დანტე ალიგიერიმ თავის ”ღვთაებრივ კომედიაში” გენიარული ფრაზა თქვა: ”ჯოჯოხეთში ყველაზე ცხელი ადგილი მათთვისაა, ვინც დიდი მორალური კრიზისისას ნეიტრალურობას შეინარჩუნებსო”.
1992 წლიდან დღემდე საქართველოში ყველაფრის კრიზისი გვინახავს: პურის, დენის, კანონის უზენაესობის. დღეს მორალურ კრიზისის წინაშე ვდგევართ. კრიზისისა, რომელიც არანაკლებია ვიდრე თუნდაც სურსათის კრიზისი. მორალური კრიზისია ასე რომ გვირტყამს და გვანადგურებს.
მორალური კრიზისისას ან იქით ხარ ან აქეთ. აქ შუა არ არსებობს. ან შენც ამორალური ხარ და მარაზმს მხარს უჭერ, ან არადა შენც იქ ხარ, სადაც მორალია და გმობ იმას რაც ამორალურია. ძალიან მარტივია - დიდი ფილოსოფიისა და კიბერნეტიკული გათვლების გარეშე.
ამორალურმა კრიზისმა მწვერვალს გასულ კვირას უწია. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახმა აჯობა და მოხდა ის, რომ ამ მარაზმის წინააღმდეგ ყველა გამოვიდა. ჯერ იყო და ეს ყოველივე სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციება დაგმეს. მერე მათ ხელოვანი ხალხიც შეურთდა, ამას ინდივიდუალური სპორტსმენებიც მიჰყვნენ: ზურა ხიზანიშვილი, თარგამაძე, ყაზაიშვილი, ბაჩანა ცხადაძე, ლევან მჭედლიძე, ზაზა ფაჩულია, ქართველი წყალბურთელები სხვანი და სხვანი (მომიტევოს მათ ვინც გამომრჩა), სტუდენტობამაც ხმა აიმაღლა - საზოგადოების ნაწილმა, რომელთაც ვერასდროს და ვერანაირ პირობებში, ვერავითარი სისტემა თუ ლიდერი ვერ აჩერებს.
გუშინ ამორალურობა, ძალადობა და გნებავთ არაკაცობა მორაგბეებამ ერთხმად დაგმეს. რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ყველაფერი მწვავედ არის გაკრიტიკებული.
ფეხბურთი მუდამ ქართული იდენტობის, ქართული მებრძოლი სულის გამოვლინება იყო და ალბათ ამიტომაც რჩება საქართველიოში ყველაზე პოპულარულ სპორტულ სახეობად. ის მხოლოდ ფეხბურთი და სპორტული შეჯიბრი არასოდეს ყოფილა ქართველებისთვის. ის ერთგვარი თავის დამკვიდრების და გნებავთ სსრკ-ს მაშინდელი დამპალი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი იყო. ალბათ ამიტომაც იყო ახალგაზრდა სერგო კოტრიკაძეს ”დინამოს” კაპიტანმა, დიდმა ბორია პაიჭაძემ რომ უთხრა: ”სერგო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ”დინამოს” კარს კი არა, დარიალის შემოსასვლელს იცავ და ნებისმიერ მატჩში გასულმა ეს არ დაივიწყო”-ო.
სამი დღეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს www.gff.ge დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ, გაზეთებს ვკითხულობ, ვირტუალურ სივრცეში ქართული ფეხბურთის მაღალჩინოსნების ნათქვამს ვეცნობი ... დუმილია. სამარისებული სიჩუმე.
ნუთუ ასე ძნელია, რომ გამოხვიდე წამება და არაკაცობა დაგმო, დამნაშავეების დასჯა მოითხოვო. ნუთუ ასე რთულია თქვა რომ ეს ამორალურია, ამაზრზენია, მით უფრო მაშინ, როდესაც შენი ერთ-ერთი წარმომადგენელი იქ იმ არაკაცების ხელშია და კაცმა არ იცის რა დღეში ჰყავთ. კაცი, რომელსაც ბევრი სიხარული მოუტანია მათთვის ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს - გიორგი დემეტრაძე იქ არის... იმ არაკაცებთან.
ალბათ ძნელია, რადგან გარედან ისე ჩანს, რომ ვერც ფეხბურთის სახლში უნდა ქაჩავდეს სისტემა. ალბათ ძნელია, რადგან პრეზიდენტად არჩეული კი არა დანიშნული კაცი გქვია და დანიშნული იმას ნიშნავს, რომ შიშის რეცეპტორი მუდან ჩართული გაქვს, შიში იმისა რომ შენს დამნიშნავს შეიძლება შენი ნათქვამი არ მოეწონოს და... ალბათ ძნელია, რადგან ”მარადმწვანედ” გენსეკი გქვია და გინდა ახლა შენ, რომ ცხოვრება აირიო?! ისე უფრო ადვილი არ არის როგორც 2007 წელს, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებისას გააკეთე? - მიხვიდე გამარჯვებულ გიორგი ნემსაძეს წარმატება მიულოცო, უთხრა რომ შენს მის გვერდით ხარ და კიდევ კარგი, რომ მან გაიმარჯვა თორემ ქართული ფეხბურთი დაიღუპებოდა. ერთი საათის მერე კი უკვე ნოდარჩიკას შეხვდე და განუცხადო - კიდევ კარგი დიდი ნოდარის შვილი ჩაუდგა ჩვენს ფეხბურთს და ხომ იცი, რომ ჩემს ცოდნა-გამოცდილებას არავის დავამადლიო....
ვიცი ძნელია. მართლა ძნელია დიდი მორალური კრიზისის დროს არაკაცობა დაგმო და გააკრიტიკო... ვაი თუ დამნიშვნელებს არ მოეწონოთ შენი გადაბრუნებული სიტყვა ან მოქმედება?! მერე.. მერე რაღა უნდა ქნა? შენ ხომ იქ, ზემოთ იმათმა დაგნიშნეს ვინც ამ ამორალურობაში თუ არ მონაწილეობდა, ხელს მაინც აფარებდა?
ეს ბოლო დღეებია სფფ-ს ვებ-გვერდს დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობ და დანტე ალიგიერის ”ღვთაებრივ კომედიაზე” ვფიქრობ. შვიდი საუკუნის წინათ დაწერილ ნაწარმოებზე, დღევანდელი მორალური კრიზისისას ასე ზუსტად რომ მიესადაგება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას....
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment