Monday, June 17, 2013

ერთი მსახიობის თეატრი

დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დათო ყიფიანი 62 წლისა გახდებოდა ... 


"მე ვცნობ მხოლოდ ერთ პოლიტიკას - იმას, რაც სიყვარულით იწყება და მთავრდება სიყვარულით. სხვანაირად არ შემიძლია - საკუთარი თავის გადაკეთებას ვეღარასოდეს შევძლებ ..." - დავით ყიფიანის ინტერვიუდან. 

მე ფეხბურთში "მონოლოგები" მიყვარს ... ისე, როგორც ზოგადად - ცხოვრებაში. მხოლოდ "მონოლოგი", "სოლო", ინდივიდუალიზმის სხვა ნებისმიერი გამოვლენა მატებს მარილს ცხოვრებას. 

სხვა ყველაფერი ნაცრისფერი ფონია - ერთგვაროვნება, რომელსაც სილამაზე, მოძრაობის უნარი და ფერები სწორედაც რომ გამორჩეულის, სოლისტის ნაფიქრმა და საქციელმა უნდა შესძინოს. ოღონდ ამ სოლოებსა და მონოლოგებს თავისუფლების სიმსუბუქეც თან უნდა ახლდეს. 

ასეთი რამ ერთი მსახიობის თეატრს ახლავს თან - როცა ერთი კაცი დგამს, მოძრაობს და ლაპარაკობს ... "პაკლონზეც" ერთი კაცი გამოდის. მსუბუქად თავისუფალი კი ვერასოდეს გახდები, თუკი ფიქრებში და საკეთებელში მართალი არ ხარ - სწორედ უნდა ფიქრობდე და სხვანაირად კეთება არ უნდა შეგეძლოს. ამის მერე შედეგი მოდის ან ვერა, მაგრამ ირგვლივ მყოფთანაგან თითქმის ყველას სურვილი უჩნდება, იქცეს იმაზე უკეთესად, ვიდრე არის. ეს ზოგადი ფასეულობაა, ზოგადი ცხოვრებისეული ფილოსოფია - აქციო ადამიანი იმაზე უკეთესად ვიდრე არის.

პატარა ბიჭობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ - როცა ყიფიანის "ბურთს" ვეხები - ვუსმენ, ვუყურებ, ვკითხულობ - უკეთესი მინდა, გავხდე. ამის გამო თუა, დღემდე რომ საგზალად მომყვება ჩემი პატარა ბიჭობის საფეხბურთო სიხარულები, კმაყოფილება და თეთრი შურიც - "რომ გავიზრდები მეც ..." 

იმ თეთრმა შურმა კარგა ხანია პრაგმატიზმის, რეალობის საბურველი მოიხვია - "გავიზარდე მაგრამ ვერ ..." არა უშავს, ჩემი პატარა ბიჭობის სიხარულები, კმაყოფილება ხომ დღემდე ჩემთანაა - არ დამვიწყებია. ადრეც და ახლაც ხშირად წერენ, რომ ყიფიანის "მონოლოგს" კრუიფის ფეხბურთმა მისცა ბიძგი. და რა? ყველაფერს სჭირდება საყრდენი წერტილი. დაწერეს, რომ მიხეილ მესხის გავლენის გამო, მარცხენა გარემარბად იწყებდა დავით ყიფიანი ... ასეც უნდა იყოს - გამორჩეული ადამიანის სიდიადე მარტო მისით არ იზომება. იმითაც დიდია და მეტი, რომ მასზე წინ მოსული და წასული ტიტანების მხრებზე უწევს დგომა. 


კრუიფიც "მონოლოგი" იყო. ახალი, ფერადი შტრიხი ახალი, ფერადი ფეხბურთისა და ყიფიანმა - თავადაც სოლისტმა იგრძნო ეს. იგრძნო და გაჩნდა ფეხბურთში სრულიად ახალი, ყველასაგან განსხვავებული მონოლოგი. იმდენად სხვანაირი, რომ ზოგადად ქართული ფენომენის დიდმა დამფასებელმა იური როსტიმ инакомысляший უწოდა. Инакомысляший ანუ ადამიანი, მოქმედებაში კი არა, აზროვნებაში რომ არ ჰგავს სხვებს. ეს კი იმ მსუბუქი თავისუფლების საფუძველია, რომელიც უკვე ვახსენე. 

ყიფიანი იქცა და დარჩა ქართული ფეხბურთის სახედ - ბრენდ ნეიმად, სავიზიტო ბარათად - უწოდეთ რაც გინდათ. ამით მის დიდებულებას არც არაფერი აკლდება და არც მიემატება რამე. 

რადგან: იგი ლეგენდაა.

მას, როგორც ფეხბურთელს უამრავი დამახასიათებელი შტრიხი გააჩნდა, მაგრამ მე რომ მკითხოთ, დავით ყიფიანის საფირმო ნიშანი გრძელი პასი იყო. გაჰქონდა გოლები, აკონტროლებდა ტემპს, კარგად თამაშობდა თავით, "დირიჟორის ჯოხი წაართვა ბრუკინგს", მოხვდა ფედოტოვის სახელობის "ასიანთა კლუბში" - ვინ იცის კიდევ რამდენი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ მგონია, მისი დიდოსტატობის შტრიხ-კოდი გრძელი პასი იყო. რამეთუ ისე და იმგვარად არათუ ქართულ ან საბჭოურ ფეხბურთში, მსოფლიოშიც ვერავინ გადასცემდა ბურთს. ეს იყო "ჭკვიან" პასებად დარიგებული ყველაზე დიდი ტალანტი - ეს არის ფაქტი. გრძელი პასი კი, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ ბურთთან "შენობით ლაპარაკისა" და "მინდვრის კაი ხედვის შედეგი". არ არის ეგრე მარტივად საქმე. რა ჩემი დასტური ჭირდება - "ვესტ ჰემთან" მისი გადაცემა გაიხსენეთ. ეს სივრცესა და დროში ერთდროულად გადანაცვლებაა - როცა იგებ იმხელა მანძილს, რომ მეტოქეს საჭირო ადგილამდე მისარბენად დრო არ ყოფნის და შესაბამისად, გუნდი იღებს ზუსტად იმხელა უპირატესობას, რამდენიც გოლის გასატანადაა საჭირო. ჭკვიანი პასი, ჭკვიანი გონების კარნახია. ერთგვარი ბრძანება, რომელმაც უნდა შეცვალოს ტემპი, შეტევის მიმართულება, განლაგება და სიმჭიდროვე მინდორზე. მაგრად მჯერა: ყიფიანი იმ გრძელი და ჭკვიანი პასებით უნებლიეთ ამხელდა თავის შინაგან მეს - კარგი გაგებით მეამბოხეობას, სწორედაც რომ სოლისტისას, ვის, თუ არა მას უნდა შეეხვალა სიტუაცია, არსებული მდგომარეობა მინდორზე. 

კი, კი, ისევ ეს არის - მსუბუქი თავისუფლება ხასიათსა და მოქმედებაში. ზოგადად ლტოლვა თავისუფლებისა და სიმსუბუქისაკენ.  ეს რომ ზერელე რამ არ იყო, "მინდორზე რაც ხდებოდა, მინდორზე რომ არ რჩებოდა", მისმა ცხოვრებამაც დაადასტურა - თუნდაც ოჯახური ისტორიიდან გამომდინარე. ეცადა, შეცვალა და ფეხბურთიდან განსხვავებით, არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად, გამოვიდა ის, რომ ორმაგი ცხოვრებით იცხოვრა. ორმაგი სახით. ხილულით და უხილავით. ნათელით და იდუმალით. იმით, რაც იდო ზედაპირზე, სხვათათვის და იმათაც, რასაც სულში, თავისთვის ინახავდა. 

განა სიმბოლური არ არის, რომ დაბადების დღის თარიღიც ორი შერჩა? ორი თვრამეტი - ნამდვილი - ივნისი და ტყუილი - ნოემბერი. 

ნამდვილი დაბადების დღიდან გამომდინარე, ზოდიაქოც გაორებული ატარა - ტყუპებისა. ოჯახიც ორი ... ამ ყველაფერმა ტრაგიზმი შემატა დავით ყიფიანს, როგორც პიროვნებას. მის ცხოვრებასაც - რასაკვირველია. 

... ცხოვრებაში ჩემ მიერ დაწერილთაგან ყველაზე პატარამ - "იჯდა და ფიქრობდა", "ჩემს ტყავში იჯდაო" - ათქმევინა და ეს არასოდეს დამავიწყდება. როგორ მოვახერხე? სულ უბრალოდ - მიუხედავად იმისა, სულ რამდენჯერმე შემახვედრა დავით ყიფიანთან საქმემ, მივხვდი, რომ მასში სხვა, მეორე კაცი ცხოვრობდა - ძალიან განსხვავებული იმ დავით ყიფიანისაგან, რომელსაც მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი ვიცნობდით. 

ჰოდა, მგონია, ეძია და ვერ იპოვა. სცადა და ვერ გამოუვიდა. მისი მონოლოგის ტრაგიკულობასაც, ამან მისცა ბიძგი. 

მისი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანი, გრძელი გადაცემა არ გვინახავს - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერ გააკეთა ან არ გამოუვიდა. 

ყიფიანი ღრმად, ფაქიზად გრძნობდა ცხოვრებას. საკუთარსაც - ბუნებრივია. 

ჰოდა, მგონია, რომ სწორედ იმ მეორე, ჩაკეტილი, უხილავი, ნამდვილი "მე-თი" გაერიდა ცხოვრებას. ეპიტაფიად და გამოწვევად კი მოკლე ფრაზა დაუტოვა: "მთავარია, რომ მე სამი შვილი, შვილიშვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ვიცი: მე ბოლო არა ვარ. ჩემს ცხოვრებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომელთა ძარღვებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს. დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია ..."

       

კონსტანტინე გოგიშვილი

No comments:

Post a Comment