Saturday, July 21, 2012

როცა ფეხბურთელი გულშემატკივართან მიდის

ხუთშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მომიწია მისვლამ. მახსოვს ერთხელ სკოლაში მეხუთე კლასელებს რაღაცატომ მერვე კლასელებთან ჩხუბი მოგვივიდა. მაშინ არც მანდატურები იყვნენ და არც პოლიციას მიყავდა მოჩხუბრები ”კაპეზე”-ში 400 ლარიანი ჯარიმის ამოსარტყამად. მერვეკლასელებმა ისეთ დღეში ჩაგვყარეს სილურჯეები ლამის მეექვსე კლასში გადასვლამდე გაგვყვა. ხუთშაბათს თამაშის ყურებისას სწორედ ის დღე გამახსენდა. პლზენის ”ვიქტორია” მერვეკლასელს ჰგავდა, რუსთავის ”მეტალურგი” (საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პარლამენტმა ნორმატიული აქტი კარგა ხანია მიიღო მაგრამ ჯერაც არავინ ფიქრობს რუსთავული კლუბისათვის ჯოზეფ ქეის დანატოვარი სახელის გადარქმევას) კი მეხუთეკლასელ მოსწავლეს. 

მერვეკლასელმა პლზენის ”ვიქტორიამ” არც გასულ კვირას დაინდო ჩვენი მეხუთეკლასელი და ისე უბაგუნა, ერთი-ორს ეკითხებოდა. საცოდავი სანახავი იყვნენ რუსთაველი ფლანგის ფეხბურთელები. მოწინააღმდეგის მცველები ისე ერთვებოდნენ შეტევაში, ბარე ორ ქართველ შემტევ ნახევარმცველს შეშურდებოდა. მათმა კაპიტანმა,  ფიზიკური მონაცემებით ზესტაფონელ ედიკ საჯაიას რომ ჩამოჰგავდა ისეთი გოლი გაგვიტანა სნუკერში ჭიპმოჭრილ როი ო’სალივანსაც შავი შურით შეშურდებოდა.

რუსთავის ”მეტალურგის” ჩეხეთში ვიზიტს ოდენ შემეცნებითი ხასიათი აქვს და წლები რომ გავა მწვრთნელ-ფეხბურთელი იმას მაინც იტყვიან ცნობილი "Pilsener"-ის ლუდი ადგილზე დაგვიგემოვნებიაო. 

სხვა მხრივ კი საშუალო გაქანების ჩეხურმა გუნდმა სარკე დაგვიდგა და დაგვანახა თუ როგორ უნდა სწორი მუშაობა. როგორ უნდა შეკრა კოლექტივი და შეათამაშო. როგორ უნდა ასწიო და დასწიო ტემპი. სად უნდა მოატყუა კაცი და სად პასის გადაწოდებაა უკეთესი. როდის უნდა ჩაერთო შეტევაში და როდის უნდა დარჩე შენს პოზიციაზე. ვუყურებდი ჩეხურ დაცვას და იმ ერთი ლაფსუსის გარდა ტატანაშვილის გოლით რომ დასრულდა, შეცდომა არ დაუშვია. მცველები სინქრონში ისე მოქმედებდნენ კრიალოსანი გეგონებოდა. ისიც საყურადღებოა, რომ მოედანზე ფეხბურთელების დასახმარებლად შევარდნილი, სპორტული აღნაგობის ჩეხი ექიმები, პურ-მარილის მოყვარულ ქართველ კოლეგებს რამდენიმე მეტრიანი ფორის მიუხედავად უკან იტოვებნენ.

ხუთშაბათს ”მიხეილ მესხზე” კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი დეტალებისაგან შემდგარი ერთიანობაა. საკმარისია რამდენიმე ჭანჭიკს არ მიაქციო ყურადღება, რომ გუნდებს შორის განსხვავება ისეთივე იქნება, როგორც ქუთაისის ავტოქარხანაში აწყობილ ჯიპ ”ბოლეროსა” და გერმანულ ”მერსედესს” შორის. ამ ჭანჭიკების უყურადღებოდ დატოვებას იქამდე მივყევართ, რომ ხან ყაზახური ”აკტობე” გვთელავს დიდოელი გლეხის ნაბადივით და ხანაც ბაქოს ”ნეფტჩი”.

დაბოლოს, ჩვენი ფეხბურთელებისაგან ხშირად გამიგია წარუმატებლობას ხან უფულობას, ხან უხარისხო მოედნებს, გულშემატკივრის არაორგანიზირებულობას აბრალებდნენ. აგერ გასულ თვეში იყო, ნაკრების კაპიტანი ისე შორის წავიდა სულაც შიმშილსა და პატრიოტიზმს შორის აღმოაჩინა უკუკავშირი.


უცხოეთში წასულ ფეხბურთელებს არასოდეს ავიწყდებათ იმის აღნიშვნა, რომ იქ სხვანაირი ატმოსფეროა და გულშემატკივრის პატივისცემასა და მხარდაჭერას სულ გრძნობენ. უმეტესობა ჩვენი ფეხბურთელების ნაამბობი მტერმა დაიჯეროს მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონია, რომ გულშემატკივარ-ფეხბურთელების ურთიერთობა ორი მიმართულებით სამოძრაო ქუჩაა, ინგლისურად two way street რომ ეწოდება და თუკი ფეხბურთელი ითხოვს გულშემატკივრის პატივისცემას, თავადაც იგივე მოეთხოვება.

ხუთშაბათს პლზენის ”ვიქტორიამ” ამ კომპონენტშიც დაგვანახა, რომ ის მერვე კლასშია და მინიმუმ სამი კლასით უსწრებს ჩვენს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებს. ერთ რამედ ღირდა თამაშის დასრულების მერე თავის მცირერიცხოვან გულშემატკივართან მისული მოწინააღმდეგის ფეხბურთელები და გამარჯვების ზეიმი. ჩეხებს არც რუსთაველი გულშემატკივარი დავიწყნიათ, მათ ტრიბუნასთანაც გადაინაცვლეს და დიდხანს უკრავდნენ ტაშს. მხოლოდ ამის მერე დატოვეს ნახევარად ჩაბნელებული მოედანი.

რუსთავის ”მეტალურგის” ფეხბურთელებს ამასობაში შხაპის მიღება მოესწროთ ...    
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment