ზეგ, საქართველოს რჩეული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოწინააღმდეგე არც თუ შთამბეჭდავი ჰყავს, 440,000 კაციანი ლუქსემბურგის კრებული. ქეცბაიამ ამ თამაშის წინ ის ბიჭები გამოიძახა ვის მხრებზეც უნდა გადაიაროს ბრაზილია-2014-ის შესარჩევმა ციკლმა.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი; გიორგი ლორია; როინ კვასხვაძე
მცველები: გურამ კაშია; ზურაბ ხიზანიშვილი; ალექსანდრე ამისულაშვილი; გიორგი ფოფხაძე; გია გრიგალავა; უჩა ლობჟანიძე; აკაკი ხუბუტია
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი; ჯაბა კანკავა; ჯანო ანანიძე; დავით თარგამაძე; თორნიკე ოქრიაშვილი; ალექსანდრე კობახიძე და სანდრო გურული.
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე; ნიკოლოზ გელაშვილი; მათე ვაწაძე და ირაკლი სირბილაძე.
საქართველოს ნაკრები |
კარსმომდგარ შესარჩევში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ნაკლები პრობლემები მეკარის პოზიციაზე აქვს. შეიძლება ითქვას, გუნდში თანაბარი დონის მეკარეები არიან, თუმცა გარკვეული უპირატასობა ნუკრი რევიშვილს ენიჭება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსულ პრემიერლიგაში გამოდის და გუნდის ძირითადი მეკარეა და მეორეც გიორგი ლორიაზე ერთი წლით უმცროსია და რახან მთავარმა მწვრთნელმა მომავლის გუნდის აშენება გადაწყვიტა, რომელიც ოდენ საფრანგეთი-2016-ზე მოსახვედრად თუ იბრძოლებს, საჭიროება მოითხოვს ფეხბურთელების დაბადების მოწმობებს დავუწყოთ კირკიტი. მეკარეების შესახებ ქეცბაიამ საკმაოდ საინტერესო, თუმცა უცნაური რამ განაცხადა 2012 წლის 10 მარტის ინტერვიუში: ”შესაძლოა, პირველყოვლისა ეს მეკარეებისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ მინდა, მომავალ შესარჩევ ციკლში ორივე მეკარეს თამაშის შანსი თანაბრად მივცეო.” თუ მეხსიერება არ მღალატობს მსგავსი რამე არასოდეს მომხდარა, რომ ნაკრებში მეკარეები მონაცვლეობით მდგარიყვნენ კარში. უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ საინტერესო, თუმცა ვნახოთ რამდენად დარჩება ამ აზრის ერთგული ეროვნული ნაკრების საჭეთმპყრობელი.
დაცვის ხაზში - ცენტრალურ მცველებზე შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად დალაგებული სიტუაციაა. ამისულაშვილი საიმედო მცველია, ისეთი, შეცდომებს რომ არ უშვებს და მასზე დაყრდნობა თამამად რომ შეიძლება. აკაკი ხუბუტიასაც კარგი მზღვეველის პირობებში მშვენივრად გამოსდის თამაში. ორივე მცველი ტანმაღალია და ეს მომენტი მნიშვნელოვანია ისეთ გუნდებთან, როგორებიც ფინეთ-ბელორუსია, რომლებიც სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად ასრულებენ. თუმცა სერიოზული პრობლემებია განაპირა მცველების შემთხვევაში. მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძეს შეუძლია თამაში, თუმცა ეს ბოლო წლებია მას კლუბში ხშირად ცენტრში ათამაშებენ ხოლმე, ისევე როგორც არნემის ”ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას. ფლანგზე თამაშისას უპირატესობა ალბათ მაინც ლობჟანიძეს მიენიჭება, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ნაკრებში და წინ და უკან ფლანგზე სირბილის პრობლება არასოდეს გასჩენია. თუმცა ფლანგიდან მისი ჩამოწოდებები ყოველთვის უკეთესის სურვილს ტოვებს, უკრაინაში ამ მხრივ პრაქტიკა ნაკლებად ააქვს და ეს აისახება კიდეც ნაკრებში თამაშისას.
მარცხენა ფლანგზე კახა კალაძის პოლიტიკაში წასვლამ ისეთი სიცარიელე დატოვა მის ამოვსებას ალბათ დიდხანს ვერ შესძლებს თემურ ქეცბაია. გია გრიგალავას აშკარად აკლია ფლანგის მცველისათვის საჭირო პლასტიკა და სისწრაფე, ქვეჯგუფში კი ოთხივე ისეთი გუნდია, რომელთა არსენალშიც ფლანგური შეტევა მნიშვნელოვანი იარაღია და აშკარაა ქართველ ფლანგის მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ.
2010 წლის 9 სექტემბერს ქართველ სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვერაზე თემურ ქეცაბაიამ საყურადღებო რამე თქვა: ”ვეთანხმები მათ, ვინც თვლის, რომ დღევადნელ საქართველოს ნაკრებში ყველაზე სუსტი რგოლი ნახევარდაცვის ხაზიაო”. ამ სიტყვების მერე ორი წელი გავიდა მაგრამ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. საყრდენის პოზიციაზე ქეცბაია სავარაუდოდ ზურაბ ხიზანიშვილსა და ჯაბა კანკავას დაეყრდნობა. თუმცა პრობლემა ის არის რომ შეტევით ოპერაციებში ხიზანიშვილი არაეფექტურია (კლუბში ცენტრალური მცველია დაბალი სისწრაფის გამო შეტევაში ჩართვას ვერ ბედავს, რადგან საკმარისია შეტევა ჩაიშალოს, რომ უკან დაწევას ვერ მოასწრებს), ხოლო შეტევაში წასული ჯაბა კანკავა ხშირად უკან ჩამოსვლას აგვიანებს (ყოველ შემთხვევაში ბოლო ამხანაგურებში ასე იყო), რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ნაკრებს. ნაკრებს გარემარბებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ფაქტია თარგამაძე ისეთ ფორმაში აღარ არის როგორშიც ის გასული შესარჩევის დასრულებისას იყო. ზამთრის პერიოდში მომხდარმა სატრანსფერო ციებ-ცხელებამ და შახტარ-პორტოში ჩარიცხვის პერსპექტივამ მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ჯანო კი მოსკოვის ”სპარტაკის” ესპანელ დამრგებელს გულზე არ ეხატება და უკეთეს შემთხვევაში ოდენ ნახევარ საათს თუ ათამაშებს. არც ჯანო და არც თარგამაძე არ არიან იმ სტილის გარემარბები, რომ შეტევაში წასულ მოწინააღმდეგის ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმომდე ჩაჰყვნენ და ეს მაშინ როდესაც ფლანგის მცველები ნაკრებში არასაიმედონი არიან. ერთი სიტყვით ფლანგებზე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს (მარჯვენა ფლანგის მცველებს ამ მხრივ არაუშავთ) და ამ საქმეს სასწრაფოდ შველა სჭირდება.
არავინ იცის რამდენად შეძლებს სანდრო კობახიძე იმას რომ ნაკრებში ლიდერობაც საკუთარ თავზე აიღოს, ბურთიც დაიჭიროს, ტემპიც დაარეგულიროს და თანაგუნდელებიც საგოლე პასებით მოამარაგოს. ის ნაკრებში ნათელი წერტილია, თუმცა რამდენად მზად არის ლიდერობის და საკვანძო ფეხბურთელის ტვირთის ასაღებად ამას დრო გვიჩვენებს.
ნაკრებში გამოძახებული არ არის ლადო დვალიშვილი, თუმცა ეს ლოგიკურიც იყო, ერთი რომ იგი ახალი კლუბის ძიებაშია და მეორე ხანგრძლივი მშრალი სერიის მერე დროა ნაკრებში სხვა ფორვარდიც გაისინჯოს. მის ადგილას საინტერესო იქნება მათე ვაწაძის ხილვა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია და ევროტურნირებზე გოლი-გოლზე გააქვს, თუმცა მთავარია მათემ იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რაც ამ ორიოდ წლის წინ დაუშვა, როდესაც საუკეთესო ფორმაში მყოფი რუსეთში წავიდა, იქ კი ღრმა სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა და დიდი დრო დაკარგა.
საინტერესო კიდევ ერთი მომენტია - ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობიდან საფრანგეთ-2016-ის შესარჩევისათვის, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყება ზურაბ ხიზანიშვილი 33-ის, ამისულაშვილი - 32 წლის იქნება. შესაბამისად საკვანძო პოზიციებზე ფეხბურთელების ძიება გახდება საჭირო და რამდენად შეიძლება მათი იმედზე ყოფნა ქეცბაიას უნდა ვკითხოთ.
ნაკრების პრობლემა ის არის რომ სათადარიგოთა სკამზე არავინაა, ვისაც რეალურად შეეძლება გუნდის გაძლიერება. ამ ყველაფერსაც თავი, რომ დავანებოდ საუკეთესო კლუბი სადაც ქართველი ირიცხება (მხოლოდ ირიცხება და არა რეგულარულად ასპარეზობს) - მოსკოვის ”სპარტაკია”.
რამდენად შეძლებენ უმოკლეს დროში გუნდების მოძებნას მარცვალაძე და ყენია ამას დრო გვიჩვენებს, ისინი ნაკრებს სჭირდება და იმედია ქეცბაია ყენიას კლუბში დაბინავებისთანავე გამოიძეხებს. ქეცბაია პირად წყენას ნაკრებზე წინ არ დააყენებს. ეგ კი არა, როგორც ამბობენ ნაკრების სალუქსემბურგო სიაში გოგიტა გოგუაც იყო ჩაწერილი, მაგრამ ”ანორთოსისთან” უპასუხიმსგებლო თამაშის შემდეგ ქეცბაიამ ამოშალაო.
თავისი პრობლემებითა და იმედებით, ზეგ ნაკრები იმ დიდი გვირაბში შედის, რომლის ბოლოსაც შუქი 2016 წლისათვის თუ გამოჩნდება.
ვაჰიდ ჰალილოჯიჩი
No comments:
Post a Comment