1990, 1992, 1993 - ამ წლებში
დაბადებული ასე თუ ისე ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოს ჰყავს, მაგრამ
დააკვირდით, რომ 1991 გამოვტოვეთ. თითქმის აბსოლუტური წყვეტაა ამ ასაკში. ელემენტარულად,
ფეხბურთელები არ არიან და თუ არიან, კანტიკუნტად. ანუ რა გამოდის? 21-წლამდელთა
ნაკრებში, სადაც 1990 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში, არიან 1992,
1993 წლიანები, მაგრამ არ ჩანან 1991-იანები. კი, მაგრამ, ვისი ბრალიაო, იკითხავთ.
ვერ მოუარეს საკუთარ თავს, მორჩა და გათავდაო. არც მორჩა და არც გათავდა, ამ
ასაკის ბიჭები, ჯერ კიდევ 16-17 წლის ასაკში ჩამოაჩოჩეს და ნაკრები 1992 წელს
დაბადებულებით გატენეს. ეს ჰერბერტ ცანკერის საქმიანობისას მოხდა, ხოლო გერმანელს
გელა შეყილაძე და ლევან ხომერიკი ეხმარებოდნენ.
მაშინდელი 17-წლამდელთა
ნაკრები, სადაც წესით 1991 წელს დაბადებულებს უნდა ეთამაშათ, 60 პროცენტით
პატარებით იყო დაკომპექტებული. მიზეზი ეს იყო: ამ ასაკში ნიჭიერი ბიჭები არ გვყავს
და სჯობს, 1992-წლიანელები ახლავე შევაჩვიოთ დიდ ტურნირებს, ერთი წლის მერე უფრო
გაუადვილდებათ თამაშიო.
თაობათა ასეთი წყვეტა
არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება, მაგრამ მწვრთნელების ტაქტიკა იოლი გამოსაცნობი
იყო. მოიგებდნენ? იტყოდნენ, აი რა მაგრები ვართ, ერთი წლით პატარებით ვანგრევთო. წააგებდნენ?
ერთი წლით პატარები გვყავდა, დაგვაცადეთ, გაისად რას იზამენ. თავის გამართლების
იდეალური საშუალება. ”კატა და ლომის” მულტფილმივით, ლომი ყოველთვის მართალია. და
როცა 19-წლამდელების ასაკი მოუწიათ, 1991-იანების ჯგუფი კიდევ უფრო შეთხელებული
იყო, ხოლო 21-წლამდელებში საერთოდ მოისპო. რაც დრო გადიოდა, წყვეტა გრძელდებოდა.
ერთი წამით
წარმოიდგინეთ 16 წლის ჭაბუკის მდგომარეობა. მოდის ბავშობიდან, თავს აკლავს საქმეს,
ნაკრებზე ოცნებობს, უნდა გამორჩეული გახდეს და ამ დროს ეუბნებიან, შენ ჩაიჩოჩე, ერთი
წლით პატარები მინდა. ბუნებრივია, ჭაბუკს გული მოუკვდებოდა, რისთვის შევაკლა თავი,
როცა მაინც არ მაქვს შანსი.
”1991-იანებში
ნიჭიერები არ არიან და პატარები სჯობნიან” - ეს სიცრუე იყო. სიცრუე, რომელიც მათ
კეთილდღეობას სჭირდებოდა. აი, ცანკერისა და მისი დამქაშების კარიერულ პერსპექტივას
(არიქა, რომ წავაგოთ, თავი რით გავიმართლოთ ...) შეეწირა ერთი ასაკის თაობა.
მას შემდეგ ასე აღარ
მომხდარა, ასაკებში აღრევა აღარაა, მაგრამ რაც იყო, ძნელი დასავიწყებელია.
დათა რიგვავა,
გიორგი ჭანკოტაძე, ივანე კანდელაკი, შალვა კვანტალიანი - ინებეთ 1991 წელს დაბადებულთა
სა-უ-კე-თე-სო წარმომადგენლები ... სულ ესაა.
ჩონსი ბილაპსიშვილი
No comments:
Post a Comment