”თბილისის პატივცემულო მოქალაქენო, ნება იბოძეთ და დაეხმარეთ...” - ეს ფრაზა საკმაოდ ცნობილი ერთი მოთხრობიდანაა. გეხსომებათ. თუ სწორად მახსოვს ”დედა” ჰქვია. მასში სარდაფში მოქეიფე ჭრელ საზოგადოებას უკვე დაცემული და ხელმოცარული ადამიანი მატარებლით სამგზავრო ფულსა სთხოვს - დედა უნდა ვნახოო...
მოქეიფეებსაც ზუსტად ისე ესმით მისი, როგორც საკუთარი ღირსების კოდექსი კარნახობთ: ღარიბები გულუხვნი არიან, მდიდრები - ძუნწები, ბარიგა ავტორიტეტობს, ავტორიტეტს გული უჩუყდება... რის თქმა მინდა: იმ კაცს ყველა ზემოდან, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი გადასახედიდან კი უყურებს, მაგრამ მანდ მთავარი არც ფულია, არც უფულობა - მთავარი ისაა, რომ ერთგვარ სარკედ, ლუსტრაციად ექცა სარდაფში მოქეიფე საზოგადოებას ის ხელმოცარული კაცი.
ქართულ საფეხბურთო საზოგადოებასც გვყავს საკუთარი სარკე და ”ლუსტრაცია” - ოთარ მამასახლისი. ასე მგონია, აქამდე და ახლა საქართველოში არავის ყვარებია ბურთი მასავით და ამ უსაშველო სიყვარულის გამოა, სულ ფეხბურთშია, სულ ბურთთან: სტადიონზე, სტადიონთან, მორბენალი, მოსიარულე, ხშირად მოქაქანე, ხანდახან ჩუმი, კარიკატურებით, ლექსებით, უკვე ”შეჭაღარავებულ” სამინისტროში მოთავსებული ”ნიუსრუმით” - ”მეგობრებო, ხონში, (ონში, ზესტაფონში...) მასპინძლები წინ გაიჭრნენ, ბურთი გაიტანა...” ხომ ბევრჯერ მოგისმენიათ?!
ოთარ მამასახლისი |
ვფიქრობ, ოთარინიომ ქართული ფეხბურთიც დაიმსგავსა - ხომ გახსოვთ საიდან ელოდებოდა ხოლმე ზარს? ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან დაიწყო, მერე პოსტსაბჭოეთს გადასწვდა, ცოტა გვიან საქართველოზეც ”ვაცივით იყო” და მე რაც მახსოვს, სულ ბოლოს დუშეთის ”არაგვში” გაემართა სინჯებზე...
დეკა |
ამპლიტუდაცაა და ამპლიტუდაც - წლების წინ გადავაყენეთ ალექსანდრე ჩივაძე, როგორ თუ ინგლისთან დამარცხდითო და დღეს ესპანელი ჩვიდმეტწლამდელებია ”მეჩტა პაეტა” - მოკლედ, დუშეთში ვართ რა, სინჯებზე.
მამასახლისი კი ”იუთუბზე” დადებულმა ორმა ვიდეომ გამახსენა - ორივეგან ტორტი უჭირავს, ერთით დემეტრაძეს ულოცავს დაბადებიდან ოცდამერაღაცამდენე წელს, მეორეგან დავით ყიფიანის მესამოცე წლისთავს აღნიშნავს.
ტორტებიც შესაბამისად მოუკრემია - დემე ”ამდენი”...”დათო ყიფიანი 60”...
ლუსტრაციაც აქაა - გულზე ხელის დადებით, ალალად ვთქვათ, ყოველგვარი ”პო” და ”ოპო” თავსართების გარეშე: გვახსოვს? გასაგებია, რომ ჩვენთვის და ცალ-ცალკე ჰო, მაგრამ სანამ სახალხოდ და ერთად არ გვემახსოვრება, მანამ სულ დუშეთში ვიქნებით სინჯებზე.
ზედაც ოთარას ბურთიან ”ატჟიმანიებსაც” მობეზრებული ღიმილით გადავხედავთ ხოლმე: იმ მოთხრობაში მოქეიფეების არ იყოს - წადი რა გაიარე...
გაივლის - ეგ მაინც სულ მოძრაობაშია და შანსი არაა, წყენაც უხმოდ არ გადაყლაპოს, მაგრამ იმ ორი ტორტის ამბავმა დამაფიქრა: მე მგონი, მართლა ყველას გვჯობია და მართლა ყველაზე მაგარია ეგ კაცი, რავარი სიყვარული და ერთგულება შესძლებია?!
...კანადაში კვებეკის პროვინციაში, ნებისმიერი მანქანის, ნებისმიერ სანომრე ნიშანს ციფრებთან ერთად ფრანგული Je me souviens აწერია...Je me souviens ანუ მე მახსოვს - ცნობილი ლექსიდანაა და კანადის მთელი ფრანგულენოვანი მოსახლეობის თავისუფლებისაკენ სწრაფვას გამოხატავს, ერთგვარი ფრანკოფონური გაჭრაა - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო.
ქართველი ვარ და სულ მახსოვს ეს Je me souviens - საკმარისი მიზეზების გამო...
ოთარას ორი ტორტის ამბავიც არ დამავიწყდება და კიდევ იმაზე ვიფიქრებ ხოლმე, ფეხბურთმა სახელმწიფოს თავი დააღწიოს... მერე ”არაგვში” სინჯებზე წასვლაც ეღირება...
თედო რიჩი
No comments:
Post a Comment