ფოთი. რკინიგზის სადგური. ადრე გაზაფხულის სიცივე. კუნაპეტი ღამე და რაღაცნაირი სიჩუმე, რომ დაგამშვიდებს და მოგადუნებს კი არა, პირიქით, ჩახმახივით შემართულს რომ გამყოფებს - თითქოსდა კაი რომ არაფერი უნდა მოჰყვეს. იმ პერიოდს ”მხედრიონისას” ვეძახით ჩვენში და ყველაზე მეტად კი ნგრევის, სიბნელის, გაუტანლობისა და ზოგადად დაცემის დრო იყო. ერიც დაეცა და კაციც სხვა დიაგნოზი არ სჭირია იმ დროს.
მთელი საქართველო ჯართსა და მარგანეცს ეზიდებოდა ფოთის პორტში მაშინ. სად ეზიდებოდნენ ფოთის პორტიდან, ამაზე ზუსტ პასუხს მხოლოდ ქართული უშიშროება თუ გასცემს - რაკიღა ”კაგებეს” დაფოთლილფორმებიანი სამხედროები იცავდნენ ნავთსადგურსა და იქ ჩამომდგარ გემებს. ისე, ქართულის გარდა, რუსულ და თურქულ საუბარსაც მოისმენდით ვეებერთელა ამწე კრანების ხმაურის ფონზე და სავარაუდოდ, სწორედ იმ, რუსი და თურქი შუამავლების საშუალებით გაჰქონდათ საქართველოს სიმდიდრე სამშობლოთი მოვაჭრეებს.
სხვათა შორის, იმ პერიოდში შეეჩვია ფოთის პორტს უკვე გვარიანად მოტეხილი, სადღაც სამოცი წლის ასაკის ჭაღარა მამაკაცი - ყავისფერი ”ზამშის” დუბლიონკა თითქმის გაუხდელად რომ ეცვა, სულ არ დაგიდევდა ნაცნობი იყავი თუ უცნობი: მოდიოდა და ”პატარა ფული მომეციო”, გთხოვდა. უარს თითქმის არავინ ეუბნებოდა - ჩვენი ”ნოდროა”, ერგებაო ...
მალე გავიგე ”ნოდროს” ვინაობა - ის კაცი აღმოჩნდა, ”ჩუკჩებს” რომ მეგრული ინგლისურად შეასაღა და დაასწავლა. გვარად ნოდია ყოფილა და ის ”ნოდროც” იქიდან მოდიოდა ალბათ.
სამი-ოთხი საათი იქნებოდა, სამნი ვიდექით და ელმავალს ველოდებოდით. იმდროინდელ საქართველოში, მე რაც მინახავს და გამომიცდია, სამგზავრო საშუალებათა შორის, ელმავალი ყველაზე კომფორტული ალაგი იყო. სითბო, არცთუ მოუხერხებელი სავარძლები, ყოველგვარი გაჩერებებისა და სხვა ლიანდაგზე გადაყვანების გარეშე მოძრაობდა და სხვა რა არის ნორმალური მგზავრობა?! ეგ იყო, ამისათვის მხოლოდ ფულის გადახდა არ კმაროდა - რკინიგზის სისტემაში ან ”ბლატი” უნდა გქონოდა, ან მემანქანის ნაცნობი ყოფილიყავი, ანაც სადგურის რომელიმე პასუხისმგებელი პირისა.
ვდგავართ. ისინი ასე ოთხ-ხუთ მეტრში დგანან. ეწევიან და ჩუმად ლაპარაკობენ. მაინცდამაინც არც მე მაინტერესებს ისინი და არც იმათ მოუკლავთ თავი გამოცნაურების სურვილით ... უცებ, რომელიც უფრო დაბალი იყო, გულზე ხელი იტაცა და ნელ-ნელა, სხეულს აკონტროლებდა, ისე ჩაიკეცა. - დათკა, დათკა - ჩასძახა მეორემ. ხმაში აშკარა შიში გამოეხატა - გაგიმეორა კიდევ ხომ?
ექიმზე, ვინმეს დახმარებასა და კაციშვილისთვის ხმის მიწვდენაზე ფიქრი ზედმეტი იყო. მივედი, ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ფეხზე წამოვაყენოთ, სადგურის შენობაში ხელით შევიყვანოთ-მეთქი ... - არა იყოს, გამიარს - აშკარად ქუთაისური აქცენტით ამოთქვა ცუდად მყოფმა - მივეჩვიე უკვე. სუსტი იყო და პატარა. სხვას იმ სიბნელეში აბა რას შევამჩნევდი.
- რავა ხარ დათკა - შეეკითხა ის, მეორე. უფრო მოსული, უფრო ხნიერი იყო.
- პერეუტამლენიეა, დათკა, პერეუტამლენიე - იმერეთში რომ ვიტყვით მოხვინცქილდაო, უკვე ისე იყო ავადმყოფი დათკა და მეორეს, კარგად მყოფ დათკასაც მოეშვა გულზე.
- ე, ახლა შემიძლია ადგომა - თქვა იმან და წამოჯდა. ვინ აცალა, ვეცით ორივე და წამოვაყენეთ. ფეხზე რომ დადგა, კიდევ უდრო პატარა გამოჩნდა. ”მადლობა ჩემი ძმა”, მითხრა და ხელი ჩამომართვა - ფეხბურთი გიყვარს?
იმხანად ჟურნალისტობა დაწყებული არ მქონდა, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულთან ამას რა ხელი ჰქონდა.
- მეც შეგეკითხე რა ... - თავად გაეცინა - ხოდა, დათოია, ვარ ნოზაძე, პელე ... თუ გაგიგონია...
დათო ნოზაძე როგორ არ გამეგო. ერთი რომ, ”სამტრედიის” გამთამაშებელ იყო და მეორეც, სანამ ჩვენთან დაიწყებდა თამაშს, ქუთაისის ”ტორპედოდანაც” ვიცოდი. ტექნიკური იყო ძალიან და პასიც მაგარი იცოდა. კისერში თავჩაგრულიო, ხომ გაგიგიათ, დაახლოებით ისე, ბეჭებში მოხრილი თამაშობდა.
იმხანად სამტრედიელებს მოსკოვის ”ცეესკას” ლურჯ-თეთრ-წითელნარევი ფორმა ეცვათ - უფრო სწორად, თეთრ, წითელ ხაზებიან მაისურაზე ”დაყრილი” ლურჯი დიდ-პატარა ვარსკვლავებით.
ნოზაძე რვა ნომერი იყო და თამაში მიჰყავდა.
როგორც ხდება ხოლმე, როგორც მგზავრებს ჩვევიათ - ყველა მთისა და ბარისა მოვყევით. მაშინ აბა, ვის ულხინდა,. მაგრამ ფეხბურთელების მდგომარეობა განსაკუთრებულად სავალალო იყო. ოჯახში წასაღებ ფულს ვინ დაეძებდა, თავად ვერ ჭამდა საჭმელს. ბაზებზე და აღდგენა-სამედიცინო პროცედურაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი.
უძნელესი პერიოდი ედგა ”სამტრედიასაც” - ჩაჩუა ჯერ არ მოსულიყო, ძველი პატრონებიდან და გულშემატკივრიდანაც აღარავინ შერჩა გუნდს.
ის კი არა იმ ბნელ ღამეებში, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი კრიმინალების თავშეყრის ადგილად იქცა - სადაც კი დედამ შვილი დაწყევლა, ყველა სამტრედიის სტადიონის საყარაულო ოთახში დადგმულ შეშის ღუმელს მიეფიცხა. სიტუაციას ჟურნალისტ ჯემალ ჭიპაშვილის მონაყოლი ასახავს ნამეტანი კარგად და ამ ამბის გამო, დროებით გადავუხვევ მთავარ თემას ...
”დასავლეთში მომიწია მივლინებამ. იმხანად, ფედერაციის გაზეთში ვმუშაობდი და მატჩების ინსპექტორადაც ვინიშნებოდი ხოლმე. გალში თუ ხობში ჩავედი მსაჯებთან ერთად. ადგილობრივი გუნდი სტუმარზე ძლიერი ვერ იყო, მაგრმა მასპინძლებს მოგების გარდა, არაფრის გაგონება სურდათ. მსაჯობა არ იყო ცუდი, თუმცა რაკი მათმა გუნდმა ვერ მოიგო, მსაჯ-ინსპექტორისათვის შარის მოდება რა სიძნელეს წარმოადგენდა და დაგვენთნენ - გამოუცვლელად, პირდაპირ ფანჯრიდან ჩავეყარეთ ვიღაცა მადლიანის ”ჟიგულში” (კარების გაღება ვინ გაცალა) და ასე გამოვასწარით სიკვდილს. იმ რაიონს კი გამოგვარიდა მადლიანმა, მაგრამ უფრო შორს ვეღარ წამოვალო, გვითხრა და ბოდიშით დაგვემშვიდობა. დავადექით ფეხით გზას და აბაშამდე არმისულებს გზაზე არ გადმოცვივდნენ? აბა, იქ ვაბარეთ კუპერის ტესტები და ვამხეთ რეკორდები - აბაშის სადგურამდე სულ ზოროს ცხენივით ტრიხინ-ტრიხინით ჩავედით.
ერთი შიში იქაც ვჭამეთ - ჩვენი მდევრები სადგურის ბაქანზე დავლანდეთ, მაგრამ თავად ვეღარ შეგვამჩნიეს და მალე წავიდნენ კიდეც. ღამდებოდა და უკვე - მშივრები, დაღლილები, უცხო ადგილას მყოფები არაფერს დავეძებდით, რამე ტრანსპორტი გამოჩენილიყო და თბილისამდე ჩამოგვეღწია. ყველაფერს ზედ ისიც დაემატა, წამოთოვა კიდეც - დიდ-დიდი ფანტელები მოდიოდა და ახლა ის გაგვიჩნდა სამწუხრად, რიკოთი არ ჩაკეტილიყო. იმ საღამოს მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ აბაშიდან სამტრედიამდე ჩავაღწიეთ. სტადიონზე, ერთი ოთახიდან შუქი გამოდიოდა და გული მოგვეცა, ამდენი ხანია ფეხბურთში ვართ, სტადიონზე ნაცნობს როგორ ვერ გადავაწყდებოდით, სხვა თუ არაფერი, თოვლსა და ყიამეთში გარეთ დასარჩენად მაინც არ გაგვიმეტებენ-თქო ...
შევედით. შეშის ღუმელს რამდენიმე გაუპარსავი ახალგაზრდა შემოჯდომოდა. სითბო და აკუმულატორის ნათურა კი ალამაზებდა იქაურობას, მაჰრამ იმდღევანდელ მდევრებზე უკეთესი თვალით გვიყურებდნენო, ვერ დავიჩემებ ... რარა გავაგრძელო - პური, ყველი და ტყემლის საწებელი კი დელიკატესად შევირგეთ, მაგრამ სანაცვლოდ მსხვერპლის გაღებაც მოგვიწია: აქაოდა, სტუმრებს ეს ”ტელეგრეიკის” არაყი როგორ გაკადროთო, მარიხუანა შემოგვთავაზეს. ”აგერ თქვენს თვალწინ შეგიბზრიალებთ და შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენებათო” - გვითხრეს ღიმილით. თავი მოვიკალით და არაყი დავლიეთ. ცოტა გაკვირვებულნი კი დაგვრჩნენ - აბა, ჩვენ მოგვკლას ამანო, ჩაიცინეს და ჭიქები სულ ბოლო წვეთამდე გვაცლევინეს. ნეტა ის ”შებზრიალებული” აგვერჩია, იმ ”ტელეგრეიკისაზე” უარესი რაღა იქნებოდა” ...
ისევ ფოთში დავბრუნდები - სანადიროდ ყოფილიყვნენ დათო ნოზაძე და მისი მეგობარი. ძაღლი, დრათხაარის ჯიშისა, რუკზაკებს უჯდა და დარაჯობდა სადგურის შენობაში.
სადღაც გამთენიისას, ექვსს კარგად გადაცილებული იყო. მოვიდა ის ჩვენი ელმავალი. მემანქანე გულმისავალი კაცი აღმოჩნდა და ყოველგვარი ჭინჭყლობა-ვაჭრობის გარეშე დაგვითმო ტრანსპორტის უკანა ნაწილი.
სითბომ კი მოგვთენთა, მაგრამ საუბარი გავაგრძელეთ. დათოს გვარიანად ჰქონდა აცრუებული გული ქართულ ფეხბურთზე. - არადა, სხვაც რომ არაფერი შემიძლია? აქ თუ დავრჩი, ჩამიარა გვერდზე ცხოვრებამ და ესაა. დროზე უნდა ვუშველო თავს. მერე სადღაც, ცხრა-ათი საათისათვის, როცა სამტრედიის რკინიგზის სადგურის ერთ-ერთ რაფაზე არყის ბოთლს ვცლიდით, ერთხელაც ალაპარაკდა საკუთარ თავზე: - და და სიძე მყავს ჰოლანდიაში. ექიმები არიან, სერიოზული დონის სპეციალისტები. ”ვიში პილოტაჟის” ოპერაციებს აკეთებენ. თუ მოიკიდეს ფეხი, აუცილებლად ჩავალ ევროპაში - ეგებამ გადავრჩე, როგორც ფეხბურთელი ...”
მას მერე, ერთადერთხელ შევხვდი - ”სამტრედიისა” და ”ტორპედოს” იმ თამაშზე, 2-2 რომ დამთავრდა. ”სამტრედიიდან” დათო ჯანაშიამ გაიტანა ორივე და ”ტორპედოდან” მიხო აშვეთიამ. იდგა და გიორგი სუხიაშვილს ეძახდა. ღიმილით გადამეხვია - როდის ”ვიკატავოთ” მატარებლითო.
... ეკლესიაში მყოფს ამოსვლია სული. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს - ნამეტანი ადრე წავიდა. წავიდა ისე, როგორც სხვა ბევრი ჩვენი თაობიდან - გვერდზე რომ ჩაუარათ ცხოვრებამ.
კონსტანტინე გოგიშვილი
No comments:
Post a Comment