Thursday, September 27, 2012

"никогда в жизни!"

მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. ვხვდებოდი, როგორ არ ვხვდებოდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ რა და როგორ ასე სიღმისეულად, დეტალურად ვერ წარმომედგინა. ვერც ყოველივეს ანალიზის ვახერხებდი. რატომ და რა მიზეზით - ეს დეტალურად არ მესმოდა. ვერ ვხდებოდი. 

მერე ბიჭობაში გავიგე ყველაფერი. წლების მერე სამსახურმა და საქმემ მოიტანა და მეტ-ნაკლებად ყველაფერს მივხვდი. მერე გავიგე რომ თურმე ძალიან დიდი, დიდი საშინელება მოხდა. საქმიდან გამომდინარე ამაზე ხშირად მიწევს ფიქრი. საქმეც რომ არ იყოს.. ეს ყველაფერი შენ და შენს ქვეყანას ეხება და ამას ვერ გაექცევი და არც უნდა გაექცე. 

სოხუმის დაცემის ბევრი, ძალიან ბევრი კადრი თუ სურათი მინახავს ცხოვრებაში. ახლა და ახლა ამის უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე ეს იმ ავადსახსენებელ 90-იანებში იყო. ამ კადრებიდან ერთი ისეთია, მთელი ცხოვრება რომ გამყვება. ალბათ რამდენიმე ასეულჯერ მაინც მექნება ნანახი და აკი ვთქვი 100 წლამდეც რომ ვიცხოვრო, ის არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. 

სოხუმის ბოლო დღეზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა. ის კადრები ჟიული შარტავას და მისი თანამებრძოლთა სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს. ძნელია ამ კადრებს კაცმა გულგრილად უყურო. 

იმ კადრებში კი ერთი ისეთია ... ის სოხუმის მერი იყო. ფეხბურთის ტრფიალი. უფეხბურთოთ არ შეეძლო და აკი ამიტომაც ჯერ ფეხბურთს თამაშობდა, მერე მსაჯობდა, ბოლოს კი სოხუმის "ცხუმის" პრეზიდენტიც იყო. 


არიან ადამიანები, რომლებიც ხმაურობენ, ირგვლის ცუნამს წარმოქმნიან და ყველაფერს ანგრევენ. ის უფრო სხვაგვარი იყო, ისეთი რომლებიც ჩუმად არიან, ყველაფერი გულთან მიაქვთ და თავად ინგრევიან. მერე და მერე უფრო დამაინტერესა ამ პიროვნებამ. როგორ არ დაგაინტერესებდა კაცს .. რამდენს შეუძლია შემართულ ავტომატს გოროზად შეხედოს და თვალი გაუსწოროს? რამდენს შეუძლია შეიარაღებულ მტრის ხელში ჩავარდნილმა, კედელთან მიმწყვდეულმა, უიარაღომ და ერთი შეხედვით სასოწარკვეთილმა მოწინააღმდეგის ბრძანებაზე, მის წინ დაიჩოქოს და აფხაზეთის მიწას ეამბოროს ამაყად უპასუხოს - "никогда в жизни!"  

მის მიერ განვლილი ცხოვრების გამო ოჯახს დიდხანს არ ეჯერა, რომ აფხაზებმა გურამ გაბისკირია სასიკვდილოდ გაწირეს. მხოლოდ 2005 წელს თბილისში ამერიკელ ფოტოხელოვან მალქომ ლინტონის ფოტოგამოფენამ დაასამარა იმედები .. სურათზე ის სხვა დაღუპულთა შორის ამოიცნეს. 


დღეს 27 სექტემბერია. 19 წელი გასულა სოხუმის დაცემიდან. სოხუმთან ერთად მისი უკანასკნელი მერი გურამ გაბისკირიაც დაეცა. კაცი, რომელიც ფეხბურთის ტრფიალი იყო და უფეხბურთოდ არ შეეძლო. 46 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. გოროზად მდგომი, ამაყად - ისე როგორც ბევრი მოკვდავი ინატრებდა. ეჰ, არადა გაბისკირიას მსგავსი შეუვალი კაცები როგორ სალბუნად დაედებოდა ჩვენს ფეხბურთს. საკუთარ პრინციპებს არ გადავიდოდა, პირად გამორჩენას არად დაეძებდა და ამიტომაც იყო მისი ბოლო სიტყვები მარტივი და მრავლისმომცველი, თითქოს ანდერძივით დატოვაო - "никогда в жизни!" 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment