ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის ის არის, რომ იყოს უბრალო, ჩვეულებრივი, ცხოვრობდეს წყნარად, ზომიერად და აუღელვებლად.
ადამიანები რაღაცნაიარად მდინარეებს ჰგვანან: წყალი ყოველ მდინარეშია და წყალი წყალია, მაგრამ თითოეული მდინარე ზოგი ვიწროა, ზოგიც განიერი, ზოგი ჩქარი, ზოგი მდორე, ზოგი ანკარა და ცივი, ზოგიც მღვრიე და თბილი. ასევეა ადამიანებიც, ყოველი კაცი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და ხან ერთ თვისებას გამოავლენს და ხან მეორეს, ხანაც სრულიად აღარ ჰგავს თავის თავს, თუმც ის იგივე რჩება, რაც არის.
რამაზ შენგელიაც მუდამ იგივე რჩებოდა. არტისტიზმი, ყეყეჩობა, ზემოდან ყურება, მისგან შორს იგდა. ის სახალხო ფეხბურთელი იყო. კელაპტარივით რომ ენთო იმ შავ-ბნელ პერიოდში.
არც მერე, დამოუკიდებლობის პერიოდში დაუძალებია ბურნუთივით თავისი თავი სხვებისთვის. არც სავარძელს გამოჰკიდებია და არც სახელსა და დიდებას. არადა ... საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ იყო დასახელებული. როგორი საქმეა? რამდენად წინ უნდა ყოფილიყავი რუს ფეხბურთელებზე, რომ იქ საბჭოთა დედაქალაქში საუკეთესოდ ეღიარებინე.
გერმანელებმა მას საბჭოთა გერდ მიულერი შეარქვეს. გოლების მანქანა. კარზე დაგეშილი ფორვარდი. ერთი წამით მოადულებდი ყურადღებას, ერთი წამით დატოვებდი ზურგს უკან და ბურთი კარში ფართხალებდა. გატანჯული ყავდა მცველები, 90 წუთის მანძილზე წამით მოდუნებას არავის აცლიდა. ის გოლების კაცი იყო. გოლეადორი. მხოლოდ ერთხელ, ერთადერთჯერ გააკეთა საგოლე პასი და ისიც როგორი - დიუსელდორფში ”კარლ ცაისის” წინააღმდეგ და სწორედ მისი პასით აანთო ორიანი ტაბლოზე ვოვა გუცაევმა.
თავის დამსახურება, მნიშვნელობა და სიდიადე გადაკვრითაც არავისთან უხსენებია. არც ჟურნალისტებთან და არც საახლობლოში. მუდამ დათო ყიფიანის პასებს და დამსახურებას მიაწერდა თავის ბომბარდირობას. დათოზე გადაჰქონდა აქცენტი. მუდამ ჩუმად, უხმაუროდ ყოფნა უყვარდა.
მის მშობლიურ ქუთაისში აბა რა გამოლევს ნიჭიერ ფეხბურთელებს. ბევრი ტალანტი უნახავს იმერეთის ამ ულამაზესს ქალაქს. ადრე დათო ნოზაძეზე დავწერეთ http://geofoot.blogspot.com/2012/06/blog-post_26.html უნიჭიერეს ქუთაისელ ბიჭზე ასე ადრე რომ წავიდა იმქვეყნად. მის ფეხბურთელობაში სწორედ რამაზს მიუძღვოდა უდიდესი წვლილი. ახალგაზრდა ბიჭს მძიმე ტრავმის მერე მოსკოვში ცნობილ მირონოვის კლინიკაში სწორედ რამაზის დახმარებით გაუკეთეს ოპერაცია. ოჯახს ფული შეუძლევია რამაზისთვის. გაღიმებია რამაზს - ჯერ ეგ ფული არ მინდა, მერე მომცეს ევროპის თასს რომ მოიგებსო.
თავში არასოდეს არაფერი ავარდნია. ხალხსაც უბრალო ადამიანად დაამახსოვრა თავი. კოტემ დაწერა გოგიშვილმა: კვიპროსში რომ თამაშობდა, გეგე შეუცვლია მწვრთნელს რამაზის შვილი. ფეხზე წამომდგარა მაყურებელი და ტაშით გაუცილებია. ტრიბუნებს ამაყად გადახედა თურმე გეგემ და მენეჯერს თვალი ჩაუკრა.
- ეგ არ გაგიკვირდეს, მამაშენს თხუთმეტი კი არა, ასი ათასი კაცი უკრავდა ტაშსო - უპასუხია მენეჯერს.
რამაზ შენგელიას სახელი მანამდე იქნება, სანამ თუნდაც ერთი ბავშვიც გააგორეს ამ ქვეყნად ბურთს.მის წინაშე ფეხბურთის გულშემატკივრები მუდამ ვალში ვიქნებით. იმ სიხარულისთვის, რასაც უანგაროდ წლების მანძილზე გვანიჭებდა. რამაზის სახელი არასოდეს დაიკარგება, მაგრამ კარგი იქნება თუ ქუთაისის ”ტორპედოს” ხელმძღვანელობა, იმ ქალაქის სტადიონს, სადაც რამაზი ფეხბურთს ეზიარა, ამ დიდი ფეხბურთელისა და პიროვნების სახელს უწოდებს.
ჩუმად ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე. მთლიანად პიროვნება იყო და კარგად იცოდა, რომ ეს ქვეყანა სახნავ-სათესი იყო და არა მარტოოდენ სამკელი. არავისგან ითხოვდა სიყვარულსა და პატივისცემას. მარკესისას არ იყოს, იცოდა კაცისთვის ზემოდან მხოლოდ მაშინ უნდა დაეხედა, როდესაც ძირს დაცემულს ფეხზე წამოსაყენებლად ხელს გაუწვდიდა. ასე მგონია რამაზ შენგელიამ ყველაზე კარგად უწყოდა, რომ ამქვეყნად მხოლოდ წუთიერად იყო და როდესაც მისი დრო ამოიწურებოდა ვიღაცას უნდა დაწყვიტოდა გული. ვიღაცას მართლა უნდა დაკლებოდა, მხოლოდ ოჯახის წევრებს კი არა...
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment