1996 წლის 8 ნოემბერს თბილისის აეროპორტში "ბოიგნები" ერთი მეორის მიყოლებით ჯდებოდა. ჯერ სტუმართა გუნდი ჩამოფრინდა, მერე კი მათი გულშემატკივარი. მაშინ ის პერიოდი იყო თბილისში ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობდა. ვიღაც მახვილგონიერმა სტუმართა გულშემატკივარს მოსაცდელ დარბაზში მოუყარა თავი. თქვენთვის ოფიციალური განცხადება უნდა გავაკეთოთო. ცოტა ხანში აეროპორტში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მივიდა. "მე პოლიციის გენერალი სოსო ალავიძე გახლავართ, პოლიცია თბილისში კრიმინოგენულ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ყოველ მეორე მაცხოვრებელს შინ ”კალაშნიკოვი” უდევს და ამიტომ თქვენთვის უკეთესი იქნება თავს კონტროლს თუ გაუწევთო". მეორე დღეს ინგლისმა საქართველოს მოუგო. გიჟმაჟობით ცნობილი ინგლისელი გულშემატკივარის სექტორში საპანაშვიდე სიტუაცია იყო. იმას ვინც 90-იანი წლების საქართველოს მოესწრო გუშინ ლარნაკაში მომხდარი კვიპროსული გიჟმაჟობით ვერ გააკვირვებ. მისთვის ესეთი რამ ორდროშობანას თამაშს წააგავს.
გუშინ ისე გამოჩნდა, რომ კვიპროსელებმა მატჩის უსაფრთხოება აფროდიტას მიანდეს. ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. კვიპროსელები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა თამაშზე სადღაც ორმაცდაათიოდე პოლიციელი გაუშვეს. ალბათ რონი ლევსაც კვიპროსელი სამართალდამცავებივით საქმე მოგვარებული ეგონა. ჯერ კიდევ თბილისში ემჩნეოდა მედიდურობა ებრაელ სპეციალისტს მაგრამ ებრაულ გათვლებს ქართულმა აჯობა.
დილა - ანორთოსისი |
გუშინ, გორში ”დილამ” პოლარული ღამე გაათენა. ოთხი წლის წინ ნაჯიჯგნი ქართლი ტკივილიანად ზეიმობდა. ჯერ არ განელებული ტრაგედია, ჯერ კიდევ თვალწინ არიან ანწუხელიძე, ლაშა თევზაძე, შინდისის გმირები. გუშინ "დილას" შინდისი ლარნაკაში იყო. თითქოს სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ”დილამ” მოახერხა ის, რომ 38 წუთში, ჩემპიონთა ლიგა მოვლილი ”ანორთოსისი” იპონზე დაახეთქა. "დილამ" დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი და მებრძოლი კაცი არასოდეს მარცხდება. კვიპროსელი გულშემატკივარი კი ... გულშემატკივრის ქცევა ფაქტიურად თეთრი პირსახოცის გადმოფენას ჰგავდა. ”ანორთოსისი” დანებდა.
წაგებასაც ცოდნა უნდაო გამიგია. არ სცოდნიათ კვიპროსელებს წაგება. აგრესიულობა მე მაინც სისუსტის გამოხატულება მგონია. ბევრჯერ მსმენია, წამიკითხავს, მისაუბრია, რომ ქართველებმა გულშემატკივრობა არ ვიცით, მაგრამ გუშინდელმა დღემ ისიც აჩვენა, რომ ამ საქმეში კვიპროსელებთან შედარებით მსოფლიო ჩემპიონები ვართ. საქართველოში სტადიონზე აგრესიის უკიდურესი ფორმებით გამოვლინება არასოდეს მომხდარა (ყოველ შემთხვევაში ევროთასებზე). ეს არ არის პატარა ამბავი, როდესაც საფეხბურთო სამყარო ხულიგნებმა წალეკეს.
საქართველოს ისტორიაში ქართული კლუბები, სერიოზულ მეტოქეებთან სტუმრად იშვიათად იმარჯვებენ. ამ წუთას რაც მახსენდება თბილისის ”მერანის” - ავსტრიულ ”რიდთან”, ქუთაისის "ტორპედოს" ბელგიურ ”ლომელთან” და თბილისის "დინამოს" მოსკოვის ”ტორპედოსთან” გამარჯვებებია. ქართველთა სტუმრად გამარჯვება და ზოგადად გამარჯვებასაც ყოველვის ეჭვების კასკადი მოსდევს. ჩაწყობილი იყო? იყომარეს? გამაზულია? 2004 წელს თბილისის ”დინამოს” ევროთასებზე სუფთად გასვლისა დღესაც არ სჯერა ბევრს. თუმცა მათი საქმეა. ესეც ალბათ ერთგვარი კომპლექსია, დამარცხებული ერის კომპლექსი, რომელმაც დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ყველა ომი წააგო. ამ კომპლექსს დრო და წარმატებები ერთად განკურნავს. მანამდე კი იმ ცნობილი ფრაზისა არ იყოს - ვისაც გვჯერა გაგვატარეთ ...
გუშინდელი მოგება გორის ”დილას” უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ”ანორთოსის”. კვიპროსელთაგან განსხვავებით, ქართლში ჭრილობა ჯერ კიდევ გახსნილია და ეს გამარჯვება მას სალბუნად დაედება.
გორის ”დილას” მსგავს პროექტზე წლების წინ მერაბ ჟორდანია და რომიკო შოთაძე ოცნებობდნენ. მათ სურდათ თბილისის ”დინამოში” ე.წ. ”დრიმ თიმი” შეექმნათ, რაც ყველა წარმატებული ქართველი ლეგიონერის უკან დაბრუნებას გულისხმობდა. ვერ მოხერხდა. გორში კი შეძლეს და შედეგიც სახეზეა. გორში მოახერხეს მაღალი დონის ქართველების ჩამოყვანა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა. ეგ კი არა გუშინდელი წარმატებისთვის "დილას" თითოეული მოთამაშე 50,000 ევროს აიღებს. მე თუ მკითხავთ დამსახურებულადაც.
დღეს ნიონში უეფა წილს ყრის და თუ ბედმა გაუღიმა არ არის გამორიცხული "დილა" რვაწლიანი პაუზის მერე მეორე ქართული გუნდი აღმოჩნდეს, რომელიც ევროთასების ქვეჯგუფის კარს შეაღებს.
დღეს ნიონში უეფა წილს ყრის და თუ ბედმა გაუღიმა არ არის გამორიცხული "დილა" რვაწლიანი პაუზის მერე მეორე ქართული გუნდი აღმოჩნდეს, რომელიც ევროთასების ქვეჯგუფის კარს შეაღებს.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment