Monday, March 26, 2012

პრაგმატიზმის XXI და მიხეილ ფოცხვერია

”ხორვატია ჩემი ცხოვრების აზრია. 
       ჩემი ქვეყანა საკუთარი თავივით მიყვარს. 
მე მისთვის მოვკვდები.”
ზვონიმირ  ბობანი,  ხორვატიის  ეროვნული ნაკრების კაპიტანი 
დოკუმენტური ფილმი ”იუგოსლავიის უკანასკნელი გუნდი”  


არა, ამათგან არაფერი გამოვა. ამათ კლუბში აღებული მილიონები ყველაფერს ურჩევნიათ. შეხედეთ, როგორ უფრთხილდებიან ფეხებს. ამათ რომ ჩვენი მორაგბეებივით უყვარდეთ  სამშობლო, აქამდე მსოფლიოზეც ვითამაშებდით და ევროპის ჩემპიონატზეც. სომხეთმა და ესტონეთმა როგორ უნდა გვაჯობოს?! - გულგატეხილი გულშემატკივარი, სხვა ყველაფერთან ერთად მარცხს ფეხბურთელებში პატრიოტიზმის ნაკლებობასაც აბრალებს. ხორვატების მაგალითიც ხშირად მოჰყავთ. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების წევრები საკუთარი ხარჯებით წავიდნენ და იქ წარმატებით გამოსვლის შემდეგ უკან დაბრუნებულებმა, ფულადი ჯილდოს აღებაზე უარი თქვეს, ეს ფული ჩვენზე მეტად ჩვენს ნაომარ ქვეყანას სჭირდებაო.  

საქართველოში ახლა უფრო მეტი დრო და რესურსი ეთმობა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელების მოძიებას. ამაში დიდ როლს თამაშობს მას-მედია და აგერ ახლახანს, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის სწორედ ამ მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. თუმცა საბოლოო სიტყვა, ითამაშოს თუ არა საქართველოს სახელით, ფეხბურთელს ეკუთვნის. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ზოგი ფეხბურთელი მეტნაკლებად უმტკივნეულოდ დგამს ასეთ ნაბიჯს (ჯანო ანანიძე, გია გრიგალავა, ლუკა ჰუფნაგელი). ზოგისთვის მსგავსი გადაწყვეტილება ძნელი მისაღებია (აკაკი გოგია, ლუკა ჩხაიძე და სხვანი). ვინაიდან პრაგმატიზმის და ახალი ფასეულობების საუკუნის გარიჟრაჟზე ვართ, პატრიოტიზმი, ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს პირადულზე წინ დაყენება შესაძლოა, ვეღარავის მოსთხოვო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ერთი-ორი მოედანი მოეწყო, ნაკრებში по блату და ანგარებით ვეღარავინ ხვდება და თითქოსდა ქვეყანაშიც ისეთი მუქი ფერებიც აღარ არის, როგორც ეს გასული საუკუნის 90-იანებში იყო, ჩვენი უპირველესი გუნდი მაინც ვერ ახერხებს ანდამატივით მიიზიდოს უცხოეთში მცხოვრები ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელები. ეგ კი არა, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილნიც კი სინანულით ამხელენ, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის მოლოდინში ბოსნიის (იხილეთ ბმული http://worldsport.ge/Read.aspx?news=3230)  და საბერძნეთის მოქალაქეობაზე (იხილეთ ბმული http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/29341-themur-qecbaia-giorgi-fofkhadzes-saqmeshi-nakhavs.html)   უარი თქვეს და ამით ბოსნიელებსა თუ ბერძნებს გული დასწყვიტეს. 

ბევრი მათგანისთვის ალბათ ძნელი გასაგები იქნება ტექსტის დასაწყისში დაწერილი ზვონიმირ ბობანის სიტყვები. უფრო ძნელად გაიგებენ მიხეილ ფოცხვერიას ისტორიას.  ამბავს ქართული ენის არმცოდნე კაცისა, რომელიც ნოვოსიბირსკში დაიბადა, მშობლებთან ლუგანსკში გაიზარდა (საქართველოში მხოლოდ შორეულ ბავშვობაში ორი წელი იცხოვრა) და საქართველოსთან მხოლოდ მამის ქართველობა აკავშირებდა. მიუხედავად ამისა, ფოცხვერიამ უკრაინის ნაკრების ფორმა საქართველოსაზე უყოყმანოდ გაცვალა. მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც აქედან ძალიან ბევრი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ფოცხვერია რომ უნიჭო ფორვარდი არ იყო და ნაკრებისთვის საკუთარი თავი არ შეუსაღებია, ამას მისი კარიერაც მოწმობს. მიშა იმ დროს უკრაინის მეორე გუნდ, დონეცკის ”შახტიორის” ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოდიოდა (40 თამაში, 13 გოლი) და გარკვეული პერიოდი ბრემენის ”ვერდერის” დუბლიორებშიც  დაჰყო. მიშამ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ასე ახსნა: ”если вопрос будет стоять имеено так: Украйна или Грузия, - то предпочтение скорее всего отдам своей исторической родине.” დონეცკის ”შახტიორის” ხელმძღვანელობამ მიშას გადარწმუნება და უკრაინის სახელით თამაში სთხოვა. თხოვნით რომ ვერაფერს გახდნენ, ულტიმატუმი წაუყენეს - ან უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები და დონეცკის ”შახტიორის” ძირითად შემადგენლობაში  თამაში  ან საქართველო და შახტიორის დუბლიორებში გამოსვლა. ფოცხვერია ამანაც ვერ შეაჩერა და ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე. 

გულშემატკივარს ჯერ კიდევ ახსოვს 1997 წლის მზიანი შემოდგომა, რუსთავში ბეჭებზე დადებული  იტალიის ახალგაზრდული ნაკრები (სადაც, ბუფონის და ამბროზონის მეთაურობით ის საფეხბურთო ვარსკვლავები თამაშობდნენ, დღესაც რომ კიაფობენ მსოფლიო ფეხბურთის ცაზე), მიხეილ ფოცხვერიას გულიანი თამაში, რომელმაც იტალიელ ფრანჩესკო კოკოს არც მუშტი-კრივში შეარჩინა რაიმე.  

მიხეილ ფოცხვერია 

უკრაინაში დაბრუნებულ ფოცხვერიას დონეცკის ”შახტიორმა”  დანაპირები შეუსრულა და საკლუბო კარიერა დაუნგრია. ამას ტრავმიანობაც დაერთო. ფოცხვერიამ სულ ოთხჯერ მოასწრო საქართველოს ნაკრების მაისურას მორგება და საფეხბურთო კარიერაც ნაადრევად, მხოლოდ 26 წლისამ დაასრულა. მიშა არც წლების მერე ნანობს მიღებულ გადაწყვეტილებას. აკი უთხრა კიდეც უკრაინულ გამოცემა ”КОМАНДА”-ს: ”Я сам понимал, что в Украине сборная поперспективней грузинской, да и в чемпионате я на виду у тренеров. Но в Грузии вся моя родня, там мои корни. Я сам сделал выбор и жалеть теперь не о чем.”        

დღეს ფოცხვერია ლუგანსკში უკრაინელ პატარებს ავარჯიშებს. ვინ იცის, შეიძლება პრაგმატიზმის XXI-შიც კი, საქართველოს სახელით ნათამაშები ის ოთხი თამაში უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე საკლუბო მწვერვალები და უცხო ქვეყნის სახელით გამოსვლა ან არგამოსვლის სინანული. ვისთვის როგორ, მაგრამ მიშა ფოცხვერიასთვის ეს ნაღდად ასე იყო და ასევე დარჩა. 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 
         

      

4 comments:

  1. მოგესალმებით, ვინმეს მიშა ფოცხვერიას ვიოდეობი ხო არ გაქვთ სადმე ატვირთული? იუტუბზე ვერ ვიპოვე
    და კიდე ერთი თხოვნა მაქვს, ხო არ გაქვთ რუსთავში გამართული მატჩის შემასგენლობები, საქართველოსი და იტალიის :)
    წინასწარ მადლობა

    ReplyDelete
    Replies
    1. Giorgi-FCB

      დიდი მადლობა კომენტარისათავის. ჩვენ პირადად არ მოგვეპოვება ამ წუთას, თუმცა ვცდილობთ რომ მოვიძიოთ და თუ რაიმე გვექნება აუცილებლად ავტვირთავთ აქაც.
      შემადგენლობები ზუსტად არ გვაქვს, შევეცდებით დავაზუსტოთ და დავდებთ მაგასაც.

      დიდი მადლობა დაინტერესებისა და კომენტარისათვის.

      Delete
    2. Giorgi-FCB

      დაპირებისამებრ, აქ არის ორივე გუნდის შემადგენლობები:

      იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი, ალესანდრო პისტონე, ლუიჯი სარტორი, ფრანჩესკო კოკო, ჯონათან ბაჩინი, მასიმი ამბროზონი, რობერტო გორეტი, ალესიო ტაკინარდი,სტეფანო ფიორე, კრისტიანო ლუკარელი, კლაუდიო ბელუჩი.
      შეცვალზე შევიდნენ: ნიკოლა ვენტოლა, ალესანდრო გრანდონი


      საქართველო: დავით გვარამაძე, ლევან ცქიტიშვილი, გივი დიდავა, ლევან სილაგაძე, შალვა ხუჯაძე, ზაზა ზირაქიშვილი, ლევან ქებაძე, დათო მუჯირი, მიხეილ ფოხვერია, გიორგი კიკნაძე,მიხეილ აშვეთია
      შეცვალზე შევიდნენ: რატი ალექსიძე, გიორგი საჯაია, ალექსანდრე გოგობერიშვილი

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete