მამუკა ჯუღელი თავის ამპლუაშია. ასეთ სიტუაციაში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. არც პრეზიდენტია, არც მწვრთნელი, მაგრამ მის აზრს ანგარიშს უწევენ. აი, ასეთი ტევადი სიტყვა და ფუნქციაა მენეჯერი.
ასეც უნდა იყოს, კლუბი სავსეა ”მისი” ფეხბურთელებით - თავადაც ნაფეხბურთელარს, კარგად ესმის, როდის რა უნდა უთხრას სოლიდური ხელფასისა და კლუბის ძებნაში სვეგამწარებულ ქართველ ახალგაზრდებს. ეტყობა, დროზე და სწორად ეუბნება, რაკიღა ისეთი ინტერვიუც წამიკითხავს, საქართველოს ნაკრების წევრი ”მამასავით მოამაგეს” უწოდებდა.
მამუკა ჯუღელი |
ახლა ”დილაში” დრეიფობს მისი ხომალდი. ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება - ბევრჯერ უდრეიფია ამგვარად. კლუბის ხერხემალს მისი კლიენტები ანუ მასთან ”მენეჯერულ ამბავში” დაკავშირებული ფეხბურთელები წარმოადგენენ. შესაბამისად, სიტუაციის წარმართვა შეუძლია.
ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. მიდიოდა კლუბში და ნაცნობ სცენარს განახორციელებდა: საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ ძლიერ მოთამაშეებს ჩაიყვანდა, აბა მიზნები, აბა ”პადიომნები”, აბა პრემია-ხელფასები (ყოფილა, თავადაც გაუკრია ჯიბეზე ხელი, მისთვის საინტერესო მატჩისას ფეხბურთელების დასაინტერესებლად) და ...
სეზონ-სეზონნახევრის მერე, ”მისი ფეხბურთელები”, უკვე საქართველოს ჩემპიონის, პრიზიორის ან თასის მფლობელის სტატუსით უცხოეთში გადაბარგდებოდნენ.
წესით, გორშიც ასე უნდა მოხდეს. ყოველთვის, ყველა კლუბში ასე ხდება, სადაც კი მამუკა ჯუღელის დესანტია ხერხემალი. თუმცა, გორი ის ადგილია, სადაც ინტერესი სხვა, გაცილებით გავლენიან ”ხერხემალს” გააჩნია - პრემიერია ის კაცი. შესაბამისად, ეგებ დარჩენაც ჯობდეს - როგორც ხმიანდება, ”ხერხემალი” ფულს სერიოზულს ”გამოდის”, მიზნები სოლიდური აქვს და ”აუზში წყლის ჩასხმას” ანუ ბაზა-სტადიონს რაც შეეხება, ესეც ამოჭრილი აქვს ტევად გულში.
კი, გასაგებია, რომ აღდგომა და ხვალეო, მაგრამ ისიც ხომ ნათქვამია, ჭინჭრაქას რომ ბუმბულში აწვენდნენ და ფუჩეჩ-ფუჩეჩს იძახდა? ვინ იცის, ასეთი პატრონ-მყვარებლიანი ”დილაც” მიატოვოს ”ჯუღამ და კომპანიამ” ...
რასაც ვუყურებ, სცენარი ძველებურად უნდა განვითარდეს - მენეჯერის სამომავლო სტრატეგიის სიჭრელეში სეზონის სტარტზე სამიდან სამი წაგება მაეჭვებს. თუნდაც ეს ”სამში სამი” ამტკიცებს, რომ საქართველოს ჩემპიონატს გუნდი ზერელედ ეკიდება, ერთგვარ საშუალებად იყენებს, რათა ვთქვათ, ფუნჩალელ მოკრძალებულებს ევროპის ლიგის ქვეჯგუფში შესასვლელად გადაალაჯოს.
სადილაო ლოგიკა კი ასეთია, მაგრამ ფეხბურთსაც აქვს საკუთარი ლოგიკა - ზერელეობისას შურისძიება ჩვევია. არ ამართლებს ეს გზადაგზა მოშვება-მოდუნებები. მითუმეტეს, სეზონის დასაწყისში. არადა, ქართლიც და გორიც ღირსია, ბაზაც ჰქონდეს, სტადიონიც, სკოლაც ჰყავდეს და გუნდიც. ფეხბურთი უყვართ, ესმით, ტრადიციაც მშვენიერი აქვთ. დროებითი არ ეკადრებათ (ან ვის ეკადრება რო) ...
ისე ამის განხორციელებასაც მენეჯერი სჭირდება - ოღონდ სხვანაირი, ჯუღელისაგან განსხვავებული.
თედო რიჩი
No comments:
Post a Comment