Thursday, August 30, 2012

დილაო, ავდრიანაო ...

მამუკა ჯუღელი თავის ამპლუაშია. ასეთ სიტუაციაში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. არც პრეზიდენტია, არც მწვრთნელი, მაგრამ მის აზრს ანგარიშს უწევენ. აი, ასეთი ტევადი სიტყვა და ფუნქციაა მენეჯერი.

ასეც უნდა იყოს, კლუბი სავსეა ”მისი” ფეხბურთელებით - თავადაც ნაფეხბურთელარს, კარგად ესმის, როდის რა უნდა უთხრას სოლიდური ხელფასისა და კლუბის ძებნაში სვეგამწარებულ ქართველ ახალგაზრდებს. ეტყობა, დროზე და სწორად ეუბნება, რაკიღა ისეთი ინტერვიუც წამიკითხავს, საქართველოს ნაკრების წევრი ”მამასავით მოამაგეს” უწოდებდა. 

მამუკა ჯუღელი 
ახლა ”დილაში” დრეიფობს მისი ხომალდი. ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება - ბევრჯერ უდრეიფია ამგვარად. კლუბის ხერხემალს მისი კლიენტები ანუ მასთან ”მენეჯერულ ამბავში” დაკავშირებული ფეხბურთელები წარმოადგენენ. შესაბამისად, სიტუაციის წარმართვა შეუძლია. 

ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. მიდიოდა კლუბში და ნაცნობ სცენარს განახორციელებდა: საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ ძლიერ მოთამაშეებს ჩაიყვანდა, აბა მიზნები, აბა ”პადიომნები”, აბა პრემია-ხელფასები (ყოფილა, თავადაც გაუკრია ჯიბეზე ხელი, მისთვის საინტერესო მატჩისას ფეხბურთელების დასაინტერესებლად) და ... 

სეზონ-სეზონნახევრის მერე, ”მისი ფეხბურთელები”, უკვე საქართველოს ჩემპიონის, პრიზიორის ან თასის მფლობელის სტატუსით უცხოეთში გადაბარგდებოდნენ. 

წესით, გორშიც ასე უნდა მოხდეს. ყოველთვის, ყველა კლუბში ასე ხდება, სადაც კი მამუკა ჯუღელის დესანტია ხერხემალი. თუმცა, გორი ის ადგილია, სადაც ინტერესი სხვა, გაცილებით გავლენიან ”ხერხემალს” გააჩნია - პრემიერია ის კაცი. შესაბამისად, ეგებ დარჩენაც ჯობდეს - როგორც ხმიანდება, ”ხერხემალი” ფულს სერიოზულს ”გამოდის”, მიზნები სოლიდური აქვს და ”აუზში წყლის ჩასხმას” ანუ ბაზა-სტადიონს რაც შეეხება, ესეც ამოჭრილი აქვს ტევად გულში. 

კი, გასაგებია, რომ აღდგომა და ხვალეო, მაგრამ ისიც ხომ ნათქვამია, ჭინჭრაქას რომ ბუმბულში აწვენდნენ და ფუჩეჩ-ფუჩეჩს იძახდა? ვინ იცის, ასეთი პატრონ-მყვარებლიანი ”დილაც” მიატოვოს ”ჯუღამ და კომპანიამ” ...

რასაც ვუყურებ, სცენარი ძველებურად უნდა განვითარდეს - მენეჯერის სამომავლო სტრატეგიის სიჭრელეში სეზონის სტარტზე სამიდან სამი წაგება მაეჭვებს. თუნდაც ეს ”სამში სამი” ამტკიცებს, რომ საქართველოს ჩემპიონატს გუნდი ზერელედ ეკიდება, ერთგვარ საშუალებად იყენებს, რათა ვთქვათ, ფუნჩალელ მოკრძალებულებს ევროპის ლიგის ქვეჯგუფში შესასვლელად გადაალაჯოს.

სადილაო ლოგიკა კი ასეთია, მაგრამ ფეხბურთსაც აქვს საკუთარი ლოგიკა - ზერელეობისას შურისძიება ჩვევია. არ ამართლებს ეს გზადაგზა მოშვება-მოდუნებები. მითუმეტეს, სეზონის დასაწყისში. არადა, ქართლიც და გორიც ღირსია, ბაზაც ჰქონდეს, სტადიონიც, სკოლაც ჰყავდეს და გუნდიც. ფეხბურთი უყვართ, ესმით, ტრადიციაც მშვენიერი აქვთ. დროებითი არ ეკადრებათ (ან ვის ეკადრება რო) ... 

ისე ამის განხორციელებასაც მენეჯერი სჭირდება - ოღონდ სხვანაირი, ჯუღელისაგან განსხვავებული. 


თედო რიჩი

Monday, August 13, 2012

საქართველოს ნაკრები 2012-2016

ზეგ, საქართველოს რჩეული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოწინააღმდეგე არც თუ შთამბეჭდავი ჰყავს, 440,000 კაციანი ლუქსემბურგის კრებული. ქეცბაიამ ამ თამაშის წინ ის ბიჭები გამოიძახა ვის მხრებზეც უნდა გადაიაროს ბრაზილია-2014-ის შესარჩევმა ციკლმა. 

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი; გიორგი ლორია; როინ კვასხვაძე 
მცველები: გურამ კაშია; ზურაბ ხიზანიშვილი; ალექსანდრე ამისულაშვილი; გიორგი ფოფხაძე; გია გრიგალავა; უჩა ლობჟანიძე; აკაკი ხუბუტია
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი; ჯაბა კანკავა; ჯანო ანანიძე; დავით თარგამაძე; თორნიკე ოქრიაშვილი; ალექსანდრე კობახიძე და სანდრო გურული. 
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე; ნიკოლოზ გელაშვილი; მათე ვაწაძე და ირაკლი სირბილაძე. 

საქართველოს ნაკრები
კარსმომდგარ შესარჩევში საქართველოს ნაკრებს ყველაზე ნაკლები პრობლემები მეკარის პოზიციაზე აქვს. შეიძლება ითქვას, გუნდში თანაბარი დონის მეკარეები არიან, თუმცა გარკვეული უპირატასობა ნუკრი რევიშვილს ენიჭება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსულ პრემიერლიგაში გამოდის და გუნდის ძირითადი მეკარეა და მეორეც გიორგი ლორიაზე ერთი წლით უმცროსია და რახან მთავარმა მწვრთნელმა მომავლის გუნდის აშენება გადაწყვიტა, რომელიც ოდენ საფრანგეთი-2016-ზე მოსახვედრად თუ იბრძოლებს, საჭიროება მოითხოვს ფეხბურთელების დაბადების მოწმობებს დავუწყოთ კირკიტი. მეკარეების შესახებ ქეცბაიამ საკმაოდ საინტერესო, თუმცა უცნაური რამ განაცხადა 2012 წლის 10 მარტის ინტერვიუში: ”შესაძლოა, პირველყოვლისა ეს მეკარეებისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ მინდა, მომავალ შესარჩევ ციკლში ორივე მეკარეს თამაშის შანსი თანაბრად მივცეო.” თუ მეხსიერება არ მღალატობს მსგავსი რამე არასოდეს მომხდარა, რომ ნაკრებში მეკარეები მონაცვლეობით მდგარიყვნენ კარში. უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ საინტერესო, თუმცა ვნახოთ რამდენად დარჩება ამ აზრის ერთგული ეროვნული ნაკრების საჭეთმპყრობელი. 

დაცვის ხაზში - ცენტრალურ მცველებზე შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად დალაგებული სიტუაციაა. ამისულაშვილი საიმედო მცველია, ისეთი, შეცდომებს რომ არ უშვებს და მასზე დაყრდნობა თამამად რომ შეიძლება. აკაკი ხუბუტიასაც კარგი მზღვეველის პირობებში მშვენივრად გამოსდის თამაში. ორივე მცველი ტანმაღალია და ეს მომენტი მნიშვნელოვანია ისეთ გუნდებთან, როგორებიც ფინეთ-ბელორუსია, რომლებიც სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად ასრულებენ. თუმცა სერიოზული პრობლემებია განაპირა მცველების შემთხვევაში. მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძეს შეუძლია თამაში, თუმცა ეს ბოლო წლებია მას კლუბში ხშირად ცენტრში ათამაშებენ ხოლმე, ისევე როგორც არნემის ”ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას. ფლანგზე თამაშისას უპირატესობა ალბათ მაინც ლობჟანიძეს მიენიჭება, იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ იგი ერთ-ერთი საუკეთესოა ნაკრებში და წინ და უკან ფლანგზე სირბილის პრობლება არასოდეს გასჩენია. თუმცა ფლანგიდან მისი ჩამოწოდებები ყოველთვის უკეთესის სურვილს ტოვებს, უკრაინაში ამ მხრივ პრაქტიკა ნაკლებად ააქვს და ეს აისახება კიდეც ნაკრებში თამაშისას. 

მარცხენა ფლანგზე კახა კალაძის პოლიტიკაში წასვლამ ისეთი სიცარიელე დატოვა მის ამოვსებას ალბათ დიდხანს ვერ შესძლებს თემურ ქეცბაია. გია გრიგალავას აშკარად აკლია ფლანგის მცველისათვის საჭირო პლასტიკა და სისწრაფე, ქვეჯგუფში კი ოთხივე ისეთი გუნდია, რომელთა არსენალშიც ფლანგური შეტევა მნიშვნელოვანი იარაღია და აშკარაა ქართველ ფლანგის მცველებს დიდი ჯაფა დაადგებათ. 

2010 წლის 9 სექტემბერს ქართველ სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვერაზე თემურ ქეცაბაიამ საყურადღებო რამე თქვა: ”ვეთანხმები მათ, ვინც თვლის, რომ დღევადნელ საქართველოს ნაკრებში ყველაზე სუსტი რგოლი ნახევარდაცვის ხაზიაო”. ამ სიტყვების მერე ორი წელი გავიდა მაგრამ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. საყრდენის პოზიციაზე ქეცბაია სავარაუდოდ ზურაბ ხიზანიშვილსა და ჯაბა კანკავას დაეყრდნობა. თუმცა პრობლემა ის არის რომ შეტევით ოპერაციებში ხიზანიშვილი არაეფექტურია (კლუბში ცენტრალური მცველია დაბალი სისწრაფის გამო შეტევაში ჩართვას ვერ ბედავს, რადგან საკმარისია შეტევა ჩაიშალოს, რომ უკან დაწევას ვერ მოასწრებს), ხოლო შეტევაში წასული ჯაბა კანკავა ხშირად უკან ჩამოსვლას აგვიანებს (ყოველ შემთხვევაში ბოლო ამხანაგურებში ასე იყო), რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ნაკრებს. ნაკრებს გარემარბებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ფაქტია თარგამაძე ისეთ ფორმაში აღარ არის როგორშიც ის გასული შესარჩევის დასრულებისას იყო. ზამთრის პერიოდში მომხდარმა სატრანსფერო ციებ-ცხელებამ და შახტარ-პორტოში ჩარიცხვის პერსპექტივამ მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ჯანო კი მოსკოვის ”სპარტაკის” ესპანელ დამრგებელს გულზე არ ეხატება და უკეთეს შემთხვევაში ოდენ ნახევარ საათს თუ ათამაშებს. არც ჯანო და არც თარგამაძე არ არიან იმ სტილის გარემარბები, რომ შეტევაში წასულ მოწინააღმდეგის ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმომდე ჩაჰყვნენ და ეს მაშინ როდესაც ფლანგის მცველები ნაკრებში არასაიმედონი არიან. ერთი სიტყვით ფლანგებზე დაცვითი ფუნქციების შესრულებისას  ნაკრებს სერიოზული პრობლემები აქვს (მარჯვენა ფლანგის მცველებს ამ მხრივ არაუშავთ) და ამ საქმეს სასწრაფოდ შველა სჭირდება.  

არავინ იცის რამდენად შეძლებს სანდრო კობახიძე იმას რომ ნაკრებში ლიდერობაც საკუთარ თავზე აიღოს, ბურთიც დაიჭიროს, ტემპიც დაარეგულიროს და თანაგუნდელებიც საგოლე პასებით მოამარაგოს. ის ნაკრებში ნათელი წერტილია, თუმცა   რამდენად მზად არის ლიდერობის და საკვანძო ფეხბურთელის ტვირთის ასაღებად ამას დრო გვიჩვენებს.  

ნაკრებში გამოძახებული არ არის ლადო დვალიშვილი, თუმცა ეს ლოგიკურიც იყო, ერთი რომ იგი ახალი კლუბის ძიებაშია და მეორე ხანგრძლივი მშრალი სერიის მერე დროა ნაკრებში სხვა ფორვარდიც გაისინჯოს. მის ადგილას საინტერესო იქნება მათე ვაწაძის ხილვა, რომელიც საუკეთესო ფორმაშია და ევროტურნირებზე გოლი-გოლზე გააქვს, თუმცა მთავარია მათემ იგივე შეცდომა არ გაიმეოროს, რაც ამ ორიოდ წლის წინ დაუშვა, როდესაც საუკეთესო ფორმაში მყოფი რუსეთში წავიდა, იქ კი ღრმა სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა და დიდი დრო დაკარგა. 

საინტერესო კიდევ ერთი მომენტია - ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობიდან საფრანგეთ-2016-ის შესარჩევისათვის, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყება ზურაბ ხიზანიშვილი 33-ის, ამისულაშვილი - 32 წლის იქნება. შესაბამისად საკვანძო პოზიციებზე ფეხბურთელების ძიება გახდება საჭირო და რამდენად შეიძლება მათი იმედზე ყოფნა ქეცბაიას უნდა ვკითხოთ. 

ნაკრების პრობლემა ის არის რომ სათადარიგოთა სკამზე არავინაა, ვისაც რეალურად შეეძლება გუნდის გაძლიერება. ამ ყველაფერსაც თავი, რომ დავანებოდ საუკეთესო კლუბი სადაც ქართველი ირიცხება (მხოლოდ ირიცხება და არა რეგულარულად ასპარეზობს) - მოსკოვის ”სპარტაკია”. 

რამდენად შეძლებენ უმოკლეს დროში გუნდების მოძებნას მარცვალაძე და ყენია ამას დრო გვიჩვენებს, ისინი ნაკრებს სჭირდება და იმედია ქეცბაია ყენიას კლუბში დაბინავებისთანავე გამოიძეხებს. ქეცბაია პირად წყენას ნაკრებზე წინ არ დააყენებს. ეგ კი არა, როგორც ამბობენ ნაკრების სალუქსემბურგო სიაში გოგიტა გოგუაც იყო ჩაწერილი, მაგრამ ”ანორთოსისთან” უპასუხიმსგებლო თამაშის შემდეგ ქეცბაიამ ამოშალაო. 

თავისი პრობლემებითა და იმედებით, ზეგ ნაკრები იმ დიდი გვირაბში შედის, რომლის ბოლოსაც შუქი 2016 წლისათვის თუ გამოჩნდება. 

ვაჰიდ ჰალილოჯიჩი

Saturday, August 11, 2012

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო და როგორც ყოველთვის, ახლაცაა რაღაც სიახლის, რაღაც განსხვავებულის, რაღაც ინტრიგის მოლოდინი, თუმცა სხვაგვარად ალბათ არც შეიძლება, იყოს. 
ქართველები ემოციური, სამხრეთული ტემპერამეტის ხალხი ვართ და სულ რომ თორმეტივე გუნდმა გამოაცხადოს, ჩემპიონატს აბსოლუტურად მოუმზადებლები ვხვდებითო, გულშემატკივარი მაინც აღმოაჩენს გულის კუნჭულში პატარა ადგილს, სადაც იმედის ნატამალს შეინახავს. 

გულშემატკივარი - როგორ უჭირს დღეს ჩვენს ჩემპიონატს ეს ფენომენი. რა თქმა უნდა, წინა წლებთან შედარებაც არ შეიძლება, ბოლო-ბოლო თუ აქამდე მხოლოდ თბილისის ”დინამო” დაიკვეხნიდა ორგანიზებული ფან-კლუბით, ახლა სხვებმაც გამოიჩინეს ფხა და მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ წინსვლა მაინც თვალში საცემია. 
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”დინამოს”, ”ტორპედოს”, ”ზესტაფონს”, ”მეტალურგს”, ”ბათუმს” და ”დილას” შინ თუ გარეთ უმაგრებენ ზურგს ომახიანი შეძახილებით. მართალია, ამ ბიჭების რაოდენობა არც თუ ბევრია, მაგრამ მათი გარჯა ნამდვილად დასაფასებელი უნდა იყოს. 

მაინც რას ველოდებით ახალი ჩემპიონატისაგან? 
დაკონკრეტება ძალიან ძნელი საქმეა, განზოგადებას კიდევ დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოს, მეეჭვება. ფაქტი ისაა, რომ ჩემპიონობას ფიცხელი ბრძოლის სუნი ასდის და საინტერესოა, ვისი აჯობებს: ზედიზედ ორგზის ჩემპიონ ”ზესტაფონის” თუ უჩვეულო პაუზა აღებულ ”დინამოსი”? ერთი შეხედვით დასუსტებული ”მეტალურგის” თუ ევროთასებზე ნაყოჩაღები ”დილასი”? გაახალგაზრდავებული ”ტორპედოსი” თუ ... 
ვფიქრობ, სწორედ აი, ამ ხუთ გუნდს შორის გათამაშდება ოქროს ბედი და თუ ვის ექნება საქმე საქეიფოდ, მაისში გამოჩნდება. 


24-ე ჩემპიონატი ალბათ დასაბამი უნდა იყოს იმისაც, რომ არ შეიძლება ქვეყნის საუკეთესო კლუბები ეზოებში თამაშობდნენ ფეხბურთს. 
სამწუხაროდ, გასულ სეზონში ამის მაგალითი ბევრი იყო, როცა ე.წ. ”მარაკანაზე”, ”შატილზე” თუ სხვა სტადიონისმაგვარ ადგილზე უწევდათ გუნდებს ბურთის გორება. დამეთანხმებით, ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს როგორც თავად ფეხბურთელზე, ისე მთლიანად ჩემპიონატზეც, რადგან ეს აღარ არის თუნდაც მინიმალურ დონეზე შეფუთული პროდუქტი, რომლითაც ვინმეს დაინტერესებას შეძლებ. 
და როცა უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელი ”შატილის” ”აბიბინებულ საფარზე” ფეხის შედგმისას იტყვის, ვაიმე, ეს სად დავბრუნებულვარო,  მგონი, აქ ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია ... 

მოკლედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ამ მიმართულებით მოთხოვნები გაამკაცრა და იმედია ბოლომდე დაიცავს თავის პრინციპულობას. 

წინსვლაა ეკიპირებებში: ქართული გუნდების დანახვაზე უკვე აღარ გეფიქრება ადამიანს, გულისრევის შეგრძნება ხომ არ მაწუებსო. თუმცა მკაცრი ხელი აქაც საჭიროა: 21-ე საუკუნეში აუცილებელია, ყველა კლუბს მოეთხოვოს მუდმივნომრიანი და გვარწაწერილი მაისურები საკლუბო და საჩემპიონო ლოგოებით დამშვენებული, თუმცა სანამ სფფ სხვას დაუქნევს თითს, მანამდე სჯობს საკუთარ თავსაც ჰკითხოს: რა გახდა ამდენი ხანი ერთი საფირმო-საჩემპიონატო ლოგოს შექმნა?! 

სკანდალი, მსაჯებზე გაბუტვა, გაქაჩვა-გამოქაჩვა, იმაზე ამის დაბრალება, ამაზე ხელის დაფარება, ბოლო-ბოლო, ჩემპიონატის ვინაობის კაბინეტში გარკვევა - გასულმა სეზონმა ეს ყველაფერი დაიტია და მთლად უხმაუროდ ალბათ არც ეს ჩემპიონატი ჩაივლის, თუმცა რაც უნდა იყოს, ყველამ თავის მიცვალებულს უნდა მიხედოსო და ამ ნათქვამის პერიფრაზით სულაც არ მსურს, 24-ე ეროვნული მიცვალებულს შევარადო, მით უმეტეს, გორის ”დილამ” უკვე შეაფხიზლა საფეხბურთო სამყარო და ყველას დაანახა, რომ ”ანორთოსისის” გაგონებაზე მაინცდამაინც ის არ უნდა თქვა, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში აქვს ნათამაშები და სად ისინი და სად ჩვენო; ან თუნდაც ”ორჰუსის” გაგონებაზე არ უნდა გაიფიქრო, დანიაში საშუალო ხელფასი 2500 ევროა და აბა, როგორ გინდა, ამათ მოუგოო. 

ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი და იბრძოლეთ ბატონო: აგერ ბურთი და აგერ მოედანი, ოღონდ ... არა ”შატილი” ან ”ქართლი”!

... ვეცადე მაგრამ მაინც იმედნარევი წერილი გამოვიდა. ბევრი მინუსის თუ სისაძაგლის გახსენებაც შემეძლო და ბევრის წყლისთვის გატანებაც, თუმცა ... ზემოთ ქართველების ტემპერამენტზე გამესვა წითელი ხაზი და ... ამ წერილის ავტორიც ხომ ქართველია ... 

ფუტ ბოლი

Thursday, August 9, 2012

გორის პოლარული ღამე

1996 წლის 8 ნოემბერს თბილისის აეროპორტში "ბოიგნები" ერთი მეორის მიყოლებით ჯდებოდა. ჯერ სტუმართა გუნდი ჩამოფრინდა, მერე კი მათი გულშემატკივარი. მაშინ ის პერიოდი იყო თბილისში ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობდა. ვიღაც მახვილგონიერმა სტუმართა გულშემატკივარს მოსაცდელ დარბაზში მოუყარა თავი. თქვენთვის ოფიციალური განცხადება უნდა გავაკეთოთო. ცოტა ხანში აეროპორტში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მივიდა. "მე პოლიციის გენერალი სოსო ალავიძე გახლავართ, პოლიცია თბილისში კრიმინოგენულ სიტუაციას ვერ აკონტროლებს, ყოველ მეორე მაცხოვრებელს შინ ”კალაშნიკოვი” უდევს და ამიტომ თქვენთვის უკეთესი იქნება თავს კონტროლს თუ გაუწევთო". მეორე დღეს ინგლისმა საქართველოს მოუგო. გიჟმაჟობით ცნობილი ინგლისელი გულშემატკივარის სექტორში საპანაშვიდე სიტუაცია იყო. იმას ვინც 90-იანი წლების საქართველოს მოესწრო გუშინ ლარნაკაში მომხდარი კვიპროსული გიჟმაჟობით ვერ გააკვირვებ. მისთვის ესეთი რამ ორდროშობანას თამაშს წააგავს.  

გუშინ ისე გამოჩნდა, რომ კვიპროსელებმა მატჩის უსაფრთხოება აფროდიტას მიანდეს. ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა. კვიპროსელები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა თამაშზე სადღაც ორმაცდაათიოდე პოლიციელი გაუშვეს. ალბათ რონი ლევსაც კვიპროსელი სამართალდამცავებივით საქმე მოგვარებული ეგონა. ჯერ კიდევ თბილისში ემჩნეოდა მედიდურობა ებრაელ სპეციალისტს მაგრამ ებრაულ გათვლებს ქართულმა აჯობა.

დილა - ანორთოსისი

გუშინ, გორში ”დილამ” პოლარული ღამე გაათენა. ოთხი წლის წინ ნაჯიჯგნი ქართლი ტკივილიანად ზეიმობდა. ჯერ არ განელებული ტრაგედია, ჯერ კიდევ თვალწინ არიან ანწუხელიძე, ლაშა თევზაძე, შინდისის გმირები. გუშინ "დილას" შინდისი ლარნაკაში იყო. თითქოს სხვაგვარად არ შეიძლებოდა. ”დილამ” მოახერხა ის, რომ 38 წუთში, ჩემპიონთა ლიგა მოვლილი ”ანორთოსისი” იპონზე დაახეთქა. "დილამ" დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის ააქვს აზრი და მებრძოლი კაცი არასოდეს მარცხდება. კვიპროსელი გულშემატკივარი კი ... გულშემატკივრის ქცევა ფაქტიურად თეთრი პირსახოცის გადმოფენას ჰგავდა. ”ანორთოსისი” დანებდა. 

წაგებასაც ცოდნა უნდაო გამიგია. არ სცოდნიათ კვიპროსელებს წაგება. აგრესიულობა მე მაინც სისუსტის გამოხატულება მგონია. ბევრჯერ მსმენია, წამიკითხავს, მისაუბრია, რომ ქართველებმა გულშემატკივრობა არ ვიცით, მაგრამ გუშინდელმა დღემ ისიც აჩვენა, რომ ამ საქმეში კვიპროსელებთან შედარებით მსოფლიო ჩემპიონები ვართ. საქართველოში სტადიონზე აგრესიის უკიდურესი ფორმებით გამოვლინება არასოდეს მომხდარა (ყოველ შემთხვევაში ევროთასებზე). ეს არ არის პატარა ამბავი, როდესაც საფეხბურთო სამყარო ხულიგნებმა წალეკეს. 

საქართველოს ისტორიაში ქართული კლუბები, სერიოზულ მეტოქეებთან სტუმრად იშვიათად იმარჯვებენ. ამ წუთას რაც მახსენდება თბილისის ”მერანის” - ავსტრიულ ”რიდთან”, ქუთაისის "ტორპედოს" ბელგიურ ”ლომელთან” და თბილისის "დინამოს" მოსკოვის ”ტორპედოსთან” გამარჯვებებია. ქართველთა სტუმრად გამარჯვება და ზოგადად გამარჯვებასაც ყოველვის ეჭვების კასკადი მოსდევს. ჩაწყობილი იყო? იყომარეს? გამაზულია? 2004 წელს თბილისის ”დინამოს” ევროთასებზე სუფთად გასვლისა დღესაც არ სჯერა ბევრს. თუმცა მათი საქმეა. ესეც ალბათ ერთგვარი კომპლექსია, დამარცხებული ერის კომპლექსი, რომელმაც დამოუკიდებლობის 20 წლის მანძილზე ყველა ომი წააგო. ამ კომპლექსს დრო და წარმატებები ერთად განკურნავს. მანამდე კი იმ ცნობილი ფრაზისა არ იყოს - ვისაც გვჯერა გაგვატარეთ ...   

გუშინდელი მოგება გორის ”დილას” უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ”ანორთოსის”. კვიპროსელთაგან განსხვავებით, ქართლში ჭრილობა ჯერ კიდევ გახსნილია და ეს გამარჯვება მას სალბუნად დაედება. 

გორის ”დილას” მსგავს პროექტზე წლების წინ მერაბ ჟორდანია და რომიკო შოთაძე ოცნებობდნენ. მათ სურდათ თბილისის ”დინამოში” ე.წ. ”დრიმ თიმი” შეექმნათ, რაც ყველა წარმატებული ქართველი ლეგიონერის უკან დაბრუნებას გულისხმობდა. ვერ მოხერხდა. გორში კი შეძლეს და შედეგიც სახეზეა. გორში მოახერხეს მაღალი დონის ქართველების ჩამოყვანა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა. ეგ კი არა გუშინდელი წარმატებისთვის "დილას" თითოეული მოთამაშე 50,000 ევროს აიღებს. მე თუ მკითხავთ დამსახურებულადაც.

დღეს ნიონში უეფა წილს ყრის და თუ ბედმა გაუღიმა არ არის გამორიცხული "დილა" რვაწლიანი პაუზის მერე მეორე ქართული გუნდი აღმოჩნდეს, რომელიც ევროთასების ქვეჯგუფის კარს შეაღებს.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

Wednesday, August 8, 2012

გამსვლელი პაიკი

ჭადრაკი ბრძნული თამაშია. იმდენად საინტერესო, დღემდე ვერ გაურკვევიათ, სპორტი უფროა თუ მეცნიერება. ყოველ შემთხვევაში, თუკი გათვლა და დათვლა ანუ მათემატიკა მეცნიერებაა, ჭადრაკიც მეცნიერება ყოფილა. 

ყველაფერთან ერთად ფილოსოფიური პროცესიცაა - მეფე კი მეფეა და იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა, მისი სიკვდილი პარტიის დასასრულს ნიშნავს, მაგრამ სხვა ფიგურებთან შედარებით, ისე შეზღუდულია გადაადგილებებში, იმდენი ჩარჩო აკრავს, სხვები სულ მის დაცვაში არიან და თავადაც სულ იმალება ... 

რის აგრესია, რა აგრესია - მეფესავით მიუსაფარი მეორე მეფეღაა, ოღონდ სხვა ფერისა. 

ვფიქრობ, მეფის ბედი ჭადრაკში ზოგადად მეფეების ბედს აირეკლავს - მკაცრად განსაზღვრული ადგილი და მდგომარეობა, შეზღუდული უფლებები და ძალა. ლაზიერი ... ჩვენ რომ დედოფალს ვეძახით. მისი მომგონი უთუოდ თანამედროვე ფემინისტების წინაპარი იყო და ქალის ფსიქოლოგიის კარგადაც მცოდნე. ქართული სხვა არაფერი მახსენდება, გარდა ანდაზისა; ქალმა თუ გაიწიაო ... ე, ისეთი ქალების მარაქიდანაა ლაზიერი. 

დანარჩენიც ასე, - კუ, მხედარი, სპილო ყველას თავისი წილი და როლი აქვს: ყველა მათგანი მეფისთვის კვდება ან მეფეს კლავს - ოღონდ, სხვა ფერისას ... 

პაიკი ... პაიკი?! პაიკი მასაა - ვითომ თეთრი ან შავი, მაგრამ სინამდვილეში ნაცრისფერი. საზარბაზნე ხორცი. რაოდენობითაც ხომ ყველაზე მეტია - შესაბამისად მისი მნიშვნელობაც ვერ შეედრება სხვებისას. 

მათ შორისაც არის სხვაობა - ყველაზე თავგამოდებულნი, ცენტრისანი, გაბრიაძისეული რომ ვთქვათ, "ჩქარად მდუღარეები", სხვებზე ადრე ქრებიან დაფიდან და ენდშპილის ჯარისკაცები, განაპირა სტატისტები კი ხშირად პარტიის ბედსაც წყვეტენ ... 

გამსვლელი პაიკებიც მათ შორის ჩნდებიან უფრო ხშირად - საკმარისია სულ შვიდ უჯრაზე გადაადგილება და ... 

"დაწინაურდებიან" ხოლმე - მეფობაზე ნურას უკაცრავად, მაგრამ დედოფლობას და აზნაურობას სურვილის გარდა, არაფერი უდგას წინ. 

იცვლება შინაარსი და იცვლება ფორმაც - თუმცა, რაკი ფიგურები უსულონი არიან - მახსოვრობის გარეშე, დაფის დახურვისას, ყველა საკუთარ შინაარსსა და ფორმას იბრუნებს, მეფე მეფეა, პაიკი - პაიკი ... 

******

სულ ყმაწვილი მახსოვს. მორიდებული, უხმაურო იყო. მოვიდოდა, ხმადაბალ სალამს იტყოდა და თავისი მასტის ხალხს, ოპერატორებს შეერეოდა. ზოგადად, ტელევიზიის ოპერატორები "პრაბივნოი" ხალხია, ამაყი და ადრინდელ თბილისში რომ იტყოდნენ, "ჩახმახივით შემართულიო" კი არა, უფრო ახლანდელ თბილისში რომ ამბობენ, "გორლაზე დგასო" აი, ისეთი. 

ეგ არ იყო გორლაზე - სამუშაო უნდოდა, საქმის სწავლა, "გორლაზე სადგომად" არ ეცალა.  

ის ტელევიზია უდღეური გამოდგა - ოთხმოცდაათიანი წლების შუაში კი არა, ახლა უჭირს მედიას და მაშინ რა იქნებოდა. 

დავიშალეთ, წავედ-წამოვედით და ათიოდემ თუ შევინარჩუნეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. 

იგი ჩვენზე უმცროსი იყო, სპორტთანაც მაინც და მაინც დიდი სიახლოვე არ შემიმჩნევია და როცა სპორტული რედაქციისთვის ოპერატორი მჭირდებოდა, უფრო სხვებს დავიხმარდი ხოლმე. 

იმის თქმა მინდა გადამავიწყდა-მეთქი. ვარდების რევოლუციის მერე გამახსენეს - ხომ გახსოვს, ჩვენი ოპერატორი რომ იყო, ახლა აქა და აქ მუშაობსო. 

გახსენებით კი გავიხსენე, მაგრამ მერე რაა რომ ... ვარდების ხელისუფლება სანახევროდ ჟურნალისტყოფილებითაა დაკომპლექტებული და სუყველას თუ არა, ნახევარს ვიცნობდი, მაგრამ ...

მერე რაა რო - საქართველო ცოტაა, თბილისი პატარაა ... 

ომის დროს ვნახე, გორში. ჩვენი ტელევიზია, თავი შევახსენე და რაკი გორი ტიროდა და თბილისში კი კონცერტი გამართეს, ალალად მითხარი, როგორაა საქმე მეთქი, ვკითხე ... 

"საინფორმაციო ომს ვაგებთო"

მეორე დღეს გაირკვა - მარტო საინფორმაციო ომი არ წაგვივია ... 

ლადო ვარძელაშვილი 

ტელევიზორში ჩნდებოდა ხშირად. თანამდებოდა შეუცვალეს. ყვითელ პრესაში დაუწერეს  რაღაცები. 

მალე სერიოზული პრესაც გადასწვდა. ეს იმიტომ, რომ სპორტსმენებს გადასწვდა თავად და რამდენიმე ხმაურიანი ამბავიც მოახდინა. ყველას ვერ დაამუნჯებ და შიგნით მომხდარი გარეთ უშუალოდ ამბების მონაწილეებმა გამოიტანეს. 

ერთმა მომიტაცაო, მეორემ - მაგინაო ... 

თავად ის თქვა, კრიმინალს ხელი დავაფარეო ... 

არ მიკვირს. ხშირად მოსდით ეგეთები ჩუმ და მორიდებულ ტიპებს - ერთგვარი რევანშია, წარსულთან შურისძიება. იმ ჩუმი წუთებისთვის, საათებისთვის, დღეებისთვის, თვეებისთვის, წლებისთვის ... 

გამსვლელი პაიკის ფსიქოლოგია დევს მანდ ... 

ახლა არ იფიქრებს ამაზე. უფრო მერე, როცა დაფა დაიხურება და ყველა საკუთარ თავსა და შინაარსს დაიბრუნებს. 

ახლა მეფეც გამსვლელი პაიკია, არათუ ლაზიერი და კუ ... 

ახლა სპორტის მინისტრია. ჯერ ადრეა მსგავს რამეზე ფიქრი. 

კონსტანტინე გოგიშვილი  

Thursday, August 2, 2012

ეძიეთ მწვრთნელი და გაუშვით გოგუა

დღეს კონფლიქტებით გატანჯული ორი ქვეყნის შვილები შეერკინენ ერთმანეთს და გამოჩნდა, რომ სამომავლოდ კვიპროსის გუნდებს უნდა ვერიდოთ. 

დღევანდელმა თამაშმა გორის ”დილას” რეალური სახე წარმოაჩინა. გუნდისა, რომელიც მაღალ მიზნებს ეშურებოდა მაგრამ კვიპროსის ”ანორთოსისთან” დაუცდა ფეხი. ფეხბურთში ყველაზე მეტად არის კავშირი - მიზეზსა და შედეგს შორის და ამ კავშირის დადასტურება დღევანდელი საღამო იყო. დღევანდელი მარცხი რამოდენიმე მიზეზის ბრალია: 

გოგიტა გოგუა - ეს არის ფეხბურთელი, რომლისგანაც ყოველი თამაშის წინ სასწაულს ელიან, მაგრამ ეს სასწაული არა და არ ხდება. ის 29 წლის არის. ჰაბიტუსით უფრო ხნიერსაც წააგავს მაგრამ თამაშის კითხვით, მოედანზე ქცევით ბარე ორ საფეხბურთო სკოლის მოსწავლეს ჩამორჩება. როდესაც ის მოედანზეა შანსი იმისა, რომ გუნდი ათი კაცით დარჩეს ძალიან დიდია. გასულ სეზონში ”დინამომ” ბევრჯერ იგემა საკუთარ თავზე გოგიტას გამოხტომები და ამიტომაც იყო ფიფიამ კარისკენ რომ მიუთითა (წამოსვლისას გაბრაზებულმა გოგუამ ”დინამოს” დიღმის საწვრთნელი ბაზის გადაწვითა დაიმუქრა). მანამდე ნაკრების კარი მისთვის თემურ ქეცბაიამ დახურა და დღეს სწორედ ქეცბაიას ყოფილ გუნდთან გოგუამ დაამტკიცა, რომ მასთან მიმართებაში ფიფიაცა და ქეცბაიაც მართლები იყვნენ.

არიან ადამიანები, რომლებიც ჭკუას ვერასოდეს სწავლობენ და გოგიტა გოგუაც სწორედ ასეთთა რიგებიდან არის. ”ლეტნად არისო” - მასზეა ნათქვამი. ის ამრევია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ამ სტატუსს ყველგან და ყოველთვის ამართლებს. ჯერ ”დინამოში” ურევდა, მერე ”დილაშიც” კარგად მოირგო ეს როლი და აგერ გასულ კვირას იყო, ”ორჰუსთან” საშინაო თამაშისას სანდრო გურულს პასის დაგვიანების გამო ისეთები ეძახა, ტრიბუნაზე მსხდომი გულშემატკივარსაც შერცხვა. ეგ კი არა მცირე შეხლა-შემოხლა ტაიმებს შორის გასახდელშიც იყო და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ თემურ შალამბერიძეს გუნდის სადავეები სადღაც გაქცეოდა.  

თემურ შალამბერიძე 
დღევანდელმა თამაშმა კი შალამბერიძის, როგორც მთავარი მწვრთნელის სხვა სუსტი მხარეებიც წარმოაჩინა. გოგიტა გოგუამ ყვითელი ბარათი პირველი ტაიმის 28 წუთისათვის მიიღო თუმცა ამან ხელი არ შეუშალა უხეშობა გაეგრძლებინა. გამოცდილი მწვრთნელი ათიდან თერთმეტ შემთხვევაში გოგუას პირველივე ტაიმში გამოცვლიდა, მაგრამ შალამბერიძემ სხვაგვარად ჩათვალა. ეგ კი არა, მეორე ტაიმში გოგუა ცენტრში შემოწია და გაძევების განაჩენი თავად გამოუტანა. ყვითელი ბარათის მიღების მერე გოგუა ექვსჯერ დაჯარიმდა. მეშვიდე ჯარიმას კი წითელის ანთება და გორის ”დილას” ათი კაცით დატოვება მოჰყვა.

გაძევებამდე, "ანორთოსისის" საჯარიმოში კუთხურის ჩამოწოდებისას, უკვე ერთი ყვითელი ბარათის მქონე გოგუასგან მწრთნელი ცენტრში დარჩენასას და კვიპროსელთა კონტრშეტევის ჩაშლას მოითხოვდა. ეს სარისკოა საქმეა, განსაკუთრებით თუ მოწინააღმდეგეს სწრაფი შემტევები ჰყავს და "ანორთოსისიც" სწორედ ასეთი გუნდია.

ისე ჩანდა კვირპროსელებმა კარგად იცოდნენ გოგუას შარახვეტიობის ამბავი და მისი "წამოკიდება" დროისას და ტექნიკის საქმე იყო.   

შალამბერიძეს შეეძლო გოგიტა გოგუა კახა ალადაშვილით შეეცვალა. მას ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც ეფექტურია ან ცენტრში ბეჭვაიასთვის შოთა კაშია შეეწყვილებინა. მეორე ვარიანტი გოგუას რომან ახალკაცით შეცვლა იყო, რითაც შალამბერიძე შეტევის მარჯვენა ფლანგს კიდევ უფრო მობილურს გახდიდა.

ამას გარდა, ქართული საფეხბურთო სამყარო ირაკლი მოდებაძეს ცენტრფორვარდად იცნობს, რომელსაც შეუძლია ჯაჯგურში ბურთის მიღება, მისი კორპუსით დაკეტვა და შეტევის მეორე ფაზის განვითარება. შალამბერიძის გუშინდელი გადაწყვეტილება უცნაური იყო. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა მოდებაძე-ვაწაძის შემტევი დუეტი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რათა "დილას" საშინაო მატჩში გამარჯვებით კვიპროსული დაპირისპირების წინ ფორა შეექმნა, თუმცა მოდებაძე შეტევის წინა ხაზის ნაცვლად საყრდენის პოზიციაზე იწევდა და იქიდან ცდილობდა საკუთარი გუნდის შეტევების წამოწყებას. სხვის არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ პოზიციაზე მოთამაშე მოდებაძე არ მახსენდება.     

”ანორთოსისმა” ერთი რამ ცხადად დაანახა შსს-ს. თუ ეს უწყება გუნდის რეალურ წარმატებას ეშურება სასწრაფოდ გამოცდილი მწვრთნელის მოყვანაა საჭირო, რომელიც არ დაუშვებს იმას რომ გორის ”დილა” ”ჯუღელის ბიჭების” დროებითი გაჩერება გახდეს, რომლებიც ფორმის აღდგენისა და ხელსაყრელი წინადადების მიღებისთანავე ისევ რუსეთის გზას დაადგებიან (როგორც ეს მათე ვაწაძის შემთხვევაში იგეგმება). ძლიერმა მთავარმა მწვრთნელმა არც ის უნდა დაუშვას, პრინციპული თამაშის შესვენებაზე ფეხბურთელებმა გასახდელში ძიძგილაობა გამართონ და ერთი-მეორეს ათასობით გულშემატკივრის თვალწინ ოჯახი უტრიალონ. 

ფაქტია შალამბერიძე ევროპაში გამოსაჩენი მწვრთნელი არ არის, თორემ "დილას" ქვეყნის შიგნით ისეთი შემადგენლობა და პატრონ-მყვარებელი ჰყავს, საქართველოს ჩემპიონატის მოგება ოთარ მამასახლისის თავკაცობითაც არ გაუჭირდება. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი