... მისმა სიჭაბუკემ გლდანის სპორტულ ინტერნატში გაიარა. ჭყინტიო იმერეთში რომ იტყვიან, სწორედ ისეთი ჩამოვიდა სამურზაყანოდან. უბრალო და გულიანი პროვინციელი ბიჭი. დამხვდურებმა მოლოდინი გაამართლეს. თავის დამკვიდრება იყო საჭირო. საკუთარი მეს დამკივრება ცხოვრებაში მას ბევრჯერ და ბევრგან მოუწია, მაგრამ მას წინააღმდეგობების არასოდეს შინებია, არასოდეს დაუხევია უკან, არ დამალვია გამოწვევას. ესეთი რამეები არასოდროს ყოფილა მის ხასიათში. ვერასოდეს ეგუებოდა უსამართლობას და შინ თუ გარეთ სულ ამის წინააღმდეგ იბრძოდა. ყველაფერზე საკუთარი შეხედულება გააჩნდა. ისეთი, რომელიც შეიძლება არ იყოს საზოგადოების ფართო ფენებისთვის მისაღები, მაგრამ ის ასე მიიჩნევს და აქ სრულდება ყველაფერი. საზოგადოებრივ აზრის წინააღმდეგ წასვლა და თეთრი ყვავობა ბევრს არ შეუძლია. ეს ფაქტიურად საზოგადოების დუელში გამოწვევას ნიშნავს და ღირს კი?!
მას უღირდა. სპორტულ ინტერნატში სხვადასხვა რჯულის და წარმომავლობის სპორტსმენები ცხოვრობდნენ, მაგრამ აღლუმი ძიუდოისტებს მიჰყავდათ. იქ ისეთები ხდებოდა, რომ .... წლების მერეც ინტერნატის აღზრდილებს ერთი ამბავი ყველაზე კარგად დაამახსოვრდათ. ეს ამბავი ერთი შეხედვით ძნელად დასაჯერებელი იყო. ინტერნატში მცხოვრები ძიუდოისტები ერთმანეთს ხშირად სხვადასხვა ნივთებს ჰპარავდნენ. ერთ-ერთ ქურდობას კი ის მოჰყვა, რომ სამურზაყანოელი ყმაწვილი ძიუდოისტებზე გაიქაჩა - აქაოდა როგორ შეიძლება ერთად მცხოვრებნი ერთმანეთს ნივთებს ჰპარავდეთო. უსამართლობა იყო, ვერ შეეგუა და ...
|
თემურ ქეცბაია |
ხასიათის ეს შტრიხი ვერაფერმა შეუცვალა. ვერც კვიპროსზე ცხოვრებამ და იქ ხალხის სიყვარულმა, ვერც მილიონების შოვნამ, ვერც ინგლისში გატარებულმა პერიოდმა და ვერც მსოფლიოს საუკეთესო ხუთ მწვრთნელს შორის დასახელებამ. მოგვიანებით მასზე მოურინიომ იტყვის, რომ ის შემგარი მწვრთნელია, რომელმაც უსახური ”ანორთოსისი” გუნდად აქცია. ჟოზე არ არის ის კაცი ვინმე მხოლოდ ლამაზი თვალების გამო შეაქოს.
ნაკრებში გამოსვლისას ის გუნდის სული და გული იყო. მე მინახავს ვარშავის თქეშა წვიმაში ნაკრების 1-4 წაგებული თამაში. მახსოვს მუხლებზე დაცემული ქეცბაია, როგორ ამაოდ ითხოვდა პასს და გამწარებული მისდევდა პირით ხაზს იქით გადასულ ბურთს.
რუმინეთში წაგებული (0-5) თამაშის მერე ნაკრების ფეხბურთელები თვითმფრინავით ღამით უკან ბრუნდებოდნენ. იყო კარტის თამაში, სიცილ-ხარხარი, ღრიანცელი და ღადაობა. ის ფანჯარასთან იჯდა ილუმინატორში ერთ წერტილს მიშტერებული. ბორტზე შოუ გრძელდებოდა. მისი შეწყვეტა მხოლოდ მაშინ იკადრეს, როდესაც ქეცბა გველნაკბენივით წამოვარდა და იღრიალა - ”რა გაცინებთ, რუმინეთმა დედა გვიტირა, ინერვიულეთ მაინც ბლიადო”!!!!
ის ემოციურია და ამ ემოციების გარეშე არ შეუძლია. ის ქარიზმატულია და არ ცნობს ავტორიტეტებს, ამიტომაც იყო გასულ წელს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” გამართულ ყრილობაზე ჩვენი ფეხბურთის ვეტერანები რომ დააწიოკა. ის ვეტერანები, რომლებთა უმრავლესობა ახლა გამოჩნდა, მანამდე კი ზოგი შევარდნაძეს მიწის გადაცემის ბრძანებულებაზე აწერინებდა ხელს შემდგომში ბაზრობის ასაშენებლად, ზოგი ”დინამოს” სტადიონის წინ მაღაზიებს არემონტებდა, ზოგიც კი პარლამენტში პულტის თამაშით ერთობოდა. იყვნენ და არიან ღირსეულნიც მაგრამ ემოციებმა თავისი ქნეს და ყველა ერთ ქვაბში მოიხარშა. მას ემოციების კონტროლი არ შეუძლია და ეს არის მისი დიდი მტერი.
არც კომუნიკაციის უნარით დაუჯილდოებია ღმერთს, თუმცა რასაც ამბობს გულიდან მოდის. ის არ არის არც ტალეირანი, არც ციცერონი და არც თანამედროვე პიარ ტექნოლოგიებისა გაეგება რამე.
ვერ ეგუება უსამართლობას და იმას, როდესაც მის იდეალებსა და მის სიმართლეს ეჭვით უყურებენ, ალბათ ამიტომაც არის რომ ნაკრებში მისი დიქტატია. ემოციურობა და სიფიცხის მიუხედავად შეუძლია დათმობაზე წასვლაც. მოლდოვასთან პირლოს სტილში შესრულებული და აცილებული პენალტის შემდეგ გასახდელში შესულ გრიგალაშვილს ყველას თანდასწრებით გამოუცხადა, რომ ეს მისი უკანაკსნელი თამაში იყო ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მერე გადაწყვეტილება შეცვლა და გრიგალასაც რამდენჯერმე მოუწია ნაკრების ფორმის მორგება. ხორვატიის თამაშის მეორე დღეს ვარჯიშიდან გამოგდებული გოგიტა გოგუას დაბრუნებაც ჰქონდა გეგმაში. მისი გვარი სალუქსემბურგო განაცხადში იყო შეტანილი, მაგრამ მაშინ გადაიფიქრა როდესაც გოგუა ”ანორთოსისთან” მსაჯს თავი გააგდებინა.
ის მაინც საკლუბო მწვრთნელი მგონია. წესით მას ფეხბურთი უნდა შიოდეს და წელიწადში გუნდთან გატარებული 30 დღით ამ შიმშილს ვერ მოიკლავს. ის პატრიოტი კაცია და ამას ვერავინ წაართმევს. მის ადგილას წარმატებული მწვრთნელი არ გარისკავდა იმ ნაკრების ჩაბარებას, რომელიც მაისურებზე ხშირად მწვრთნელებს იცვლის. ახრიკ ცვეიბას (რომელიც ახლა აფხაზეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და თემურთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს) არაერთხელ შეუთავაზებია აფხაზეთში გადაყვანა, რათა სამურზაყანოში დატოვებულ მამა-პაპისეულ სახლ-კარისთვის ერთხელ მაინც შეევლო თვალი. პასუხი მუდამ ერთი და იგივე იყო - მე მაშინ ვნახავ ჩემს სახლს, როცა ყველანი ერთად დავბრუნდებითო!
სამშობლო, რომ მისთვის სასტუმროს ფუნქციას არ ატარებს ეს კვიპროსზე ღალიის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას ნახეს ექსპედიციის წევრებმა. დილიდან საღამომდე გათხრებში იღებდა მონაწილეობას და თაკარა მზის ქვეშ არც ფიზიკურ შრომას გაურბოდა. საღამოს კი საკუთარ სახლში უწევდა მასპინძლობას ნაცნობსა თუ უცნობს.
მას თავის სიმართლე აქვს და ჩაკეტილი პიროვნებაა. მან საკუთარი თავი თვითონ შექმნა და ეს ხშირად ცუდ სამსახურს უწევს. არ გააჩნია მოსმენის კულტურა, მით უფრო თუ თვლის რომ კაცი იმ სფეროზე ესაუბრება რაც მან უკეთ იცის.
ალბათ ამის გამოც იყო, რომ ნაკრებში მწვრთნელებს თავის აზრს კარნახობდა, ხშირად ვარჯიშის დაწყების დროსაც კი აწევინებდა და შეცვლის გამო უკმაყოფილო მაისურას სახეში ესროდა, მაგრამ ეს ქეცბაია იყო, რომელიც ნაკრებში და კლუბშიც ერთნაირი ემოციურობით გამოირჩეოდა. "სენტ ჯეიმს პარკზე" დღესაც ახსოვთ, მწვრთნელზე გაბრაზებული, როგორ გამეტებით უშენდა წიხლებს” ადიდასის” სარეკლამო დაფას.
ხვალ ის ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. კაცი, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის პოსტი ყველზე დიდხანს შენარჩუნება მოახერხა. მან იცის, რომ ფეხბურთელებთან დისტანცია უნდა დაიჭირო, თორემ საკმარისია ერთს აპატიო და სიტუაცია უმართავი გახდება. ფეხბურთელები ისე აიგდებენ და გადაუვლიან, როგორც მის წინამორბედებს.
ნაკრების თითოეულმა წევრმაც იცის ქეცბაია არ არის მწვრთნელი, რომელსაც შეგიძლია გვერდით დაუჯდე მხარზე ხელი უტყაპუნო და ძმობა შეფიცო. ესეთები მისგან შორსაა. ნაკრებში მას სრული კარტ-ბლანში აქვს და ეს არც თუ ისე კარგია. არც კონკრეტული მიზანი დაუსახავს მისთვის ვინმეს, თუმცა ახლა ისეთი დროა არც თავად მიზნის დამსახავებს უნდა ეცალოთ მისთვის.
იყო და არა იყო რა, იყო ამბავი ერთი ქვეყნისა სადაც ან ღმერთი, ხარ ან ლუციფერი ....
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი