Saturday, March 31, 2012

”ტაში, მეგობრებო, ტაში!”



უცნაური ხალხი ვართ ქართველები. არ ვიცი, საიდან და როგორ ჩამოყალიბდა, მაგრამ უკვე ბევრი ფაქტი ვნახეთ ქართულ სტადიონებზე, როცა გაძევებულ ფეხბურთელს ტაშით ვაცილებთ გასახდელში. არადა, სტაჟიანი ქომაგებისაგან გამიგია, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, ასე არ ხდებოდა - ეს დამოუკიდებლობის პერიოდში დამკვიდრდა. 

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: ქართველი ფეხბურთელი მეტოქეს თავში ურტყამს ფეხს, ან მსაჯს აფურთხებს. ეს ხომ აგრესიია? გამოდის, რომ გულშემატკივარს აგრესია მოსწონს, თორემ იმ მოთამაშეს გასახდელისაკენ სულ ”შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი” არ გააცილებდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მენტალიტეტის ბრალია. გავიხსენოთ რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში როცა თუ ავტომატი ხელში არ გეჭირა, ან სულ მცირე, ვინმესთვის ტყავის ქურთუკი თუ არ წაგირთმევია, ჟარგონულად რომ ვთქვათ ”ჩმორი” იყავი. ვფიქრობ, ეს აგრესია იმ დროს დამკვიდრდა და ფეხბურთსაც გადმოედო. ფეხბურთი ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღეს, შესაძლოა, ლამაზი ფინტისთვის ტაში არ დაგიკრან, მაგრამ აბა, მეტოქეს დაარტყი და წითელი მიიღე, მატჩის გმირობა გარანტირებული გაქვს. 

ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ასეთი იყოს, მაგრამ ბევრი არის და ამას ვჩივით. რა გამოიხატება ამ საქციელით? გაძევებულ ფეხბურთელს, რომელმაც გუნდი დააღალატა, ყველანაირი პასუხიმგებლობა ეხსნება. ასე ზედ გადაფოფინება და ცაში აფრენა მხოლოდ ქართველებს გვჩვევია. 

სამაგიეროთ იმავე მატჩში სხვა ფეხბურთელმა საგოლე მომენტი რომ გააცუდოს, გინებას აუტეხენ. ახლა მითხარით, შემთხვევით გაცუდებული შანსი უფრო დიდი დანაშაულია თუ განზრახ უხეშობით აკიდებული წითელი? მაგალითი გნებავთ? გაიხსენეთ, როგორ საცობში გაატარეს შოთა არველაძე საბერძნეთთან, როცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და შემთხვევით მიუვიდა სტუმართა ფორვარდს, რასაც გოლი მოჰყვა. ახლა ხომ ლადო დვალიშვილი საერთოდ ”ბუა” გვყავს - თამაში ხეირიანად დაწყებული არაა, რომ უკვე უსტვენენ. სამაგიეროდ, ”მქუხარე ტაშში” დაინგრა სტადიონი, როცა დავით ოდიკაძემ ”დინამო - ლევადიას” ჩემპიონთა ლიგის მატჩში თავი გაიძევა. არც ჯაბა კანკავას დაჰკლებია ქება საქართველო-იტალიის შეხვედრისას. როცა 1:1-ზე წითელი მიიღო. კიდევ შეიძლება რამდენიმე მაგალითის გახსენება. 

ალბათ ოდესმე მოისპობა ეს 90-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიცია, თორემ ორმაგად ვაგებთ: ჩვენი მხრიდანაც არასწორია და ფეხბურთელსაც დათვურ სამსახურს ვუწევთ. 

ვიცით ბევრი შემოგვედავება, წითელი იმიტომ მიიღო, რომ იბრძოლა და გაბრაზდაო. ეს რადიკალიზმია: ბრძოლის სხვა მეთოდები არსებობს. ეს ფეხბურთია და არა ”ბრძოლა წესების გარეშე”. 


ჩონსი  ბილაპსიშვილი 

No comments:

Post a Comment