გასულ კვირას ქეცბაიამ ნაკრების სია გამოაქვეყნა. სიახლე არაფერია. კონტინგენტი იგივე ვინც ბელარუსი შინ წააქცია და ესპანეთს 87-ე წუთამდე ეომა. თუმცა მოლოდინი სხვაგვარი იყო. ფინეთ-ბელორუსთა მოახლოებული თამაშები ისეთთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელშიდაც საქართველოს ნაკრებმა მარტო დაცვას არ უნდა მიხედოს. წინაც უნდა გაიხედოს, შეუტიოს და ქულების მოგროვებაზე იზრუნოს. ქულების მოგროვება ამ ორ გუნდთან უფრო ადვილია, ვიდე ესპანეთ-საფრანგეთთან. ამ თამაშებში ნაკრებს ორი თავდამსხმელი ჰყავს და კითხვა რატომ არ არის დვალი ნაკრებში ისევ აქტუალურია. ხე ერთი მხრიდან არასოდეს იჭრება და დვალის გამოძახება-არგამოძახებასაც შეიძლება თავის ახსნა ჰქონდეს. ჯაბა დვალზე ვერავინ იტყვის რომ ვინმე უმაგრებს ზურგს ან ლამაზი თვალების გამო ათამაშებდნენ კლუბში. გლდანში დაბადებულ-გაზრდილ, არც თუ დალხენილი ოჯახიდან გამოსულ ბიჭს ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო და ვლახეთიც სრულიად ახალგაზრდას მოატარა. ზესტაფონში ჯაბას ახალი სული შთაბერეს და გოლი-გოლზე გაჰქონდა. შეიძლება ბევრი შემომედავოს, მაგრამ მგონია გელაშვილის კარგი თამაში ჯაბას ძალიან დიდი დამსახურება იყო. ”დინამოში” დაბრუნებამ ფრთები შეასხა და ადაპტაცია არც დედაქალაქურ გუნდთან გასჭირვებია. ფართო დიაპაზონის ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არასოდეს თაკილობს ბურთის მისაღებად უკან ჩამოსვლას და მის მოსაპოვებლად ბრძოლას. არც კაცზე წასვლა წარმოადგენს მისთვის პრობლემას. საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობის გარდა, მისი კოზირი ტექნიკურობა, გოლის ალღო და ბრძოლის ჟინია. თითქოს საკმარისი უნდა იყოს ნაკრებში მოსახვედრად, მაგრამ ქეცბაიას მწვრთნელობისას მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს. კამერუნთან თამაშის წინ და იმის მერე ნაკრების კარი მისთვის არ გახსნილა.
თუმცა ჯაბას ისეთ დროს მოუწია ფორმის პიკზე ყოფნა, როდესაც ნაკრები არ თამაშობს გამოკვეთილი შემტევი სტილით. ორი ფორვარდი რა სახსენებელია, ეულ შემტევსაც კი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უჭირავს თვალი. შეტევაზე გადასვლას ახლა ვსწავლობთ, თუ ნახევრდაცვას თამაში არ მისდის, ბურთის ამოტანისას ისევ ”ძველებურსა და ჩვენებურ” პარაშუტებზე გადადის ჩვენი დაცვა და აი მანდ უკვე სტახანოველივით არის ეული ფორვარდი. ყველა გადაკიდება უნდა მოხსნას. ყველას უნდა აუხტეს. პირველი ბურთი მოიგოს. იჯაჯგუროს. ბურთი კორპუსით დაფაროს და მოწინააღმდეგე აიძულოს ან დაჯარიმდეს ან შეტევის მეორე ფაზას დაელოდოს და მერე იქნებ ....
აქ არის ჯაბას პრობლემაც. ჯაბა არ მიეკუთვნება მოწინააღმდეგის კარისკენ ზურგით მდგომი ფორვარდის კატეგორიას. ის მცველზე მიდის და ბურთის დაკარგვის არ ეშინია. ქეცბაიას კი ურჩევნია ფორვარდმა გარისკვის ნაცვლად ბურთი შეინარჩუნოს და მეორე ფაზას დაელოდოს. სანამ ფლანგები და შემტევი ნახევარმცველი შეტევის მეორე ფაზას ჩამოუსწრებს. უფრო სტატიკის ფორვარდი სჭირდება ნაკრებს (ვამბობთ ნაკრებს ვგულისხმობთ ქეცბაიას), ჯაბა კი დინამიკის ფორვარდია. მცველზე წამსვლელი ... ქეცბაია იდეალურ ვარიანტს ეძებს - ისეთ ფორვარდს სტატიკაშიც და დინამიკაშიც რომ ერთნაირი სიძლიერისა იქნება. დვალიშვილის მატარებელი უახლოეს მომავალში არ ჩანს (ისედაც დიდხანს იდგა ბაქანზე), ახლა ფსონი მჭედლიძეზეა.
ალბათ ამიტომაც არ იკვეთება ნაკრების და ჯაბას მოძრაობის ტრაექტორია. ერთიც არის, გარედან ისე ჩანს რომ ქეცბაია საერთაშორიშო დონეზე ნათამაშებ ხალხს ანიჭებს უპირატესობას. ჯაბას საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია - მოლდოვურ ”დაჩიაში” თამაშს თუ არ ჩავთვლით. ამას გარდა ევროთასებზეც არ გამოუჩენია თავი - ძლიერი გუნდებიდან ბრიუგე-შტუმრთან ჩატარებულ 4 თამაშში მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
თუმცა დრო დვალის სასარგებლოდ მუშაობს. საკმარისია მან ეს დონე შეინარჩუნოს და დინამოსთან ერთად ევროპაში გავიდეს, რომ ქეცბაიას სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ ჯაბა ნაკრებში იხმოს. ობლის და კვერის ამბავია. მგონია გვიან უნდა გამოცხვეს.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
sagol avtor sakaifod gaqvs ganxilul gashifruli yvelaferi :)
ReplyDelete