Sunday, September 9, 2012

ქაჯობამ გვაჯობა

ბრიტანეთში ”ლივერპულის” სტადიონის გამოსასვლელ გვირაბს ერთი მოკლე წარწერა ამშვენებს. სულ სამი სიტყვააა, სამად სამი, ტევადი სიტყვა THIS IS ANFIELD. ეს გაფრთხილებაა, შეშინებაა იმ მოწინააღმდეგისა, რომელიც ბითლზების ქალაქს იმიტომ ეწვია, რომ ადგილობრივი კლუბი დაამარცხოს.  



სტამბოლის ”გალათასარაის” სტადიონის გიჟმაჟობებზე ლეგენდები დადის. იქაური ფანობის ამბავიც შორს გავარდნილა და საქმე ისეა, რომ მოწინააღმდეგეს სიტყვითაც და საქმითაც ჯოჯოხეთს სთავაზობენ. ბევრი მწვრთნელისგან გამიგია თურქეთში თამაში საშინელებააო. 




ბელორუსიის თამაშის წინ და მერეც, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივარზე გააკეთა აქცენტი. უნდა მოვიდნენ და ესპანეთის ნაკრების თამაშით კი არ დატკბნენ, ჩვენს ბიჭებს უგულშემატკივრონო. ამ სიტყვებს გაღიზიანება მოჰყვა, აქაოდა ქეცბაიამ თავის საქმეს მიხედოსო. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძნელად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ესპანეთის ნაკრების შეტევით დატკბე, როდესაც ეს შეტევა შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კარისკენ არის მიმართული და ვილია თუ ელ ნინიო მისკენ ურტყამს. 

დღეს კი ესპანელთა თბილისში ჩამოსვლას დიდი ზარზეიმი მოჰყვა. ჯერ იყო და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ბარსელონის დროშით ქომაგები



მერე კი სასტუმრო ”თბილისი მარიოტის” წინ ერთი ვაი-უშველებელი გაიმართა. ესპანელთა ავტობუსიდან გადმოსვლა, სახელ-გვარების სკანდირება, ”ვალენსის” დროშის ფრიალი და ”Campeone, Campeone”-ს სიმღერა. ეს ყველაფერი კი ხდებოდა გუნდთან, რომელიც ზეგ ჩვენი ეროვნული ნაკრების მტერი უნდა იყოს 90 წუთის მანძილზე. სიმღერებით, დროშის ფრიალითა, პიკეს, ვილიას და ხავის ხავილით  ესპანელებმა იგრძნეს, რომ მათ ფაქტიურად სტუმრად კი არ მოუწევთ გამოსვლა, სადაც მათი მეთორმეტე მოწინააღმდეგე ქართველი გულშემატკივარი იქნება, არამედ საქართველოს ნაკრებთან სადაც მეთორმეტე ფეხბურთელი მათიანია. 

ეს ქაჯობა და პროვინციალიზმია. ეს მონობაა, რომელიც უსაზიზღრესი თვისებაა ადამიანის ბუნებისა და ამას ვერაფრით ვერ ამოშანთავ. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც დღეს რიგიდა დაბრუნებულ, ევროპის-2013 წლის ჩემპიონატის საგზურის მომპოვებელ  კალათბურთელთა ნაკრებს აეროპორტში თითქმის არავინ დახვედრია, ”დინამოს” სტადიონზე კი ადგილობრივი ინფორმატორის მიერ საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ჩამოთვლისას ჩვენ ფეხბურთელთა სახელის გამოცხადებას ხანგრძლივი დუმილი მოსდევს - მარტივი მიზეზის გამო გულშემატკივარმა ან მათი გვარი არ იცის ან სახელი... აი ესპანელებისა კი... ეს დღეს ”თბილისი მარიოტთან” უნდა გენახათ. არავინ დავობს, რომ ესპანეთი ეპოქალური ნაკრებია და ხავი, ინიესტა თუ ვილია მსოფლიო კლასის შემსრულებლები არიან მაგრამ ...

საქართველო-რუსეთის ომიდან სულ მალე ამ ბრძოლების მონაწილე ერთ-ერთ მაიორს გავესაუბრე. გულისტკივილი არ დაუმალავს. სახმელეთო ჯარის ბიჭები ლომებივით იდგენენ, უკან დახევის ბრძანება მივიღეთ, რუსეთის გენერალიტეტი ჩვენებს დამუქრებიან თუ ჯარს უკან არ გაიყვანთ თბილისს ხალიჩისებრ დავბომბავთო. ”ნებისმიერი ქალაქის გადარჩენის დედაც თუ მის სანაცვლოდ ერთი გოჯი ქართული მიწა მაინც დაიკარგაო”. მაიორისა არ იყოს, ერთი ვილიასა, ინიესტასიც და ხავისაც, როდესაც ისინი ჩვენს დედაქალაქში საქართველოს ნაკრების დასამარცხებლად არიან ჩამოსულები. 

ჩვენი ბიჭების გასაგონად კი იმის თქმა შეიძლება, რომ ის ხალხი ვინც ესპანეთის ნაკრებს ბაიათები უმღერა და მათ სახელებს სკანდირებდა დიდი-დიდი 300-400 კაცს შეადგენს, დანარჩენი 55,000 სტადიონზე და მილიონები ტელევიზორებთან მათ მხარესაა. ჩვენ კარგად ვიცით ესპანეთის ძალა და მათ უპირობა დამარცხებას არავინ ითხოვს, მთავარია 11 სექტემბერს ”დინამოს” სტადიონზე 11 ანთებული ქართველის ბრძოლა ვიხილოთ.  


*****

”დაახლოებით ხუთ საათზე, კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ზალაში ბადრია მეთუთუნე შემოვიდა. ჩემს ფეხებთან გაწოლილი ძაღლი რომ დაინახა, შეკრთა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და სამძიმრის მოსახდელად ჩემსკენ დაიძრა. მაშინ წამოდგა ძაღლი. მთელ ტანზე ბალანი აეძაგრა, კუდი ბოროტად გაუგრძელადა. ეშვები გააელვა და გაბმულად, შემზარავად დაიღრინა. ბადრია უკან დაიხია. ძაღლმა ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. 

- გაჩერდი ძაღლო! - თქვა ბადრიამ და ფერი წაუვიდა. 

ძაღლი მშვილდივით მოზიდული იდგა. 

- მატირე ძაღლო, ეს პატიოსანი მოხუცი! - უნაიროდ გაიღიმა ბადრიამ, ძაღლმა ღრენას უმატა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 

- უთხარი ბიჭო ამ უჯიშოს რამე! - მომიბრუნდა საქციელწამხდარი ბადრია. 

”ამან კი იცის ვინ ესროლა თოფი მაგრამ არ გინდა ათქმევინო?!” - გამიელვა თავში ბაბუას ნათქვამმა. - გადადი ბადრია ეზოდან! - ვთქვი მე - მერე გამახსენდა, ცარიელი თოფი რომ დამიბრუნა და მითხრა - ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ ცხოვრება გაგიჭირდებაო, მაგრამ აღარ გადავთქვი.” 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

2 comments:

  1. დღეს რაც მოხდა ეს იყო მა–რა–ზმი! მრცხვენია უბრალოდ! წარმომიდგენია ბიჭები ამ კადრებს რომ ნახავდნენ რა დღეში ჩავარდებოდნენ.ალბათ გულშემატკივრის იმედი ჰქონდათ,მოვლენ,გვიქომაგებენ,გვერდში დაგვიდგებიანო,ისე როგორც ირლანდიელმა გულშემატკივარმა გააკეთა,მაგრამ...

    ReplyDelete
  2. საბედნიეროდ დღეს ქომაგთა გარკვეული ნაწილი სტადიონზე ჩვენი გუნდის ვარჯიშს დაესწრო და ამით აგრძნობინა ჩვენებსაც და ესპანელებსაც, რომ ხვალე მთლად ისე სტუმართმოყვარე არ იქნება ტრიბუნა, როგორც ბევრს მოეჩვენებოდა პირენეელების შემადგენლობაში.

    უშვერი სიტყვების ხმარება არ მიყვარს, მითუმეტეს ასე შორიდან, ამიტომაც გულში შევაფასებ ყველა იმ ქართველს, რომელიც ესპანეთის დროშას აფრიალებს და სხვა მსგავს საზიზღრობებს აკეთებს.

    პოსტისთვის კი მადლობა ავტორს კიდევ ერთხელ

    ReplyDelete