წელი გავიდა სოფელ ჩარდახში მომხდარი ავტოავარიიდან,
სადაც დავით ყიფიანი გარდაიცვალა
იგი ჩემი უსაყვარლეს ფეხბურთელი იყო. და არა მარტო ჩემი. დავით ყიფიანი კარიერის პირველ წლებშივე იქცა ერთგვარ სახალხო ფეხბურთელად და ამავე დროს, ფეხბურთთან გურმანული, ეტალონური დამოკიდებულების ერთგვარ საზომადაც.
წესით, ასე არ უნდა მომხდარიყო. წესით, ”ხალხის სიხარული” მასკულტურის ერთგვარი პროდუქტი უნდა იყოს. იყოს ხალხისავე მსგავსი და მისი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრება, ხელისგულზე უნდა ედოს საზოგადოებას.
არ მოხდა ყიფიანის შემთხვევაში ასე: იგი იყო და წლების განმავლობაში რჩებოდა ხალხის უპირველეს სიხარულად, მაგრამ იმავე დროს, არც საკუთარ თავს, არც სხვებს არ აძლევდა უფლებას, მინებებოდნენ ფამილარობას, წაეშალათ დისტანცია ერთმანეთს შორის, ჩაცუცქულნი, როგორც თბილისურ ბირჟაზე, დამსხდარიყვნენ საზოგადოების ხელისგულზე და ისე ერჩიათ საფეხბურთო საქმეები.
ვერც მარტო ფეხბურთითა და ფეხბურთის გარშემო მჩქეფარე ვნებებით გამოკვებავდი ამ კაცს: ეგრევე, მინდორზევე, ზედ ეტყობოდა, რომ დავით ყიფიანი ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე თუნდაც საქართველოში ყველაზე დაფასებული ფეხბურთელი.
ზოგი ამას ”დიპლომიანი იურისტობით” ხსნიდა, ზოგიც - ინგლისური ენის ცოდნით. ვერც ერთი, ვერც მეორე ვერ მიანიჭებს ადამიანს ისეთ პიროვნულ ხიბლს, როგორსაც დავით ყიფიანი ატარებდა და როგორ გგონიათ, მარტო დიპლომიანი იურისტობითა და ინგლისური ენის ცოდნით მოხიბლავდა ეს მართლა იშვიათი ყალიბის ფეხბურთელი ერთდროულად ვთქვათ, ვერისბაღელ ”ბელადოსა” და მავან ლონდონელ ჟურნალისტს?!
არა! ვერა! რადგან აქ უფრო შინაგან ინტელექტთან უნდა გვქონდეს საქმე, ალბათ მაინც ზეგარდმო ნიჭთან, როცა ადამიანს აკვნიდანვე დაჰყვება თან რაღაც განსაკუთრებული აურა, რომლის მეშვეობითაც იშვიათ გავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე.
ასეთი ადამიანები განსაკუთრებულად რაფინირებულნი არიან, ამავე დროს, საოცრად რთულებიც და თუმცა კი ძალიან ხშირად არ ესმით მათი, მათთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარს ვერავინ გადავა, ვერავინ ჰკადრებს იმას, რაც სხვას, ნებისმიერს შეიძლება ჰკადრონ და ასეთებს ვერც ბოლომდე შეუთამამდები.
ამიტომაა, სასაცილოა ხოლმე ზოგიერთი მისი კარგი ნაცნობი ”დათოსათან ძაან, ძაან ახლო ყოფნას” რომ იჩემებს.
ცოტა, მაგრამ მინახავს ასეთი (ყიფიანისთანა) კაცები და როგორ გაორებულ გრძნობასაც უნდა ტოვებდნენ ისინი, მათთან ათქვეფას ვერაფრით შეძლებ. ისინი მიგიშვებენ, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დისტანციამდე.
მათდა სამწუხაროდ, ეს თავადვე, ცხოვრების ბოლომდე ტანჯავთ და ყიფიანიც ასეთი იყო, ისიც იტანჯებოდა, მანაც სხვა მისნაირებივით განვლო ”ცხოვრება, როგორც ორმაგი ხაფანგი”.
ასეთი ადამიანები იბადებიან და ძალიან მალე, დამოკლეს მახვილივით თავზემოთ ეკიდებათ საკუთარი გამორჩეულობის შეგრძნება. ასეთებს ვერ დააწყნარებ. ვერ დააწყნარებ ვერც ერთ შემთხვევაში: იყოს გნებავთ პრეზიდენტი, გნებავთ მწირი ვინმე. ნებისმიერ დროსა და ადგილას, რა საქმესაც არ უნდა ადგნენ, ერთი ფიქრი და ჭია ღრღნით: არის კი ეს საკეთებელი ის, რისთვისაც მე ვარ მოწოდებული?!
უაღრესად რთული მომენტია და ალბათ ასიდან ას შემთხვევაში ვერ პოულობენ ვერც პასუხს, ვერც თავის თავს, მერე გარბიან და ... როგორც წესი, არც არაფერი გამოსდით: ძნელია, ამოძვრე საკუთარი ტყავიდან. ძნელია გაექცე საკუთარ თავსა და ბედისწერასაც გველის პერანგივით ვერაფრით მოიცვლი.
ღმერთს მადლი, მოვასწარი და რამოდენიმეჯერ მომიწია ჩემი ბიჭობის საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრა. საუბარიც. პრესკონფერენციაზე კითხვების დასმაც, მისი პასუხის მოსმენაც. რაღაცნაირი, არტისტული კაცი იყო. რაც გინდა უბრალო კითხვა დაესვათ, არაფრით გასცემდა მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში მოქცეულ პასუხს. გამოურევდა რუსულს და გაგრძნობინებდა, რომ რუსულ განათლებასთან წილნაყარი იყო. შემოგხედავდა ყურადღებით და უნდა გეფიქრა, შენში ჟურნალისტს კი არა, პიროვნებას ებრძოდა. გამოურევდა იუმორს და რაკიღა გამოსდიოდა, უნდა მიხვედრილიყავი, საკუთარ გონებამახვილობასაც გაჩვენებდა. გელაპარაკებოდა ფეხბურთზე და უნდა გაგეგო, რომ მარტო ფეხბურთი ჩირადაც არ მიაჩნდა.
სხვა კაცი იყო მეთქი. მინდორზე დაახლოებით სამ მეთხედს აკონტროლებდა. მინდვრის მიღმა - ცოტა მეტს. ახლა ვფიქრობ, თავად უფრო მეტად იყო სნობიზმისკენ მიდრეკილი, თუ უფრო ის ხალხი, ვისაც მერე ყიფიანის ახლობლობით თავი მოჰქონდათ? როგორც უნდა ყოფილიყო, მასზეც ახდენდნენ გავლენას და თავად ხომ ასხვაფერებდა და ასხვაფერებდა სხვებს.
მან მოახერხა და ბოლო ამოსუნთქვამდე ლეგენდის რანგში იცხოვრა. ისეთი კაცის რანგში, რომელსაც ყველა იცნობს და არ იცნობს არავინ. თითქოს ხალხის თვალწინაა, ”საზოგადოების ხელისგულზე”, მაგრამ კაციშვილმა არ იცის, რა უნდა, რას ფიქრობს, როგორ ხასიათზეა ...
ბოლო ამოსუნთქვამდე მარტოსულად, ამოუცნობად დარჩა და თუნდაც ამის გამო იყო ლეგენდა.
ასეთები ყოველდღიურობისათვის ვერ იბადენიან. და თუკი ყოველდღიურობა შთანთქავთ, აუცილებდა უნდა შეუქმნათ სატყუარა. მას უნდა სჯეროდეს, რომ სწორედ იქ, იმ ადგილას და იმ დროს იქმნება ეპოქა, სადაც თავად უდგება დგომა და შრომა და თუკი გაჩერდა ეს სატყუარა, თუკი წამითაც არ იტივტივა მან, მორჩა: ის მიდის.
საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად მოსულიდანაც ბევრს ელოდა ხალხი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ არ დასცალდა თუ არ დააცალეს. ეროვნულ ნაკრებში მის სამწვრთნელო მოღვაწეობას ერთი კაცის მოღვაწეობა არანაირად არ ერქვა: ხან მაკონტროლებელი ჰყავდა, ხანაც სკაუატი იყო, სულ ბოლოს დუეტში ამუშავეს, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ალბათ მაინც დამარცხებული, იტალიელებთან საშინაო ფრის, პოლონელებთან გაჯახუნებული კარისა და სომხებთან დღემდე სარეკორდოდ მოგებული მატჩის ამარა წავიდა.
თავად ხომ ექნებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძობა და რომ ვუყურებ, ხალხშიც ბევრი ფიქრობს, რომ ყიფიანს ბოლომდე არ აცალეს - ნაკრებში, რა თქმა უნდა. ამას წინათ ბატონი ბადრი ბეგალიშვილმა ისიც მითხრა, ყიფიანისეული ნაკრები მაინც ყველას სჯობდა, ეროვნულის ყველაზე უკეთესი მწვრთნელი ალბათ მაინც დათო იყოო ...
შესაძლებელია ესეც, მაგრამ, მომკალით და, გინდაც ფინალურ ეტაპზე გაეყვანა ჩვენი ნაკრები, დავით ყიფიანს ვერასოდეს ჩავთვლიდი მარტო საფეხბურთო მწვრთნელად. ჩემი აზრია და ეგებ, ბევრმაც გაიზიაროს, მისთვის საფეხბურთო მწვრთნელობა უფრო იმით იყო მისაღები, რომ მწვრთნელები ერქვათ კრუიფს, ბეკენბაუერს, კაპელოს, ტრაპატონის, თორემ მოუგებდა თუ ვერ მოუგებდა მოლდოვას, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა დავით ყიფიანის მენტალიტეტისა და მოთხოვნილების საზომი. მას მასშტაბი და ავტორიტეტებთან ყოფნა სჭირდებოდა და თანაც ისე, როგორც მინდორზე, თამაშისას, მთელის სამ მეოთხედზე მაინც - ამას ეძებდა.
ეძებდა მაგრამ ვერსად ნახა: ვერც ფეხბურთში, ვერც მის გარეთ, ვერც თბილისში, ვერც იაროსლავლში, ვერც ქუთაისში და რაღა გასაკვირია, რომ ვერც ეროვნულ ნაკრებში.
საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ ძალასა და ნერვებს აცლიდა, ზედ ეტყობოდა. მერე ყოველდღიურობის ფერხულში ჩაბმული ენთებოდა, თავს ვეღარ იკავებდა - ხან მავალ თანამსაჯს მისცებდა მუჯლუგუნს, ხანაც მავან უზრდელ მაყურებელს აჰყვებოდა ლანძღვაში.
ამ დროს დავით ყიფიანის შინაგან ინტელექტს ეძინა, ამ დროს მასში ჩვეულებრივი კაცური ბუნება იღვიძებდა და ...
მერე იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა იმაზე, რომ ძალიან, ძალიან ცოტას ესმოდა მისი.
რამდენჯერმე შევხვდი. საუბარიც მოვახერხე, კითხვის დასმაც და მისი პასუხის მოსმენაც. ბუნებრივია, საქმიდან გამომდინარე, რამდენჯერმე რაღაც დავუწერე კიდეც. ერთხელაც ძალიან პატარა ”იჯდა და ფიქრობდა ...” გამომტყუა და როგორც მისმა მეგობარმა მითხრა, მაშინ უთქვამს: როცა მაგას წერდა, ჩემს ტყავში იჯდაო ...
მართალი იყო - ისე მოხდა, ათიანში მოვარტყი ... ეს იმიტომ, რომ მაშინ მივხვდი პირველად, ის არ იყო მარტო ფეხბურთით მოარსებე კაცი. მაძიებელი, ორმაგზოდიაქონიანი, ორი ოჯახის მქონე, ორდაბადებისდღიანი და საერთოდ, ორპოლუსიანი კაცი იყო.
ამიტომ ექცა ცხოვრებაც ორმაგ ხაფანგად. ცხოვრება, რომელიც იცხოვრა ”არა ფეხბურთითა ხოლო ...”.
კონსტანტინე გოგიშვილი
”მთავარი გაზეთი სპორტი”
2004 წლის 28 ივლისი