თმაში ჭაღარა გაჩენილა. წლები გაფრენილა. არადა რამდენი მოგონება და ლამაზი წუთები დატოვა ამ წლებმა. რამდენი ფრაგმეტი, რამდენი ფინტი, რამდენი გოლი და რამდენი სიხარული ... რამდენი იმედგაცრუებაც.
ერთგულება მათი საფირმო ნიშანია. მეგობრებისა და ფეხბურთის ერთგულებაზე არაფერს ვამბობ, ადგილის ერთგულებაზეა საუბარი. ვერისბაღის შესასვლელი და ”დინამოს” სტადიონის მეცხრე სექტორი. ჩამოჯდებიან და იწყება ... მიხვალ გვერდით დაუჯდები და იმდენ რამეს და ვინმეზე გაიგებ ისტორიას, რომ ... იცი რომ მერე შენც დაბერდები, შენც შენს შვილებს წაიყვან სტადიონზე და ასე გაგრძელდება. ასე გადავა მემკვიდრეობით და მარადისი გახდება. ვერისბაღელებიც ”დინამოს” ისტორია არიან. აწმყოც და წარსულიც.
ვერისბაღელები |
მერე რა ვუყოთ, თუ მათთან საუბარში მოგონება ჭარბობს. ადრე მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ყიფიანის მერე უჭირდათ ვთქვათ ალექსანდრე გოგობერიშვილის ფეხბურთისთვის ეცქირათ. ახლა ვხდები. მართლა ძნელია. ძნელია, ვთქვათ იგივე გიო ქინქლაძის თამაშის მერე, ახლანდელ შემტევებს უყურო, მაგრამ ისინი მაინც იქ არიან. ”დინამოს” არ ეღალატება და ამიტომ. ”დინამო” და ფეხბურთი მათი ცხოვრების ნაწილია. მათთვის ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე სპორტი და ალბათ ამიტომაც იყო, აკუმლატორებითა და ტელევიზორებით რომ მიუყვებოდნენ აღმართებს პანტიანისკენ თურქული არხების დასაჭერად, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეყურებინათ. თამაშებს კასეტებზე იწერდნენ და პატიაშვილისაც უგზავნიდნენ. კომუნისტების დროს ბირჟაზე უსაქმოდ დგომა დანაშაული იყო. ეს წესი მარტო ვერისბაღელებზე არ ვრცელდებოდა. ვერის ბაღში შეგეძლო რამდენი ხანიც გინდოდა იმდენ ხანს ყოფილიყავი. ახლა ამ ყველაფერმა ფორუმეზე გადაინაცვლა, მაშინ კი იქ ჯოხით ქვიშაზე ხდებოდა საფეხბურთო ტაქტიკის დახაზვა და გარჩევა. ფეხბურთი მაშინ ეროვნული იდენტობის დამტკიცების საშუალება იყო. საბჭოთა მარწუხებიდან გაქცევის იარაღი. საერთო სახალხო მღელვარების საბაბი. გამარჯვების მერე თეთრად გათენებული ღამე. 1976 წელს ”დინამოს” მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღებას და სწორედ ასეთ თეთრად გათენებულ სიხარულის ღამეს მოჰყვა ვაჟა აზარაშვილის უკვდავი ”დინამო”, ახლაც რომ ჟრუანტელს მომგვრელია ჩვენთვის. მეორე დღეს მორის ფოცხიშვილისთვის წაუღია მუსიკა, პოეტმა მუსიკას ტექსტი მოარგო და უკვდავებაც შეიქმნა.
ვერისბაღელები და ”დინამო” ეს მორის ფოცხიშვილისთვილსაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეგ კი არა ”დინამოს” თამაშისას, პოეტის ერთ-ერთი ქალიშვილისთვის ”პაკლონიკს” დაურეკავს. ქალ-ვაჟს საუბარი გაგრძელებიათ. ფეხბურთი დასრულებულა. გასულა პოეტი ოთახში და შვილისთვის უთქვამს: ”მამა, დაანება მაგ ბიჭს თავი, კაცს რომ ფეხბურთი არ ეყვარება ოჯახში არ გამოდგებაო”.
ვერისბაღელებთან ბევრი ცნობილი ადამიანიც მდგარა. ჩვენს დროში რომ ვარსკვალებს უწოდებენ, იმათზე კაშკაშა ციური სხეულები. გურამ ფანჯიკიძიდან დაწყებული, ნოდარ დუმბაძით დამთავრებული. მათთვის ”დინამო” უბრალო რამ არ იყო. გულის ფიცარზე ეწერათ. სწორედ ნოდარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვა ”დინამომ” მიერ თასების თასის მოგება. დიუსელდორფის ფინალიდან გარკვეული დროის მერე დუმბაძეს მწერალთა კავშირში მიღება გაუმართავს. მისულან დინამოელები. ნოდარ ახალკაცს მოუბოდიშებია: - ”უნდა გვაპატიოთ ნოდარ ბატონო, ძირითადი გუნდი ლესელიძეშია შეკრებაზე და მხოლოდ დუბლები მოგიყვანეთო”. დუმბაძის პასუხზე გაუცინარ ხელმწიფედ წოდებულ ახალკაცსაც ვერ შეუკავებია თავი: - ”მაი არ იდარდო ფარსადანოვიჩ, ჩვენც დუბლებით გხვდები, აპა ჩვენი ”ასნავნოი სასტავი” მთაწმინდაზეაო”.
ბევრი რამ ააქვთ გასახსენებელი ვერისბაღელებს. ბევრი ცნობილი ამბავი, ბევრიც უცნობი რამ. წლები გადის, ვერისბაღელებსაც ბევრი წევრი აკლდებათ. წლები და წლებთან ერთად კიდევ ერთი ეპითეტი ”უბერებლები” ემატებათ. ისინი ისევ იქ არიან ვერისბაღის შესასვლეში, ხელმარცხნივ სკამზე და დინამოს მეცხრე სექტორში. ბევრი უკეთესი უნახავთ, მაგრამ იციან ”დინამოს” და ფეხბურთს არ ეღალატება ...
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment