ძნელი სათქმელია, რატომ ხდება ასე საქართველოში. რატომაა ხოლმე სპორტიც, კულტურაც, განათლებაც პოლიტიკასთან წილნაყარი ... რატომაა, რომ პოლიტიკოსის ხუშტურით იზომება, ვინ თამაშობს კარგად, ვინ ცეკვავს და მღერის უკეთ, რომელი მწერლის შემოქმედება უნდა ასწავლონ პედაგოგებმა სკოლაში ...
სისუსტის გამოვლინებაა ესეც, არასრულფასოვნების კომპლექსის ათასმეერთე სახესხვაობა ...
სააკაშვილს არ გამოუგონია, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს არნახული გაქანება ჰპოვა საბიუჯეტო კლუბების ინსტიტუტმა. რა ექნა პრეზიდენტს, ხალხი კი მშიერი ჰყავდა, მაგრამ გუბერნატორები რომ აქტიურობდნენ? მელიქიშვილი, კირკიტაძე, გოროზია - ეს ფეხბურთზე განსაკუთრებით შეყვარებული გუბერნატორების გვარებია. მერე მათი ესტაფეტა ვანო მერაბიშვილმა და ახალიამ გადაიბარეს და ასე მოევლინა ქართულ სპორტულ სამყაროს საკალათბურთო არმიები და პოლიციის აკადემიები, საფეხბურთო ”დილა” ...
მახსოვს, ქუთაისის ”ტორპედოს” ძალიან რომ უჭირდა, ქალაქის მერიამ ფორმებისთვის საჭირო ფული გადაურიცხა და ცოტა მეტიც ”გადააყოლა”, ეგება ტრანსპორტში ბენზინის ჩასასხმელი ფულიც არ გაგიხდეთ სამათხოვროო ...
შაშიაშვილი იყო მაშინ და რაკი სხვა თვითონ ვერაფერი შეიძლო, დათო ყიფიანსა და მიშა ქორქიას დაჰყვებოდა ჩრდილივით. რაკი რეგიონებში ბიზნესი ჩამკვდარი იყო, ქუთაისური სახლი გახსნეს თბილისში, საბურთალოზე და სწორედ იქ გამართეს ძლივძლივობით მოძიებული სპონსორის ”არგომაროილის” პრეზენტაცია...
ნაციონალური მოძრაობის არწივები სხვაგვარად მიიჩნევდნენ - სპონსორზე და მეცენატზე თავი ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების თავკაცებს უნდა ემტვრიათ, ისინი კი საკუთარი ჭიის მოკვლას ბიუჯეტის ხარჯზე ახერხებდნენ.
საქმე იქამდეც მივიდა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამდენი ხანი ხომ ვინახეთ ბოლნისის ”სიონი”, ვისაც უნდა, ერთ ლარად დავუთმობთო ...
დავით კირკიტაძე ”კმარას” აქტივისტობამდე და ნაციონალური მოძრაობის იერარქიულ კიბეზე აღზევებამდე ბოლნისის ”სიონისავე” სათადარიგო ფეხბურთელი იყო და გასაგებია, რატომ ”ინახა” ეს კლუბი მანამ, სანამ მაზანდად ერთ ლარს დაადებდა, მაგრამ ...
ორი რამეა საინტერესო: პირველი რამდენად მართებულია ბიუჯეტის ფულით კლუბის შენახვა და მეორე - წლების განმავლობაში ასი ათასებს რომ დაახარჯავ გუნდს და ბოლოს ერთ ლარად გასაყიდი გაგიხდება, იმას მენეჯმენტი, გულშემატკივრობა და ამაგი არ ჰქვია ...
მითუმეტეს ამ ”შენახვის” პერიოდში არც ინფრასტრუქტურა დავარგებულა, საფეხბურთო სკოლასაც უარესობისკენ წაუვიდა საქმე და დახარჯული ფული კი ძირითადად სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელების ხელფას-”პადიომნებში” დაიხარჯა ...
შესაბამისად არაფერი ააქვს საამაყო ბატონ კირკიტაძეს - პირიქით საყვედური ეკუთვნით, მასაც და მის კოლეგებსაც ხელისუფლების წრეებიდან ...
ამ შემთხვევაში ლაკმუსის ქაღალდი სხვა არაფერია, გარდა ფეხბურთით ბიზნესმენების დაინტერესებისა. თუკი ხელისუფლება მოახერხებს და შექმნის ისეთ კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც ბიზნესმენისთვის ხელსაყრელი იქნება სპორტში, ფეხბურთში ფულის დაბანდება, ასეთ ხელისუფლებას სპორტის, ფეხბურთის მოამაგე ჰქვია. და თუ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოგვარდა საქმე, თუკი გუბერნატორისა და მინისტრის კეთილგანწყობაზე იქნა ყველაფერი დამოკიდებული, გამოდის, რომ გრძელდება ”ფეხბურთელის მოყვარული რაიკომის მდივნების” ტრადიცია - ასე დიდეულად რომ გახლდათ აპრობირებული საბჭოთა კავშირში.
ისე იმ სპორტსმენების პოზიციაც გასაკვირია, მავანი მინისტრისა თუ გუბერნატორის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას ტაშს რომ აყოლებს: ”შეეშვით ამ ადამინის კრიტიკას, გადაგვარჩინა, ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიარსებებდითო ...”
თუმცა, ადვილი გასაგებია მათი ეს თავგამოდება - ასეთი ხმაური ოსტატობის ამაღლებაში კი ვერ დაეხმარება, მაგრამ სამაგიეროდ პატრონის კეთილგანწყობას მოუპოვებს და ხელფასი, პრემია, ძირითად შემადგენლობაში ადგილი სულ გარანტირებული ექნება.
ვინ იცის, რამდენჯერ გაქაჩულან ჩვენი პოლიტიკოსები, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა ”დაიდება” და აწი უკვე კანონის დონეზე ეშველება ქართულ ბურთაობასო ...
იყო დრო, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, იმხანად ვიცე-პრემიერის, ზაზა შენგელიას კაბინეტს ყოველ კვირა ვსტუმრობდი - რაკიღა სწორედ შენგელიას მიაბარა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ...
იმ კაბინეტში საქმიანი ხალხიც იყრიდა თავს და ისეთებიც, ცხოვრებაში ჩხირი რომ არ გადაუბრუნებია. იყო აზრების შეჯერება, საუბრები, ინიციატივები, აქა-იქ კამათიც ... მერე მავანმა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ედუარდ შევარდნაძე ოცდარვაჯერ (28) დახმარებია ქართულ ფეხბურთს, მაგრამ რაკი ეს დახმარებები მხოლოდ რომელიღაცა საბუთზე ხელმოწერას არ გასცილებია, ვერც ქართული ფეხბურთი გასცდა აშტარაკსა და ”ბირკირკარას” ...
ერთადერთ ნუგეშად პატარა ქართველი ბიჭების გამონათებები დაგვრჩა - სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ რომელიღაც ასაკობრივი ნაკრები სადღაც ”გაისვრის” ხოლმე და მათ გამოა, იმედით ვუყურებთ მომავალს.
სახელმწიფო განვითარების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. უბრალოდ ბევრით ვერ გაასწრებს ფეხბურთი სახელმწიფოს და ის გამოთქმა, ფეხბურთი რომ ღარიბების სპორტია, აქ არაფერ შუაშია. ღარიბი ბიჭებისთვის ფეხბურთით გამდიდრება დამატებითი მოტივაციაა მხოლოდ, მაგრამ თუკი სტადიონმა, კლუბმა, სისტემამ არ იარსება, ფეხბურთელიც ვერ შედგება.
წავიდა რომანტიკული, სამოყვარულო დამოკიდებულებების დრო - ფეხბურთელობა შრომაზე, რეჟიმსა და მეცნიერებაზე დაფუძნებული პროფესიაა, აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების გრძელი მწკრივით. საკმარისია ამ ჯაჭვიდან რომელიმე რგოლი ამოვარდეს, სხვებს აუცილებლად ჩამორჩები. ჩამორჩები ინდივიდუალურ, საკლუბო, სანაკრებო დონეზე ...
დაკარგავ იმიჯსაც, რომლის აღდგენასაც წლები სჭირდება და ტრადიციას რაც შეეხება, ტრადიცია ყოველდღე უნდა შექმნა და მარტო წარსულის იმედზე არ უნდა დარჩე ... საფიქრალია ამაზე. პირველ რიგში პოლიტიკოსების საფიქრალია ეს ყველაფერი - რაკიღა პოლიტიკამ დაღრღნა ქართული ფეხბურთი. უნდა იფიქრონ ბიზნესმენებმაც. ფაქტი ხომ სახეზეა: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ შექმნილა კახა კალაძეზე, გიორგი ქინქლაძეზე, შოთა არველაძეზე, ლევან კობიაშვილზე და სხვა ქართველ ვარსკვლავებზე უფრო მომგებიანი პროდუქტი.
კონსტანტინე გოგიშვილი
No comments:
Post a Comment