Thursday, March 29, 2012

ცაში გამოკიდებული სიხარული


26 მარტი, 2012
 თბილისი
საქართველო - ესპანეთი 1:1
17-წლამდე ნაკრები
ჭეჭელაშვილი გატანილ გოლს ზეიმობს 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფოტო
ფოტოს ავტორი: თამუნა ყულუმბეგაშვილი  

1 სექტემბერი, 2011
ქუთაისი
საქართველო - ესპანეთი 2:7
21-წლამდე ნაკრები
ესპანელთა მორიგი გოლის მერე გიორგი მაკარიძეს
ბურთი 
კარის ბადიდან გამოაქვს
”მსოფლიო სპორტის” ფოტო
ფოტოს ავტორი: არჩილ გეგენავა  


საქართველო - ესპანეთი 2:7 
საქართველო - ესპანეთი 1:1 

განსხვავება რამდენიმე თვის მანძილზე ჩატარებულ ამ ორ მატჩს შორის 4 წელია. დიახ, 20-21 წლის ბიჭებმა გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს, 16-17 წლისებმა კი ღირსეულ ფრეს გამოჰკრეს ხელი. 

ლოგიკას ითხოვთ? ეს ხომ უკვე ლოგიკურია - გლეხურად რომ შევხედოთ, ”პატარა ასაკში დიდი სხვაობა არ არის”. ალბათ ამიტომაცაა ასეთი კარდინალური განსხვავება ანგარიშებში, მაგრამ... 
რა თქმა უნდა, ერთი წამითაც არ ვფიქრობ 21-წლამდელების გამართლებას. მნიშვნელობა არა აქვს, რაც უნდა მაღალი დონის იყოს შენი მეტოქე, რაც არ უნდა კარგ პირობებში ემზადებოდეს, რაც არ უნდა უზრუნველყოფილი ცხოვრობდეს, რაც არ უნდა... მოკლედ, 2:7 არ უნდა წააგო!

17-წლამდელებს დავუბრუნდეთ. მით უფრო, ახლა ქვეყანა ეიფორიაშია და სიმართლე ვთქვათ ბუნებრივიცაა. სიხარულსაა დანატრებული ქომაგი და ერთი პატარა გაფაფხურებაც კი ზღვა ემოციას იწვევს. ისე არ გამიგოთ, თითქოს, ინგლის-ესპანეთთან ტოლ-სწორად თამაშს ”გაფაფხურებად” ვნათლავდე. არა, პირიქით, სხვების დარად, მეც ძალიან გახარებული ვარ პატარა ქართველების ვაჟკაცობით, მაგრამ... 

სანამ ბუნებას აუტანელი ხვატით გაუხურებია ჩვენი თავები, მოდით, ”გონება გავაცივოთ” და ცოტათი წინ გავიხედოთ...  

აბა, დაფიქრდით, რამდენჯერ მოგისმენიათ ასეთი ფრაზები: ”რა თაობა გვყავდა, მაგრამ ვერავინ გაიხსნა...”; ”არადა, ჩვენებმა რომ იტალიის ახალგაზრდულს ბურთი დაახიეს თავზე”; ”ჯაკობიას რომ მთელი ევროპა დასდევდა”; ”სანდრო იაშვილი რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპის ჩემპიონატზე”... 

რატომ თამაშობენ დიდ ფეხბურთს ისინი და რატომ ჩერდებიან ჩვენები? 
აი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხს ეძებს დიდიც და პატარაც, ათას თავისებურ მიზეზსაც ასახელებენ - იქ ვიღაცას თავში უვარდება, აქ ვიღაცა ბეემვეს ყიდულობს, იქ ვიღაცა მამიკოს უჯერებს, აქ ვიღაცა ცხვირს იბზუებს...
რა თქმა უნდა, ეს მიზეზები სხვადასხვა პროცენტულობით რეალურია. ნურც იმას გაიკვირვებთ, რომ მსგავსი ვარსკვლავომანია უცხოელებსაც ემართებათ და ეს არა ქართველობის, არამედ, ამ ასაკის სისუსტეა. უბრალოდ, ქართველები სამხრეთული ტემპერამენტით გამოვირჩევით და უფრო მტკივნეულად ვიტყობთ მსგავს მარიაჟულ გამოხტომებს. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი. მთავარი გზაა, რომელზეც 15-16 წლის ბავშვმა უნდა იაროს და ჩვენ სწორედ ეს გზა არ გვაქვს. აი, ამით გვაჯობებს 4 წლის მერე ისევ ეს დღევანდელი ესპანელი 17-წლამდელები და იმ 4 წლის მერე განსხვავება ისევ ისეთი უზარმაზარი იქნება. 

ბოლო წლებია, გზა და ასფალტი არ გვეშლება, უკვე ესტაკადებზეც კი გადავედით, მაგრამ სამწუხაროდ, საფეხბურთო გზაზე ეს ოხერი ასფალტი არ ეგება და რა ქნან ამ ბავშვებმა, რომლებიც ამ ტურნირის შემდეგ თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან და ღმერთმა იცის, რა მოედნებზე მოუწევთ თამაში პირველ (თუ უფრო დაბალ) ლიგაში?! რა ქნან ამ ბავშვებმა, როცა ასაკი მოემატებათ, კლუბის შეცვლის აუცილებლობა დაუდგებათ დღის წესრიგში და მათში მილიონების გაკეთებას მოინდომებენ?! რა ქნან ამ ბავშვებმა, როცა მაღალ დონეზე თამაშის გაგრძელება, არა მხოლოდ მათი ნიჭის, არამედ სხვა საქმეების მოგვარებით უფრო იქნება შესაძლებელი?! სხვა საყოფაცხოვრებო და სპორტულ ყოფაზე განგებ აღარაფერს ვამბობ...
მით უმეტეს, ასეთი წარმატების მერე რამდენი ამ ბავშვის ”პატრონი” მოიფშვნეტს ხელებს?! რამდენი დააწყობს გეგმებს?! რამდენი, რამდენი, რამდენი... 

ხვდებით, რამდენი პრობლემა აქვს არიდებული ესპანელ და ინგლისელ 17-წლამდელს?! ხვდებით, სად და როდის გაგვისწრებენ? დიახ, სწორედ მაშინ, როცა მხოლოდ ნიჭით და მონდომებით ვეღარ გაქაჩავ. სწორედ მაშინ, როცა უკვე საქმეში კლასი, განათლება და მომზადება უნდა ჩართო...აი, ამის მერე იწერება ისტორიაში სამარცხვინო 2:7-ები...

ჰოდა, როცა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ინგლისთან მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს ჩვენ სისტემა დავამარცხეთო, აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ ჩემთვის გასაოცარი გამოდგა სხვადასხვა ტელეარხით გაჟღერებული ზეაღმატებული ტონი: ქართველებმა ინგლისური სისტემა დავამარცხეთო. 
მე თუ მკითხავთ, აი, ესაა თავში ავარდნა და ხალხის გამოშტერება, თორემ 16 წლის ბავშვი რომ ინგლისს მოუგებს და უბანში თავის ძმაკაცებს ეტყვის ”მანჩესტერის” და ”ლივერპულის” მომავალ თაობას ვაჯობეო, დამიჯერეთ, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიც კია ჩემთვის!  

ასე რომ, მეგობრებო, სხვისი სისტემის დამარცხებით ხარობას, საკუთარი სისტემის აწყობა გვერჩივნოს, თორემ გავა კიდევ 4 წელი და ...


ფუტ ბოლი 

5 comments:

  1. 2-7 წავაგებთ :((( კარგი სტატიაა

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, რომ ჩვენს ბლოგს ეცნობით.
      ასევე მადლობა კომენტარისათვის.

      Delete
  2. samcuxarod unda dagetanxmot am postshi :(((

    ReplyDelete
  3. ჯანო,

    პირველ რიგში მადლობა კომენტარისათვის. სამწუხაროდ ეს პრობლემა რეალურია თუ ძველ თაობების გამოცდილებას გავითვალისწინებთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ბიჭები ისტორიის ამ ნაწილსაც გადაწერენ...

    ReplyDelete
  4. სწორედ ეგ არის რომ მერე მიდიან და ძმაკაცებთან და გოგებთან მარიაჟობენ და არ ყავთ პატრონი(საფეხბურთო თვლასაზრისით) რომელიც ეტყვის:
    "ე ბიჭო რას ბლატაობ გაიხედ გამოიხედე თუ გგონია რომ მწვერვალს მიაღწიე ცდები და შენი კარიერა დაემხობა იმიტომ რომ ასე იქცევი გიყვარდეს ფეხბურთი და მარტო სახელის და ფულის გამო ნუ ითამაშებ და ივარჯიშე და ითამაშე ისე როგორც აქამდე აკეთებდი"
    ამადაგვარი ციტატები უნდა უთხრან ბიჭებს რომ გაიგონ რამე და ზედმეტად ამაყები არ უნდა იყვნენ საკუთარ თავებში ცოტა თავმადბლობა და თვითკრიტიკა უნდა ახასიათებდეს ფეხბურთელს

    ReplyDelete