Monday, June 24, 2013

ბოტოქსი

ნეტავ კიდევ რამდენ ხანს იქნება პოპულარული საქართველოში ფრაზა - ”გუნდის გაახალგაზრდავება?”

ამ რიტორიკული კითხვის პასუხი, არც ისე იოლი ჩანს, რადგან მგონი, ქრონიკულშიც კი გადაეზარდათ ჩვენს ფეხბურთში დასაქმებულ ბიძიებს. 

გუნდის გაახალგაზრდავება - ფენომენალური გამოგონებაა, რომელიც ნებისმიერი სეზონის წინ, სეზონის შუაში, სეზონის ბოლოს, უფრო მეტიც, ნებისმიერი ტურის წინ შეგიძლია გამოიყენო და ამას წლებია, ვყლაპავთ და ვყლაპავთ ... არავინ არაფერს აპროტესტებს, არავის უჩნდება წინააღმდეგობის სურვილი ... დაიღალა ხალხი ... ისედაც რა ქომაგთა სიმრავლით გამოირჩევიან ქართული კლუბები, მაგრამ ვინც არიან, ისინიც მაგრად დაიღალნენ ... 

ეგ კი არა, ის ამბავიც კარგად ვიცი, რამდენიმე წლის წინ 25-26 წლის ფეხბურთელი რომ დაიწუნა ერთმა კლუბმა - ძალიან კი მჭირდები, მაგრამ ჩემი გუნდისთვის დიდი ხარო ... კი ბატონო, იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასაკი არც არაფერ შუაში იყო და ეგებ ასე მოიშორეს ის ბიჭი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ მიზეზის საძიებლად შორს წასვლა არ გაუხდათ საჭირო? ზუსტად ამას ვამბობ: გაახალგაზრდავება და მორჩა. დამთავრებული ამბავია! 

ასე იყო 1990 წლიდან 2000-მდე და ასეა 2000-დან დღემდე ... ათწლეულებია უკვე, გაახალგაზრდავება მოდაშია, მაგრამ რას ვაახალგაზრდავებთ ასე გამალებით, ჯერაც ვერ გამიგია ... წავუმიამიტებ და, მართლაც ასე მალე ბერდებიან ეს ჩვენი ბედოვლათი ფეხბურთელები?! 



ესაა, და ქუთაისის ”ტორპედოს” ფან-კლუბის საქციელმა ცოტა კი გამაკვირვა. არა, მათ არაორდინალური და მიუღებელი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ მაინც არ ველოდი - ”ჯუნგლებმა” ღიად გაილაშქრეს კლუბის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ და მათი პოლიტიკა საჯაროდ დაგმეს. 

”ტორპედოს” ამბავი გეცოდინებათ - ძლივს აკოწიწებულ-აშენებულ-რელსებზე შემდგარი გუნდი ზედ ევროთასების წინ მარტივ მამრავლებად დაშალეს და თბილისის ”ლოკომოტივიდან” წაყვანილი 17-18 წლის ბავშვებით ჩაანაცვლეს. არავის არაფერი აქვს ამ ბავშვების საწინააღმდეგო და მეც ზუსტად მივუხვდი ”ჯუნგლებს”. მით უმეტეს, ჩემამდეც მოაღწია ხმამ, რომ ლოკომოტიველი ახალწვეულების მშობლები თუ ახლობლები ძალიან გულგატეხილნი დარჩნენ ქუთაისელი ქომაგების ”გულცივობით”. მაგრამ აბა იმ ბიჭებს ვკითხოთ, დღედაღამე ”ტორპედოს” რომ არ მოშორებიან გვერდიდან, წვიმასა და მზეში, ქარსა და თოვლში რომ ამხნევებდნენ?! აბა ვკითხოთ და ვუთხრათ, ის გუნდი აღარ გვინდა, მოდი ახალი ავაშენოთო?! 

მოკლედ ”გუნდის გაახალგაზრდავების” იდეამ ყველაზე მწვავედი ქუთაისში იწვნია წკიპურტი და ახლა უკვე ”ტორპედოს” თავკაცობას გაფაციცებული სიფრთხილე მართებს, რადგან დიდი ალბათობით, ისინი იმდენა ვერ უნდა ერკვეოდნენ იმაში, რასაც ”ტორპედოს” სტადიონის ლოჟიდან მოპირდაპირე მხარეს მოთავსებული ადამიანთა აქტიური ჯგუფი ჰქვია - ისინი საკუთარ თავს ”ჯუნგლებს” ეძახიან და ჯუნგლებისგან განსხვავებით, მათ კარგად იციან უცხოს პატივისცემა, მაგრამ მწარედ რეაგირებენ დამცირებასა და უსამართლობაზე ... 

სხვა კი ... აგერ ”ჩიხურამაც” მოიშორა ასაკობრივი ბალასტი და საკუთარ ისტორიაში საუკეთესო სეზონის შემდეგ 30 წელს გადაშორებული ფეხბურთელები თვალის დაუხამხამებლად გაუშვა შინ. 

აბა როგორ, ახლა ხომ გაახალგაზრდავების დროა ... 

ფუტ ბოლი 

Monday, June 17, 2013

ერთი მსახიობის თეატრი

დღეს, ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დათო ყიფიანი 62 წლისა გახდებოდა ... 


"მე ვცნობ მხოლოდ ერთ პოლიტიკას - იმას, რაც სიყვარულით იწყება და მთავრდება სიყვარულით. სხვანაირად არ შემიძლია - საკუთარი თავის გადაკეთებას ვეღარასოდეს შევძლებ ..." - დავით ყიფიანის ინტერვიუდან. 

მე ფეხბურთში "მონოლოგები" მიყვარს ... ისე, როგორც ზოგადად - ცხოვრებაში. მხოლოდ "მონოლოგი", "სოლო", ინდივიდუალიზმის სხვა ნებისმიერი გამოვლენა მატებს მარილს ცხოვრებას. 

სხვა ყველაფერი ნაცრისფერი ფონია - ერთგვაროვნება, რომელსაც სილამაზე, მოძრაობის უნარი და ფერები სწორედაც რომ გამორჩეულის, სოლისტის ნაფიქრმა და საქციელმა უნდა შესძინოს. ოღონდ ამ სოლოებსა და მონოლოგებს თავისუფლების სიმსუბუქეც თან უნდა ახლდეს. 

ასეთი რამ ერთი მსახიობის თეატრს ახლავს თან - როცა ერთი კაცი დგამს, მოძრაობს და ლაპარაკობს ... "პაკლონზეც" ერთი კაცი გამოდის. მსუბუქად თავისუფალი კი ვერასოდეს გახდები, თუკი ფიქრებში და საკეთებელში მართალი არ ხარ - სწორედ უნდა ფიქრობდე და სხვანაირად კეთება არ უნდა შეგეძლოს. ამის მერე შედეგი მოდის ან ვერა, მაგრამ ირგვლივ მყოფთანაგან თითქმის ყველას სურვილი უჩნდება, იქცეს იმაზე უკეთესად, ვიდრე არის. ეს ზოგადი ფასეულობაა, ზოგადი ცხოვრებისეული ფილოსოფია - აქციო ადამიანი იმაზე უკეთესად ვიდრე არის.

პატარა ბიჭობაშიც ასე ვიყავი და ახლაც ასე ვარ - როცა ყიფიანის "ბურთს" ვეხები - ვუსმენ, ვუყურებ, ვკითხულობ - უკეთესი მინდა, გავხდე. ამის გამო თუა, დღემდე რომ საგზალად მომყვება ჩემი პატარა ბიჭობის საფეხბურთო სიხარულები, კმაყოფილება და თეთრი შურიც - "რომ გავიზრდები მეც ..." 

იმ თეთრმა შურმა კარგა ხანია პრაგმატიზმის, რეალობის საბურველი მოიხვია - "გავიზარდე მაგრამ ვერ ..." არა უშავს, ჩემი პატარა ბიჭობის სიხარულები, კმაყოფილება ხომ დღემდე ჩემთანაა - არ დამვიწყებია. ადრეც და ახლაც ხშირად წერენ, რომ ყიფიანის "მონოლოგს" კრუიფის ფეხბურთმა მისცა ბიძგი. და რა? ყველაფერს სჭირდება საყრდენი წერტილი. დაწერეს, რომ მიხეილ მესხის გავლენის გამო, მარცხენა გარემარბად იწყებდა დავით ყიფიანი ... ასეც უნდა იყოს - გამორჩეული ადამიანის სიდიადე მარტო მისით არ იზომება. იმითაც დიდია და მეტი, რომ მასზე წინ მოსული და წასული ტიტანების მხრებზე უწევს დგომა. 


კრუიფიც "მონოლოგი" იყო. ახალი, ფერადი შტრიხი ახალი, ფერადი ფეხბურთისა და ყიფიანმა - თავადაც სოლისტმა იგრძნო ეს. იგრძნო და გაჩნდა ფეხბურთში სრულიად ახალი, ყველასაგან განსხვავებული მონოლოგი. იმდენად სხვანაირი, რომ ზოგადად ქართული ფენომენის დიდმა დამფასებელმა იური როსტიმ инакомысляший უწოდა. Инакомысляший ანუ ადამიანი, მოქმედებაში კი არა, აზროვნებაში რომ არ ჰგავს სხვებს. ეს კი იმ მსუბუქი თავისუფლების საფუძველია, რომელიც უკვე ვახსენე. 

ყიფიანი იქცა და დარჩა ქართული ფეხბურთის სახედ - ბრენდ ნეიმად, სავიზიტო ბარათად - უწოდეთ რაც გინდათ. ამით მის დიდებულებას არც არაფერი აკლდება და არც მიემატება რამე. 

რადგან: იგი ლეგენდაა.

მას, როგორც ფეხბურთელს უამრავი დამახასიათებელი შტრიხი გააჩნდა, მაგრამ მე რომ მკითხოთ, დავით ყიფიანის საფირმო ნიშანი გრძელი პასი იყო. გაჰქონდა გოლები, აკონტროლებდა ტემპს, კარგად თამაშობდა თავით, "დირიჟორის ჯოხი წაართვა ბრუკინგს", მოხვდა ფედოტოვის სახელობის "ასიანთა კლუბში" - ვინ იცის კიდევ რამდენი რამის გახსენება შეიძლება, მაგრამ მგონია, მისი დიდოსტატობის შტრიხ-კოდი გრძელი პასი იყო. რამეთუ ისე და იმგვარად არათუ ქართულ ან საბჭოურ ფეხბურთში, მსოფლიოშიც ვერავინ გადასცემდა ბურთს. ეს იყო "ჭკვიან" პასებად დარიგებული ყველაზე დიდი ტალანტი - ეს არის ფაქტი. გრძელი პასი კი, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ ბურთთან "შენობით ლაპარაკისა" და "მინდვრის კაი ხედვის შედეგი". არ არის ეგრე მარტივად საქმე. რა ჩემი დასტური ჭირდება - "ვესტ ჰემთან" მისი გადაცემა გაიხსენეთ. ეს სივრცესა და დროში ერთდროულად გადანაცვლებაა - როცა იგებ იმხელა მანძილს, რომ მეტოქეს საჭირო ადგილამდე მისარბენად დრო არ ყოფნის და შესაბამისად, გუნდი იღებს ზუსტად იმხელა უპირატესობას, რამდენიც გოლის გასატანადაა საჭირო. ჭკვიანი პასი, ჭკვიანი გონების კარნახია. ერთგვარი ბრძანება, რომელმაც უნდა შეცვალოს ტემპი, შეტევის მიმართულება, განლაგება და სიმჭიდროვე მინდორზე. მაგრად მჯერა: ყიფიანი იმ გრძელი და ჭკვიანი პასებით უნებლიეთ ამხელდა თავის შინაგან მეს - კარგი გაგებით მეამბოხეობას, სწორედაც რომ სოლისტისას, ვის, თუ არა მას უნდა შეეხვალა სიტუაცია, არსებული მდგომარეობა მინდორზე. 

კი, კი, ისევ ეს არის - მსუბუქი თავისუფლება ხასიათსა და მოქმედებაში. ზოგადად ლტოლვა თავისუფლებისა და სიმსუბუქისაკენ.  ეს რომ ზერელე რამ არ იყო, "მინდორზე რაც ხდებოდა, მინდორზე რომ არ რჩებოდა", მისმა ცხოვრებამაც დაადასტურა - თუნდაც ოჯახური ისტორიიდან გამომდინარე. ეცადა, შეცვალა და ფეხბურთიდან განსხვავებით, არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად, გამოვიდა ის, რომ ორმაგი ცხოვრებით იცხოვრა. ორმაგი სახით. ხილულით და უხილავით. ნათელით და იდუმალით. იმით, რაც იდო ზედაპირზე, სხვათათვის და იმათაც, რასაც სულში, თავისთვის ინახავდა. 

განა სიმბოლური არ არის, რომ დაბადების დღის თარიღიც ორი შერჩა? ორი თვრამეტი - ნამდვილი - ივნისი და ტყუილი - ნოემბერი. 

ნამდვილი დაბადების დღიდან გამომდინარე, ზოდიაქოც გაორებული ატარა - ტყუპებისა. ოჯახიც ორი ... ამ ყველაფერმა ტრაგიზმი შემატა დავით ყიფიანს, როგორც პიროვნებას. მის ცხოვრებასაც - რასაკვირველია. 

... ცხოვრებაში ჩემ მიერ დაწერილთაგან ყველაზე პატარამ - "იჯდა და ფიქრობდა", "ჩემს ტყავში იჯდაო" - ათქმევინა და ეს არასოდეს დამავიწყდება. როგორ მოვახერხე? სულ უბრალოდ - მიუხედავად იმისა, სულ რამდენჯერმე შემახვედრა დავით ყიფიანთან საქმემ, მივხვდი, რომ მასში სხვა, მეორე კაცი ცხოვრობდა - ძალიან განსხვავებული იმ დავით ყიფიანისაგან, რომელსაც მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი ვიცნობდით. 

ჰოდა, მგონია, ეძია და ვერ იპოვა. სცადა და ვერ გამოუვიდა. მისი მონოლოგის ტრაგიკულობასაც, ამან მისცა ბიძგი. 

მისი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანი, გრძელი გადაცემა არ გვინახავს - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვერ გააკეთა ან არ გამოუვიდა. 

ყიფიანი ღრმად, ფაქიზად გრძნობდა ცხოვრებას. საკუთარსაც - ბუნებრივია. 

ჰოდა, მგონია, რომ სწორედ იმ მეორე, ჩაკეტილი, უხილავი, ნამდვილი "მე-თი" გაერიდა ცხოვრებას. ეპიტაფიად და გამოწვევად კი მოკლე ფრაზა დაუტოვა: "მთავარია, რომ მე სამი შვილი, შვილიშვილი მყავს. რაც უნდა მოხდეს, ვიცი: მე ბოლო არა ვარ. ჩემს ცხოვრებას გააგრძელებენ ის ადამიანები, რომელთა ძარღვებშიც ჩემი სისხლი ჩქეფს. დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია ..."

       

კონსტანტინე გოგიშვილი

Monday, June 10, 2013

ქეცბაია, ელექტრო სკამი და ისტორიული შედეგის გამეორების შანსი

წლების წინ მას ელექტრო სკამი უწოდეს. ადგილი, რომელმაც არასრული 22 წლის მანძილზე 15 მწვრთნელს გამოუყვანა წირვა. ვინც მასზე დაჯდა პროფესიულად აქამდე არ გაუხარია. ზოგმა უსახურ "ორდუსპორში" გააგრძელა კარიერა, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიერთი ისე დაიკარგა, რომ კვალიც ვერსად ნახეს, ზოგმაც ვენახი შეიძინა და ცხოვრებით ტკბება. მხოლოდ ერთმა შეძლო, რენომე აღედგინა და აფრიკის არც თუ გამორჩეული ნაკრები კონტინენტის უძლიერესთან რიგებში ჩაეწერა.

გასულ კვირაში ორმა წაგებამ ნაკრების მთვარი მწვრთნელის სკამი შეარყია. სავარძელს კიდევ ერთი დარტყმა შემოდგომის პირველ დღეებში ელის, როდესაც ჩვენი უპირველესი გუნდი საფრანგეთთან გავა საჭიდაოდ. მანამდე კი ხვალინდელი თამაშია. ბელარუსი - ფინეთი და თუ ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა თემურ ქეცბაიას სამწყომ შესაძლოა ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავოს. ქვეჯგუფში მესამე ადგილი - ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ის შედეგი იქნება, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მხოლოდ 1996 წელს უწია. იმის მერე კი ბოლო და ბოლოს წინა ადგილზე ტივტივებდა.

თემურ ქეცბაია

10 სექტემბერს ჩვენი ნაკრები შესარჩევ ციკლს ასრულებს. ქეცბაიაც ბედიც ფაქტიურად ამ ორ თამაშზეა დამოკიდებული. ბელარუსი - ფინეთი და საქართველო-ფინეთი. ამ ორი თამაშის სასურველი ანგარიშით დასრულების შემთხვევაში ქეცბაიას ხელში რამოდენიმე კოზირი აღმოჩნდება. ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილი (რეკორდის გამეორება, რომელიც ბოლო 17 წლის მანძილზე ვერც ერთმა მისმა წინამორბედმა ვერ მოახერხა), 2016 წელს საფრანგეთის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების გაზრდილი რაოდენობა (16-ის ნაცვლად 24 გუნდი) და გაახალგაზრდავებული საქართველოს ნაკრები, სადაც ვეტერანებად ოდენ ზურაბ ხიზანიშვილი და ალექსანდრე ამისულაშვილი ჩაითვლებიან.

სასწორის მეორე პინაზე კი ქეცბაიას და მისი სამწვრთნელო შტაბის მილიონიანი კონტრაქტია. კონტრაქტი 2+2 წლიანი პრინცით არის შედგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 10 სექტემბრის შემდეგ კონტრაქი უნდა გადაიხედოს და ....

ქეცბაია წარმატებული პიროვნებაა. გამარჯვებულის მენტალიტეტით. ის ლუზერი არასოდეს ყოფილა. არც ფეხბურთელობისას და არც მწვრთნელობის დროს. ფეხბურთელობაში "ნიუკასლის" ფორმა ეცვა. მწვრთნელობაში კი ... ფაქტია, ის ერთადერთი ქართველი მთავარი მწვრთნელია ვისაც კი ოდესმე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში გაუყვანია.

თუ ხვალიდელი თამაში ბელარუსის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (და სხვა შეხვედრები ალოგიკური სცენარით არ განვითარდა), ხოლო ბოლო თამაშში საქართველომ ფინეთის დამარცხება შეძლო ქეცბაია საუკეთესო პოზიციაში აღმოჩნდება. მწვრთნელი შედეგით ფასდება და ნაკრების მესაჭე ახლოს არის ისტორიული შედეგის გამეორებასთან. ეს მაშინ, როდესაც ნაკრების ფეხბურთელებიდან საუკეთესო კლუბში ოდენ ჯანო ანანიძე თამაშობს და ისიც სათადარიგოთა სკამზეა.

ქეცბაიას ბედი დიდწილად სფფ-ს მენეჯმენტის შეცვლა-არშეცვალზეა დამოკიდებული. თუმცა თუ სიჭინავას ოპოზიციამ შეძლო მისი თავიდან მოშორება, 45 წლის სპეციალისტს ხელში სერიოზული კოზირი ეჭირება - გამეორებული ისტორიული შედეგი, რომელთა მიახლოებაც აქადე ელექტრო სკამზე მჯდომმა 14 სპეციალისტიდან ვერც ერთმა ვერ მოახერხა.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

ბლოგის facebook გვერდია - Geofootball 

Saturday, June 1, 2013

ქართული ფეხბურთის 100 მილიონის ამბავი

სპორტის სამინისტრო ფეხბურთის განვითარების სტრატეგიას დღე-დღეზე გამოამზეურებს. ასეთია საფეხბურთო სამყაროს მოლოდინი. სტრატეგია ისეთი იქნება, რომ ქვა უნდა გახეთქოს და მომავალი წლების მანძილზე ფეხბურთში 100 მილიონი ლარი უნდა ჩაიდოს. გაგიხარიან როგორ ლამაზად ჟღერს. 100 მილიონი ლარი. არც მეტი, არც ნაკლები. როგორც იტყვიან კაპიკი არ უნდა დააკლდეს.  

სახადივით არის. წინა ხელისუფლებასაც უყვარდა ციფრი 100. გახსოვთ ალბათ, აბა რა ჯანდაბა დაგვავიწყებს 100 საავადმყოფოს პროგრამას; 100 უფასო სასადილოს; 100 დასაქმების ცენტრს. არც მეტი არც ნაკლები ასი ჩემო ბატონო. 

ახლა სპორტის ჯერია. 100 მილიონი ლარი. ჰა, რავარია? 

ფეხბურთის განვითარების პროგრამაც ჯადო სიტყვაა. თბილისის ზღვაზე რომ ”არაშენდას” ეძახიან იმას ჩამოჰგავს. თაობები წერენ და ვერა და ვერ დაადგა საშველი. გახსოვთ ალბათ, უმცროსი ახალკაცის დროსაც აქტუალური იყო ეს დოკუმენტი. ისიც გახსოვთ სფფ-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ბრიტანული კომპანია, რომ დაიქირავა მის მოსამზადებლად. პიარის ამბავიც იყო მაშინ. თვით ფეხბურთის შემქნელები და ჩვენში ჩამომტანნი გვიმზდებდნენ საფეხბურთო სტრატეგიას. ბრიტანელი ექსპერტები (ოჰ რა საშინელი სიტყვაა) საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც იტყვიან საველე სამუშაოებიც ჩაატარეს. დოკუმენტიც მომზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა მაგრამ ... კაცმა არ იცის სად არის ახლა ის საქაღალდე ეს დოკუმენტი რომელშიც იდო. უმცროსმა ნოდარ ახალკაცმა და მისმა დამქაშებმა წაიღეს, თუ ვაკეში მდებარე ქართული ფეხბურთის სახლში, ერთ-ერთ თაროზე დაინავა. ის დოკუმენტი არც საჯარო გამხდარა და არც არავის უმსჯელი მასზე. კაცმა არ იცის ვარგოდა, არ ვარგოდა. მაშინ არც თუ ცოტა თანხა დაუჯდა ის ქვეყნის ბიუჯეტს. იქნება და ჯერ ის დოკუმენტი მოგვეძებნა და მერე განგვეხილ-დაგვეწერა ახალი პროგრამები.  

ერთი სიტყვით აღდგომა და ხვალეო. პროგრამაც დამტკიცდება და 100 მილიონს კაპიკი არ უნდა დააკლდეს. პროგრამისა მჯერა, რადგან როდეს ყოფილა და არს აქამომდის ქართველებს სადღეგრძელოს წარმოთქმა ან დაწერა შეგვშლია. სიმართლე გითხრათ მე უფრო ის 100 მილიონი ლარის ამბავი მაინტერესებს. საიდან უნდა მოვიდეს და სად უნდა წავიდეს. პრინციპში ადრესატი მეტ-ნაკლებად გასაგებია. აი საიდან უნდა მოვიდეს კი ... სპორტის პირველკაცმა ჯადოსნური სიტყვა ”ბიუჯეტი” ახსენა. ეგაა იქიდან უნდა წამოვიდესო ასე უბრძანებია ამას წინათ ზესტაფონში ყოფნისას ბ-ნ ყიფიანს. აი ბიუჯეტში კი ვინ უნდა შეიტანოს და როგორ ამას კი აღარ ამბობენ. 

ფეხბურთი საერთო სახალხო თამაშია. ხალხისთვის შექმნილი, მაგრამ ჩვენში ისეა რომ მის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იკლებს. გადავხედოთ სტატისტიკას - გორში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ზესტაფონში - ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებში ფეხბურთზე დამსწრე საზოგადოება იკლებს. თბილისზე აღარაფერს ვამბობ. საზოგადოებას სანახაობაზე მეტად პურს ითხოვს, რადგან: 1) საქსტატის მონაცემებით ქვეყნის სამუშაო ძალის 15 % სამსახური არ ააქვს, არაოფიციალურად კი 33% თავს უმუშავარს უწოდებს; 2. ქვეყანას 250,000 დევნილი ყავს, რომელიც მუდამ დახმარების მოლოდინშია; 3. განათლების სისტემა კატასტროფულ მდგომარეობაშია; 4. ქვეყანაში 1 მილიონი პენსიონერი ცხოვრობს, რომლებიც თვეში 125 ლარზეა, რაც დღეში 4 ლარს უტოლდება! 5. ორ მილიონამდე საქართველოს მოსახლე სოფლადაა და იქაც იმიტომ ითვლება დასაქმებულად, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გააჩნია. დემოკრატიის ანა-ბანაა - Demos Kratos! უნდა კი გადასახადის გადამხდელ Demos-ს 100 მილიონი ლარი ფეხბურთში ჩადოს? თუ ურჩევნია მაგალითად ჭიდაობას, კალათბურთს, რაგბს ანაც გნებავთ ბალახის ჰოკეის განვითარებას მოახმაროს. კაცმა არ იცის, რადგანაც ხალხს ამ საკითხზე არავინ დალაპარაკებია. ამ გადაწყვეტილების ფონიც გასათვალისწინებელია - ამ გადაწყვეტილების მიღებას მაშინ ვაპირებთ, როდესაც ქვეყანაში დიდი საერთაშორისო დახმარება აღარ შემოდის, ინვესტიციები იკლებს და ეკონომიკური ზრდაც შემცირებულია. 

ლევან ყიფიანი
კაცმა არ იცის რამდენად შეძლებს მთავრობის სხდომაზე სპორტის მინისტრი ამ იდეის გატანას, რადგანაც იქ ყველა უწყება საბნის თავისკენ გადაქაჩვას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო კი თითოელ თეთრს ითვლის. ლევან ყიფიანი არ არის მინისტრი-ბულდოზერი, რომელსაც შეუძლია კედელი შუბლით გაიტანოს და ნებისმიერი იდეა დააკანონოს. იგი დიდად არც პრემიერ-მინისტრის ფავორიტ მინისტრად ითვლება.   ამას გარდა პრემიერ-მინისტრი ფეხბურთითაც არ უნდა იყოს დაინტერესებული.  აკი ამას წინათ იყო ერთ-ერთ ინტერვიუში ჩვეული გულრწფელობით რომ განაცხადა 10 საათისვის ვიძინებო (არადა ჩვენში ჩემპიონთა ლიგის თამაში, როგორც წესი 23:45-ზე იწყება), განთქმული მეცენატობის მიუხედავად დიდად არც მშობლიური კუთხის საფეხბურთო კლუბის დაფინანსებაზე მოუკლავს თავი. 

თუმცა ის 100 მილიონი მაინც შთამბეჭდავად ჟღერს. ჯერ იყო 100 საავადმყოფო, მერე 100  უფასო სასადილო, ახლა კი 100 მილიონს კაპიკი არ უნდა დააკლდეს. ასე უბრძანებიათ იქ ზემოთ.  


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი