Saturday, August 11, 2012

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და როგორც ყოველთვის, ახლაცაა რაღაც სიახლის, რაღაც განსხვავებულის, რაღაც ინტრიგის მოლოდინი, თუმცა სხვაგვარად ალბათ არც შეიძლება, იყოს. 
ქართველები ემოციური, სამხრეთული ტემპერამეტის ხალხი ვართ და სულ რომ თორმეტივე გუნდმა გამოაცხადოს, ჩემპიონატს აბსოლუტურად მოუმზადებლები ვხვდებითო, გულშემატკივარი მაინც აღმოაჩენს გულის კუნჭულში პატარა ადგილს, სადაც იმედის ნატამალს შეინახავს. 

გულშემატკივარი - როგორ უჭირს დღეს ჩვენს ჩემპიონატს ეს ფენომენი. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, ბოლო-ბოლო თუ აქამდე მხოლოდ თბილისის ”დინამო” დაიკვეხნიდა ორგანიზებული ფან-კლუბით, ახლა სხვებმაც გამოიჩინეს ფხა და მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ წინსვლა მაინც თვალში საცემია. 
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”დინამოს”, ”ტორპედოს”, ”ზესტაფონს”, ”მეტალურგს”, ”ბათუმს” და ”დილას” შინ თუ გარეთ უმაგრებენ ზურგს ომახიანი შეძახილებით. მართალია, ამ ბიჭების რაოდენობა არც თუ ბევრია, მაგრამ მათი გარჯა ნამდვილად დასაფასებელი უნდა იყოს. 

მაინც რას ველოდებით ახალი ჩემპიონატისაგან? 
დაკონკრეტება ძალიან ძნელი საქმეა, განზოგადებას კიდევ დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოს, მეეჭვება. ფაქტი ისაა, რომ ჩემპიონობას ფიცხელი ბრძოლის სუნი ასდის და საინტერესოა, ვისი აჯობებს: ზედიზედ ორგზის ჩემპიონ ”ზესტაფონის” თუ უჩვეულო პაუზა აღებულ ”დინამოსი”? ერთი შეხედვით დასუსტებული ”მეტალურგის” თუ ევროთასებზე ნაყოჩაღები ”დილასი”? გაახალგაზრდავებული ”ტორპედოსი” თუ ... 
ვფიქრობ, სწორედ აი, ამ ხუთ გუნდს შორის გათამაშდება ოქროს ბედი და თუ ვის ექნება საქმე საქეიფოდ, მაისში გამოჩნდება. 


24-ე ჩემპიონატი ალბათ დასაბამი უნდა იყოს იმისაც, რომ არ შეიძლება ქვეყნის საუკეთესო კლუბები ეზოებში თამაშობდნენ ფეხბურთს. 
სამწუხაროდ, გასულ სეზონში ამის მაგალითი ბევრი იყო, როცა ე.წ. ”მარაკანაზე”, ”შატილზე” თუ სხვა სტადიონისმაგვარ ადგილზე უწევდათ გუნდებს ბურთის გორება. დამეთანხმებით, ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს როგორც თავად ფეხბურთელზე, ისე მთლიანად ჩემპიონატზეც, რადგან ეს აღარ არის თუნდაც მინიმალურ დონეზე შეფუთული პროდუქტი, რომლითაც ვინმეს დაინტერესებას შეძლებ. 
და როცა უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელი ”შატილის” ”აბიბინებულ საფარზე” ფეხის შედგმისას იტყვის, ვაიმე, ეს სად დავბრუნებულვარო,  მგონი, აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია ... 

მოკლედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ მიმართულებით მოთხოვნები გაამკაცრა და იმედია ბოლომდე დაიცავს თავის პრინციპულობას. 

წინსვლაა ეკიპირებებში: ქართული გუნდების დანახვაზე უკვე აღარ გეფიქრება ადამიანს, გულისრევის შეგრძნება ხომ არ მაწუებსო. თუმცა მკაცრი ხელი აქაც საჭიროა: 21-ე საუკუნეში აუცილებელია, ყველა კლუბს მოეთხოვოს მუდმივნომრიანი და გვარწაწერილი მაისურები საკლუბო და საჩემპიონო ლოგოებით დამშვენებული, თუმცა სანამ სფფ სხვას დაუქნევს თითს, მანამდე სჯობს საკუთარ თავსაც ჰკითხოს: რა გახდა ამდენი ხანი ერთი საფირმო-საჩემპიონატო ლოგოს შექმნა?! 

სკანდალი, მსაჯებზე გაბუტვა, გაქაჩვა-გამოქაჩვა, იმაზე ამის დაბრალება, ამაზე ხელის დაფარება, ბოლო-ბოლო, ჩემპიონატის ვინაობის კაბინეტში გარკვევა - გასულმა სეზონმა ეს ყველაფერი დაიტია და მთლად უხმაუროდ ალბათ არც ეს ჩემპიონატი ჩაივლის, თუმცა რაც უნდა იყოს, ყველამ თავის მიცვალებულს უნდა მიხედოსო და ამ ნათქვამის პერიფრაზით სულაც არ მსურს, 24-ე ეროვნული მიცვალებულს შევარადო, მით უმეტეს, გორის ”დილამ” უკვე შეაფხიზლა საფეხბურთო სამყარო და ყველას დაანახა, რომ ”ანორთოსისის” გაგონებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა თქვა, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში აქვს ნათამაშები და სად ისინი და სად ჩვენო; ან თუნდაც ”ორჰუსის” გაგონებაზე არ უნდა გაიფიქრო, დანიაში საშუალო ხელფასი 2500 ევროა და აბა, როგორ გინდა, ამათ მოუგოო. 

ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი და იბრძოლეთ ბატონო: აგერ ბურთი და აგერ მოედანი, ოღონდ ... არა ”შატილი” ან ”ქართლი”!

... ვეცადე მაგრამ მაინც იმედნარევი წერილი გამოვიდა. ბევრი მინუსის თუ სისაძაგლის გახსენებაც შემეძლო და ბევრის წყლისთვის გატანებაც, თუმცა ... ზემოთ ქართველების ტემპერამენტზე გამესვა წითელი ხაზი და ... ამ წერილის ავტორიც ხომ ქართველია ... 

ფუტ ბოლი

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. მეც იმედი მაქვს,რომ უკეთესი ჩემპიონატი გვექნება წინა წლებთან შედარებით,მითუმეტეს ჩემპიონობისთვის მებრძოლთა კონკურენციაც გაიზარდა.ასევე იმედი მაქვს,რომ მსაჯობის პრობლემაც აღარ იქნება,აღარ დავინახავ მინდორისკენ "მფრინავ ფეხსაცმელებს" და მინდორსა თუ ჰაერში "მონარნარე" პაკებს! იმედია გულშემატკივარიც დავიხვეწებით და "სუძია პიდარასტის" ნაცვლად სხვანაირად გავამხნევებთ ჩვენს გუნდებს,ჩამოგვიყალიბდება გულშემატკივრობის კულტურა,უფრო მეტი ხალხიც მოვა თამაშებზე... მოკლედ დიდი იმედებით მივადევნებ ჩვენს ჩემპიონატს თვალს.

    ReplyDelete
  3. kuch umba

    დიდი მადლობა გამოხმაურების და ბლოგის კითხვისათვის.
    ვნახოთ. წესით ძალიან დაძაბული ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს. მთავარია ყველაფერი ნორმალურად ჩატარდეს და გარიგებული თამაშები არ იყოს.

    ReplyDelete