Friday, July 27, 2012

პირველიადა: პირველია და ...

საფეხბურთო საქართველოში არსებული სიტუაცია ერთ კახურ ანეკდოტს მახსენებს: კარგად მოზრდილი მუტრუკი მუნჯი რომ ჰგონიათ და ”მარილი აკლია ხაშლამასაო”, დედამისს უსაყვედურებს. გაგრძლებაც გეცოდინებათ - აქამდე რატომ ვილაპარაკებდი რა, არ აკლდა ხაშლამას მარილიო. 

დაახლოებით ასე ვცხოვრობთ. ასე ვაგორებთ ბურთს - ურემი რომ გადაბრუნდება, მერე ვეძებთ გზასაც და ხსნასაც. 

მაგალითი უამრავი შეიძლება გაიხსენო, მაგრამ სულ ბოლო და განსაკუთრებულად რეზონანსული ”ზესტაფონი” - ”ნეფტჩის” მატჩის რეპორტაჟი ან უფრო სწორად, ურეპორტაჟობა იყო. 

სერიოზული ჭახა-ჭუხი და რიძგი-რიძგინი ატყდა - სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, კერძო საუბრებში, სატელეფონო გადაძახილებისას ... 

ყველა დაახლოებით ერთ აზრს გამოხატავდა - ქვეყნის ჩემპიონის მატჩის ტრანსლაცია ვერ იხილეს და მძაფრი ფორმებით გამოხატავდნენ აღშფოთებას. გულმოსული ყველა იყო, მაგრამ გულისმოსვლის ობიექტის შესახებ გაიყო აზრი. ერთ ნაწილს დამნაშავედ ”ზესტაფონი” მიაჩნდა, მეორენი საზოგადოებრივ არხს ჰკიდებდნენ პასუხისმგებლობის მთელ სიმძიმეს. 


განსაკუთრებით ბევრი ილია კოკაიას ”მოხვდა” - მიიჩნიეს, რომ ”ზესტაფონის” პრეზიდენტმა არარეალური პირობები წამოაყენა რეპორტაჟის უფლებების სანაცვლოდ და ტრანსლაციაც ამად ჩაშალა. ასი ათასი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანსლაციის დაბლოკვა - ლაკონური, მაგრამ კატეგორიული ყოფილა იმერელთა პრეზიდენტი და ტელევიზიის მესვეურები კი მისი მოთხოვნის ორივე პუნქტმა ”შეაშინა”. ძვირიცაა და ძნელად დასაბლოკიც, გარდაბნის მიმდებარე აზერბაიჯანული სოფლები ნებისმიერ ვარიანტში მოახერხებენ პირველი არხის ცქერასო.

მაგრამ ეს ყველამ იცის, ყველამ საკუთარი დასკვნა ”დადო” და აღარაა საინტერესო. ამისთვის არ ვწერ. სულ სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადებას.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ მხარეები ხეირიანად არც კი ცდილან, ბოლომდე მიეყვანათ მოლაპარაკება - პირობები გახმიანდა თუ არა, ყველაფერი აშკარა გახდა და მერე გაგრძელებას აზრი არ ჰქონდაო. კი, ნაწილობრივ ორივე მართალია: ერთი გუნდს ინახავს და შემოსავალი ჭირდება, თან ფეხბუთში მსგავსი რამ მიღებულია და კანონიერი, მეორეს კი ამდენი თანხა და საშუალება არა აქვს და რა გაეწყობა ...

მაგრამ თუ მართალი ხარ ნაწილობრივ, ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ სადღაც რაღაცაში აშავებ კიდეც - ბოლომდე შენს მხარეს არაა სიმართლე.

კლუბისა და ტელევიზიის მესვეურები შეცდნენ ერთ რამეში - ვერა და არ გაითვალისწინეს ხალხის ინტერესი. მოლაპარაკება ისე შეწყვიტეს, არც კი ცდილან ერთმანეთის ”შებმას”, კომპრომისის მოძიებას, აუცილებელი ტრანსლაციის მოწყობას.

ეგომ იყვირა ერთგანაც და მეორეგანაც - ნაწილმა მთელს აჯობა, არ იფიქრა ერთმა ყველასთვის.

მადლობა ღმერთს, რომ ”ზევიდან” ზარი არ გაისმა - ასე გადაცემული მატჩი ურეპორტაჟობაზე უარესია. არადა, რამდენი მაგალითი გვახსოვს საქართველოში, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, რომ საჭირო ნომერს აკრებს და ...

ეტყობა არ ეცალათ ”ჭალის გვრიტებს” - ცხელი სეზონი უდგათ, პირდაპირაც და გადატანითი მნიშვნელობითაც.

სხვა არაფერია სალაპარაკო - პირველმა არხმა და პირველმა გუნდმა ნომერ პირველი სპორტის შესახებ მოლაპარაკებისას პირველი ჩვენება არ შეცვალეს.

პირველ ყოვლისა ხალხი დაზარალდა - პირველია თუ?!

კონსტანტინე გოგიშვილი   

Wednesday, July 25, 2012

გაიღვიძე ილო ძია, დეპოში ვართ, დეპოში ...

მიუხედავად იმისა, რომ წაქცეულს არ ურტყამენ, 
მიუხედავად იმისა, რომ ურემი უკვე გადაბრუნებულია, 
მიუხედავათ იმისა, რომ ბაქოს ”ნეფტჩმა” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარა, 
მიუხედავათ იმისა, რომ ”ზესტაფონი” ორი თამაშია გუნდს არ ჰგავს, 
მიუხედავათ იმისა, რომ აზერბაიჯანულ ფეხბურთში უფრო მეტი ფული იდება ვიდრე ქართულში..

ილია კოკაია 
ის რაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა 7 დღის მანძილზე ორჯერ ნახა სირცხვილია. ვნახეთ, თუ როგორ წამოაქცია აზერბაიჯანულმა, საშუალოზე დაბალი ევროპული გაქანების კლუბმა საქართველოს ჩემპიონი. გუნდი, რომლის მწვრთელ-პრეზიდენტსაც მიზნად ჩემპიონთა ლიგაში გასვლა ჰქონდა დასახული. ამ ერთმა კვირამ ზუსტად გასცა პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ილია კოკაიას და გია ჭიაბრიშვილის ეს ამბიცია. აღმოჩნდა, რომ გუნდის შენება არ არის მხოლოდ ბაზის მოწყობა ან ავსტრიაში შეკრების გამართვა. გუნდის შენება ამ ყოველივეს პარარელულად ძლიერ ფეხბურთელების თავმოყრას და პატრონობას გულისხმობს და ის რაც ამ ერთი წლის განმავლობაში კოკაიამ დასთესა ბოლო ერთ კვირაში მოიმკო. 

კოკაია უაზროდ პრინციპული და ჯიუტი კაცია. მას არ უყვარს როდესაც ვინმე მის დაკრულზე არ ბუქნაობს და სიტყვას უბრუნებს. ამიტომაც იყო, ამ რამოდენიმე წლის წინათ ბორჯომში ვერმოგების გამო, მეკარე ჭანტურიას რომ დაენთო. გასახდელში შესულმა გუნდის ფეხბურთელები რბილად რომ ვთქვათ გალანძღა და ჭანტურიას შეკამათებას ყველა თამაშს ჩვენ კი არა ”ჩელსი” ვერ იგებსო, ამ უკანასკნელთან კონტრაქტის გაწყვეტა მოჰყვა. 

გასული წლის აგვისტოს მერე ”ზესტაფონმა” დაშლა დაიწყო და ამ პროცესს სათავე გუნდიდან გია გეგუჩაძის წასვლამ დაუდო. ამ ისტორიაზე ბევრი ჭორ-მართალი დადის საფეხბურთო წრეებში მაგრამ ფაქტია, გეგუჩაძე-კოკაიას ურთიერთობაში შეუძლებელია მხოლოდ ერთი მხარე იყოს სრულიად მართალი და მეორე მტყუანი, ასე რომ თავის წილი პასუხისმგებლობა ამაზე გეგუჩაძესთან ერთად კოკაიასაც ეკისრება. 

კოკაიასთვის რომ ფეხბურთელებს ჩალის ფასი აქვს არა ერთხელ გამოჩენილა. ფეხბურთელის შეფასებაში მხოლოდ კალკულატორის გამოყენება არასწორია და ამიტომაც იყო ერთმანეთის მიყოლებით გუნდიდან სკანდალურად წავიდნენ ჭელიძე, დაუშვილი, ჭანტურია და სხვები. კოკაიამ არაფერი გააკეთა წამყვანი ფეხბურთელების შესანარჩუნებლად ონიანმა, ალადაშვილმა, გრიგალაშვილმა იმერეთი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. ძარიას ”დინამოში” გადასვლის შესახებაც წინასწარ ყველაფერი იცოდა და ფეხბურთელის ზარზე ”დინამო” ამდენს მიხდის და ”ზესტაფონი” რას შემომთავაზებსო, მხოლოდ საკუთარი გენიტალიების შეთავაზებით შემოიფარგლა. 

გუნდის წამყვან ფეხბურთელს ყოველთვის დაფასება სჭირდება და საჭიროა თითეულ მათგანს ისეთი მიკრო კლიმატი შეუქმნა გუნდიში, რომ წასვლაზე არ ეჭიროს თვალები. მსგავსი მიკროკლიმატის შექმნა კოკაიამ ვერაფრით მოახერხა. ამ მიკროკლიმატის შექმანაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ფეხბურთელის ანაზღაურება თამაშობს და დაუფასებლობაზე მეტია, როდესაც გუნდში წამყვან ფორვარდს ჯამაგირის სახით თვეში 2000 აშშ დოლარს აძლევ. 

არავინ უარყობს იმას, რომ კოკაიამ ბაზის მშენებლობით დიდ საქმეს აკეთებს მაგრამ ამის პარალელურად საჭიროა ფეხბურთელების მიყვანა კლუბში, რათა გუნდი რომელიც წლობით შენდებოდა ხუხულასავით არ დაინგრეს.  

ახლა გვიანია, მაგრამ დიდად ვერც ჭიაბრიშვილის დანიშვნამ გაამართლა. გია წესიერი და ცოდნას დანატრებული კაცია, მაგრამ ამ ეტაპზე დაამტკიცა რომ ისეთი მაღალი მიზნის მისაღწევად რასაც ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში თამაში ჰქვია მზად არ არის.  სხვას რომ თავი დავანებოთ მან დაცვის თამაში ვერ ააწყო და ორი თამაშის ჯამში 5 ბურთი გაუშვა. ჭია გარკვეულწილად კონფორმისტიცაა (ან სხვა რა გზა დარჩენია ჭანტურიას მაგალითის შემყურეს) და ხშირად მორჩილად ეთანხმება პრეზიდენტის ნათქვამს, მართალია ფეხბურთელები არ გვყავს მაგრამ ვინც გვყავს მათაც შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში გასლაო. ვის-ვის და ჭიაბრიშვილს კარგად მოეხსენება, რომ ქვეჯგუფში გასვლა ერთი ნორმალური დონის ფორვარდით და ხუთი მცველით, - რომელთაგანაც ერთი გამოუცდელია, მეორე კი აღნაგობით სუმოს წარმომადგენელს უფრო ჩამოჰგავს - უტოპიაა.

ფეხბურთელებთან ერთად ”ზესტაფონის” პრეზიდენტი გულშემატკივარსაც უნდა მოუფრთხილდეს. ქართული ფეხბურთი არც ილია და კორნელი კოკაიებითა და ალექსანდრე ზიმბერმანით დაწყებულა და არც მისით დასრულდება. ზოგადად ფეხბურთი გულშემატკივრისაა და ის რომ, უაზრო ახირების გამო მისი ხილვის შესაძლებლობას რამოდენიმე ათას გულშემატკივარს უსპობ (და ეს უკვე წლებია გრძლედება) ამით გუნდის ქომაგს ჰკარგავ. საინტერესოა რამდენად ღირს 100,000 ევროდ ეს ყოველივე?

ამბიციები იცოცხლე კარგია, მაგრამ ეს ამბიცია რაიმით უნდა იყოს გამყარებული. ერთი წლის წინ დათესილი ივლისის ბოლოს მოიმკა. ასე რომ გაიღვიძე ილო ძია, დეპოში ვართ, დეპოში.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
     

Saturday, July 21, 2012

როცა ფეხბურთელი გულშემატკივართან მიდის

ხუთშაბათს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მომიწია მისვლამ. მახსოვს ერთხელ სკოლაში მეხუთე კლასელებს რაღაცატომ მერვე კლასელებთან ჩხუბი მოგვივიდა. მაშინ არც მანდატურები იყვნენ და არც პოლიციას მიყავდა მოჩხუბრები ”კაპეზე”-ში 400 ლარიანი ჯარიმის ამოსარტყამად. მერვეკლასელებმა ისეთ დღეში ჩაგვყარეს სილურჯეები ლამის მეექვსე კლასში გადასვლამდე გაგვყვა. ხუთშაბათს თამაშის ყურებისას სწორედ ის დღე გამახსენდა. პლზენის ”ვიქტორია” მერვეკლასელს ჰგავდა, რუსთავის ”მეტალურგი” (საბჭოთა სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პარლამენტმა ნორმატიული აქტი კარგა ხანია მიიღო მაგრამ ჯერაც არავინ ფიქრობს რუსთავული კლუბისათვის ჯოზეფ ქეის დანატოვარი სახელის გადარქმევას) კი მეხუთეკლასელ მოსწავლეს. 

მერვეკლასელმა პლზენის ”ვიქტორიამ” არც გასულ კვირას დაინდო ჩვენი მეხუთეკლასელი და ისე უბაგუნა, ერთი-ორს ეკითხებოდა. საცოდავი სანახავი იყვნენ რუსთაველი ფლანგის ფეხბურთელები. მოწინააღმდეგის მცველები ისე ერთვებოდნენ შეტევაში, ბარე ორ ქართველ შემტევ ნახევარმცველს შეშურდებოდა. მათმა კაპიტანმა,  ფიზიკური მონაცემებით ზესტაფონელ ედიკ საჯაიას რომ ჩამოჰგავდა ისეთი გოლი გაგვიტანა სნუკერში ჭიპმოჭრილ როი ო’სალივანსაც შავი შურით შეშურდებოდა.

რუსთავის ”მეტალურგის” ჩეხეთში ვიზიტს ოდენ შემეცნებითი ხასიათი აქვს და წლები რომ გავა მწვრთნელ-ფეხბურთელი იმას მაინც იტყვიან ცნობილი "Pilsener"-ის ლუდი ადგილზე დაგვიგემოვნებიაო. 

სხვა მხრივ კი საშუალო გაქანების ჩეხურმა გუნდმა სარკე დაგვიდგა და დაგვანახა თუ როგორ უნდა სწორი მუშაობა. როგორ უნდა შეკრა კოლექტივი და შეათამაშო. როგორ უნდა ასწიო და დასწიო ტემპი. სად უნდა მოატყუა კაცი და სად პასის გადაწოდებაა უკეთესი. როდის უნდა ჩაერთო შეტევაში და როდის უნდა დარჩე შენს პოზიციაზე. ვუყურებდი ჩეხურ დაცვას და იმ ერთი ლაფსუსის გარდა ტატანაშვილის გოლით რომ დასრულდა, შეცდომა არ დაუშვია. მცველები სინქრონში ისე მოქმედებდნენ კრიალოსანი გეგონებოდა. ისიც საყურადღებოა, რომ მოედანზე ფეხბურთელების დასახმარებლად შევარდნილი, სპორტული აღნაგობის ჩეხი ექიმები, პურ-მარილის მოყვარულ ქართველ კოლეგებს რამდენიმე მეტრიანი ფორის მიუხედავად უკან იტოვებნენ.

ხუთშაბათს ”მიხეილ მესხზე” კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი დეტალებისაგან შემდგარი ერთიანობაა. საკმარისია რამდენიმე ჭანჭიკს არ მიაქციო ყურადღება, რომ გუნდებს შორის განსხვავება ისეთივე იქნება, როგორც ქუთაისის ავტოქარხანაში აწყობილ ჯიპ ”ბოლეროსა” და გერმანულ ”მერსედესს” შორის. ამ ჭანჭიკების უყურადღებოდ დატოვებას იქამდე მივყევართ, რომ ხან ყაზახური ”აკტობე” გვთელავს დიდოელი გლეხის ნაბადივით და ხანაც ბაქოს ”ნეფტჩი”.

დაბოლოს, ჩვენი ფეხბურთელებისაგან ხშირად გამიგია წარუმატებლობას ხან უფულობას, ხან უხარისხო მოედნებს, გულშემატკივრის არაორგანიზირებულობას აბრალებდნენ. აგერ გასულ თვეში იყო, ნაკრების კაპიტანი ისე შორის წავიდა სულაც შიმშილსა და პატრიოტიზმს შორის აღმოაჩინა უკუკავშირი.


უცხოეთში წასულ ფეხბურთელებს არასოდეს ავიწყდებათ იმის აღნიშვნა, რომ იქ სხვანაირი ატმოსფეროა და გულშემატკივრის პატივისცემასა და მხარდაჭერას სულ გრძნობენ. უმეტესობა ჩვენი ფეხბურთელების ნაამბობი მტერმა დაიჯეროს მაგრამ მიუხედავად ამისა მე მგონია, რომ გულშემატკივარ-ფეხბურთელების ურთიერთობა ორი მიმართულებით სამოძრაო ქუჩაა, ინგლისურად two way street რომ ეწოდება და თუკი ფეხბურთელი ითხოვს გულშემატკივრის პატივისცემას, თავადაც იგივე მოეთხოვება.

ხუთშაბათს პლზენის ”ვიქტორიამ” ამ კომპონენტშიც დაგვანახა, რომ ის მერვე კლასშია და მინიმუმ სამი კლასით უსწრებს ჩვენს საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებს. ერთ რამედ ღირდა თამაშის დასრულების მერე თავის მცირერიცხოვან გულშემატკივართან მისული მოწინააღმდეგის ფეხბურთელები და გამარჯვების ზეიმი. ჩეხებს არც რუსთაველი გულშემატკივარი დავიწყნიათ, მათ ტრიბუნასთანაც გადაინაცვლეს და დიდხანს უკრავდნენ ტაშს. მხოლოდ ამის მერე დატოვეს ნახევარად ჩაბნელებული მოედანი.

რუსთავის ”მეტალურგის” ფეხბურთელებს ამასობაში შხაპის მიღება მოესწროთ ...    
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Tuesday, July 17, 2012

ყველაფერი ერთ ლარად!

ძნელი სათქმელია, რატომ ხდება ასე საქართველოში. რატომაა ხოლმე სპორტიც, კულტურაც, განათლებაც პოლიტიკასთან წილნაყარი ... რატომაა, რომ პოლიტიკოსის ხუშტურით იზომება, ვინ თამაშობს კარგად, ვინ ცეკვავს და მღერის უკეთ, რომელი მწერლის შემოქმედება უნდა ასწავლონ პედაგოგებმა სკოლაში ... 

სისუსტის გამოვლინებაა ესეც, არასრულფასოვნების კომპლექსის ათასმეერთე სახესხვაობა ... 

სააკაშვილს არ გამოუგონია, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს არნახული გაქანება ჰპოვა საბიუჯეტო კლუბების ინსტიტუტმა. რა ექნა პრეზიდენტს, ხალხი კი მშიერი ჰყავდა, მაგრამ გუბერნატორები რომ აქტიურობდნენ? მელიქიშვილი, კირკიტაძე, გოროზია - ეს ფეხბურთზე განსაკუთრებით შეყვარებული გუბერნატორების გვარებია. მერე მათი ესტაფეტა ვანო მერაბიშვილმა და ახალიამ გადაიბარეს და ასე მოევლინა ქართულ სპორტულ სამყაროს საკალათბურთო არმიები და პოლიციის აკადემიები, საფეხბურთო ”დილა” ...  


მახსოვს, ქუთაისის ”ტორპედოს” ძალიან რომ უჭირდა, ქალაქის მერიამ ფორმებისთვის საჭირო ფული გადაურიცხა და ცოტა მეტიც ”გადააყოლა”, ეგება ტრანსპორტში ბენზინის ჩასასხმელი ფულიც არ გაგიხდეთ სამათხოვროო ... 

შაშიაშვილი იყო მაშინ და რაკი სხვა თვითონ ვერაფერი შეიძლო, დათო ყიფიანსა და მიშა ქორქიას დაჰყვებოდა ჩრდილივით. რაკი რეგიონებში ბიზნესი ჩამკვდარი იყო, ქუთაისური სახლი გახსნეს თბილისში, საბურთალოზე და სწორედ იქ გამართეს ძლივძლივობით მოძიებული სპონსორის ”არგომაროილის” პრეზენტაცია... 

ნაციონალური მოძრაობის არწივები სხვაგვარად მიიჩნევდნენ - სპონსორზე და მეცენატზე თავი ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების თავკაცებს უნდა ემტვრიათ, ისინი კი საკუთარი ჭიის მოკვლას ბიუჯეტის ხარჯზე ახერხებდნენ. 

საქმე იქამდეც მივიდა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ამდენი ხანი ხომ ვინახეთ ბოლნისის ”სიონი”, ვისაც უნდა, ერთ ლარად დავუთმობთო ... 

დავით კირკიტაძე ”კმარას” აქტივისტობამდე და ნაციონალური მოძრაობის იერარქიულ კიბეზე აღზევებამდე ბოლნისის ”სიონისავე” სათადარიგო ფეხბურთელი იყო და გასაგებია, რატომ ”ინახა” ეს კლუბი მანამ, სანამ მაზანდად ერთ ლარს დაადებდა, მაგრამ ...

ორი რამეა საინტერესო: პირველი რამდენად მართებულია ბიუჯეტის ფულით კლუბის შენახვა და მეორე - წლების განმავლობაში ასი ათასებს რომ დაახარჯავ გუნდს და ბოლოს ერთ ლარად გასაყიდი გაგიხდება, იმას მენეჯმენტი, გულშემატკივრობა და ამაგი არ ჰქვია ...

მითუმეტეს ამ ”შენახვის” პერიოდში არც ინფრასტრუქტურა დავარგებულა, საფეხბურთო სკოლასაც უარესობისკენ წაუვიდა საქმე და დახარჯული ფული კი ძირითადად სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი ფეხბურთელების ხელფას-”პადიომნებში” დაიხარჯა ... 

შესაბამისად არაფერი ააქვს საამაყო ბატონ კირკიტაძეს - პირიქით საყვედური ეკუთვნით, მასაც და მის კოლეგებსაც ხელისუფლების წრეებიდან ... 

ამ შემთხვევაში ლაკმუსის ქაღალდი სხვა არაფერია, გარდა ფეხბურთით ბიზნესმენების დაინტერესებისა. თუკი ხელისუფლება მოახერხებს და შექმნის ისეთ კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც ბიზნესმენისთვის ხელსაყრელი იქნება სპორტში, ფეხბურთში ფულის დაბანდება, ასეთ ხელისუფლებას სპორტის, ფეხბურთის მოამაგე ჰქვია. და თუ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოგვარდა საქმე, თუკი გუბერნატორისა და მინისტრის კეთილგანწყობაზე იქნა ყველაფერი დამოკიდებული, გამოდის, რომ გრძელდება ”ფეხბურთელის მოყვარული რაიკომის მდივნების” ტრადიცია - ასე დიდეულად რომ გახლდათ აპრობირებული საბჭოთა კავშირში. 

ისე იმ სპორტსმენების პოზიციაც გასაკვირია, მავანი მინისტრისა თუ გუბერნატორის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას ტაშს რომ აყოლებს: ”შეეშვით ამ ადამინის კრიტიკას, გადაგვარჩინა, ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიარსებებდითო ...”

თუმცა, ადვილი გასაგებია მათი ეს თავგამოდება - ასეთი ხმაური ოსტატობის ამაღლებაში კი ვერ დაეხმარება, მაგრამ სამაგიეროდ პატრონის კეთილგანწყობას მოუპოვებს და ხელფასი, პრემია, ძირითად შემადგენლობაში ადგილი სულ გარანტირებული ექნება. 

ვინ იცის, რამდენჯერ გაქაჩულან ჩვენი პოლიტიკოსები, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა ”დაიდება” და აწი უკვე კანონის დონეზე ეშველება ქართულ ბურთაობასო ... 

იყო დრო, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, იმხანად ვიცე-პრემიერის, ზაზა შენგელიას კაბინეტს ყოველ კვირა ვსტუმრობდი - რაკიღა სწორედ შენგელიას მიაბარა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეობა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ... 

იმ კაბინეტში საქმიანი ხალხიც იყრიდა თავს და ისეთებიც, ცხოვრებაში ჩხირი რომ არ გადაუბრუნებია. იყო აზრების შეჯერება, საუბრები, ინიციატივები, აქა-იქ კამათიც ... მერე მავანმა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ედუარდ შევარდნაძე ოცდარვაჯერ (28) დახმარებია ქართულ ფეხბურთს, მაგრამ რაკი ეს დახმარებები მხოლოდ რომელიღაცა საბუთზე ხელმოწერას არ გასცილებია, ვერც ქართული ფეხბურთი გასცდა აშტარაკსა და ”ბირკირკარას” ...    

ერთადერთ ნუგეშად პატარა ქართველი ბიჭების გამონათებები დაგვრჩა - სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ რომელიღაც ასაკობრივი ნაკრები სადღაც ”გაისვრის” ხოლმე და მათ გამოა, იმედით ვუყურებთ მომავალს. 

სახელმწიფო განვითარების გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. უბრალოდ ბევრით ვერ გაასწრებს ფეხბურთი სახელმწიფოს და ის გამოთქმა, ფეხბურთი რომ ღარიბების სპორტია, აქ არაფერ შუაშია. ღარიბი ბიჭებისთვის ფეხბურთით გამდიდრება დამატებითი მოტივაციაა მხოლოდ, მაგრამ თუკი სტადიონმა, კლუბმა, სისტემამ არ იარსება, ფეხბურთელიც ვერ შედგება. 

წავიდა რომანტიკული, სამოყვარულო დამოკიდებულებების დრო - ფეხბურთელობა შრომაზე, რეჟიმსა და მეცნიერებაზე დაფუძნებული პროფესიაა, აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების გრძელი მწკრივით. საკმარისია ამ ჯაჭვიდან რომელიმე რგოლი ამოვარდეს, სხვებს აუცილებლად ჩამორჩები. ჩამორჩები ინდივიდუალურ, საკლუბო, სანაკრებო დონეზე ... 

დაკარგავ იმიჯსაც, რომლის აღდგენასაც წლები სჭირდება და ტრადიციას რაც შეეხება, ტრადიცია ყოველდღე უნდა შექმნა და მარტო წარსულის იმედზე არ უნდა დარჩე ... საფიქრალია ამაზე. პირველ რიგში პოლიტიკოსების საფიქრალია ეს ყველაფერი - რაკიღა პოლიტიკამ დაღრღნა ქართული ფეხბურთი. უნდა იფიქრონ ბიზნესმენებმაც. ფაქტი ხომ სახეზეა: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ შექმნილა კახა კალაძეზე, გიორგი ქინქლაძეზე, შოთა არველაძეზე, ლევან კობიაშვილზე და სხვა ქართველ ვარსკვლავებზე უფრო მომგებიანი პროდუქტი. 

კონსტანტინე გოგიშვილი   

Thursday, July 12, 2012

”დინამოში” ყველაფერი ერასტიჩზე ჰკიდია

სანდრო შახოვი და გულად ერასტის ძე ფიფია
წყარო: ს.კ. დინამო თბილისის ფეისბუქის 
ოფიციალური გვერდი

პირველად ისინი კომუნისტებთან მივიდნენ და მე ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ ისინი პროფკავშირებთან მივიდნენ და მე ხმა არ ამომოღია, იმიტომ რომ პროფკავშირების წევრი არასოდეს ვყოფილვარ. მერე ისინი ებრალებთან მივიდნენ და ხმა არც მაშინ ამომიღია, იმიტომ რომ ებრაელი არ ვიყავი. ბოლოს ისინი ჩემთან მოვიდნენ და ხმის ამომღები უკვე აღარავინ იყო დარჩენილი”, - გერმანელმა პასტორმა მარტინ ნიმიოლერმა ეს სიტყვები ნაცისტების მოქმედებების შესახებ თქვა, მაგრამ ისეთი ფრაზაა, წლებს და მმართველ რეჟიმებს რომ უძლებს. 

ზოგადად, სახელმწიფო მმართველობის კურსის ანაბანა ძალაუფლების გამიჯვნით და ე.წ. ”შემმოწმებელი და დამაბალანსებელი” სისტემის შექმნით იწყება, ამერიკელები ”check and balance system”-ს რომ უწოდებენ. ამ სისტემის არსი ისაა, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება და გუნდი უფრო უკეთ მართავს, ვიდრე ერთი კაცი. ხშირად ამ სისტემას უფრო მიკროდონეზეც იყენებენ.

ასე მგონია, თბილისის ”დინამოს” უსტაბაში გულადი ერასტიჩი ნაკლებად უნდა იცნობდეს და ცნობდეს "check and balance"-ის სისტემას. იგი საკუთარ თავზე შეყვარებული და ერთპიროვნული მმართველობის მოყვარული კაცია და უფლება-მოვალეობების დელეგირებისგან შორს დგას. გარედან ისე ჩანს, რომ ”დინამოში”  ყველა და ყველაფერი ერასტიჩის ირგვლივ ტრიალებს და მას შეუძლია ის აკეთოს, რაც უნდა. სამწუხაროა, მაგრამ  ტანჯვით, შრომითა და ოფლით დღემდე მოყვანილი ”დინამო” დღეს ერასტიჩის სათამაშოდ ქცეულა. ერასტიჩი ყველაფერში ერევა, იქიდან დაწყებული, თუ ვინ ითამაშებს ”დინამოში”, ვინ წავა გუნდიდან და უმკურნალებენ თუ არა სოსო გრიშიკაშვილს (რომელსაც დინამოში უფრო მეტი დრო აქვს გატარებული, ვიდრე თავად ერასტიჩს), იმით დამთავრებული თუ, რა უნდა თქვას გუნდის პრესატაშემ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას.

პასტორ ნიმიოლერისა არ იყოს, ერასტიჩმაც ისე დაიწყო - ჯერ იყო და ალექს გარსიას აუღო ბარსელონის მიმართულებით ბილეთი და თან მთელი სამწვრთნელო შტაბი გააყოლა - მისი ეს გადაწყვეტილება ცოტამ თუ გააპროტესტა. მერე დევდარიანს გამოუცხადა ნდობა და ორ თვეში ისიც მოისროლა, მერე ფეხბურთელებსაც დაერია და კაცი არ იყო ხმის ამომღები. საახალწლოდ ფეხბურთელებს ხელფასები დაუქვითა და ესეც არავის გაუპროტესტებია. ერასტიჩს ისიც შეუძლია, გულშემატკივრებს შეხვედრა დაუნიშნოს და შუა შეხვედრიდან სხვა საქმის მომიზეზებით წავიდეს. ერასტიჩს შეუძლია, ფანშოპის გახსნას დაჰპირდეს გულშემატკივარს და გადააგდოს (თუმცა ფანშოპი რა არის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სასტუმრო ”ჰაიატის” აშენების პირობასთან შედარებით). ერასტიჩი საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევს, რომ გუნდში ახალმისულმა, ბუბა ტყავაძე გაუშვას იმ მოტივით, რომ უკეთესი მენეჯერი უნდა და ერთი წლის თავზე ისევ ბუბა ტყავაძე დააბრუნოს. ერასტიჩს შეუძლია, ბავშვთა აკადემიის გახსნაზე დღენიადაგ ილაპარაკოს, ანდრეს კარასკო დიდი ზარ-ზეიმით ჩამოიყვანოს, მასთან ერთად მრავალწლიანი პროგრამა შეადგინოს და მერე ესპანელმა ოჯახის მონატრების ოფიციალური (!) მიზეზით საქმე შუა გზაზე მიუტოვოს. ერასტიჩს ისიც შეუძლია თქვას, რომ თოვლის გამწმენდი ტექნიკა ჰყავს, მაგრამ თოვლის მოსვლისას ეს ტექნიკა ვერსად იპოვოთ.

ერასტიჩს ეს ყველაფერი იმიტომ შეუძლია, რომ მისი ძალაუფლების დაბალანსების მექანიზმი არ არსებობს. ფეხბურთელები სამართალს ვერ ან არ ეძებენ, გულშემატკივარს მასზე ზემოქმედების მექანიზმი არ გააჩნია, ხოლო შრომის კოდექსი ისეა შედგენილი, ერასტიჩის მსგავს დამსაქმებელს სრულად უხსნის ხელ-ფეხს.

წარმოიდგინეთ, ერასტიჩს გუნდში ისეთი კაპიტანი რომ ჰყავდეს, რომელიც მის ასეთ მოქმედებებს გააპროტესტებს; წარმოიდგინეთ, ”დინამოს” იმდენი გულშემატკივარი ჰყავდეს, რომ ბილეთების და აბონიმენტების გაყიდვიდან შემოსული თანხა დიდ როლს თამაშობდეს კლუბის ცხოვრებაში; წარმოიდგინეთ, ”დინამოს”  რომ მმართველი დირექტორატი ჰყავდეს, რომელიც ერასტიჩის გადაწყვეტილებებს ასჯერ აწონ-დაწონიდა და ისე დაამტკიცებდა; წარმოიდგინეთ, დინამო სააქციო საზოგადოება რომ იყოს და აქციონერებს კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა ეთქმოდეთ; წარმოიდგინეთ, საქართველოში ისეთი ძლიერი საფეხბურთო პროფკავშირები რომ იყოს, ერასტიჩს და მის თანამოაზრეებს იქით ეშინოდეთ ფეხბურთელების.

მენეჯერის წარმატება იმით განისაზღვრება, რამდენად შეუძლია მას წარმატებული სისტემის აწყობა, სისტემისა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს და წარმატების გარანტია იქნება. კაცს ფული თუ გაქვს, ინფრასტრუქტურული პროქტები ყველაზე ადვილი განსახორციელებელია, საქმე ის არის, სისტემა ააწყო.

გარედან ისე ჩანს, რომ ერასტიჩს ხედვის მწირი დიაპაზონი აქვს, თორემ მენეჯერი კაცი მმართველობის უკეთესი სისტემის შექმნაზე იფიქრებდა. საქართველოში ბუბა ტყავაძის, სანდრო შახოვის, ზურაბ პოლოლიკაშვილისა და გიორგი ნემსაძეზე უკეთესი მენეჯერის ვერპოვნის მერე მმართველი კაცი იმაზე დაფიქრდებოდა, რომ ამ სფეროში ინვესტირებაა საჭირო. მმართველი კაცი გამორჩეულ ახალგაზრდებს სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო კურსებზე საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვებდა და რამოდენიმე წელიწადში ამ ინვესტიციას ”დინამო” ერთი-ასად ამოიღებდა. ეს უფრო გრძელვადიანი ინვესტიციაა, ვიდრე დინამოს ბაზის ან სტადიონის რემონტი, რომლის შედეგსაც რამდენიმე თვეში დავინახავთ. განათლებას უფრო მეტი თანხები სჭირდება, ვიდრე, მაგალითად, ვიპ-ლოჟაში საპატიო სტუმრების ვისკითა და სიგარით გამასპინძლებას, მაგრამ უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე შეიძლება კაცმა ერთი შეხედვით წარმოიდგინო.


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Sunday, July 8, 2012

და თქვა ბოსკამპმა ...

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ ხელმისაწვდომი და ცნობილი გახდა და ბუნებრივია, არც ვიტამინიზირებული და დატკბილული წყალი GATEWAY-ია ვინმესთვის ახალი აღმოჩენა. 

იგი ნაკრების სამსახურში პირველად იოჰან ბოსკამპმა გამოიყენა და მეტად მკაფიოდ მახსოვს, როგორ გაუბედავად ვსინჯავდით ჟურნალისტები ფორთოხლისფერ სითხეს - რომელსაც სასწაული უნდა მოეხდინა ფეხბურთით გამოფიტული მოთამაშეების სხეულებში. 

აი, ასეთ სისტემაში ვცხოვრობდით. რკინის ფარდა მარტო იმაში კი არ გვიშლიდა ხელს, NBA და NHL ტელევიზორში გვენახა, უბრალოდ ვიტამინიზირებული წყალიც აღმოჩენა იყო ყველასთვის (არ შეიძლება, არ გაგახსენდეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა, ”ამერიკული ჰაერი”, როცა გონებაგამჭრიახი თბილისელი ბიჭი, ამერიკული მოტოციკლის საბურავებში ღამით ჩატუმბულ პლეხანოვურ ჰაერს დილით ამერიკულად ასაღებდა და უბნელებს ოც კაპიკად ასუნთქებინებდა.)  

ბუნებრივია, ყველასათვის საინტერესო იქნება ქართულ საზოგადოებაში აგრერიგ პოპულარული ბოსკამპური ”ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ” გამოთქმის წარმომავლობა. 

სანამ იმაზე ვისაუბრებ, თუ როგორ შვა ჩვენი ფეხბურთის ”იოჰანე მრისხანემ” ეს ფრაზა, იმაზეც უნდა ითქვას, აქვს თუ არა ადამიანს უფლება, ასე ცალსახად და კატეგორიულად გამოუტანოს განაჩენი ერს - იქნება იგი ქართველი, უკრაინელი, ჰოლანდიელი თუ სურინამელი ... 

რა თქმა უნდა - არა! უბრალოდ, თანდაყოლილმა სიფიცხემ სიჭარმაგეშიც დააღალატა მყვირალა ჰოლანდიელი და წამოროშა ის, რასაც უბრალო და ტევადი სიტყვა უზრდელობა იტევს. 

მოგვიანებით, ამერიკაში დაბერებულმა ქართველმა ემიგრანტმა მითხრა, რომ სტატისტიკურად რიგითი ამერიკელი დიდებული ვინმეა და თუკი გამონაკლისი შემხვდება, ათიდან ცხრა შემთხვევაში ჰოლანდიური წარმოაშობისა იქნება. 

ამ მხრივ, დიდი გამოცდილებით ანუ ჰოლანდიელებთან ხშირი ურთიერთობით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ბოსკამპის საქციელი კი ნამდვილად ჰგავდა მედიდური, ზემოდან მაცქირალი კაცისას. სავარაუდოდ, ჰოლანდიაშიც იციან, ხანდახან ენაზე კბილის დაჭერა რომ არის საჭირო, მაგრამ ჩვენმა საფეხბურთო მისიონერმა დაივიწყა ეს. 

მას ახალგაზრდობაში ნაჯახს ეძახდნენ - თამაშის მეტისმეტად ხისტი მანერის გამო და ეტყობა, ეს ხასიათშიც გადაუვიდა. 

ახლა კი ფრაზაზე, რომელიც ნორვეგიაში, ოსლოს აეროპორტში დაიბადა და რომლის შემოქმედებიც ბოსკამპზე მეტად ჩვენივე დელეგაციის წევრები იყვნენ. 

იდგა 1999 წლის მაისის ბოლო დღე. ვიდექით ავტობუსში, რომელსაც თვითმფრინავის ტრაპამდე უნდა მივეყვანეთ. ჩვენ განწყობას მხიარული ნამდვილად არ ეთქმოდა - ნორვეგიელებთან 0-1 წააგო საქართველოს ნაკრებმა. 

ავტობუსი იდგა ათი, თხუთმეტი, ოცი წუთი ... მიუხედავად იმისა, შეყოვნების მიზეზი ნახევარზე მეტმა მგზავრმა არ იცოდა, მაინც ყველა ჩუმად იყო. რეისი ჩარტერული გახლდათ და დროის გამო არავინ შფოთავდა. 

ბოლოსა და ბოლოს რას ვუდგავართო, იკითხა ვიღაცამ. ფეხურთელები ”DUTY FREE”-ში რაღაცას ყიდულობენ და მოვლენ ახლავეო, პასუხი ნაკრების ადმინისტრატორმა გასცა. მოვიდნენ ბიჭები, ავტობუსი კვლავ მორჩილად დგას. 

მოსალოდნელი კითხვისაგან თავის დაზღვევის მიზნით, ადმინისტრატორმა ერთხელაც გამოაცხადა - ორი კაცი გვაკლია, ხომ ვერ დავტოვებთ, დაველოდოთო ... 

გავიდა კიდევ ათი-თხუთმეტი წუთი და ერთი კაცი - ტელევიზიის ჟურნალისტი შემოგვიერთდა. 

”სადაა მეორე?” - ჰკითხეს მას. 

”დარჩენა გადაწყვიტა. აღარ ბრუნდება საქართველოში. აქეთ არ გადმოსულა ...” - უპასუხა იმან. 

ე, მაშინ იყო, ბოსკამპმა რომ იკითხა - რა მოხდა, რაში იყო საქმე, რა პრობლემები შეგვექმნაო ... 
სრული პასუხი გასცეს - ფეხბურთელები ლუდს ყიდულობდნენ, ეს ჟურნალისტი კი მეორეს ელოდა, მაგრამ მან ნორვეგიაში დარჩენა გადაწყვიტაო ... 

საერთოდ, ბოსკამპს ხშირად ჰქონა პირი ღია - ან იცინოდა, ან ყვიროდა. იქ ერთხელაც დააღო - უფრო, ყბა ჩამოუვარდაო, რომ ვიტყვით, ისე იყო ... 



ჰოდა მაშინ თქვა - ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ! 

ჩამოვედი და დავწერე ”სარბიელში”. 

ფრთიანი ფრაზა გამოვიდა - ხალხმა აიტაცა და ათი-თორმეტი წლის მერეც იხსენებენ ხოლმე სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, საგაზეთო რეცენზიებშიც იმეორებენ. 

ვერ ვიტყვი, რომ გვიხარია, მაგრამ იმასაც რომ არ ვაკეთებთ, სხვას ჩვენზე ასეთი რამ არ ვათქმევინოთ?! 

რას გაიგებ ”ჯორჯიან მენტალიტეტისას” ...

სწორედ ოსლოს აეროპორტში იყო, კახა კალაძემ რომ დამაბარა დიდი თხოვნა ჟურნალისტებთან და საერთოდ ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები, რამეს მაინც ნიშნავდა (მისი სიტყვებია და სულ მახსოვს). ბოსკამპი სერიოზული მწვრთნელია და ყველას ვთხოვ, როგორმე შევინარჩუნოთ, ეს ის კაცია, აუცილებლად სწორ გზაზე რომ დააყენებს საქართველოს ნაკრებსო ... 

თუმცა, ”ვისთვისაც კი საქართველოს ნაკრები რამეს ნიშნავს” და თუნდაც ოდნავ ჩახედულია ქართულ ფეხბურთში, კარგად იცის, როგორ განვითარდა სიტუაცია, როგორ დაამთავრა ჰოლანდიელმა საქართველოს ნაკრებსა და თბილისის ”დინამოში” კარიერა. 

ბოსკამპზე საუბარს იმით დავამთავრებ, რომ მოგვიანებით, უკვე ”ოლიმპის” ჟურნალისტობისას, ერთხელაც ვცადე მასთან გასაუბრება - ის დრო იდგა, ფიფა-უეფამ ქართული შოთის უსაშველოდ მოყვარული ბელგიელი მეკარე დენი დონტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა გადაუწყვიტა ”დინამოს” ... 

ბუნებრივია, საინტერესო იქნებოდა იოჰან ბოსკამპის კომენტარი - ბელგიელი ხომ მან ჩამოიყვანა ჩვენში. დავუკავშირდით, გვიპასუხა და როგორც კი გაიგო, რომ ზარი საქართველოდან შეუვიდა, იყვირა: 

”არ ვილაპარაკებ საქართველოზე. ქართულ ფეხბურთში მაფიოზები არიან!” 

ასეთი შთაბეჭდილება დავუტოვეთ. მისი რა ბრალია ... 

კიდევ კარგი, გია გეგუჩაძემ მაინც შეინარჩუნა მასთან კარგი ურთიერთობა. 

                                                                                                                
კონსტანტინე გოგიშვილი                                                                                                          

Wednesday, July 4, 2012

როცა ფეხბურთი თამაშზე მეტია

ხვალ შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისი დიდ ფეხბურთს იბრუნებს და მთელი ქალაქიც ამ მატჩის მოლოდინით ცხოვრობს. სად, სად და ქუთაისში ყველაზე მეტად იციან დიდი ფეხბურთის პეწი და ხიბლი. მე რომ მკითხოთ იქაური გულშემატკივრებიც გამორჩეულნი არიან. არაორდინალურნი, არაპროგრნოზირებადი, ხშირად ზღვარსგადასულნი მაგრამ სხვანაირინი. იქ თუ ქომაგობენ გულით ქომაგობენ და ისე არ არის, თამაშზე ”სასვეცკაოდ” და ოდენ მოწინააღმდეგის თამაშის თვალის შესავლებად წავიდნენ. მწვრთნელ-ფეხბურთელებისაგან ხშირად გამიგონია ქუთაისში სხვანაირი გულშემატკივრობა იციანო და ეს არ არის ჰაი-ჰარალედ ნათქვამი. ამ სიტყვებს აგერ უკვე წლებია სხვადასხა ხალხი სხვადასხვა დროს იმეორებს. ასე მგონია, ქუთაისელ გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს. ამ ძალის შესახებ ნესტორ მუმლაძეს ყველაზე კარგად ეცოდინება, რადგან მისი ქუთაისური ოდისეის დასრულებაში სწორედ ქუთათურმა გულშემატკივარმა ითამაშა დიდი როლი.

ნესტორ მუმლაძე ქუთაისში წარსული და წასული. გასული ჩემპიონატის მანკირე მხარეებსა და ჩაწყობილ თამაშებზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა ”ტორპედოზე” ეჭვი არავის მიუტანია. ღირსეულად დაიკავა მესამე ადგილი და ევროპაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. ევროპაზე მეტოქე კი კარგად ნაცნობი ყაზახური ”აქტობეა”. 

”აქტობე” გუნდია, რომელსაც ფეხბურთის თამაში აშკარად გამოსდის, გამოცდილებაც ააქვს, ტონუსშიც არის და არც შედარებით კლასიანი ფეხბურთელების ნაკლებობას უჩივის. პირველი თამაშიც ქუთაისშია და ესეც მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს. ამას გარდა 2006 წლიდან მოყოლებული ყაზახური საფეხბურთო კლუბი რეგულარულად თამაშობს ევროტურნირებზე, თან შემადგენლობასაც არ ცვლის და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდათ. თუ 2009 წელს ევროპის ლიგის ქვეჯგუფისკენ მიმავალი გზაზე პლეიოფში ბრემენის ”ვერდერი” გადაეღობა და სასტიკადაც დაჩაგრა (0-2 შინ, 6-3 სტუმრად), 2010 წელს ქვეჯგუფში მხოლოდ შინ გაშვებული გოლის გამო ვერ გავიდა. ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშევ ჰოლანდიურ ”ალკმაართან” სტუმრად 0-2 წააგო, შინ კი 2-1 დაამარცხა.




დღემდე ”აქტობეს” ევროთასებზე 22 თამაში ჩაუტარებია. აქედან 7 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, რვაში კი დამარცდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ”აქტობე” შემტევი ფეხბურთის მიმდევარი გუნდია და არასოდეს მომხდარა ისე, რომ ევროთასებზე თამაშისას მოწინააღმდეგისათვის ორი თამაშის ჯამში ერთი გოლი მაინც არ გაეტანოს.

”ტორპედოს” ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. ”ტორპედომ” უნდა დაამტკიცოს, რომ ქართული ფეხბურთი ყაზახურზე ოდნავ მაინცაა წინ. მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ შარშან ჩვენი კლუბების მიერ ევროთასებზე ნაჩვენები შედეგები მარტო გამართლება არ ყოფილა და ქართული საკლუბო ფეხბურთის დონემ მართლაც მოიმატა. კიდევ იმის დამტკიცებაც მოუწევს, რომ ”ტორპედოს” ევროთასებზე გაუსვლელობით ბოლო 7 წლის მანძილზე საქართველომ ბევრი დაკარგა.

”ტორპედოს” ხვალ გაუჭირდება, რადგან მიუხედვად შემტევი სტილისა, თავდასხმის ხაზს საგოლე მომენტების რეალიზაცია უჭირს და რეზო გოცირიძის კარიერამაც უმაღლეს წერტილს 2004-2005 წლის სეზონზე ”ვიტ ჯორჯიაში” მიაღწია. გაუჭირდება, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ”აქტობე” ისედაც შემტევი გუნდია და მეორე, ბევრაც უფრო მეტად შეუტევს ხვალ, რადგან გასვლით თამაშში, ერთი გოლი მაინც ჰაერივით სჭირდება.

”ტორპედოს” უპირატესობა ერთგული გულშემატკივარია, რომელთა თანადგომაც გუნდს ხვალ ყველაზე მეტად სჭირდება. გეგუჩაძე უფრო მეორე ტაიმისა და მეორე თამაშის მწვრთნელია და ხვალ მთავარია ”ტორპედომ” მინიმალურად მაინც აჯობოს მოწინააღმდეგეს, რომ ერთი კვირის თავზე ყაზახეთში ტურისტულად არ ჩავიდეს. ხვალ მთავარია ”ტორპედომ” დაცვას მიხედოს და მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხოს, თორემ ყაზახურ ხვატში ეს ამოცანა უფრო გართულდება.


ხვალ ქუთაისში ”ტორპედო” ზეიმს აწყობს და დიდ ფეხბურთს აბრუნებს. იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი კონოგმირისა არ იყოს ხვალ ქუთაისში ფეხბურთია, ფეხბურთი!!!


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი