Tuesday, March 27, 2012

გვირაბში



16 მარტი, 2012
ლანჩხუთი
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი
გურია - გაგრა 2:2
”მიცურავენ” ლანჩხუთელი ფეხბურთელები

უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი, რომ მომდევნო წლიდან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება. თუმცა, რის ხარჯზე უნდა მოხდეს გუნდების გაზრდა, ამ საკითხზე არავინ ფიქრობს. 

ალბათ, საქმეში ჩახედული კაციც იოლად მიხვდება, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის აუცილებელია ფინანსური გარანტიები, კეთილმოწყობილი სტადიონები - ნორმალური გასახდელებით, საშხაპეებით, საჭირო ინფრასტრუქტურით, მსაჯთა და დელეგატთა ოთახებით, პრესლოჟით... ამ დროს კი რა ხდება? აგერ 3 ტურის წინ ზუგდიდის ”ბაიას” ფეხბურთელებმა ფოთში წასვლაზე და ”კოლხეთში” თამაშზე უარი განაცხადეს. მიზეზი? ფინანსური დავალიანება, რომელიც გუნდის წევრებს არ მიუღიათ. აგერ 3 ტურის წინ ლანჩხუთის ”გურიამ” ისეთ სტადიონზე უმასპინძლა ”გაგრას”, ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფერი რომ შეიძლებოდა. ცოტა უფრო ახლოს გორის ”დილა” რუსთავის ”მეტალურგს” ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე დაუხვდა. სავარჯიშოდ, იცოცხლე, მშვენიერი სტადიონია, მაგრამ რა უნდა ვილაპარაკოთ,  როდესაც სათადარიგოთა სკამის არქონის გამო მოედანზე ყოველ წუთს შესასვლელად მზადმყოფი ფეხბურთელები ტრიბუნებზე ისხდნენ. აღარაფერს ვამბობთ ტაბლოზე, პრესლოჟაზე...თუმცა, რა პრესლოჟა, პრესისთვის სურათები რომ ნდომებოდათ, ისიც ტრიბუნიდან უნდა გადაგეღო - ფოტოკორესპონდენტებს მოედანზე არ უშვებდნენ. 

პირველი ეტაპის ბოლო მატჩები კი გუნდებმა ისეთ სტადიონებზე ითამაშეს, ფეხბურთელი რომ დაკლებოდათ, იქვე მდგომი კორპუსების სადარბაზოებიდანაც კი გამოიძახებდნენ. 
ფული არა, სტადიონები არა, ინფრასტრუქტურა არა, გუნდები ბლომად - ასეთია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) დევიზი, რომელიც უკვე პირველი ლიგის საჭიროებას ვეღარ ხედავს. 
არ გაგიკვირდეთ პირველი ლიგის ხსენება. უმაღლეს ლიგაში თუ 16 გუნდი ითამაშებს, ამდენივე გუნდი უნდა იყოს პირველ ლიგაშიც. თუმცა, მოიძებნება კი საქართველოში იმ დონის საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები, რომლებიც შეავსებენ უმაღლეს და პირველი ლიგის გუნდებს ისე, რომ ორივე ტურნირი კონკურენტუნარიანი გუნდებით დაკომპლექტდეს? 
ელემენტალური მათემატიკაა - თითოეულ გუნდში მინიმუმ 20 ფეხბურთელი ხომ უნდა იყოს? მიმატება - გამრავლების შემდეგ პასუხი 640 მივიღეთ. ასეთი რაოდენობის ფეხბურთელი კი არა, სადღეისოდ, საქართველოში მაისურა არ მოიძებნება.


16 მარტი, 2012
ლანჩხუთი
ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი
გურია - გაგრა 2:2
ლანჩხუთის ”გურიის” მეკარე ლევან ბუბუტეიშვილი 
”მსოფლიო სპორტის" ფოტო
 ფოტოს ავტორი: იუზა კაციტაძე 

და მაინც, რატომ უნდა ფეხბურთის ფედერაციას გუნდების რაოდენობის გაზრდა უმაღლეს ლიგაში, როდესაც საამისო პირობები არ მოიძებნება? ცხადია, არგუმენტი მარტივი და უბრალო იქნება - რეგიონებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და აღორძინება. ეს კარგიც არის! თუ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებს გადავხედავთ, გრანდად მხოლოდ ესპანეთში ფიგურირებს დედაქალაქის გუნდი, დანარჩენ ქვეყნებში წამყვანი ადგილები პროვინციულ კლუბებს უკავია. თუმცა, სფფ ერთ რამეს არ ითვალისწინებს - ერთი ხელის მოსმით ეს საქმე არ გაკეთდება, ამ ყველაფერს ეტაპობრივად უნდა მუშაობა. ურემი 20 წლის წინ გადაბრუნდა და გზაც მაშინ გამოჩნდა, მაგრამ ამ გზას კი არ გავყევით, არამედ, გადავუხვიეთ და გვირაბში შევედით, რომლის ბოლოს შუქი მოჩანს. თუმცა, ჯერ კიდევ გვირაბის დასაწყისში მყოფებს, იმ შუქთან სირბილით გვინდა მისვლა. ეს მაშინ, როდესაც ჩვენსავით პატარა საფეხბურთო ქვეყნები ევოლუციას ეტაპობრივად განიცდიან.

ფეხბურთელებს სპეციალისტები ზრდიან, რომლის ნაკლებობასაც აშკარად განვიცდით და უკეთესი ხომ არ იქნება, რომ ჯერ იმავე რეგიონებში სპეციალისტები გავზარდოთ იმ დონის, რომელიც შემდეგ ნაყოფს მოგვაწვდის? არ ვიჩქაროთ, ბატონებო, თორემ დავიღლებით და იქნებ გვირაბის ბოლოს ვეღარც გავაღწიოთ...



ყვარყვარე  

No comments:

Post a Comment