ჭადრაკი ბრძნული თამაშია. იმდენად საინტერესო, დღემდე ვერ გაურკვევიათ, სპორტი უფროა თუ მეცნიერება. ყოველ შემთხვევაში, თუკი გათვლა და დათვლა ანუ მათემატიკა მეცნიერებაა, ჭადრაკიც მეცნიერება ყოფილა.
ყველაფერთან ერთად ფილოსოფიური პროცესიცაა - მეფე კი მეფეა და იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, მისი სიკვდილი პარტიის დასასრულს ნიშნავს, მაგრამ სხვა ფიგურებთან შედარებით, ისე შეზღუდულია გადაადგილებებში, იმდენი ჩარჩო აკრავს, სხვები სულ მის დაცვაში არიან და თავადაც სულ იმალება ...
რის აგრესია, რა აგრესია - მეფესავით მიუსაფარი მეორე მეფეღაა, ოღონდ სხვა ფერისა.
ვფიქრობ, მეფის ბედი ჭადრაკში ზოგადად მეფეების ბედს აირეკლავს - მკაცრად განსაზღვრული ადგილი და მდგომარეობა, შეზღუდული უფლებები და ძალა. ლაზიერი ... ჩვენ რომ დედოფალს ვეძახით. მისი მომგონი უთუოდ თანამედროვე ფემინისტების წინაპარი იყო და ქალის ფსიქოლოგიის კარგადაც მცოდნე. ქართული სხვა არაფერი მახსენდება, გარდა ანდაზისა; ქალმა თუ გაიწიაო ... ე, ისეთი ქალების მარაქიდანაა ლაზიერი.
დანარჩენიც ასე, - კუ, მხედარი, სპილო ყველას თავისი წილი და როლი აქვს: ყველა მათგანი მეფისთვის კვდება ან მეფეს კლავს - ოღონდ, სხვა ფერისას ...
პაიკი ... პაიკი?! პაიკი მასაა - ვითომ თეთრი ან შავი, მაგრამ სინამდვილეში ნაცრისფერი. საზარბაზნე ხორცი. რაოდენობითაც ხომ ყველაზე მეტია - შესაბამისად მისი მნიშვნელობაც ვერ შეედრება სხვებისას.
მათ შორისაც არის სხვაობა - ყველაზე თავგამოდებულნი, ცენტრისანი, გაბრიაძისეული რომ ვთქვათ, "ჩქარად მდუღარეები", სხვებზე ადრე ქრებიან დაფიდან და ენდშპილის ჯარისკაცები, განაპირა სტატისტები კი ხშირად პარტიის ბედსაც წყვეტენ ...
გამსვლელი პაიკებიც მათ შორის ჩნდებიან უფრო ხშირად - საკმარისია სულ შვიდ უჯრაზე გადაადგილება და ...
"დაწინაურდებიან" ხოლმე - მეფობაზე ნურას უკაცრავად, მაგრამ დედოფლობას და აზნაურობას სურვილის გარდა, არაფერი უდგას წინ.
იცვლება შინაარსი და იცვლება ფორმაც - თუმცა, რაკი ფიგურები უსულონი არიან - მახსოვრობის გარეშე, დაფის დახურვისას, ყველა საკუთარ შინაარსსა და ფორმას იბრუნებს, მეფე მეფეა, პაიკი - პაიკი ...
******
სულ ყმაწვილი მახსოვს. მორიდებული, უხმაურო იყო. მოვიდოდა, ხმადაბალ სალამს იტყოდა და თავისი მასტის ხალხს, ოპერატორებს შეერეოდა. ზოგადად, ტელევიზიის ოპერატორები "პრაბივნოი" ხალხია, ამაყი და ადრინდელ თბილისში რომ იტყოდნენ, "ჩახმახივით შემართულიო" კი არა, უფრო ახლანდელ თბილისში რომ ამბობენ, "გორლაზე დგასო" აი, ისეთი.
ეგ არ იყო გორლაზე - სამუშაო უნდოდა, საქმის სწავლა, "გორლაზე სადგომად" არ ეცალა.
ის ტელევიზია უდღეური გამოდგა - ოთხმოცდაათიანი წლების შუაში კი არა, ახლა უჭირს მედიას და მაშინ რა იქნებოდა.
დავიშალეთ, წავედ-წამოვედით და ათიოდემ თუ შევინარჩუნეთ ერთმანეთთან ურთიერთობა.
იგი ჩვენზე უმცროსი იყო, სპორტთანაც მაინც და მაინც დიდი სიახლოვე არ შემიმჩნევია და როცა სპორტული რედაქციისთვის ოპერატორი მჭირდებოდა, უფრო სხვებს დავიხმარდი ხოლმე.
იმის თქმა მინდა გადამავიწყდა-მეთქი. ვარდების რევოლუციის მერე გამახსენეს - ხომ გახსოვს, ჩვენი ოპერატორი რომ იყო, ახლა აქა და აქ მუშაობსო.
გახსენებით კი გავიხსენე, მაგრამ მერე რაა რომ ... ვარდების ხელისუფლება სანახევროდ ჟურნალისტყოფილებითაა დაკომპლექტებული და სუყველას თუ არა, ნახევარს ვიცნობდი, მაგრამ ...
მერე რაა რო - საქართველო ცოტაა, თბილისი პატარაა ...
ომის დროს ვნახე, გორში. ჩვენი ტელევიზია, თავი შევახსენე და რაკი გორი ტიროდა და თბილისში კი კონცერტი გამართეს, ალალად მითხარი, როგორაა საქმე მეთქი, ვკითხე ...
"საინფორმაციო ომს ვაგებთო"
მეორე დღეს გაირკვა - მარტო საინფორმაციო ომი არ წაგვივია ...
ლადო ვარძელაშვილი |
ტელევიზორში ჩნდებოდა ხშირად. თანამდებოდა შეუცვალეს. ყვითელ პრესაში დაუწერეს რაღაცები.
მალე სერიოზული პრესაც გადასწვდა. ეს იმიტომ, რომ სპორტსმენებს გადასწვდა თავად და რამდენიმე ხმაურიანი ამბავიც მოახდინა. ყველას ვერ დაამუნჯებ და შიგნით მომხდარი გარეთ უშუალოდ ამბების მონაწილეებმა გამოიტანეს.
ერთმა მომიტაცაო, მეორემ - მაგინაო ...
თავად ის თქვა, კრიმინალს ხელი დავაფარეო ...
არ მიკვირს. ხშირად მოსდით ეგეთები ჩუმ და მორიდებულ ტიპებს - ერთგვარი რევანშია, წარსულთან შურისძიება. იმ ჩუმი წუთებისთვის, საათებისთვის, დღეებისთვის, თვეებისთვის, წლებისთვის ...
გამსვლელი პაიკის ფსიქოლოგია დევს მანდ ...
ახლა არ იფიქრებს ამაზე. უფრო მერე, როცა დაფა დაიხურება და ყველა საკუთარ თავსა და შინაარსს დაიბრუნებს.
ახლა მეფეც გამსვლელი პაიკია, არათუ ლაზიერი და კუ ...
ახლა სპორტის მინისტრია. ჯერ ადრეა მსგავს რამეზე ფიქრი.
კონსტანტინე გოგიშვილი
No comments:
Post a Comment