1996-97 წლები იქნებოდა... ნაჯიჯგნი, უშუქო, უგაზო, გაუბედურებული საქართველო. კარგად გეხსომებათ, ის პერიოდია, შუქის მოსვლით გამოწვეული სიხარული ლამის ქვეყანას რომ ანგრევდა.
მაშინ გაჭირვებას მოეცვა ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ეს რეგიონებში იგრძნობოდა. ამ რეგიონებიდან კი ერთ-ერთი გაჭირვებულთაგანი ქუთაისი იყო...
ფეხბურთთან ცოტა შეხება ვისაც აქვს, საღორიაზე არსებული საფეხბურთო სკოლა ეცოდინება. ”ტორპედოს” ასაკობრივი გუნდების გარდა ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი სწორედ ”მართვე” იყო. ვერ გეტყვით, დღესაც ამ სახელით არსებობს თუ არა ის საფეხბურთო სკოლა, თუმცა ეს ახლა სრულიად უმნიშვნელო ამბავია.
მოკლედ, თავში ნახსენებ წლებში ამ სკოლას ახალი ”ვარსკვლავბიჭუნა” გამოუჩნდა. 15-16 წლის შუა ნახევარმცველი, დაახლოებით უეინ რუნის აღნაგობის, ფიზიკურად ძლიერი, ორივე ფეხით მოთამაშე, ჭკვიანი, ტექნიკური... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთი შედარებით დავახასიათებ: იმ პერიოდში ქუთაისში ძნელი სათქმელი იყო - ის ჯობდა თუ მალხაზ ასათიანი.
...”მართვეს” ხელმძღვანელობა თავს დაჰფოფინებდა თავის იმედს. მართალია, ფინანსურად ბევრით ვერაფრით მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მწვრთნელები მზად იყვნენ, ნებისმიერი პრობლემისას გვერდით დადგომოდნენ.
ერთი სახასიათო შტრიხიც: ბიჭი იმდენად დიდი იყო თავის თანატოლებთან შედარებით, რომ ”მართვეს” მწვრთნელებს არქივიდან ამოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული საბუთი დაჰქონდათ თამაშებზე, რათა მეტოქე გუნდებისთვის დაემტკიცებინათ, რომ ის ”გადაზრდილი” არ იყო. არადა, ამ საბუთის უნახავად, ამის დაჯერება მართლაც წარმოუდგენელი იყო...
ალბათ ახლა კითხულობთ ამ ტექსტს და გუნებაში ფიქრობთ, აბა, ეგეთი რამდენი გაგვიგია და მაგაში გასაკვირი რაღა არისო, მაგრამ... მეც ბევრი მინახავს და გამიგია ეგეთი, თუმცა ასე არცერთი ჩამბეჭვდია და არცერთი მტკენია...
რა თქმა უნდა, კლავიშების წკაპუნით ვერავის დაგაჯერებთ მის ნიჭიერებაში, თუმცა დაახლოებით 15 წლის წინ მან საქართველოს ჩემპიონატის (მაშინ ”კოკა-კოლას” თასს ეძახდნენ) ნახევარფინალში თავად დააჯერა თავის ნიჭიერებაში ახლა უკვე თბილისური მხარე.
”მართვე” მაშინდელ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ”ვაკე-91”-ს შეხვდა და პირველი შეხვედრა 0:9 წააგო! აბა, ამის შემდეგ ვინ რა უნდა თქვას, თუმცა თამაშამდე ერთი საათით ადრე ქუთაისიდან ჩამოსული ბავშვებისგან, რომელთა უმეტესობამ პირველად ნახა დედაქალაქი და შიმშილის მოკვლა, რატომღაც საზამთროების ჭამით გადაწყვიტა, გასაკვირიც აღარაფერია. გასაკვირი ის უფროა, რომ 0:9 წაგებული გუნდიდან მეტოქე მწვრთნელი აღფრთოვანებული რჩება გამთამაშებლით... დიახ, ვადასტურებ რომ არ ვცდები: ჩვენი წერილის გმირი იმ მატჩშიც გამთამაშებელი იყო, მისმა გუნდმა კი სამარცხვინო წაგება იწვნია და...
მე ვერ გეტყვით, რა დაინახეს მაშინ ვაკელთა თავკაცებმა ამ ბიჭში. 0:9-ს შემხედვარე, ბევრი ალბათ ზედაც არ შეხედავდა ქუთათურებს...
მოკლედ, საპასუხო თამაშზე თბილისელები ერთადერთი მიზნით ჩავიდნენ ქუთაისში: როგორმე ის ბიჭი უნდა წამოიყვანონ!
დიდად საინტერესო ალბათ არაა - შეხვედრა 1:1 მორჩა, მაგრამ მთავარი შეხვედრა ამის შემდეგ იწყებოდა. ვაკელები მზად იყვნენ, იმ საღამოსვე წაეყვანათ ბიჭი, ბინად თავისთან ეცხოვრებინათ, საჭმელ-სასმელი არ მოეკლოთ, ევარჯიშებინათ და ქვეყნისთვის ახალი იმედი ეჩუქებინათ.
რა მოხდა მერე?
ბიჭი უმამოდ იზრდებოდა, დედასთან და დასთან ერთად, მათთან განშორება არ იყო იოლი საქმე, თუმცა მასზე მეტად ეს დედამ ვერ გარისკა... მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ...
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, რომ ბიჭი ფეხბურთს შეეშვა, სკოლაში სიარულსაც უკლო, უფრო უბნის ბირჟაზე ხედავდნენ ხოლმე, მერე სიგარეტით გამოჩენასაც აღარ ერიდებოდა, გასაბრუებელ საშუალებასაც დაუმეგობრდა, პოლიციასთანაც შექმნია პრობლემები...
მაშინ გაჭირვებას მოეცვა ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებით ეს რეგიონებში იგრძნობოდა. ამ რეგიონებიდან კი ერთ-ერთი გაჭირვებულთაგანი ქუთაისი იყო...
იმ ქუთაისმა მაშინ საქართველოს ერთი ვარსკვლავი მოჰპარა...
ფუტ ბოლი
ავტორის მინაწერი: არ ვიცი, დღეს რა ცხოვრებით ცხოვრობს წერილის გმირი, ამიტომ მისი ვინაობის გამხელა არ ჩავთვალე საჭიროდ. იმედია, სათქმელი ამის გარეშეც ვთქვი...
No comments:
Post a Comment