ახლა უკვე ყველაფერი წარსულია. ემოციებიც ჩაცხრა და ნაემოციალზე ფიქრს ხელს არაფერი უშლის. ახლა უკვე ქვების შეგროვების დრო დამდგარა.
გასულ ხუთშაბათს საქართველომ ევროპული საკლუბო ფეხბურთის დაისს უცქირა - გორის "დილამ" ქართველი გულშემატკივრისთვის კიდევ ერთხელ დააღამა.
ამას წინათ გიორგი ჩიხრაძემ სპორტულ გამოცემა "ლელოსთან" ინტერვიუში უფროსი ნოდარ ახალკაცის სიტყვები გაიმეორა - ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს, აქ ყველაფერს მნიშვნელობა აქვსო. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ევროთასებზე გორის "დილას" გამოსვლამაც დაადასტურა. გორელთა წარუმატებლობაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელსა და მის თანაშემწეზე მოდის. შალამბერიძე და ცეცაძე, ცეცაძე და შალამბერიძე. უცნაურია ამბიციური კლუბის არანაკლებ ამბიციური ხელმძღვანელობა ამ მწვრთნელებით რომ კმაყოფილდება. პიროვნულად მათი საწინააღმდეგო აბა რა უნდა ჰქონდეს კაცს, მაგრამ ამ ორ ადამიანს საკლუბო დონეზე არანაირი წარმატებისათვის არ მიუღწევიათ და რატომ დაინიშნენ რამდენიმე მილიონიანი პროექტის საკვანძო ფიგურებად დღემდე გამოცანად რჩება. ვერც იმისათვის მომიძებნია ახსნა, როგორ შეიძლება გუნდში მხოლოდ ორი ნომინალური ფორვარდი ირიცხებოდეს, მაშინ როდესაც წინ გრძელი სეზონია, გულში კი ჩემპიონობა და თასის მოგება ამოგიჭრია (შალამბერიძემ "მარიტიმოსთან" თბილისური თამაშის მერე განაცხადა რომ გორის "დილა" ფეხბურთელების დამატებას მხოლოდ ევროპის ლიგის ქვეჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში აპირებდა). ის რომ მწვრთნელები გუნდში დისციპლინას ვერ ამყარებდნენ ამაზე "დილას" ფეხბურთელების მიერ ევროთასებზე ნათამაშებ ექვს შეხვედრაში მიღებული 23 ყვითელი და ერთი წითელი ბარათიც მეტყველებს. გაფრთხილების მიღებაცაა და მიღებაც. ყვითლების უმრავლესობას "დილას" ფეხბურთელები არასათამაშო სიტუაციაში იღებდნენ. მართალია მათე ვაწაძე გორელთა შემადგენლობაში გამორჩეული და თავდადებული მოთამაშე იყო მაგრამ "მარიტიმოსთან" გორელთა წარუმატებლობაში მისი დიდი წვლილიცაა. პორტუგალიურ თამაშამდე სამჯერ აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციებში მიიღო გაფრთხილება და მადეირაზე გასამართი თამაშიც სწორედ ამის გამო გამოტოვა, არადა იქ რომ ეთამაშა და "დილა" ნომინალური ფორვარდის გარეშე არ დაეტოვებინა არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
ფაქტია ისიც, რომ გორის "დილა" ევროსეზონს მოკლე სათადარიგო სკამით შეხვდა. უფორვარდობის გამო ამ პოზიციაზე ფუნშალში ნახევარცმველებმა გურულმა და ახალკაცმა მონაცვლეობით ითამაშეს.
ს.კ. გორის "დილა" |
გორის "დილაში" სპორტული მედიცინისა და დატვირთვების გამოც უნდა იყოს პრობლემები: ალადაშვილი, მოდებაძე, თომაშვილი, გვალია, კაშია, ბოლოს სალუქვაძეც. ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ სამ თამაშისა და ევროთასებზე ნათამაშებ ექვსი შეხვედრისთვის ნამეტნავად ბევრი ტრავმაა. არადა გაზონს ვერაფერს დავაბრალებთ ცხრა თამაშიდან რვა იდეალურ საფარზე გაიმართა (მხოლოდ ვიტ ჯორჯიასთან დაპირისპირებაში მოუხდა "დილას" ხელოვნურ, თუმცა მაღალხარისხიან, მოედანზე თამაში) თუმცა ....
ვისთვის როგორ მაგრამ ჩემთვის დიდხანს გამოცანად დარჩება შოთა გრიგალაშვილის გორული ამბები. ამბიციურმა კლუბმა ფეხბურთელი დიდი ზარ-ზეიმით დაიმატა, თვით თბილისის "დინამოსაც" კი აჯობა მის მოსაპოვებელ ბრძოლაში და ხვალ-ზეგ გრიგალა სხვაგან აპირებს გადასვლას. უფრო მეტი უცნაურობა კი ის არის რაც შალამბერიძემ "მარიტიმოსთან" თამაშის მერე განაცხადა: "გრიგალაშვილი და ვაწაძე აქ რჩებიანო". ეს ხუთშაბათს იყო, კვირას კი "დილას" ბომბარდირმა დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტი გააფორმა. შალამბერიძემ იცრუა? თუ გორელთან მთავარმა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ არაფერი უწყოდა?
"მარიტიმოსთან" თამაშამდე "დილამ" ირაკლი კლიმიაშვილი დააბრუნა. უზბეკეთმოვლილ და უვარჯიშებელ ფეხბურთელს "დილას" სამწვრთნელო შტაბმა პორტუგალიელებთან ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი. მალევე შეცვალეს. უცნაურია, მაგრამ უფრო მეტად უცნაური ისაა, რომ კლიმიაშვილს "დილასთან" კონტრაქტი ოდენ 2012 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.
არავინ იცის, რა ხანგრძლივობის კონტრაქტები აკავშირებთ "დილასთან" სხვა ფეხბურთელებს - სალუქვაძეს, კვირკველიას, გოგუას - ჯუღელის ბიჭებს. არც ის იცის ვინმემ, რა მიზნები აქვს "დილას". ხომ არ იქნება ისე, რომ გორი ამ ფეხბურთებისათვის ისევე იქცეს, როგორც კოლხეთის დაბლობია გადამფრენი მფრინველებისათვის.
უცნაურია, გუნდს რომელსაც ჩემპიონობა და თასის მოგება სწადია ფორვარდი არ ჰყავს. მთავარი მწვრთნელი ახალი ფეხბურთელის დამატების საჭიროებას ვერ ხედავს. გუნდმა ჩემპიონატში სამი თამაში წააგო, უსახურ და უსახელო "მარიტიმოს" სახით უეფასგან მოცემული საჩუქარი ვერ შეირგო და ევროპის ლიგის კართან ჩაიჩოქა.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment